Facebook Twitter

საქმე№ა-1681-შ-38-2021 11 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა (დისტანციურად)

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

თარჯიმანი - მ.ც–ა

შუამდგომლობის ავტორი – ი.ი–ნა (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ვ.მ–ა

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ვ–ა (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, სვერდლოვსკის ოლქის, ქ. სეროვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, სვერდლოვსკის ოლქის, ქ. სეროვის რაიონული სასამართლოს (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლო) 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი.ი–ნას (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ს.ვ–ას (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; ი.ვ. ასული ი–ას, როგორც არასრულწლოვანი შვილის საპროცესო წარმომადგენლის სარჩელი დკმაყოფილდა და, 2017 წლის 5 იანვარს დაბადებული ა.ს. ასული ვ–ას სასარგებლოდ და მისი რჩენისათვის ს.ვ–ას დაეკისრა ალიმენტის, ყოველთვიურად 6 994 რუბლისა და 21 კაპიკის, გადახდა, რაც ბავშვებისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის 0.598 წილს წარმოადგენს და დადგენილია რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქში იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც ყოველთვიურად ღებულობს ალიმენტს, დაწყებული 2018 წლის 6 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ამოღებული ალიმენტების თანმდევი ინდექსაციით კანონით დადგენილი წესით.

2. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. ასევე, იგი არ აღსრულებულა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მოპასუხე ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის თაობაზე, მას ჩაჰბარდა სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი.

3. მოსარჩელემ, 2021 წლის 5 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად მოპასუხეს გაეგზავნა მოსაზრების წარმოსადგენად.

5. მოწინააღდეგე მხარემ, 2021 წლის 28 აპრილს, მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვა ითხოვა. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მას თავის არასრულწლოვან შვილთან კარგი ურთიერთობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ნახულობს, რადგან ბავშვი დედასთან ერთად რუსეთში ცხოვრობს, ხოლო მამა საქართველოშია და შვილთან სოციალური ქსელით აქვს საუბარი.

6. მოპასუხის განმარტებით, ის თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ საკუთარ შვილს 18 წლის მიღწევამდე ალიმენტი გადაუხადოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ალიმენტის მოცულობა გონივრული და სამართლიანი უნდა იყოს, სასამართლომ მამის ქონებრივი მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. მოპასუხის მითითებით, უცხო ქვეყნის სასამართლომ არასრულწლოვნის მამის პოზიციაზე არ იმსჯელა, არ გაითვალისწინა მისი მატერიალური მდგომარეობა, რაც კანონის უხეში დარღვევაა, რის გამოც უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს.

7. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი რუსულ ენაზეა შედგენილი, არ არის ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, რაც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მოპასუხემ აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, არც მისი გასაჩივრების უფლება მიეცა.

8. მოწინააღმდეგე მხარე საკუთარ ქონებრივ მდგომარეობაზე უთითებს და განმარტავს, რომ იგი დედასთან და დეიდასთან ერთად ცხოვრობს, უზრუნველყოფს მათ მკურნლობას და ცხოვრობს მათთან ერთად ნაქირავებ ბინაში.

9. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებასთნ დაკავშირებით შეპასუხება წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორმა და განმარტა, რომ მოპასუხეს კანონის დაცვით ეცნობა საქმის განხილვის დრო და ადგილი (წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები), თუმცა იგი ალიმენტის გადახდას განზრახ არიდებს თავს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის განხილვა ჩაინიშნა ზეპირი მოსმენით, ონლაინ რეჟიმში.

11. 2021 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე მონაწილეობა მიიღეს მხარეებმა, შუამდგომლობის ავტორი დისტანციურად მონაწილეობდა პროცესში, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე დარბაზში გამოცხადდა.

12. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ მოპასუხე სრულად იყო ინფორმირებული უცხო ქვეყანაში წარმოებული სხდომის თაობაზე მოპასუხის მიერ მითითებული ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით, მოწინააღმდეგე მხარემ, ასევე, იცოდა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეშია წარმოდგენილი.

13. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მას ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება არ უნახავს, თუმცა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოების, რომ ის ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე, გაბათილებას ვერ შეძლებს. მოპასუხის განმარტებით იგი საალიმენტო ვალდებულებას აქამდეც ასრულებდა, თუმცა მისი შემოსავლის გათვალისწინებით იგი იმ ოდენობის ალიმენტის გადახდას ვერ შეძლებს, რაც უცხო ქვეყნის სასამართლომ დააკისრა, იგი აპირებს ალიმენტის შემცირების მოთხოვნით სარჩელის წარდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, სვერდლოვსკის ოლქის, ქ. სეროვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.

14. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ (შუამდგომლობას ერთვის აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება - უცხო ქვეყნის სასამართლოში მიმდინარე დავის შესახებ მოპასუხეს ეცნობა მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), მოპასუხემ დაადასტურა, რომ მითითებული ელექტრონული ფოსტა მისია, თუმცა უცხო ქვეყნის სასამართლოს შეტყობინება იქ (ფოსტაში) ვერ ნახა. მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოების, რომ ის ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე, გაბათილებას ვერ შეძლებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

15. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

16. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.

18. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებაც წარმოადგინა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვაც მოითხოვა. მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენით წარიმართა, სადაც მოპასუხემ განმარტა, რომ იგი საალიმენტო ვალდებულებას აქამდეც ასრულებდა, თუმცა მისი შემოსავლის გათვალისწინებით იგი იმ ოდენობის ალიმენტის გადახდას ვერ შეძლებს, რაც უცხო ქვეყნის სასამართლომ დააკისრა, იგი აპირებს ალიმენტის შემცირების მოთხოვნით სარჩელის წარდგენას.

19. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს მინსკის კონვენციისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას, ვინაიდან მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის უარყოფის, არამედ - ახალი დავის საფუძველი შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის სასამართლოში, რასაც როგორც მოწინააღმდეგე მხარემ განაცხადა აპირებს კიდეც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55 მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ვ. ასული ი–ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, სვერდლოვსკის ოლქის, ქ. სეროვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, სვერდლოვსკის ოლქის, ქ. სეროვის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ვ. ასული ი–ას, როგორც არასრულწლოვანი შვილის საპროცესო წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდა და, 2017 წლის 5 იანვარს დაბადებული ა.ს. ასული ვ–ას სასარგებლოდ და მისი რჩენისათვის ს.ვ–ას დაეკისრა ალიმენტის, ყოველთვიურად 6 994 რუბლისა და 21 კაპიკის, გადახდა, რაც ბავშვებისათვის განსაზღვრული საარსებო მინიმუმის 0.598 წილს წარმოადგენს და დადგენილია რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქში იმ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომელიც ყოველთვიურად ღებულობს ალიმენტს, დაწყებული 2018 წლის 6 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ამოღებული ალიმენტების თანმდევი ინდექსაციით კანონით დადგენილი წესით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე