Facebook Twitter

საქმე №ას-1102-2020 29 ოქტომბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი - ა(ა)იპ ასოციაცია მომავლის ფერმერი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

II კასატორი - აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ასოციაცია მომავლის ფერმერი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის 15 მარტის N03/253 გადაწყვეტილების გაუქმება, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ასოციაცია მომავლის ფერმერის (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი, ასოციაცია, მიმწოდებელი ან პირველი კასატორი) სარჩელი აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, სამინისტრო, შემსყიდველი ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ, სამინისტროს 2017 წლის 15 მარტის #03/253 გადაწყვეტილებისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მოსარჩელე ასოციაციის „შავ სიაში“ რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; სამინისტროს შეგებებული სარჩელი ასოციაციისათვის პირგასამტეხლოს - 8961.5 ლარის დაკისრების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამარტლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ასოციაციის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ასოციაციას სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 4 480.75 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელე ასოციაციასა და მოპასუხე სამინისტროს შორის 2017 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02-02/29 ხელშეკრულება (2017 წლის 16 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე), რომლის საფუძველზეც ასოციაციამ იკისრა ვალდებულება „აგროსექტორის მდგრადი განვითარების“ 2017 წლის პროგრამის „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ ქვეპროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა სასოფლო სამეურნეო კულტურების წარმოების ექსტენციის შესყიდვა;

3.2. ექსტენციის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების N 2 დანართში მითითებული აგროვადებისა და დამხმარე ექსტენციის ვადების შესაბამისად. სრული მომსახურების მიწოდება კი - არა უგვიანეს 2017 წლის 1 ნოემბრისა. ექსტენციის მიწოდების პირველი ფაზა სხვადასხვა აგროკულტურებისათვის სხვადასხვა პერიოდიდან იწყება. მაგალითად: - ექსტენცია კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან და აგრო მეწარმეებთან პირველი ფაზის პერიოდად ითვალისწინებს 1 მარტიდან 10 მაისამდე პერიოდს; თხილის ნარგავების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან - 20 მარტამდე პერიოდს. სუბტროპიკული კულტურების მწარმოებელ ფერმერებთან და აგრომეწარმეებთან - 15 მარტამდე პერიოდს;

3.3. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი (ასოციაცია) იღებდა ვალდებულებას, აგრონომიული თვალსაზრისით გათვალისწინებული ყოველი ფაზის შესაბამისად, მის მიერ შერჩეულ და შემსყიდველთან შეთანხმებულ არანაკლებ 20 პირისგან (არამეწარმე და ფერმერი) შემდგარ ჯგუფებთან ჩაეტარებინა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი საველე პირობებში. მიმწოდებელს, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მიხედვით შექმნილ ჯგუფებთან საველე პირობებში ექსტენცია უნდა განეხორციელებინა მხოლოდ იმ სამუშაო-საჩვენებელ ნაკვეთებზე, რომლებსაც ბოლო 5 წლის მანძილზე ჩატარებული აქვს ნიადაგის ანალიზი. მიმწოდებლის მიერ ფერმერთა და აგრომეწარმეთა შერჩევა უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველის მიერ მიწოდებული ფერმერთა ბაზის საფუძველზე (საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩვენებით), აჭარის მუნიციპალიტეტებსა და მასში შემავალი სოფლების მიხედვით), ასევე მიმწოდებლის მიერ შერჩეული აგრომეწარმეების და ფერმერების სია შეთანხმებული უნდა ყოფილიყო შემსყიდველთან;

3.4. ხელშეკრულების 9.1 პუნქტით აგროვადების დარღვევის შემთხვევაში ასოციაციას დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%. 9.5 პუნქტით, ასოციაციის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%;

3.5. 2017 წლის 2 მარტიდან სამინისტრომ ასოციაციას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიაწოდა სახელმძღვანელო სიები, რომელშიც მოცემული იყო ფერმერთა მონაცემები. 2017 წლის 4 მარტს მიწოდებულ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფერმერთა სიები. ასეთივე სიები მიაწოდა იმავე წლის 7 და 8 მარტს, 8 მარტს მიწოდებულ იქნა ხარვეზიანი ჯგუფების გასწორებული ვარიანტები; ბოლოს სიები მიწოდებულ იქნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით 13 მარტს, რაც მოიცავდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მიხედვით ფერმერთა მონაცემებს.

3.6. მიმწოდებელმა 2017 წლის 9 მარტს წერილობით მიმართა სამინისტროს და აცნობა ფერმერთა ბაზის მიხედვით შედგენილ ელექტრონულ სიაში არსებული ხარვეზების შესახებ. მიუთითა, რომ სიების ხარვეზი ართულებდა ხელშეკრულების შესრულებას, ასევე ყურადღება გაამახვილა აგროვადების კონკრეტულ რიცხვებში დასრულების პრობლემაზე. ქვეყნის კლიმატური პირობების გათვალისწინებით აგროვადების კონკრეტულ რიცხვებში დასრულებაზე შეთანხმებას მიმწოდებელი არასწორად მიიჩნევდა. ამ ორი კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოეყენებინათ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება;

3.7. შემსყიდველმა სამინისტრომ 2017 წლის 13 მარტს მიმწოდებელ ასოციაციას წერილობით უპასუხა და განუმარტა, რომ 2017 წლის 2 და 3 მარტს ელექტრონულად გადაეცათ ფერმერებისა და აგრომეწარმეების სია იმ მონაცემების მიხედვით, რა მონაცემებიც გააჩნდა სამინისტროს. ამასთან, გადაცემული ბაზა და მასში მითითებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობები წარდგენილი იყო მეტობით, რაც ჯგუფების შექმნისას შესაძლებლობას იძლეოდა საჭიროების შემთხვევაში ფერმერების ჩანაცვლებისთვის. ასევე, მიმწოდებელს ელექტრონულად გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელთან საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მათი მეშვეობით ფერმერებისა და აგრომეწარმეების სიების დაზუსტების შესაძლებლობას ქმნიდა. აგროვადებთან დაკავშირებით კი შემსყიდველმა მიმწოდებელს განუმარტა, რომ აგროვადები განისაზღვრა გეოგრაფიული, კლიმატურ - ნიადაგური პირობებისა და მათი ბიოეკოლოგიური თავისებურებების მიხედვით, რაც მიმწოდებლისთვის ცნობილი იყო ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე. შესაბამისად, არ არსებობდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საფუძველი. ამასთან, სამინისტრომ ასოციაციას შეახსენა აგროვადის ფაზების დაცვის ვალდებულება და მისი დაუცველობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. იმავე წერილით სამინისტრომ მოითხოვა ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შესრულება;

3.8. ასოციაციამ 2017 წლის 14 მარტს სამინისტროს კვლავ გაუგზავნა წერილი, სადაც გაიმეორა წინა წერილში გამოთქმული პრეტენზია აგრომეწარმეების და ფერმერების სიის ხარვეზების შესახებ. ასევე აცნობა, რომ რადგანაც სამინისტრო არ აღიარებდა ბაზის ხარვეზებს და არ აპირებდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას, მოითხოვდა ხელშეკრულების შეწყვეტას;

3.9. სამინისტრომ მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულება 2017 წლის 15 მარტს ცალმხრივად შეწყვიტა და პირგასამტეხლოს სახით 8961.5 ლარის გადახდა მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად სამინისტრომ მიუთითა ასოციაციის 2017 წლის 14 მარტის წერილზე, რომლითაც ამ უკანასკნელმა ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა; ასევე შემსყიდველმა იმ გარემოებაზეც მიუთითა, რომ პირველი ფაზის სამუშაოები ასოციაციამ არ დაასრულა შეთანხმებულ ვადაში და ამ სამუშაოთა შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ განახორციელა;

3.10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიმწოდებლის მიერ ფერმერთა და აგრომეწარმეთა შესარჩევად საჭირო ფერმერთა ბაზის (საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩვენებით), აჭარის მუნიციპალიტეტებსა და მასში შემავალი სოფლების მიხედვით) მიწოდების ვალდებულება სამინისტროს ეკისრებოდა. საგულისხმოა, რომ მოპასუხე არ უარყოფს მის მიერ მიწოდებული სიების ხარვეზიანობას, თუმცა მიიჩნევს, რომ ხარვეზიანი სიების პირობებშიც კი ასოციაციას არ უნდა გასჭირვებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

3.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) დასკვნის თანახმად, სამინისტროს მიერ მიწოდებული სია არ იყო ზუსტი, იგიხარვეზებს შეიცავდა, კერძოდ: მასში სხვადასხვა სახელსა და გვარზე მითითებული იყო ერთი და იგივე პირადი ნომრები, სხვადასხვა სახელსა და გვარზე - ერთი და იგივე ტელეფონის ნომრები; ასევე სიები შეიცავდა სხვადასხვა არითმეტიკულ უზუსტობებს სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ველში. ,,ბოლოში ფიქსირებული ჯამები არ მოიცავს შესაბამის ველში არსებულ ყველა მონაცემს, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში წერტილის მაგივრად ათობით სიმბოლოდ გამოყენებულია მძიმე, ორი მძიმე, მრავალწერტილი და ზოგიერთი მონაცემი არ არის რიცხვის ფორმატში“. სიაში მითითებული არიან გარდაცვლილი პირები;

3.12. სამინისტრომ 2017 წლის 22 მარტს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ, სადაც მიუთითა, რომ მიმწოდებელმა ასოციაციამ არ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მის „შავ სიაში“ რეგისტრაციას ითხოვდა;

4. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საქალაქო სასამართლომ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, „შავი სია“ წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს ”შავ სიაში“ დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია პრეტენდენტის/მიმწოდებლის „შავ სიაში“ დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/ მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული „შავ სიაში“ რეგისტრაციის საფუძველი.

6. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ ვალდებულება მიმწოდებლის მიერ ვერ შესრულდა, ასევე უდავოა, რომ სამინისტრომ მასთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ფაქტია ამ გარემოებამ სამინისტროს წარმოუქმნა, არათუ უფლება, არამედ ვალდებულება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის მიემართა და მოეთხოვა ასოციაციის „შავ სიაში“ რეგისტრაცია. ამდენად, სადავოდ გამხდარი მიწერილობით, რომელიც ტ.1, ს.ფ. 98-ზეა განთავსებული, სამინისტრომ შეასრულა მისი კანონისმიერი ვალდებულება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა და სახელშეკრულებო ვალდებულების დამრღვევი ასოციაციის შავ სიაში რეგისტრაციის შესახებ (თუმცა „შავ სიაში“ რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უშუალოდ სააგენტოს ჰქონდა და არა- სამინისტროს). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ასოციაციის სარჩელი, რომლითაც იგი სამინისტროს ზემოხსენებული შეტყობინება-წერილის გაუქმებას ითხოვს, დაუსაბუთებელია.

7. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქმეში (ტ. 1, ს.ფ.42) მოთავსებულ წერილზე ასოციაციის თავმჯდომარის რუსუდან გიგაშვილისადმი, სადაც სამინისტრო აღწერს ყველა იმ გარემოებას, რაც გამოვლინდა ხელშეკრულების გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე. ამ წერილში სამინისიტრო მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რეალურად აზრს კარგავს რაიმე დამატებითი ვადების დაწესება, რადგან არსებული აგროვადები ამის საშუალებას არ იძლევა და სამინისტრო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 398-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა (ასოციაციამ) თვითონვე გამოხატა ხელშეკრულების შეწყვეტის ნება, რაც მეორე მხარეს აცნობა. სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებით, მათი მხრიდან იყო მზაობა მანდარინის კულტურის ფართობებთან დაკავშირებული N 2 დანართით გათვალისწინებული ვადის დარღვევის მიუხედავად ხელშეკრულება გაგრძელებულიყო, პირობითად, კარტოფილის, თხილის და სხვა კულტურების ფართობებისთვის, მაგრამ მიმწოდებელმა არ გამოხატა ნება ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა პირობების შესრულების შესახებ, პირიქით, მან პირველივე წერილში (9.03.17) მიუთითა ხელშეკრულების შეწყვეტის ალბათობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.6. ქვეპუნქტი).

10. სსკ-ის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილ პირს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 407-ე მუხლი (სსკ-ის 405.5-ე მუხლი).

11. სსკ-ის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

12. უდავოა, რომ სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობა ვალდებულების დროულ შესრულებასთან იყო დაკავშირებული; მხარეთა შორის ხელშეკრულების საგანი „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ სეზონურ სამუშაოებს უკავშირდებოდა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა სრულიად კანონშესაბამისად მოხდა, შესაბამისად დავის ამ ნაწილშიც პირველი ინტანციის სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ხელშეკრულების შეუსრულებლობასა და, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტაში ხელშეკრულების ორივე მხარე არის ბრალეული.

14. სადავო არაა, რომ ხელშეკრულებით სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა ასოციაციისათვის ფერმერთა სიის მიწოდება.

15. მოპასუხე მხარე (სამინისტრო) არ უარყოფს, რომ სიები, რომელიც მან მიაწოდა ფერმერთა ასოციაციას, ხარვეზიანი იყო. ეს გარემოება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 3.11 ქვეპუნქტი), თუმცა ამ ფაქტობრივ გარემოებაში გასარკვევად უმთავრესი მაინც მოპასუხის აღიარებაა სიების ხარვეზიანობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სიების ხარვეზიანობას და ფერმერთა მიწოდებულ ბაზაში ცდომილებას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა ასოციაციის მხრიდან ვალდებულების დროულ და ჯეროვნად შესრულებაზე. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ მისთვის სამინისტროს მიერ გადაგზავნილი ხარვეზიანი მონაცემების გამოსწორება და დაზუსტება 2 კვირის ვადაში ობიექტურად შეუძლებელი იყო. სააპელაციო სასამართლოში ასოციაციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბაზის ხარვეზი მიღებისთანავე, პირველივე დღეს იქნა გამოვლენილი (7.07.20 წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:09:36). ასოციაციის წარმომადგენლები შეეცადნენ ფერმერებთან კომუნიკაციას, თუმცა ხარვეზების გამო რეალური ფერმერების მიკვლევა რთული იყო. ტენდერში მონაწილეობის დროს ფერმერთა ბაზა სატენდერო პირობებში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, ასოციაციისთვის მანამდე უცნობი იყო ბაზის ხარვეზიანობის შესახებ. ბაზაში მითითებული ფერმერების მოძებნა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა არასწორი მონაცემებით ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და რეალური ადამიანების ჯგუფის შედგენა ვერ მოხერხდა. ამ მონაცემების გასწორება და დაზუსტება კი ობიექტურად შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ორკვირიან ვადაში; შემდეგ ხარვეზიან სიებთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის შედგენას და მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემას 2 თვე დასჭირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოციაციისათვის გაცილებით მცირე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ხარვეზიანი სიით მუშაობა (7.07.20 წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:18:06). გარდა ამისა, ასოციაცია არ იყო უფლებამოსილი, ჯგუფების შეედგინა ბაზის კორექტირების შემდეგ მიღებული მონაცემების საფუძველზე (მაგალითად, ადგილზე გასვლისას გარდაცვლილი ფერმერის ნაცვლად მისი შვილის ან სხვა მემკვიდრის მონაცემებით, ან ბაზაში მითითებული ფართობის სხვა, ამავე ბაზის მონაცემებისგან განსხვავებული მოსარგებლის მონაცემებით).

16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასაბუთებულია სამინისტროს პოზიცია, რომ ხელშემკვრელის მხრიდან მას მიადგა ზიანი, პროექტი ჩავარდა და მისი განახლება მხოლოდ მომდევნო წელს გახდა შესაძლებელი, რის გამოც იგი ითხოვს პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებლისათვის თანხის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სამინისტროს მოთხოვნა პროექტის ჩავარდნით სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის თაობაზე (თუმცააღსანიშნავია, რომ ეს ზიანი ზოგადი ხასიათისაა და იგი, რა თქმა უნდა, ჯდება გონივრული განსჯის ფარგლებში) რაიმე კონკრეტულ ზიანზე, კონკრეტულ ციფრებზე და ა.შ სამინისტროს არ მიუთითებია.

17. სააპელაციო სასამართლომსსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიხმო, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

18. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, სამინისტროს მხრიდან ფერმერთა და აგრომეწარმეთა ბაზების მიწოდების ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, არსებობდა ასოციაციის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ალბათობა. აპელანტი მიუთითებდა, რომ სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში არსებული ხარვეზები არ წარმოშობილა ტენდერის გამოცხადების ან/და ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რასაც შეიძლებოდა ობიექტურად გაემართლებინა სამინისტროს ქმედება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ საუბარია ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადებამდე წარმოშობილ ფაქტებზეა, რომელიც სამინისტრომ აპელანტს ისე მიაწოდა, რომ არც ერთ ეტაპზე არ გადაუმოწმებია ის. ლოგიკურია, რომ როდესაც სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზეა საუბარი ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ დაუშვებს ამგვარ ლაფსუსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგენს პრეტენდენტების მხრიდან სატენდერო შესყიდვაში მონაწილეობის საკითხი.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების 9.5 მუხლის საფუძველზე გამოანგარიშებული პირგასამტეხლო (8961.5 ლარი) შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ერთგვარი კომპენსაცია შერეული ბრალით მიყენებული ზიანისთვის, რადგან ასოციაციამ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ამასთან, ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი გარკვეულწილად სამინისტროს ბრალითაც იყო განპირობებული. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ვალდებულების შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მცირე ვადები, რამაც სამინისტროს მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გავლენით, ასოციაციის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვია. შერეული ბრალიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი არის ფერმერთა ასოციაციისათვის მოთხოვნილი სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ნახევრის - 4480.75 ლარის დაკისრება (სსკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილი).

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა; მიმწოდებელმა ასოციაციამ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა მოითხოვა, ხოლო სამინისტრომ -შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიმწოდებლისა და შემსყიდველის საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებენ სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის (მიმწოდებლის) სასარჩელო მოთხოვნა აღიარებითია, მას აღნიშნული აღიარების იურიდიული ინტერესი აქვს (სსსკ-ის 180-ე მუხლი), თუმცა - არ აქვს ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კასატორებმა თავადვე დაადასტურეს ორივე ხელშემკვრელი მხარის ბრალეულობა ხელშეკრულების შეუსრულებლობაში. მიმწოდებელი ასოციაციის სარჩელი მიზნად ისახავდა მოსარჩელის (პირველი კასატორის) მიჩნევას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შემსრულებლად, რასაც შედეგად, ასევე, შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მისთვის დაკისრება უნდა გამოერიცხა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე და სსკ-ის 417-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ გამოვლენილია შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სსკ-ის 415-ე მუხლის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობის განახევრებასთან დაკავშირებით. დასახელებული ნორმა იმგვარ ვითარებას ეხება, როდესაც „ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი წარმოადგენს როგორც მოვალის, ისე დაზარალებულის ერთობლივი მოქმედების განუყოფელ შედეგს. ამ შედეგის გაყოფა შესაძლებელი რომ ყოფილიყო მიზეზობრიობის მიხედვით, მაშინ პრობლემაც მოიხსნებოდა და ის, რაც მოვალის მიზეზით დადგებოდა, სწორედ იმის ანაზღაურება დაეკისრებოდა მას და არც კი წამოიჭრებოდა დაზარალებულის მოქმედებით გამოწვეული ზიანის შეფასების საკითხი. ამიტომაცაა, რომ აღნიშნულ ვითარებაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება მხარეთა ბრალეულობის ხარისხით, კერძოდ იმით, უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით იქნება გამოწვეული ზიანი. მოკლედ, რაც დაზარალებულის ბრალით არის გამოწვეული, ის არ შეიძლება ტვირთად დააწვეს მოვალეს. ყველა პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის. 415-ე მუხლის შემთხვევაში, ზიანის სრული ანაზღაურება უსამართლო იქნებოდა და იგი გამოიწვევდა დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრებას. ამ მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან ჩანს, რომ ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს ნაწილობრივ და იშვითად არის შესაძლებელი აღნიშნული საფუძვლით მის ანაზღაურებაზე საერთოდ უარი.“ (იხ. ბესარიონ ზოიძე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი; წიგნი მესამე; გამომცემლობა სამართალი; 2001 წ.; 415-ე მუხლი, გვ.481).

25. საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო სამართალში დადგენილ მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

26. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

27. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება, რომლებიც თანასწორად უზრუნველყოფს მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების რეალიზაციას.

28. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ასოციაციამ თავადვე მიმართა შემსყიდველ სამინისტროს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე (იხ. ამ განჩინების 3.8 ქვეპუნქტი), რადგან იგი ხელშეკრულებით ნაკისი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას ვერ ახერხებდა, ამასთან მიუთითებდა იმ ხარვეზებზე, რაც სამინისტროს მიერ მიწოდებულ სიებში დაფიქსირდა. მეორე კასატორმა (სამინისტრომ) მიიღო ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება (იხ. ამ განჩინების 3.9 ქვეპუნქტი) ასოციაციის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ხოლო შემდეგ პირგასამტეხლოს მოთხოვნა დააყენა პირველი კასატორის მიმართ, ვალდებულების დარღვევის საფუძვლით. იქედან გამომდინარე, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა დადგენილია, რასაც პირველი კასატორი მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვერ აქარწყლებს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა სსკ-ის 399-ე მუხლს შეესაბამება. იმის გამო, რომ შემსყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლა (უარი ხელშეკრულებაზე) ნამდვილია, უარყოფილია მიმწოდებლის პირველი სასარჩელო მოთხოვნა. რაც შეეხება პირველი კასატორის (თავდაპირველი მოსარჩელის) მეორე სასარჩელო მოთხოვნას - ამოღებულ იქნეს იგი შავი სიიდან, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში ასახულ მსჯელობას, რომ შემსყიდველი სამინისტრო ვალდებული იყო პრეტენდენტის/მიმწოდებლის „შავ სიაში“ დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიემართა სააგენტოსათვის წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობოდა შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების საფუძველზე პრეტენდენტის/მიმწოდებლის „შავ სიაში“ რეგისტრაციის საფუძველი.

29. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ის პირობა, რაც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მის შესაძლო შავ სიაში რეგისტრაციას შეეხებოდა, იმის გამო, რომ მან (მიმწოდებელმა) ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და შემსყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა, სამინისტრომ მართებულად მიმართა სააგენტოს მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება თავად სააგენტომ მიიღო.

30. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 415-ე მუხლის მართებულად გამოყენების საფუძვლად საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას მიიჩნევს (იხ. ამ განჩინების 3.11 ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც სამინისტროს მიერ ხარვეზით წარდგენილმა სიებმა გარკვეულწილად ხელი შეუშალა ასოციაციას ვალდებულების შესრულებაში, თუმცა არა - სრულად, რის გამოც შეგებებული სარჩელით მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, თუმცა - განახევრებული ოდენობით.

31. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეად. სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019 წ.).

32. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შეად. სუსგ N ას-186-2021, 25.03.2021 წ.).

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32).

34. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ პირგასამტეხლოს შემცირებისათვის სასამართლომ სსკ-ის 415-ე მუხლი გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლის ნაცვლად, განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 420-ე მუხლია, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლომ შემსყიდველის ბრალეულობაზე მიუთითა, რაც ზიანის ოდენობის დადგენაზე ახდენს გავლენას მოვალის სასარგებლოდ, თუ კრედიტორის ბრალიც დადასტურდა ზიანის დადგომაში. აღნიშნულს კი სსკ-ის 415-ე მუხლი აწესრიგებს, რაც მოცემულ შემთხვევას სავსებით მართებულად მიუსადაგა სააპელაციო სასამართლომ.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ ასოციაცია მომავლის ფერმერის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. ა(ა)იპ ასოციაცია მომავლის ფერმერის (ს/კ …..)) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე. რ.ხ–ის (პ/ნ ......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N24543010, გადახდის თარიღი 2021 წლის 11 იანვარი), 70% – 105 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური