საქმე №ას-981-2021 11 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ვ.გ–ვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საჩივრის დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მოსარჩელე) ვ.გ–ვას (შემდეგში - მოპასუხე, მესაკუთრე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.
2. მოგვიანებით, იმავე სასამართლოში განცხადება შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ხსენებული განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს აეკრძალა ქ.თბილისში, ...... ჩიხის # 9-ში, პირველ სართულზე მდებარე 156.50კვ.მ ფართის (შემდეგში - პირველი უძრავი ქონება) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ზემომითითებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონებების: თეთრიწყაროში, სოფელ ...... მდებარე 600კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (შემდეგში - მეორე უძრავი ქონება) და ლანჩხუთში, სოფელ ..... მდებარე 1 801კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (შემდეგში - მესამე უძრავი ქონება) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
5.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
5.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 1 მაისის Nე-266-11-12740 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის, 11 865.48 ლარის გადახდა;
5.3. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 1 მაისის Nე-266-11-12740 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული პირგასამტეხლოს, 1 000 ლარის გადახდა;
5.4. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2015 წლის 1 მაისის Nე-266-11-12740 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 13 მარტიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საიჯარო თანხის - 11 865.48 ლარის 0.1%-ის გადახდა, რაც თითოეულ დღეზე შეადგენდა 11.87 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
5.5. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 2015 წლის 1 მაისის Nე-266-56-12872 ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის, 5 857.58 ლარის დაკისრების ნაწილში.
5.6. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არც 2015 წლის 1 მაისის Nე-266-56-12872 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს (2018 წლის 20 მარტის მდგომარეობით) – 3 634.49 ლარის და 2018 წლის 21 მარტიდან საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი საიჯარო თანხის - 5857.58 ლარის 0.1%-ის (რაც თითოეულ დღეზე შეადგენდა 5.86 ლარს) ანაზღაურების მოთხოვნით, ასევე სხვა ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს - 100 ლარის დაკისრების ნაწილში.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
6.1. მოპასუხემ მოითხოვა, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრისა და 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებებით, ორივე სააპელაციო საჩივარი, განსახილველად იქნა მიღებული.
8. 2021 წლის 11 ივნისს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ (წარმომადგენელი მ.ქ–ძე), რომელმაც ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მესამე უძრავ ქონებაზე არსებული შეზღუდვის (გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) გაუქმება და სანაცვლოდ ქ.თბილისში, ....... (ძველი ......., №9) მდებარე 23.08კვ.მ ავტოსადგომზე (შემდეგში - მეოთხე უძრავი ქონება) - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 ივნისის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული მესამე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხეს აეკრძალა, მის საკუთებაში არსებული მეოთხე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მეოთხე უძრავი ქონება (რომლითაც მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება), საქმეზე უკვე გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად (მოპასუხის პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გაუქმებულა), სრულად უზრუნველყოფდა მოსარჩელის მოთხოვნას (მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მაქსიმუმ 46 680.74 ლარის დაკისრება). აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფის საგნის შეცვლით, სარჩელი დაცული იყო შემდგომი აღსრულების გართულების ან/და მისი აღუსრულებლობისაგან (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 191.1 მუხლი და 1961 მუხლის პირველი ნაწილი).
10. 2021 წლის 23 ივნისის განჩინება მოსარჩელემ საჩივრით გაასაჩივრა, მისი გაუქმების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ღონისძიების დადგენა არასწორია. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც მხარეს საშუალებას აძლევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, გარანტირებული იყოს გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულება. გასაჩივრებული განჩინებით ხელი არ შეეწყობა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულებაა. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სამ უძრავ ქონებაზეა გამოყენებული, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, პირველი უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე არ იძებნება. შესაბამისად, აღნიშნული შესაძლებელია, რომ სამომავლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების ხელისშემშლელი გარემოება აღმოჩნდეს.
10.2. მეოთხე უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრისას, სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას. მითითებული ქონება შეძენილია 2021 წლის 7 ივნისს (მოპასუხის მიერ განცხადების შეტანამდე 4 დღით ადრე) და, მისი ღირებულების დადგენა შესაძლებელია, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლითაც ნასყიდობის ფასი 5 000 აშშ დოლარითაა (რომლის ეკვივალენტია 15 395.5 ლარი) განსაზღვრული. მიუხედავად ამისა, სასამართლოს ასე არ უმოქმედია.
10.3. სასამართლოს იმ რისკზე არ უმსჯელია, რაც სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საქმე ისაა, რომ მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავის არიდების შემთხვევაში, აღმასრულებელი სარჩელის უზრუნველყოფის საგანს აუქციონის გზით განკარგავს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, უძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. რაც შეეხება ავტოსადგომს, მის შემძენად შეიძლება მხოლოდ იქ მცხოვრები ადამიანები განვიხილოთ, რომელთაც ხსენებული უძრავი ქონებით შეუძლიათ ისარგებლონ. ამდენად, მეოთხე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია შეიძლება ვერც განხორციელდეს, რამაც შეიძლება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობამდე მიგვიყვანოს.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა.
13. პირველ რიგში, პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობა, კერძოდ, სსსკ-ის 1961 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია შემდეგი: ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით, სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.
ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი, მოთხოვნის წინაპირობად, ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (იხ. სუსგ №ას-1596-2019, 18.02.2020).
14. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის საკითხის შეფასებისას, სასამართლომ, ყურადღება უნდა მიაქციოს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანზე, რაზეც საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული, კერძოდ:
14.1. სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).
15. საკასაციო პალატის ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან გამომდინარე, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, შემდეგი გარემოების არსებობა: მის მიერ შემოთავაზებული სხვა უძრავი ქონება, სრულიად უზრუნველყოფს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურ და დაუბრკოლებელ აღსრულებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ ზემომითითებული გარემოების დასაბუთებას ემსახურება, ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა. პალატას მხედველობაში აქვს, ინდმეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორ დ.რობაქიძის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მეოთხე უძრავი ქონების (რომლითაც მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება) საბაზრო ღირებულება, 38 375 ლარია.
17. განსახილველი საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი რამდენიმე გარემოება:
1). მოსარჩელის მოთხოვნაა, მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, ჯამურად, 46 680.74 ლარის დაკისრება;
2). სადავო განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული იყო მოპასუხის სამ ქონებაზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოსა და 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებებით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული პირველი, მეორე და მესამე უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3). განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლაზე იშუამდგომლა მხოლოდ ერთ ქონებაზე, კერძოდ, მესამე უძრავი ქონების ნაცვლად, აკრძალვის გამოყენება ითხოვა მეოთხე უძრავ ქონებაზე, რომლის საბაზრო ღირებულება (38 375 ლარი) სარჩელის მოთხოვნის (მოპასუხისათვის 46 680.74 ლარის დაკისრება) ნახევარზე მეტია.
4). მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება.
დასახელებული გარემოებები ნათლად ასაბუთებს, რომ მეოთხე უძრავი ქონება (რომლითაც მოხდა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლება), პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე უკვე გამოყენებულ სარჩელის უძრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად (რომლებიც არ გაუქმებულა და დღეისათვის ძალაშია), სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მაქსიმუმ 46 680.74 ლარის დაკისრებაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად დაასკვნა, რომ უზრუნველყოფის საგნის შეცვლით, სარჩელი დაცული იყო შემდგომი აღსრულების გართულების ან/და მისი აღუსრულებლობისაგან. შესაბამისად, მოცემული დავის მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულების პირობებში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, საფრთხე არ დაემუქრება.
18. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მეოთხე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელია მასზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და არა - მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასს მხარეები ურთიერთშეთანხმებით ადგენენ, მისი განსაზღვრა მათ თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული და სულაც არაა აუცილებელი, რომ იგი შესაბამისი უძრავი ქონებისათვის ბაზარზე დამკვიდრებული ფასის იდენტური იყოს. იგივეს ვერ ვიტყვით იმ შემთხვევაზე, როცა უძრავი ქონების ღირებულების ფასს ექსპერტი ადგენს, როგორც წესი, ექსპერტიზის და/ან აუდიტორულ დასკვნაში მითითებული უძრავი ქონების ფასი სწორედ ის ფასია, რაც შესაბამისი დროისათვის შესაფასებლად წარდგენილ უძრავ ქონებას გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ვერ მიიჩნეოდა უძრავი ქონების შეფასებაზე აუდიტორული დასკვნის საპირწონე მტკიცებულებად.
19. გარდა ამისა, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს ის მოსაზრებაც, რომ მოპასუხის სადავო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ვერ გამოიწვევს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ, ავტოფარეხის შეძენის მიმართ ნაკლები ინტერესის არქონაზე მითითება. კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აღნიშნულ ავტოფარეხთან ერთად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნის შესრულებას დამატებით კიდევ ორი უძრავი ქონება ემსახურება. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ იმაზე აპელირებას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, პირველი უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე არ იძებნება, ამის საპირისპიროდ პალატა მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე https://www.my.gov.ge/ka-ge/services/5/service/176https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFO]M96O6R1BV4llyZ9sEDo48OvPdUxaOljvHOwNdn1fF - სადაც წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დასახელებული ამონაწერი სწორედ იმას ადასტურებს, რომ პირველი უძრავი ქონების მესაკუთრე მოპასუხეა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და სწორად დაკმაყოფილდა. ამდენად, პალატა არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ საჩივარს და გასაჩივრებულ განჩინებას უცვლელად ტოვებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე