Facebook Twitter

საქმე №ა-5199-შ-150-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ტ–ძე-ა–ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – გერმანიის, შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თ.ტ-ა–ისა (შუამდგომლობის ავტორი) და დ. ა–ის შორის, შტუტგარტის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ, 2003 წლის 17 ივლისს დარეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა თ.ტ-ა–იმ, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ამასთან, დადგენილია, რომ განქორწინების თაობაზე განცხადება წარდგენილი ჰქონდა დ. ა–ის, ხოლო, განსახილველი შუამდგომლობის ავტორია თ.ტ-ა–ი.

4. დასახელებული შუამდგომლობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით წარმოებაშია მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

6. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ტ-ა–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, შტუტგარტის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ტ-ა–ისა (შუამდგომლობის ავტორი) და დ. ა–ის შორის, შტუტგარტის მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის მიერ, 2003 წლის 17 ივლისს დარეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე