საქმე №ა-3130-შ-80-2021 19 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ.კ–ვი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (რეგისრტაციის საერთო №13/03420)
დავის საგანი – განქორწინება, მშობლის უფლების მინიჭება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.მ–ვი და ფ.კ–ვი განქორწინდნენ (ქორწინება 2011 წლის 16 მარტს საქართველოში დარეგისტრირდა) და 2009 წლის 19 იანვარს თბილისში დაბადებულ არასრულწლოვან თ.კ–ზე მშობლის უფლების განხორციელება მიენიჭა მხოლოდ დედას - ნ.მ–ვს. გადაწყვეტილებით თანახმად, ფ.კ–ვი ინარჩუნებს ბავშვის შენახვასა და აღზრდაზე ზედამხედველობის უფლებას. მას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ბავშვის ცხოვრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ მნიშვნელოვან არჩევანზე. სასამართლომ არასრულწლოვანი ბავშვის ძირითად საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის ნ.მ–ვის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა გადაწყვეტილებით მამას უნარჩუნდება ბავშვის ნახვის და თავისთან დროებით დაბინავების უფლება. ამასთან, დედამ უნდა აცნობოს მამას ბავშვის ახალი საცხოვრებელი ადგილის და ახალი სასკოლო განათლების ადგილის შესახებ, თუ სხვაგან გადავა საცხოვრებლად. ამავე გადაწყვეტილებით, მამას ალიმენტის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
2. ნ.მ–ვმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების (რეგისრტაციის საერთო №13/03420) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინებისა და მშობლის უფლების განხორციელების მინიჭების ნაწილში.
3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მის მიმართ შედგენილი იყო ძებნის ოქმი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლომ საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.
4. საფრანგეთის, ამიენის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 მაისს გაცემული ცნობით, ამავე სასამართლოს კანცელარიის უფროსმა დაადასტურა, რომ ცნობის გაცემის მომენტისათვის საოჯახო საქმეებზე მომუშავე მოსამართლის მიერ 2014 წლის 19 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ არ არსებობს ჩანაწერი ამიენის სააპელაციო სასამართლოში.
5. საქმის მასალების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განჩინებით, ნ.მ–ვის შუამდგომლობა საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
7. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელიც მის ოჯახის წევრს - დედას ჩაჰბარდა. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საკასაციო სასამართლოსთვის რაიმე მოთხოვნით არ მოუმართავს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით (რეგისრტაციის საერთო №13/03420), ნ.მ–ვი და ფ.კ–ვი განქორწინდნენ (ქორწინება 2011 წლის 16 მარტს, საქართველოში დარეგისტრირდა) და 2009 წლის 19 იანვარს თბილისში დაბადებულ არასრულწლოვან თ.კ–ზე მშობლის უფლების განხორციელება მიენიჭა მხოლოდ დედას - ნ.მ–ვს.
10. საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ვის შუამდგომლობა საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების (რეგისრტაციის საერთო №13/03420) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს საფრანგეთის, ამიენის მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება (რეგისრტაციის საერთო №13/03420) იმ ნაწილში, რომლითაც: ნ.მ–ვი და ფ.კ–ვი განქორწინდნენ (ქორწინება 2011 წლის 16 მარტს, საქართველოში დარეგისტრირდა) და 2009 წლის 19 იანვარს თბილისში დაბადებულ არასრულწლოვან თ.კ–ზე მშობლის უფლების განხორციელება მიენიჭა მხოლოდ დედას - ნ.მ–ვს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე