საქმე №ა-506-შ-10-2021 26 ნოემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "ფ.კ–ნი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ.ო." (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის, ქ. ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სომხეთის რესპუბლიკის, ქ. ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს "ფ.კ–ნის" სარჩელი შპს "კ.ო–ის" წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი დრამის გადახდა დაეკისრა.
2. 2021 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა შპს "ფ.კ–ნის" წარმომადგენელმა - ა.ა–მა და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით შპს "ფ.კ–ნს" ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა რუსულად თარგმნილი და დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ა.ა–ი შპს "ფ.კ–ნის" უფლებამოსილი წარმომადგენელია.
5. შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი რუსულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად შუამდგომლობის ავტორისათვის გადასაცემად გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს გზავნილი 2021 წლის 25 მარტს ჩაჰბარდა.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 8 ივლისსა და 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვა ჩაჰბარდა იმის დასადგენად, ჩაჰბარდა თუ არა განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს და გამოასწორა თუ არა მან ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
8. აღნიშნულ მიმართვებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს "ფ.კ–ნის" შუამდგომლობასთან დაკავშირებით კორესპონდენცია არ დარეგისტრირებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
10. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა რუსულად თარგმნილი და დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ა.ა–ი შპს "ფ.კ–ნის" უფლებამოსილი წარმომადგენელია.
12.ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა, თუმცა მას, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ფ.კ–ნის" შუამდგომლობა, სომხეთის რესპუბლიკის, ქ. ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი