საქმე №ას-506-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე ან სააგენტო) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შპს „ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს 542.55 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სააგენტოს სარჩელი გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, როგორც განსჯად სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-16 მუხლის მეორე ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 სექტემბრის განჩინებით დადგენილ იქნა, რომ სარჩელი განხილულ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შესაბამისად საქმე გადაგზავნილ და აღრიცხულ იქნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოში.
4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 542.55 ლარის გადახდა დაეკისრა.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო.
7. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 365-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფასი (542.55 ლარი) არ აღემატებოდა, კანონით დადგენილ, 2 000 ლარს, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განსახილველი დავა ადმინისტრაციული კატეგორიისაა და იგი არ უნდა გადასცემოდა სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს. ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე არ გავრცელდებოდა სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი ცენზი და სააპელაციო საჩივარი არსებითად განიხილებოდა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქმის სამოქალაქო საქმეთა კატეგორიას დაქვემდებარებამ აპელანტს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება შეუზღუდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
13. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს აღემატება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი; შეად. სუსგ #ას-919-2018, 20.09.2018 წ.).
15. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განაცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან).
16. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
17. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა) (იხ. სუსგ N ას-978-2018; 04.09.2018 წ.).
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ განსახილველი საქმე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეა და იგი სამოქალაქო წესით არ უნდა განხილულიყო, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 21 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოპასუხეს იჯარით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სოფელ ......., ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: ერთ-ერთი მოდავე სუბიექტი ადმინისტრაციული ორგანოა, სამართლებრივი ურთიერთობა საჯარო კანონმდებლობიდანაა წარმოშობილი და მას საჯარო-სამართლებრივი მიზანი გააჩნია.
20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), რაც გულისხმობს დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
21. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოსა და შპს-ას შორის წარმოიშვა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობა, რადგან ამ ურთიერთობის მიზანიც და საფუძველიც კერძო-სამართლებრივია (და არა საჯარო-სამართლებრივი).
22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, ნორმის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
23. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით შემოთავაზებული დავები. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან განსახილველი დავა სამოქალაქო-სამართლებრივია, ხოლო მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით აღძრული სარჩელი სამოქალაქო წესით განსჯადსასამართლოს დაექვემდებარა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 და მე-3 პუნქტები), რაც კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას საქმის არგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის გამო მისი უფლების შელახვის თაობაზე უსაფუძვლოდ აქცევს.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჯ–ის" კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური