Facebook Twitter

საქმე №ას-789-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ლ.მ–ი, ს.შ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.თ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.შ–მა (შემდეგში: პირველი განცხადებელი) და ლ.მ–მა (შემდეგში: მეორე განცხადებელი, ერთობლივად: განმცხადებლები ან კერძო საჩივრის ავტორები) განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და იმავე სასამართლოს 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს.

2. განცხადების მიხედვით, 2006 წლის 29 მარტს გარდაცვლილი ფ.ვ–ვის ანდერძისმიერი მემკვიდრე პირველი განმცხადებელია, რაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, 2018 წლის 10 აგვისტოს #16/11174 წერილით დასტურდება. სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად დაადგინა თ.ვ–ვის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი განმცხადებლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს ეხება და იგი საქმის განხილვაზე მოწვეული არ იყო. დადგენილია, რომ თ.ვ–ვის მიერ 2001 წლის 5 მაისს დამოწმებული ანდერძი რეესტრის #1-1377 მოანდერძე არის ფ.ვ–ვი. 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ვ–ვის გარდაცვალების მოწმობა ფ.ვ–ვით გასწორდა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებით განმცხადებლების შუამდგომლობა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტები მიიჩნია დადგენილად:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ვ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ...... მდებარე სახლის N15 ბინაზე ლ.თ–ასა (შემდეგში: მოპასუხე) და თ.ვ–ვს შორის ბათილად იქნა ცნობილი, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4.2. თ.ვ–ვი 2006 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. 2006 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პირველმა განმცხადებელმა და თ.ვ–ვის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით წარდგენილი შუამდგომლობა თ.ვ–ვის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თ.ვ–ვი 2006 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა გასული იყო, რაც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას მის საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხზე ემსჯელა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე განმცხადებელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1300-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან“, თ.ვ–ვის მიმართ მეურვეობა შეუწყვიტა. ქ.თბილისის ნოტარიუს მ.ჩ–ის მიერ 2007 წლის 10 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, ქ.თბილისი, ...... მდებარე სადავო ქონებაზე, რომელიც სადავო ნასყიდობის დადებამდე თ.ვ–ვის საკუთრება იყო, სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა. სასამართლოს მითითებით, პირველი განმცხადებელი საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობას 2001 წლის 5 მაისის ანდერძის საფუძველზე ითხოვდა, თუმცა მამკვიდრებელმა აღნიშნული ანდერძი 2004 წლის 2 ივნისს შედგენილი ახალი ანდერძით გააუქმა, რომელიც, თავის მხრივ, თ.ვ–ვის განცხადებით ასევე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. მ–ძის მიერ. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1343-ე „თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე“ და 1444-ე „სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა“ მუხლებზე დაყრდნობით, თ.ვ–ვის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სცნო. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა განმცხადებელმა.

4.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 აპრილის განჩინება.

4.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლებმა, განცხადებაში მითითებული საფუძვლით, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბერს მიმართეს, რაც იმავე სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა.

6. სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი მოსარჩელე თ.ვ–ვის მემკვიდრე 2001 წლის 5 მაისის ანდერძის საფუძველზე იყო, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული ანდერძი მამკვიდრებელმა 2004 წლის 2 ივნისის ახალი საანდერძო განკარგულებით გააუქმა. მიუხედავად ამ ფაქტისა, სსკ-ის 1399-ე მუხლის საფუძველზე „ანდერძი, რომელიც გაუქმდა შემდგომში შედგენილი ანდერძით, არ შეიძლება აღდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უფრო გვიან შედგენილი ანდერძი შემდგომში გაუქმდება განცხადების შეტანით“ პირველი განმცხადებლის სახელზე 2001 წლის 5 მაისს გაცემულ ანდერძს იურიდიული ძალა ვერ მიენიჭება.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლების მტკიცება, რომ 2001 წლის 5 მაისის ანდერძი ძალაშია და პირველი განმცხადებელი ანდერძისმიერი მემკვიდრეა.

8. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი დასკვნით, განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად ვერ მიიჩნევა, რადგან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მან 2006 წლის 6 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და თ.ვ–ვის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა, რაზეც უარი ეთქვა.

9. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს განმცხადებლებმა და მისი გაუქმება მოითხოვეს.

10. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სასამართლომ ფ.ვ–ვის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არასწორად მიიჩნია, ვინაიდან პირველმა განმცხადებელმა ფიოდორ ვორობიევის დაბადების მოწმობა მოიძია და გარდაცვალების მოწმობაში დაშვებული შეცდომა სასამართლოს გადაწყვეტილებით შესწორდა. სასამართლოს მსჯელობა არასწორია, რომ 2004 წლის 2 ივნისს შედგენილი ახალი ანდერძით, რომელიც თ. ვ–ის განცხადებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი, გაუქმდა 2001 წლის 5 მაისის ანდერძი, რადგან იგი შედგენილია ფ.ვ–ვის სახელით და თ.ვ–ვს უფლება არ ჰქონდა ფ.ვ–ვის სახელით შედგენილი ანდერძი გაეუქმებინა, რომელიც არც გაუუქმებია, რადგან ახალი ანდერძი არ შედგენილა ფ.ვ–ვის სახელით. შესაბამისად, მამკვიდრებლის მიერ გაცემული ანდერძის საფუძველზე პირველი განმცხადებელი ანდერძისმიერი მემკვიდრეა და იგი ცნობილი უნდა იქნეს მის უფლებამონაცვლედ.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება.

14. განმცხადებლებმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით მოითხოვეს, რომ ისინი არ მოუწვევიათ საქმის განხილვაზე, მაშინ როდესაც, პირველი განმცხადებელი ფ.ვ–ვის ანდერძისმიერი მემკვიდრეა და მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.

15. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ Nას-1640-2018, 31.01.2019წ).

16. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი განცხადების საფუძლიანობის შესამოწმებლად მნიშვნელოვანია განიმარტოს ვინ არის ამ ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.

18. ტერმინი „უშუალოდ ეხება“ მოცემულ ნორმაში მიუთითებს მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც ახასიათებს პროცესუალურ ტერმინს „მხარე“, რაც გულისხმობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება „უშუალოდ ეხება“ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის თანახმად გააჩნიათ მოთხოვნის უფლება (მოსარჩელე), ეკისრებათ პასუხისმგებლობა (მოპასუხე) ან აქვთ დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მათ უფლებებსა და ინტერესებზე.

19. შესაბამისად, სსსკ 422.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ შეხო მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი. აღნიშნული დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს ხანგრძლივი პრაქტიკით (იხ. სუსგ-ები: Nას-687-687-2018, 20.07.2018წ; Nას-409-409-2018, 18.05.2018წ; Nას-269-269-2018, 20.03.2018წ; Nას-88-88-2018, 27.02.2018წ; Nას-1450-1370-2017, 6.02.2018წ; Nას-1098-1034-2015, 22.12.2015წ).

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, აღნიშნავს, რომ „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 58).

21. ამრიგად, მნიშვნელოვანია დადგინდეს კერძო საჩივრის ავტორებს უნდა მიეღოთ თუ არა იმ დავაში მონაწილეობა, რომელზეც ისინი მიუთითებენ და რა პროცესუალური სტატუსით.

22. საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ წარდგენილი შუამდგომლობის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლია და დაადგინა, რომ განმცხადებლებმა, განცხადებაში დასახელებული საფუძვლით, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბერს მიმართეს, რაც იმავე სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით უცვლელად დარჩა.

23. სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 24 აპრილის განჩინებაში მიუთითა, რომ თ.ვ–ვი 2006 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა გასული იყო, რაც სასამართლოს აძლევდა შესაძლებლობას ემსჯელა მის საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხზე; ქ.თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მეორე განმცხადებელს, სსკ -ის 1300-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 4.3 ქვეპუნქტში) თ.ვ–ვის მიმართ მეურვეობა შეუწყვიტა; ქ.თბილისის ნოტარიუს მ.ჩ–ის მიერ 2007 წლის 10 იანვარს გაცემული ცნობის მიხედვით, სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა; პირველი განმცხადებელი საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობას 2001 წლის 5 მაისის ანდერძის საფუძველზე ითხოვდა, თუმცა მამკვიდრებელმა აღნიშნული ანდერძი 2004 წლის 2 ივნისს შედგენილი ახალი ანდერძით გააუქმა, რომელიც, თავის მხრივ, თ.ვ–ვის განცხადებით ასევე ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ნოტარიუს ე. მ–ძის მიერ. სასამართლომ სსკ-ის 1399-ე მუხლის საფუძველზე პირველი განმცხადებლის სახელზე 2001 წლის 5 მაისს გაცემულ ანდერძს იურიდიული ძალა არ მიანიჭა და სსკ-ის 1343-ე და 1444-ე მუხლებზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 4.3 ქვეპუნქტში) დაყრდნობით თ.ვ–ვის უფლებამონაცვლედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო სცნო.

24. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ ფ.ვ–ვის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა გავიდა, სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა და სამკვიდრო ქონება კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, იმავდროულად განმცხადებლებს განსახილველ საკითხზე სასამართლოს განჩინებებით ერთხელ უკვე ეთქვათ უარი და მათი პროცესუალური სტატუსი ამ დავაში არ განისაზღვრა, საკასაციო სასამართლოს განსჯით, არ გამოვლენილა სსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. ამრიგად, კერძო საჩივრის ავტორებს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, რის გამოც ისინი არ არის გაზიარებული.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.მ–ის და ს.შ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივნისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური