Facebook Twitter

საქმე №ას-535-2021 29 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "პ. და მ.კ.ჯ–ი" (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი.

1.1. შპს "პ. და მ.კ.ჯ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე ან მიმწოდებელი) პირგასამტეხლოს სახით, 1414.03 ლარი დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის NAT17008741 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2017 წლის 1 სექტემბერს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, N09-102/2 ხელშეკრულება გაფორმდა. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2017 წლის 7 ნოემბერს, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე დამატებითი შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანი, შეთანხმების N1 დანართის შესაბამისად, საკონსულტაციო მომსახურებას გულისხმობდა.

3.2. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის 4.1 ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულება 188 001 ლარით განისაზღვრა, მათ შორის: 1. საგანმანათლებლო და საცხოვრებელი ხარჯების მიხედვით საქართველოს შესაძლებლობების შეფასება, შესაბამისი შედარებითი ანალიზი და კონსულტაციების გაწევა - 25 500 ლარით; 2. დასაქმების მხარდაჭერა - უცხოელი სტუდენტებისთვის სტაჟირების შეთავაზების მექანიზმებისა და მეთოდოლოგიის შექმნა და შესაბამისი კონსულტაციები - 39 601 ლარით; 3. საქართველოში არსებული სტუდენტური საცხოვრისების ანალიზი - 29 000 ლარით; 4. „ისწავლე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში არსებული პოლიტიკის, ადმინისტრაციული და პროცედურული პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა - 31 000 ლარით; 5. „ისწავლე საქართველოში“ პროგრამის ბრენდისა და ქვებრენდების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება - 35 400 ლარით.

3.3. ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდით, ხოლო მე-14 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 იანვრით განისაზღვრა. პროდუქტის საბოლოო სამუშაო ვერსია 2017 წლის 30 ნოემბრამდე უნდა ყოფილიყო წარდგენილი.

3.4. ხელშეკრულების 8.1 ქვეპუნქტის თანახმად, ფორსმაჟორული პირობების გარდა, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2%-ით დააკისროს.

3.5. ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული, მეორე კომპონენტის საბოლოო სამუშაო ვერსია (დასაქმების მხარდაჭერა - უცხოელი სტუდენტებისათვის სტაჟირების შეთავაზების მექანიზმების და მეთოდოლოგიის შექმნა და შესაბამისი კონსულტაციები), შემსყიდველს 15 დღის დაგვიანებით, 2017 წლის 15 დეკემბერს მიეწოდა, რაც მოპასუხემაც დაადასტურა და ამ ნაწილში სარჩელი ცნო.

3.6. მოპასუხემ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული კომპონენტებიდან პირველი, მესამე და მეოთხე პროდუქტი შემსყიდველს 2017 წლის 1 დეკემბერს, ერთდღიანი ვადაგადაცილებით მიაწოდა, რაც ასევე დაადასტურა და სარჩელი ამ ნაწილშიც ცნო.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები ვალდებულების დარღვევის ფაქტზე არ დავობდნენ, თუმცა სადავო იყო დაგვიანებით შესრულებული დღეების რაოდენობა და შემცირებული პირგასამტეხლოს მართლზომიერება. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების შესაბამისად, საბოლოო პროდუქტი წერილობითი ფორმით და დისკზე ჩაწერილი უნდა მიეწოდებინა, თუმცა მოპასუხემ დოკუმენტი ელექტრონული სახით წარადგინა, რაც ჯეროვან შესრულებად ვერ ჩაითვლება. მოსარჩელის მხრიდან სადავო იყო მოპასუხის მიერ საბოლოო სამუშაო ვერსიის არაუფლებამოსილი პირისათვის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნის საკითხიც.

5. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ვალდებულება ვადის დარღვევით შეასრულა, თუმცა მისაღები ხარისხით, რაც დადასტურებულია კონტროლისა და მიღება-ჩაბარების აქტებით.

6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან ხელშეკრულებაში საბოლოო სამუშაო ვერსიების მიწოდების ფორმა მხარეებს არ განუსაზღვრავთ, ის შეიძლება მიწოდებულიყო როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეხუთე კომპონენტის ელექტრონულად მიწოდება, რაზედაც მოპასუხე არ დავობდა, შესრულებულად ჩაითვალა. შესაბამისად, 2017 წლის 1 დეკემბერს მოპასუხის მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი პირველი, მესამე და მეოთხე პროდუქტის საბოლოო სამუშაო ვერსიებიც უნდა ჩაითვალოს შესრულებულად.

7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შემდეგი მსჯელობა, ვინაიდან მოსარჩელე მხარე არ უარყოფს, რომ პირი, რომელსაც შესრულებული სამუშაოები მიეწოდა, სამინისტროს თანამშრომელია და მეხუთე კომპონენტი, რომელიც სადავო არაა, სწორედ ამ პირს ჩაჰბარდა პირადი ელექტრონული ფოსტით, ამასთან, 2018 წლის 9 იანვარს, მოსარჩელის მიერ შედგენილია კონტროლის აქტი, სადაც არ არის რაიმე სახის მითითება, ხელშეკრულების ვადის დარღვევასთან დაკავშირებითაც, შეთანხმების N1 დანართით გათვალისწინებული კომპონენტების საბოლოო სამუშაო ვერსიების ელექტრონული ფორმით მიწოდება ვერ ჩაითვლება დარღვევად.

8. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შემსყიდველის უფლების აღდგენის მიზნებისათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირების შედეგად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 420-ე მუხლის შესაბამისად, ერთდღიანი ვადაგადაცილებისათვის 226 ლარის, ხოლო 15-დღიანი ვადაგადაცილებისათვის 1188.03 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და აპელანტის პრეტენზიის (შემცირებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობის თაობაზე) გაზიარების საფუძველი არ არსებობდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

14. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მართლზომიერება მოპასუხისთვის (მიმწოდებლისთვის) დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე.

15. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 477.1-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და იმავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის.

17. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები N ას-1292-2019, 24.12.2020წ.; N ას-386-2019, 02.04.2021წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ).

18. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. N ას-186-2021, 25.03.2021წ).

19. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო შეთანხმების N1 დანართით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურება, რის გამოც შემსყიდველს მოპასუხემ (მიმწოდებელმა) პირველი, მესამე და მეოთხე კომპონენტების საბოლოო სამუშაო ვერსიები 2017 წლის 1 დეკემბერს, ერთდღიანი, ხოლო მეორე კომპონენტი, 2017 წლის 15 დეკემბერს, 15-დღიანი ვადაგადაცილებით მიაწოდა, რაც მოპასუხე მხარემაც დაადასტურა და ამ ნაწილში სარჩელი ცნო. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, ფორსმაჟორული პირობების გარდა, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.2% დააკისროს.

21. საკასაციო სასამართლოს განსჯით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, რადგან მან სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს, 4578.03 ლარის შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპნესირებისათვის 1414.03 ლარი ადეკვატურ ოდენობად განსაზღვრა.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მოპასუხის მიერ დაგვიანებით წარდგენილი საბოლოო სამუშაო ვერსია არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა და იგი შესრულებულად არ უნდა ჩაითვალოს.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან ხელშეკრულებაში საბოლოო სამუშაო ვერსიების მიწოდების ფორმა მხარეებს არ განუსაზღვრავთ, ის შეიძლება მიწოდებულიყო როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფორმით. იმავდროულად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მეხუთე კომპონენტის მიწოდება, სწორედ იმ პირის ელექტრონულ მისამართზე განხორციელდა, რომელსაც მოპასუხე საკასაციო საჩივრის ფარგლებში არაუფლებამოსილ პირად მიიჩნევს. ამრიგად, კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია არ არის გაზიარებული.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

28. კასატორი სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური