Facebook Twitter

საქმე №ას-970-2021 29 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.პ–ი, ნ.ჩ–ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება/გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი - საავტორო უფლების დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ.პ–მა (შემდგომ - პირველი მოსარჩელე) და ნ.ჩ–მა (შემდგომ - არასრულწლოვანი მოსარჩელე, მეორე მოსარჩელე, ასევე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, საჩივრის ავტორი, კასატორი) მიმართ და მოითხოვეს კომპენსაციის - 37500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები

2. სარჩელის თანახმად, მუსიკალური ნაწარმოები - „ქ.ნ–ი“ (შემდგომ - მუსიკალური ნაწარმოები) შექმნილია ი.ჩ–ის (შემდგომ - მამკვიდრებელი) მიერ, რომლის მემკვიდრეებიც არიან შვილი - მეორე მოსარჩელე და მამა გ.ჩ–ი (შემდგომ - მამკვიდრებლის მამა), ხოლო განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე მამკვიდრებლის მამის უფლებები გადაეცა პირველ მოსარჩელეს. ამასთან, პირველი მოსარჩელე არის მეორე მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენელი, დედა და განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე უფლებამოსილი პირი, მართოს მამკვიდრებლის საავტორო უფლებები.

3. 2016 წლის 25 სექტემბერს, ქ. ბათუმში, მოპასუხის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საჯაროდ შესრულდა მამკვიდრებლის სადავო მუსიკალური ნაწარმოები. ამავე დღეს მოსარჩელეებმა მისწერეს მოპასუხეს ოფიციალური წერილი და მოითხოვეს საავტორო ჰონორარის გადახდა. მიუხედავად ამისა, პასუხი არ მიუღიათ, მეტიც, ყოველგვარი წინასწარი თხოვნისა თუ ინფორმირების გარეშე მოპასუხემ კვლავ გამოიყენა სიმღერა 2016 წლის 5 ოქტომბრის აქციაზე. შესაბამისად, საავტორო უფლების დარღვევისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო მუსიკალური ნაწარმოების მიმართ არ დგინდება საავტორო უფლების არსებობა. ამასთან, ასეც რომ იყოს, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოების ე.წ. „ოფიციალურ“ ღონისძიების შესრულების ისეთ პირობას, რომელიც მოსარგებლეს ჰონორარისაგან ათავისუფლებს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელეთა უფლება არ დაურღვევია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაცია 25 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ;

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მოსარჩელეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სამოქალაქო საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო; სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.

8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტმა საჩივრით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 241-ე, 233.1 და 215.3 მუხლებით და განმარტა, რომ საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაესაბუთებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარდგენილ გზავნილის ჩაბარების დასტურზე, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ აპელანტს ჩაჰბარდა როგორც გზავნილი, ასევე - უწყება. უწყებით კი მხარეებს ეცნობებათ სასამართლოს სხდომის დრო და ადგილი. გარდა ამისა, საქმეში დევს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი უწყების ასლი, რომლითაც დგინდება, რომ ის შედგენილია აპლანტის სახელზე, გაგზავნილია მის იურიდიულ მისამართზე და ორგანიზაციას ატყობინებს 2021 წლის 13 აპრილს გასამართი სხდომის ადგილსა და ზუსტ დროს (საათს). გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს სასამართლოდან მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გასაგზავნი გზავნილისა და უწყების მომზადების წესს. სასამართლო მხარეს უწყებასა და გზავნილს უგზავნის დალუქული კონვერტის მეშვეობით. კონვერტზე კი აუცილებლად მიეთითება, თუ რა დოკუმენტი ეგზავნება მხარეს - უწყება თუ გზავნილი (ან ორივე ერთად). მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კურიერს ან ფოსტის თანამშრომელს უფლება არა აქვს, გახსნას კონვერტი და ნახოს შიგ რა დევს. ფოსტის თანამშრომელს გზავნილის ან უწყების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე სწორედ კონვერტის გარეკანიდან გადააქვს მონაცემები და აწერს, თუ რა დოკუმენტი ჩააბარა მან ადრესატს. იმ შემთხვევაში კი, თუ კონვერტზე ეწერა, რომ ადრესატს გაეგზავნა გზავნილიც და უწყებაც, მაგრამ კონვერტში აღმოჩნდა მხოლოდ გზავნილი უწყების გარეშე, მაშინ ადრესატს შეეძლო ამის თაობაზე მაშინვე გამოეთქვა პრეტენზია ან, თუ კონვერტი მოგვიანებით გახსნა, მოგვიანებით მაინც ეცნობებინა სასამართლოსათვის, რომ კონვერტში უწყება არ იდო, რაც მას არ გაუკეთებია. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის ავტორის შედავება, რომ მას უწყება არ ჩაჰბარებია, რომელიც, გარდა ზეპირი განმარტებისა, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა.

11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, რადგან წარმომადგენელს არასრულწლოვანი მოსარჩელის წარმოდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა და სასამართლო ვალდებული იყო, პროცესზე არასრულწლოვანი მოეწვია. პალატამ განმარტა, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ თანახმად, არასრულწლოვანი მაშინ უნდა იქნეს სავალდებულო წესით მოწვეული სასამართლო სხდომაზე, თუ მისი მონაწილეობა, დავის საგნიდან ან არასრულწლოვნის პიროვნული ან სხვაგვარი გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელია, სავალდებულოა პირადად, უშუალოდ მისი მხრიდან ახსნა-განმარტების მიღება, მისი გამოკითხვა, მისი პოზიციის სასამართლოში უშუალოდ დაფიქსირება ან არსებობს სხვა სახის გარდაუვალი გარემოება, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან და მისი ფუნდამენტური უფლებებიდან გამომდინარე აუცილებელს ხდის არასრულწლოვნის უშუალოდ მონაწილეობას სასამართლოს სხდომის დარბაზში. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეები, მათ შორის - არასრულწლოვანი მოსარჩელეც, მოპასუხეს ედავებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და ითხოვდნენ შესაბამის კომპენსაციას. შესაბამისად, დავის საგნიდან და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა ისეთი ვითარება, რის გამოც სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვნის პირადი გამოცხადება და უშუალოდ მისი მხრიდან ახსნა-განმარტების მიღება აუცილებელი იქნებოდა. მით უფრო, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დავა გადაწყდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ საჩივრის განხილვის დროს არასრულწლოვანი გახდა სრულწლოვანი და იგი დამოუკიდებლად, მინდობილობით დაქირავებული წარმომადგენლის მეშვეობით იღებდა მონაწილეობას სასამართლო სხდომაზე, როდესაც მას სადავოდ არ გაუხდია არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი, როგორც არასრულწლოვნის პირადად გამოუძახებლობა და ამ გზით მისი უფლებების დარღვევა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად და საქმის ხელახლა სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არ არსებობდა, რამდენადაც პირი, რომლის წინააღმდეგაც იქნა მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ აპელანტისათვის უწყების ჩაბარებად მიიჩნია საფოსტო გზავნილი, რომელიც აპელანტი ორგანიზაციის დაცვას ჩაჰბარდა 2020 წლის 30 მარტს, თუმცა მითითებულ გზავნილში არ იდო სასამართლო უწყება, კერძოდ, 2021 წლის 24 მარტს აპელანტმა სასამართლოს მიმართა 2 წერილობითი განცხადებით, ერთი განცხადებით მოითხოვა, ამ საქმიდან სასამართლოს გადაეცა სააპელაციო პალატაში მოსამართლე ოთარ სიჭინავასთვის, მერაბ ლომიძესა და სხვადასხვა დროს სხვა მოსამართლეებისათვის საქმის განსახილველად განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი, ხოლო მეორე განცხადებით აპელანტი ითხოვდა მოსამართლე ოთარ სიჭინავას თავმჯდომარეობით ჩატარებული, ყველა სასამართლო სხდომის ოქმისა და მისი ელექტრონული ჩანაწერის ასლის გადაცემას. ამ განცხადების დაკმაყოფილების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს გაუგზავნა 2021 წლის 29 მარტით დათარიღებული წერილი საფოსტო გზავნილის მეშვეობით, რომელიც სასამართლომ აპელანტს 2021 წლის 30 მარტს გადასცა. მითითებული გზავნილი სასამართლო სხდომის თაობაზე არ შეიცავდა ინფორმაციას და სასამართლოს საფოსტო გზავნილში სხვა რაიმე დოკუმენტი, საიდანაც აპელანტი მომდევნო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებდა არ ყოფილა. სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ კონვერტში იდო როგორც გზავნილი, ისე - უწყება, არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით.

14. გარდა დასახელებულისა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მიმართ არსებობს სხვა დამოუკიდებელი საპროცესო საფუძვლებიც. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2021 წლის 13 აპრილის სასამართლო სხდომაზე სააპელაციო პალატაში გამოცხადდა საქმეში მონაწილე მოწინააღმდეგე არასრულწლოვანი მხარის წარმომადგენელი, რომელსაც არ ჰქონდა არც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენლის სახით მონაწილეობის უფლებამოსილება და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისაღებად შუამდგომლობის სასამართლოში დაყენების საპროცესო შესაძლებლობა, ვინაიდან მას არ გააჩნდა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ მინიჭებული სპეციალიზებული ადვოკატის აუცილებელი სპეციალიზაცია, არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში, რაც ვლინდება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ადვოკატთა იმ რეესტრიდან, რომელთაც დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ ამგვარი სპეციალიზაცია და რომლებიც უფლებამოსილი არიან, წარმოადგინონ დავაში მონაწილე არასრულწლოვანი. შესაბამისად, საქმის განხილვაზე გამოცხადებული პირი, რომელიც სააპელაციო პალატამ მიიჩნია არასრულწლოვანი პირის წარმომადგენლად, არ უნდა მიჩნეულიყო არასრულწლოვნის ადვოკატად, საქმეში მონაწილე არასრულწლოვანი ადვოკატის გარეშე წარმოდგენილად უნდა მიჩნეულიყო და სასამართლოს უნდა ემოქმედა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 74-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, „ბავშვს აქვს ადვოკატის მოწვევის უფლება. სახელმწიფო ბავშვისთვის უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას, როდესაც მას მოწვეული ადვოკატი არ ჰყავს.“ ამდენად, მეორე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოცხადება, რომელსაც არ ჰქონდა არასრულწლოვნის წარმოდგენის უფლებამოსილება მხარის გამოუცხადებლობას უნდა გაუთანაბრდეს, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არც უშუალოდ არასრულწლოვანი არ მოწვეულა. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე ბავშვის აზრი არ მოსმენილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით, ბავშვის სასამართლო სხდომაზე უშუალოდ მოწვევის ვალდებულება სასამართლოს აქვს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად. ამდენად, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის უხეში დარღვევებით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

15. ამასთან, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ არ აკეთებს დათქმას ბავშვის მონაწილეობით არსებულ რომელ დავაზე უნდა იქნეს მოწვეული ბავშვი და რომელზე - არა, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია. ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოში ყველა სახის დავაში არასრულწლოვანს უნდა წარმოადგენდეს სპეციალიზებული ადვოკატი.

16. დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითება იმისა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ვარაუდი იმისა, რომ აპელანტი აღიარებდა მოთხოვნას, მაშინ, როდესაც აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოსთან მუდმივად ჰქონდა სატელეფონო კავშირი და ყოველთვის მზად იყო სხდომაზე გამოსაცხადებლად. დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის მოტივით ახსნა გამოუსადეგარია, რადგან აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე მომზადებისა და მომზადებულად გამოცხადების ინტერესებისათვის არაერთ მისთვის საინტერესო საკითხებზე განცხადებით მიმართავდა სასამართლოს და წერილობითი კომუნიკაციის ამსახველი მტკიცებულებები საქმეშია დაცული. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში აღნიშნულის ასახვა არ ეფუძნება და გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

17. საკასაციო საჩივარში კასატორი შუამდგომლობს მოპასუხეს დაეკისროს: კასატორის სასარგებლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ადვოკატის დახმარებისათვის 4 000 ლარის; მოცემულ საქმეზე მინდობილობების, ხელშეკრულებების, ადვოკატის სახელზე შედგენილი განცხადებისა და სხვა დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებისთვის გაღებული სანოტარო ხარჯის - 70 ლარის; საკასაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის, საქმის განხილვისას მარწმუნებლების და წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით ტრანსპორტირების ხარჯის - 100 ლარის; მტკიცებულებათა მოძიება-მოპოვებაზე გაღებული ხარჯის - 20 ლარის; მესამე ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივრის, წერილობითი განცხადებების, შუამდგომლობების მომზადებაზე დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისთვის 70 ლარის; საკასაციო საჩივრის და სხვა მტკიცებულებების ასლის მომზადებაზე გაღებული ხარჯის - 40 ლარის; ლითონის ამკინძავით შეკვრის ხარჯის - 0.10 ლარის; საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისთვის გაღებული 60 ლარის; მასალების კონვერტით შესაფუთვის ხარჯის - 10 ლარის; მხარეებისა და მათი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას აუცილებელ კვებაზე გაწეული დანახარჯის - 100 ლარის; სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურების სახით - 4000 ლარის; გადაწყვეტილების სააღსრულებო ორგანოში აღსრულების უზრუნველსაყოფად სააღსრულებო ხარჯის - 500 ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება) უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

21. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარს განხილვა 2021 წლის 29 მარტის განჩინებით, 2021 წლის 13 აპრილს, 13:00 საათზე, დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ აპელანტს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც ორგანიზაციის დაცვის თანამშრომელს - ლ.რ–იას 2021 წლის 31 მარტს ჩაჰბარდა.

22. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

23. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 387.1 მუხლის (თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

24. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

25. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.

26. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მისი სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიუწვევლობაზე, კერძოდ, სასამართლო უწყების ჩაუბარებლობაზე. კასატორი არ დავობს, რომ სასამართლო გზავნილი ორგანიზაციის დაცვის თანამშრომელს 2021 წლის 31 მარტს ჩაჰბარდა, თუმცა ამტკიცებს, გზავნილით მიიღო მხოლოდ თავის განცხადებაზე პასუხი და კონვერტში უწყება არ იდო (იხ. პ.13). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამ მტკიცებას, ვინაიდან ფოსტის მიერ შედგენილი ჩაბარების დასტურიდან ცალსახად დგინდება, რომ აპელანტმა საქმეზე №2ბ/3340-19 ჩაიბარა ,,სასამართლო უწყება და გზავნილი“ (იხ. ტ. 3, ს.ფ. 79). ამ მტკიცებულების საწინააღმდეგოდ კასატორს რაიმე არგუმენტი არ წარმოუდგენია. ნიშანდობლივია, რომ ფოსტის კურიერის მიერ გაკეთებული ჩანაწერი ადრესატისათვის სასამართლო უწყებისა და გზავნილის გაგზავნის შესახებ ადასტურებს იმას, რომ სწორედ სასამართლოს მიერ გაგზავნილ კონვერტზე ეწერა უწყების გაგზავნის შესახებ (ფოსტის თანამშრომელი კონვერტზე გაკეთებული წარწერიდან ადგენს და გადააქვს უკუგზავნილზე ინფორმაცია, თუ რა დოკუმენტი ჰბარდება ადრესატს). კონვერტი, თავის მხრივ, იგზავნება დალუქული. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ აპელანტის წარმომდგენლისათვის გაგზავნილ გზავნილს ერთვოდა როგორც უწყება, ისე აპელანტის განცხადებაზე პასუხი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ მისთვის ჩაბარებულ კონვერტში არ იდო უწყება, ვერ გააბათილებს დასახელებულ პრეზუმფციას. ამასთან, აპელანტის მტკიცების გაზიარების შემთხვევაშიც კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მიერ გაგზავნილ კონვერტს ეწერა უწყება და გზავნილი, თუკი კონვერტში აღმოჩნდა მხოლოდ გზავნილი, ადრესატს წინდახედულობა უნდა გამოეჩინა და ამის თაობაზე სასამართლოსათვის ეცნობებინა. აპელანტის წარმომადგენლის პასიური დამოკიდებულება კი, გონივრულობისა და წინდახედულობის სტანდარტს ეწინააღმდეგება. მით უფრო, აპელანტის წარმომადგენელს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მითითებულ საქმეზე 2021 წლის 23 მარტს დანიშნული სასამართლო სხდომა არ გაიმართა სასამართლოს არასრული შემადგენლობის გამო და უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ მომდევნო სხდომის თარიღი ეცნობებოდა. შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელი მეტი წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, თავიდან აიცილებდა მის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს - დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, საქმეში დევს მოსამართლის თანაშემწის მიერ მომზადებული და აპელანტისათვის გაგზავნილი უწყების ასლიც (უწყებაში მითითებულია სხდომის ადგილი/დრო და გაგზავნილია აპელანტის იურიდიულ მისამართზე). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კასატორის მტკიცებას დაუსაბუთებელს ხდის.

27. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია და სასამართლო სხდომაზე კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული, შესაბამისად, არ ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

28. კასატორის მეორე პრეტენზიის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არსებობდა სასამართლოში წარმომადგენლობის ნაკლი, კერძოდ, საქმეში მონაწილეობდა არასრულწლოვანი, ხოლო მის წარმომადგენელს არ ჰქონდა არასრულწლოვნის წარმოდგენის უფლებამოსილება, რადგან დადგენილი წესით არ მინიჭებია სპეციალიზაცია არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

29. პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებს აწესებს და ასეთად სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებს ან მხარის ისეთი სხვა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას მოიაზრებს, რომლის შესახებაც გამოუცხადებელ მხარეს არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა არ არის. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა ზემოხსენებული საფუძვლით დაუსაბუთებელია. დაუსწრებელი გადაწყვეტლების არარსებობის პირობებშიც კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში მხარეთა დასწრებით, სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვით რომ დასრულებულიყო, მითითებული საფუძველი არასრულწლოვანი მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას არ გამოიწვევდა შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სსსკ-ის 81.3 მუხლის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე - შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია, ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. ამავე კოდექსის 51.1 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობენ არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სპეციალიზებული მოსამართლე, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან/და არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეული სხვა შესაბამისი სპეციალისტი.

31. მოცემულ შემთხვევაში, დგინდება, რომ არასრულწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს იცავდა კანონიერი წარმომადგენელი დედა, რომელმაც საპროცესო წარმომადგენლობა მიანდო ადვოკატს (იხ. მინდობილობა ტ.1, გვ. 15). კასატორის მიერ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მიღებულია არასრულწლოვნის სასარგებლოდ. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ფაქტს, რომ არასრულწლოვანი სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვამდე გახდა სრულწლოვანი და მან სასამართლოს წარუდგინა თავის მიერ იმავე ადვოკატზე გაცემული მინდობილობა (იხ. ტ. 3. ს.ფ. 206-208).

32. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვნის უფლებებს სპეციალიზებული ადვოკატი არ იცავდა, მით უფრო, ამგვარი პრეტენზიის გაცხადება იმ არასრულწლოვნის მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან, რომელსაც არასრულწლოვნის სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა, დაუსაბუთებელია. მით უფრო, რომ არასრულწლოვანს პირველი ინსტანციის სასამართლოდანვე სწორედ ეს ადვოკატი იცავდა და მსგავსი პრეტენზია მოპასუხე მხარეს არ განუცხადებია.

33. პალატა განმარტავს, რომ საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. საქმისწარმოებისას კი, სწორედ სასამართლოა იმის გარანტი, რომ უზრუნველყოს მხარეთა მიერ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული წესების დაცვა, რათა უსაფუძვლოდ და უკანონოდ არ შეილახოს რომელიმე მხარის უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ამ პირის წარმომადგენლად დაშვებით არცერთი მხარის უფლება არ შელახულა, არ დარღვეულა პროცედურული სამართლიანობა და მხარეთა შესაძლებლობათა თანასწორობა. საქმის შინაარსისა და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მხრიდან ზემოხსენებული საპროცესო დანაწესისადმი გადაჭარბებული ფორმალისტური მიდგომა არაგონივრული იქნებოდა, რადგან სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებს აშკარად შეეწინააღმდეგებოდა. სსსკ-ის 51.1 მუხლის დანაწესის არსიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვიდან გამომდინარეობს. იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში დავა გადაწყდა მოსარჩელე არასრულწლოვნის სასარგებლოდ, ნორმის იმდაგვარად განმარტება, რომ არასრულწლოვნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება არასპეციალიზებული ადვოკატის დაცვის მოტივით უნდა გაუქმდეს, სწორედ რომ, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს შეეწინააღმდეგებოდა. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიზანიც ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით (1.1 მუხლი). პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი არ შელახულა და არც მისი რომელიმე უფლება არ დარღვეულა.

34. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის პრეტენზია, რომ ადვოკატს დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლება არ ჰქონდა უსაფუძვლოა იმიტომაც, რომ საქმეში მონაწილე ადვოკატი, წარმოადგენდა პირველ მოსარჩელესაც, რომელიც, თავის მხრივ, გარდა იმისა, რომ წარმოადგენდა არასრულწლოვანის ინტერესებს, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი, იყო მოსარჩელეც, როგორც განსაკუთრებული ლიცენზიის საფუძველზე, მამკვიდრებლის საავტორო უფლებების მართვაზე უფლებამოსილი პირი.

35. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ არ ვლინდება სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რამდენადაც საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევას შედეგად არ მოჰყოლია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.

36. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. შესაბამისად, ის უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები), ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი) (შდრ. სუსგ №554-1474-2017, 29 ივნისი, 2018 წ; №ას-356-338-2015, 3 ივნისი, 2015 წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენელი არასაპატიო მიზეზით (სსსკ-ის 215.3 მუხლი), არ გამოცხადდა 2021 წლის 13 აპრილს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო პროცესზე, რის გამოც არ არსებობდა მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.

37. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა აღნიშნული არ შეიძლება განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის დაცვა უზრუნველყო.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ასკვნის, რომ აპელანტი სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ, მას უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, შესაბამისად, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით), რაც, სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს არ ქმნის. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

39. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

40. საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, კასატორის შუამდგომლობა, პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, სსსკ-ის 53-ე მუხლიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 387-ე, 241-ე, 233-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2021 წლის 14 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე