საქმე №ას-792-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - თ.ლ–ვა, ი.ს–ა
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ნ–ი, ქ.ღ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება და ამონაგები თანხის განაწილება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, თ.ლ–ვასა და ი.ს–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა თ.ლ–ვასა და ი.ს–ას წარმომადგენელმა ლ.ხ–ძემ (განახლებული მინდობილობა ერთვის საქართველოს უზენაეს სასამართლოში 21.07.2021 წელს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს). განმცხადებლის განმარტებით, კასატორები იყენებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მათთვის მინიჭებულ უფლებას და უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე.
სასამართლო მოხელე, დამატებით დაუკავშირდა ლ.ხ–ძეს რომელთაც დააზუსტა, რომ მხარეები მორიგდნენ, აღარ ასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე. ადრესატს დამატებით განემარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, ხოლო თავის მხრივ, მან დაადასტურა, რომ როგორც მისთვის, ისე მისი მარწმუნებლებისთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმებიან წარმოდგენილ განცხადებას და უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, თ.ლ–ვასა და ი.ს–ას წარმომადგენელ ლ.ხ–ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.
სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ თ.მ–ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 400 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 374-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ლ–ვასა და ი.ს–ას წარმომადგენელ ლ.ხ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება თ.ლ–ვასა და ი.ს–ას საკასაციო საჩივარზე გ.ნ–ისა და ქ.ღ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. თ.ლ–ვასა (პ/ნ ....) და ი.ს–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე თ.მ–ას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 21.07.2021წ. გადახდილი 400 ლარი (საგადახდო დავალება №11255854823).
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე