საქმე №ა-2349-შ-55-2021 26 ნოემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს "ს.კ. ს-ტ–ს" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "კ.ტ–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ლუგანის რაიონის სამეურნეო (ეკონომიკური) სასამართლოს 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება #913/575/18
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის, ლუგანის რაიონის სამეურნეო (ეკონომიკური) სასამართლოს 2020 წლის 2 სექტემბრის #913/575/18 გადაწყვეტილებით შპს "ს.კ. ს-ტ–ის" სარჩელი შპს "კ.ტ–ის" წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3 400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის - 1 762 გრივნის გადახდა დაეკისრა.
2. 2021 წლის 14 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა შპს "ს.კ. ს-ტ–ის" წარმომადგენელმა - ს. ბ. ბ–ომ და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება მოითხოვა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით შპს "ს.კ. ს-ტ–სს" ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა რუსულად თარგმნილი და დამოწმებული მინდობილობა და კომპანიის ამონაწერი, რომლითაც დადასტურდება, რომ ს. ბ. ბ–ო შპს "ს.კ. ს-ტ–ის" უფლებამოსილი წარმომადგენელია.
5. შუამდგომლობაზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი რუსულად თარგმნილ და ნოტარიულად დამოწმებულ ასლთან ერთად შუამდგომლობის ავტორისათვის გადასაცემად გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლოს გზავნილი 2021 წლის 24 ივნისს ჩაჰბარდა.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართვა ჩაჰბარდა იმის დასადგენად, ჩაჰბარდა თუ არა განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორს და გამოასწორა თუ არა მან ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
8. აღნიშნულ მიმართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს "ს.კ. ს-ტ–ის" შუამდგომლობასთან დაკავშირებით კორესპონდენცია არ დარეგისტრირებულა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
10. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მაისის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს დაევალა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა რუსულად თარგმნილი და დამოწმებული მინდობილობა და კომპანიის ამონაწერი, რომლითაც დადასტურდება, რომ ს. ბ. ბ–ო შპს "ს.კ. ს-ტ–ის" უფლებამოსილი წარმომადგენელია.
12. ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს, თუმცა მას, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში, ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
14. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "ს.კ. ს-ტ–ის" შუამდგომლობა, უკრაინის, ლუგანის რაიონის სამეურნეო (ეკონომიკური) სასამართლოს 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილების #913/575/18 ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ე. გასიტაშვილი