საქმე №ა-4852-შ-146-2021 26 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „G-A-E-ის“ შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზახის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს „G-A-E-ის“ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს „G-A-E-ის“ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზახის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სასამართლო პროცესის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელ შ.გ–ძეს (იხ.რწმუნებულება) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2021 წლის 3 ნოემბერს ჩაბარდა პირადად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული თხუთმეტდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 4 ნოემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 18 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „G-A-E-ის“ შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის ჯიზახის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე