Facebook Twitter
საქმე №ას-910-2021 10 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სს „ს–ტი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ.თ–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

გ.თ–მა 2020 წლის 26 ივნისს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სს „ს–ტის“ მიმართ, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის - 4875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.თ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ს–ტს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2375 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: გ.თ–მა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, ხოლო სს „ს–ტმა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს–ტის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ.თ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება სს „ს–სათვის“ დამატებით გ.თ–ის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში; სს „ს–ტს“ გ.თ–ის სასარგებლოდ დამატებით 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სს „ს–ტმა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ არ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა, რადგან სადავო პერიოდში მოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა და აკრძალული იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. შესაბამისად, კომპანია იჯარის საგნით ვერ სარგებლობდა, რაც მას ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის გადახდისგან ათავისუფლებდა. გარდა ამისა, იჯარის ხელშეკრულება, ფორს-მაჟორული გარემოების არსებობისას, ხელშეკრულების ვადის დაუცველად შეწყვეტის შესაძლებლობას იძლეოდა. ამასთან, 2020 წლის 10 აპრილს, სატელოფონო კომუნიკაციის შედეგად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სს „ს–ტი“ წყვეტდა მასთან იჯარის ხელშეკრულებას.

კასატორი, სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად, ასაჩივრებს საქმეზე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინებასაც. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საქმეს უნდა დართვოდა 2020 წლის 14 დეკემბრის კორესპონდენცია და უკუგზავნილები, რომლებითაც დასტურდება გ.თ–ისთვის საფოსტო გზავნილების ჩაბარების შეუძლებლობა. ამასთან, უკუგზავნილები მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩაბარდა, რის გამოც მათი საქალაქო სასამართლოში წარდგენა ვერ მოხდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს–ტის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხისთვის საიჯარო ქირის გადახდის დაკისრების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, ხოლო მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამრიგად, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოიჯარის მთავარი ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდაში გამოიხატება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ჯ–სა“ (უფლებამონაცვლე - სს „ს–ტი“) და გ.თ–ს შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ.თ–მა შპს „ჯ–ს“ იჯარით გადასცა ბორჯომში, ...... მდებარე უძრავი ქონება, სადაც კომპანიის ოფისი განთავსდა. საიჯარო ქირის ოდენობა კი ყოველთვიურად 1250 აშშ დოლარს შეადგენდა.

დადგენილია, რომ გ.თ–ს სს „ს–ტმა“ საიჯარო ქირა უკანასკნელად გადაუხადა 2020 წლის 10 აპრილს, 645,16 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მარტის თვის ქირის ნაწილს წარმოადგენდა.

მოსარჩელე ითხოვს მარტის თვის დარჩენილი დღეების, აპრილის, მაისის თვის 18 დღისა და დამატებით ორი თვის საიჯარო ქირის ანაზღაურებას, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება, ვინაიდან კომპანიის განმარტებით, სადავო პერიოდში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა გამორიცხავდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, მან ფაქტობრივად გაათავისუფლა ფართი და შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობისა და მოპასუხის პოზიციის დასაბუთებულობის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, საიჯარო ქირის გადახდისაგან მოიჯარის გათავისუფლების წინაპირობებზე, კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, თუ მოიჯარე, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ფაქტობრივად ვერ მოახერხებდა იჯარის საგნით სარგებლობას, მითითებულ პერიოდზე იგი საიჯარო ქირის გადახდისგან თავისუფლდებოდა. ამრიგად, საიჯარო ქირის გადახდისგან გასათავისუფლებლად, მოიჯარის მიერ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში იჯარის საგნით სარგებლობის შეუძლებლობა უნდა დასტურდებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რასაც შედეგად კონსტიტუციით გარანტირებული ცალკეული უფლებების შეზღუდვა მოჰყვა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისა.

საკასაციო პალატა, ნორმის დასახელებული გამონაკლისის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება მომსახურების ან პროდუქტების გაყიდვებისათვის მომხმარებლისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით დაიდო, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად მოპასუხის საქმიანობის აკრძალვა არ დასტურდება. კასატორის პოზიციის საწინააღმდეგოდ კი, საქმეზე დადგენილია, რომ სს „ს–ტმა“ 2020 წლის მარტი-აპრილის თვეში ახალი აბონენტები აიყვანა. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ოფისის მუშაობის აკრძალვაზე არ მიუთითებია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. სწორედ შესაგებლის წარდგენის ვალდებულებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, „ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის №ას-359-2021 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო პერიოდში საიჯარო ქონებით სარგებლობის შეუძლებლობა არ დასტურდება, რაც საგანგებო მდგომარეობაზე მითითებით საიჯარო ქირის გადახდისგან მოიჯარის გათავისუფლებას გამორიცხავს. ამასთანავე, აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა კონკრეტულ შემთხვევაში გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის დაუძლეველ ძალად შეფასებაც, რომელიც იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან მხარეთა გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ თუკი საგანგებო მდგომარეობის მოქმედება ართულებდა იჯარის ხელშეკრულების დადებული პირობებით შესრულებას, კასატორს შეეძლო ესარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრული, შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგების შესაძლებლობით, თუმცა მოიჯარეს მეიჯარისთვის მსგავსი მოთხოვნით არ მიუმართავს.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა პირობებზე მხარეთა შეთანხმებას, იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარეს შეეძლო ხელშეკრულება ცალმხრივად შეეწყვიტა, მიზეზების მითითების გარეშე, თუ მეიჯარეს წერილობით შეატყობინებდა ორი თვით ადრე. ამასთან, ხელშეკრულება პირდაპირ აწესრიგებდა შეტყობინების გაგზავნის წესს, კერძოდ, ნებისმიერი შეტყობინება უნდა შესრულებულიყო წერილობით და უნდა ჩაბარებოდა მხარეს პირადად, რეგისტრირებული ფოსტით, ტელეფაქსით ან ელექტრონული ფოსტით.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, გ.თ–ს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის დაცვით - ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მხოლოდ 2020 წლის 18 მაისს ჩაბარდა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება კი მოწმობს, რომ ხელშკრულება იქამდე მოქმედი იყო და მოიჯარეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უნდა გადაეხადა მარტის თვის სრული ქირა, აპრილის, მაისის 18 დღის საიჯარო ქირა და დამატებით, ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე - ორი თვის ქირა.

რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მეიჯარეს სატელეფონო კომუნიკაციისას განუმარტა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ერთი მხრივ, იჯარის ხელშეკრულება ტელეფონით დაკავშირებას შეტყობინების მიღების ფორმად არ განიხილავდა, მეორე მხრივ კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის №ას-1048-2021 განჩინება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვაზე უარის უკანონობასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიის მიერ წარდგენილი კორესპონდენცია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს არ ადგენდა და სასარჩელო მოთხოვნის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ იქონიებდა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 104-ე მუხლების დაცვით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 685,19 ლარის 70% - 479,63 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს–ტის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 28 ივნისის საოქმო განჩინება;

3. სს „ს–ტს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 685,19 ლარის (საგადასახადო დავალება №1629438274, გადახდის თარიღი 20.08.2021 წ.) 70% - 479,63 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე