საქმე №ა-3754-შ-101-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საფრანგეთის, ქ. ლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის #18/13000 გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საფრანგეთის, ქ. ლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის #18/13000 გადაწყვეტილებით ნ.დ–ის (შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი გ.კ–ის (მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ, დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა:
1.1. ბავშვების - ნ. და ნ. კ–ების მშობლის უფლებას განახორციელებდა მხოლოდ დედა;
1.2. მამა ინარჩუნებდა უფლებას ბავშვის მოვლისა და განათლების ზედამხედველობაზე, მას უნდა ეცნობოს ბავშვების ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშველოვანი გადაწყვეტილებების შესახებ და უნდა შეასრულოს ბავშვის შენახვისა და განათლების ხარჯების გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
1.3. არასრულწლოვანი ბავშვების ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;
1.4. მამა ისარგებლებდა არასრულწლოვანი შვილების მონახულებისა და წაყვანის უფლებით, ყოველ შაბათს 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა აგვისტოს თვისა;
1.5. მამას, არასაკმარისი თანხების გამო, არ შეეძლო ბავშვების მოვლისა და განათლების ხარჯების გაღება, რის გამოც არ გადაიხდიდა ალიმენტს; აღსრულება დროებითი ხასიათის იყო;
2. დედამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, დასახელებული უცხო ქვეყნის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და მასზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
4. შუამდგომლობაზე დართული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მშობლის უფლებამოსილება აღსრულდება ექსკლუზიურად დედის მიერ. ბავშვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იქნება დედასთან, ამავდროულად, შენარჩუნებულია მამის უფლება, განსაზღვრულ დღეებში და დროით ბავშვის მონახულებისა და წაყვანის შესახებ.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
6. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც, მეურვე, ასევე პირი, რომელსაც მეურვეობა ესაჭიროება საქართველოს მოქალაქეები არიან. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, „მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს“. ამდენად, სპეციალური კანონის წინაპირობების არსებობა დადასტურებულია.
7. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არის საქმეში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.დ–ის შუამდგომლობა, საფრანგეთის, ქ. ლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის #18/13000 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საფრანგეთის, ქ. ლიონის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის #18/13000 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
2.1. ბავშვების - ნ. და ნ. კ–ების მშობლის უფლებას განახორციელებდა მხოლოდ დედა;
2.2. მამა ინარჩუნებს უფლებას ბავშვის მოვლისა და განათლების ზედამხედველობაზე, მას უნდა ეცნობოს ბავშვების ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ და უნდა შეასრულოს ბავშვის შენახვისა და განათლების ხარჯების გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
2.3. არასრულწლოვანი ბავშვების ძირითად საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;
2.4. მამა ისარგებლებდა არასრულწლოვანი შვილების მონახულებისა და წაყვანის უფლებით, ყოველ შაბათს 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა აგვისტოს თვისა;
2.5. მამას, არასაკმარისი თანხების გამო, არ შეეძლო ბავშვების მოვლისა და განათლების ხარჯების გაღება, რის გამოც არ გადაიხდიდა ალიმენტს; აღსრულება დროებითი ხასიათის იყო;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე