Facebook Twitter

საქმე №ას-248-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი, ნ.გ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ.გ–ისა და ნ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელი.

1.1. მოსარჩელეების სასარგებლოდ შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ს" (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, აპელანტი ან კასატორი) 7000 ლარი დაეკისრა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება:

3.1. ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, 12 434.30 ლარი და პროცესის ხარჯი, სულ 1570.4 ლარი დაეკისრა.

4. მოპასუხის (კომპანიის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებდა. მშენებლობის პროცესში მიწისქვეშა აფეთქებები მიმდინარეობდა.

5.2. მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... (703.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი ......).

5.3. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს მრავალჯერადმა აფეთქებამ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

6. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 მაისის N50002582218 დასკვნის (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიხედვით, (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი, მისი აღდგენის შესაძლებლობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები) საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I-II (მსუბუქი-საშუალო დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. სახლის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბზარების ამოსავსებად. დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვით, მსგავსად ამავე სოფელში არსებული მრავალი სახლის დაზიანებისა. სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომლებიც შენობებზე ბზარებს გამოიწვევდა, სოფელ ......ის ტერიტორიაზე არ შეინიშნება, ასევე - ნაწილობრივ, უხარისხო მშენებლობითა და ასაკობრივი ცვეთით.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში გამოყენებული მიწისქვეშა აფეთქებების ზემოქმედება მოსარჩელეების კუთვნილ სახლზე იმავე საექსპერტო დაწესებულებას შესწავლილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2013 წელს და იმ პერიოდში სახლზე არსებული დაზიანებები I ხარისხით (მსუბუქი დაზიანება) იყო შეფასებული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2018 წლის 1 მაისის N50002582218 დასკვნაში ექსპერტი დეტალურად მიუთითებს 2013 წლის თებერვლის შემდეგ წარმოშობილ დაზიანებებზე და აღნიშნავს, რომ განვლილ პერიოდში, როგორც პირველ, ისე მეორე სართულებზე ახალი ბზარები განვითარდა, რომელიც პირველი კვლევის დროს არ აღინიშნებოდა. პირველი სართულის ტექნიკური მდგომარეობა შიგა სივრცის სარემონტო სამუშაოების შედეგად დამაკმაყოფილებელია.

8. ინდმეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით გამოწვეული ზიანი 17 763.24 ლარს შეადგენს.

9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს ზიანის ოდენობის თაობაზე კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სახლის პირველი სართული გარემონტებულია, ეს სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. მოსარჩელეები თავადვე უთითებენ, რომ მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იძულებული გახდნენ საკუთარი ძალებით გაერემონტებინათ სახლი, რომლის ხარჯი ინდმეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილ დასკვნაშია გათვალისწინებული.

10. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის მიერ წარდგენილი საერთაშორისო კომპანია „ე–ის“ დასკვნის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ იგი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა, რადგან ზოგადად ასახავდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად არ იყო შედგენილი. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ მის მიერ წარდგენილი დასკვნით, სამუშაოები დაშვებული ნორმის ფარგლებში სრულდებოდა, რასაც არ შეეძლო დაზიანებები გამოეწვია და აღნიშნა, რომ აფეთქებები იყო მრავალჯერადი, რაც ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვიცირებას იწვევდა.

11. სააპელაციომ სასამართლომ დაადგინა, რომ ......ის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, აფეთქებები 2012 წლის ივლისიდან დაიწყო, მოპასუხის მიერ წარდენილი დასკვნა კი, აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგს 2013 წლის 9 ოქტომბრიდან ასახავს. საქმის მასალებში, არ არის ინფორმაცია, რა სიხშირისა და სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის 9 ოქტომბრამდე დროის შუალედში.

12. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესის ტექნიკური მონიტორინგი. სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, მშენებლობამ საერთოდ რა დააზიანა, საქმის მასალებით კი - მსგავსი კვლევა არ დასტურდება. ყოველივე ეს მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.

13. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ მიხედვით, სახლზე არსებული დაზიანებები გამოწვეულია არა მოპასუხის მიერ შესრულებული აფეთქებებითი სამუშაოებით, არამედ მშენებლობის ნორმების დარღვევით, ტექნიკური მოუვლელობით, ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით და ნაწილობრივ - სეისმური მოვლენების შედეგად.

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული დასკვნა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით დადგენილი გარემოებების უარსაყოფად ვერ გამოდგება, ვინაიდან აორული დასკვნა უძრავი ქონების შემფასებელი ექსპერტის მიერაა შედგენილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტის კომპეტენციას ზიანის წარმოშობის მიზეზების (მიზეზ-შედეგობრივი კავშირის), ასევე წარმოშობილ ზიანში მხარეთა ბრალეულობის ხარისხის დადგენის საკითხებთან მიმართებით. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად კი, სახლზე დაზიანებების ძირითადი მიზეზი მოპასუხის მიერ მრავალჯერადად ნაწარმოები აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციებია, რაც მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ გააქარწყლა.

15. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სახლზე არსებული დაზიანებები უხარისხო მშენებლობითა და ასაკობრივი ცვეთითაა განპირობებული. ამის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები მხოლოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებებით არ არის გამოწვეული. შესაბამისად, მოპასუხის ბრალეულობა არის ნაწილობრივი (70%) და ზიანის ოდენობა შერეული ბრალის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშებულიყო. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მოპასუხის ბრალით გამოწვეული ზიანის ოდენობის ასანაზღაურებლად სარჩელით მოთხოვნილი 17 763.24 ლარიდან მოპასუხეს მხოლოდ 12 434.30 ლარი დააკისრა.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

21. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია უმთავრესად აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისი ბრალი ზიანის დადგომაში, არ დასტურდება. ამასთან, სადავოა ზიანის ოდენობაც.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგი: სსკ) 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ N ას-809-776-2016, 4.04.2017წ) .

23. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.სუსგ Nას-72-72-2018, 15.02.2018) .

24. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა.

25. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას აწარმოებდა. მშენებლობის პროცესში მიწისქვეშა აფეთქებები მიმდინარეობდა; მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... (703.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდი ........); სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს მრავალჯერადმა აფეთქებებმა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი დააზიანა; ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი და სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა. სახლის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით. დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე - ნაწილობრივ, უხარისხო მშენებლობით და ასაკობრივი ცვეთით; ინდმეწარმე „ზ.გ–ძის“ მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, უძრავი ნივთის დაზიანებით მიღებული ზიანი 17 763.24 ლარს შეადგენს.

27. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 105-ე მუხლზე მითითებით ,,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში“ განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციისა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით იმსჯელა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით კასატორს სასამართლოსათვის შეეძლო წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში სამუშაოების (აფეთქებების) ჩატარებისას მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის.

29. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებულ დაზიანებაში ბრალი მოპასუხეს მიუძღვის. საწინააღმდეგო პირველ კასატორს არ დაუდასტურებია.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, მოპასუხეს, შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან მიმართებით გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის (კომპანიის) პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებითაც, დაუსაბუთებელია.

32. სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანებაში ბრალი, მოპასუხესთან ერთად, ნაწილობრივ მოსარჩელეებსაც მიუძღვის. კერძოდ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სახლზე არსებული დაზიანებები ასევე უხარისხო მშენებლობით და ასაკობრივი ცვეთითაა გამოწვეული. შესაბამისად, მოპასუხის ბრალეულობა ნაწილობრივ 70%-ით განსაზღვრა.

34. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიებს სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 172-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა წარდგენილი საექსპერტო დასკვნა და მართებულად განსაზღვრა ზიანის ოდენობა.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოვლენილია კასატორის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არამართლზომიერ ქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებლის ბრალი, ამასთან, დადგენილია მოსარჩელეების ნაწილობრივ ბრალეულობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სარჩელით მოთხოვნილი 17 763.24 ლარიდან 12 434.30 ლარი მართებულად დაეკისრა.

36. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: Nას-105.2021, 02.04.2021წ; Nას-346-2020, 19.02.2021წ; Nას-508-2019, 30.03.2020წ; Nას-1765-2019, 23.07.2020წ)

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

38. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ს" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 621,70 ლარის (საგადახდო დავალება N356, გადახდის თარიღი 2021 წლის 19 აპრილი), 70% – 435,19 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური