თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - „I.G. S.A“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ.ჯ–ა
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ი.ჯ.ს–ო“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
განსახილველი საკითხი - სარჩელზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:თ.ჯ–ამ 2019 წლის 28 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - „I.G. S.A-სა“ და შპს „ი.ჯ.ს–ოს“ მიმართ, 5002,41 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - „I.G. S.A-ს“ თ.ჯ–ას სასარგებლოდ 2500 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თ.ჯ–ამ სააპელაციო წესით მხოლოდ „I.G. S.A-ს“ წინააღმდეგ გაასაჩივრა, მოსარჩელემ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „I.G. S.A-მაც“ , რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ჯ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; „I.G. S.A-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება; თ.ჯ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა; „I.G. S.A-ს“ თ.ჯ–ას სასარგებლოდ 5002,41 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება „I.G. S.A-მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 სექტემბრის განჩინებით „I.G. S.A-ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
2021 წლის 19 ნოემბერს თ.ჯ–ას წარმომადგენელმა - ც.მ–ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და, სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, თ.ჯ–ას განცხადების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებთა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი. ამავე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე კი, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთ გამოვლინებას მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის უფლებით სარგებლობა წარმოადგენს, რაც დასახელებული საკანონმდებლო აქტის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტას იწვევს. ამასთან, სარჩელზე უარის თქმა მოსარჩელეს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპსა და ინსტანციაში შეუძლია და არ საჭიროებს მოპასუხეთა თანხმობას.
განსახილველ შემთხვევაში, თ.ჯ–ას წარმომადგენელმა - ც.მ–ძემ, რომელსაც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით მინიჭებული აქვს სარჩელზე უარის თქმის უფლებამოსილება, უზენაეს სასამართლოს სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მომართა. ამდენად, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეწყდეს განსახილველი საქმის წარმოება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, გამორიცხავს სასამართლოში იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დავის ხელმეორედ წარმოებას.
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ამავე წესით ხდება, თუმცა მხოლოდ ამ ინსტანციისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ვინაიდან სადავო შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დაშვებული იყო არსებითად განსახილველად, სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი. ამასთან, ვინაიდან მხარეს შეიძლება დაუბრუნდეს მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მხარეთა მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ჯ–ას განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება;
3. თ.ჯ–ას სარჩელზე, მოპასუხის - „I.G. S.A-ს“ მიმართ, თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ი.ჯ.ს–ო“, თანხის დაკისრების თაობაზე, შეწყდეს საქმის წარმოება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;
4. „I.G. S.A-ს“ (გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.დ–ას (პ/ნ ......) მიერ 2021 წლის 6 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მომართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე