საქმე №ას-946-2021 12 ნოემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.გ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით რ.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) სარჩელი ვ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6650 ლარის გადახდის ვალდებულება ბინის არამართლზომიერად ფლობის გამო, ხოლო მოხმარებული წყლის დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა შემდეგი სამართლებრივი საკითხები:
3.1. ქ. რუსთავში, ....... (საკადასტრო კოდი .......;შემდეგში: უძრავი ქონება) მესაკუთრეა მოსარჩელე. მას საკუთრების უფლება იძულებით აუქციონზე ბინის შეძენის შედეგად, 2018 წლის 23 მაისს, წარმოეშვა. მოსარჩელე საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია 2018 წლის 23 მაისიდან;
3.2. უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია;
3.3. მოსარჩელე და მოპასუხე უძრავ ქონებასთან მიმართებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან;
3.4. აპელანტმა სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ბინის ყოველთვიური ქირის ოდენობა, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა ქირავნობის ხელშეკრულება, შესაბამისად უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მას ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებული აქვს იძულებითი აუქციონის შედეგი, შესაბამისად სადავოა მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერება;
3.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი;
3.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 982-ე მუხლიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს, მისი თანხმობის გარეშე, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები სამართლებრივ ურთიერთობაში არმყოფი პირები არიან და მოპასუხე ფლობს მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების კონკურენცია კონდიქციური ვალდებულებების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმების შესაბამისად. სასამართლოსთვის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებას (მითითებას) სუბსიდიური ხასიათი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი;
3.7. სააპელაციო სასამართლომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა მოიხმო და განმარტა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც თავიდანვე არ არსებობდა ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. ხელყოფის კონდიქციისთვის გადამწყვეტია ის გარემოება, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას (კონდიქციის კრედიტორს) ეკუთვნოდა (იხ. სუსგ N ას-1507-1427-2017, 03.04.2017 წ.). საგულისხმოა, რომ ხელყოფის კონდიქციიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას. მართალია, დოქტრინაში განვითარებულია მოსაზრება, რომ ხელყოფის კონდიქცია დელიქტური სამართლის განვრცობას წარმოადგენს, თუმცა, ხელყოფის კონდიქციას დელიქტისაგან არსებითად განასხვავებს ის, რომ მისგან (ხელყოფის კონდიქციისგან) წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელ წინაპირობას არ წარმოადგენს ბრალეულობა (იხ. სუსგ Nას-1399-2020, 8.04. 2021 წ.);
3.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით“... ხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, „თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით“ (იხ. სუსგ N ას- 1399-2020, 8.04.2021 წ.);
3.9. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის არაკეთილსინდისიერ მფლობელად კვალიფიკაციის საკითხიც, რასთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართლზომიერ მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას;
3.10. მართლზომიერი მფლობელობა მიუთითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლით არსებობაში. მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობა მესაკუთრის მფლობელობიდანაა წარმოქმნილი. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერების სამართლებრივი საფუძველი (იხ. სუსგ N ას-1152-2020, 25.02.2021 წ.). მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. მას საკუთრების უფლება წარმოეშვა იძულებით აუქციონზე ბინის შეძენის შედეგად 2018 წლის 23 მაისს და საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია იმავე თარიღიდან. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკუთვნის, ამ უკანასკნელს კი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულთან დაკავშირებით არ წარუდგენია. ის ფაქტი, რომ მოპასუხეს გასაჩივრებული აქვს იძულებითი აუქციონის შედეგები, მოცემული დავის ფარგლებში, მას კეთილსინდისიერ მფლობელად ვერ აქცევს, ვინაიდან მისთვის ცნობილია, რომ უძრავი ქონების ახალი მესაკუთრე მოსარჩელეა და მასთან მოპასუხე რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფება;
3.11. ის ფაქტი, რომ ბინის მფლობელი არ ეთანხმება ახალი მესაკუთრის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უძრავი ქონებით უნებართვოდ სარგებლობის გამამართლებელ გარემოებად. სასამართლოში ჩამოყალიბებული პრაქტიკა და სასამართლოს მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, რაც აპელანტის არგუმენტის გაზიარების შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგება. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ იძულებითი აუქციონის შედეგების გასაჩივრების უფლება აქვს ყველა პირს, ვის კანონიერ ინტერესებსაც ეხება იგი, შესაბამისად ყოველ შემთხვევაში აღნიშნული უფლების რეალიზაციის საფუძველზე, დავის გადაწყვეტამდე, ქონების არამართლზომიერ მფლობელთა კეთილსინდისიერად მიჩნევა, გამოიწვევს მესაკუთრეთა კანონიერი უფლებების შეუსაბამო და უსამართლო შეზღუდვას, რაც დაუშვებელია. ადმინისტრაციული დავის აპელანტის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, მას წარმოეშობა მთელი რიგი მოთხოვნები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებს დარღვეული უფლებების აღდგენას, მოცემულ შემთხვევაში კი სამომავლო და ჯერ კიდეც უცნობი დარღვეული უფლებების დაცვის საფუძვლით, სასამართლო უარს ვერ ეტყვის მოსარჩელეს, რომელიც მესაკუთრეა, კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
3.12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით უნებართვოდ სარგებლობის შედეგად მოპასუხის მიერ მოსარჩელის ხარჯზე დაზოგილი თანხების ანაზღაურება და ვინაიდან განსახილველ საქმეში სწორედ მიღებულის უკან დაბრუნების ობიექტური შეუძლებლობა იკვეთება, ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით ხელმყოფს (მოპასუხეს) ეკისრება, რომ მის მიერ დაზოგილი სიკეთე - მოცემულ შემთხვევაში დაზოგილი ქირა, რომელსაც იგი გადაიხდიდა, თუკი მესაკუთრესთან, ან სხვასთან, სამართალურთიერთობაში იქნებოდა - აუნაზღაუროს მესაკუთრეს, რომელმაც ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი და განიცადა ქონებრივი დანაკლისი;
3.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განცდილი ზიანის, ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, რომელმაც წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დაადასტურა, რომ უძრავი ქონების ქირის ღირებულება (თვეში -350 ლარი) 19 თვის ჯამში შეადგენს 6650 ლარს. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, კი მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება ამის საპირწონედ არ წარუდგენია, რითაც შეძლებდა მოსარჩელის პოზიციის გადაწონას.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზ უარის თქმა მოითხოვა.
5. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ არამართებულად მიიჩნია დადგენილად, რომ სადავო უძრავი ქონების და მსგავსი ბინების გაქირავების ფასია 350 ლარი მაშინ, როდესაც რუსთავში მსგავსი ბინების გაქირავების ფასი ამავე უბანში არ აღემატება 150 ლარს.
6. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც უარი ეთქვა საქმის წარმოების შეჩერებაზე აუქციონის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული საქმის საბოლოოდ გადაწყვეტამდე. კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მხოლოდ თეორიებზეა დაფუძნებული და მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან არ არის დასაბუთებული, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსარჩელეს მოცემული დავის შეჩერებით, ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მანამ სანამ არ გაირკვევა უძრავი ქონების სამართლებრივი ბედი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პრეტენზია მისთვის ქირის სახით იმ თანხის გადახდას შეეხება, რაც მას მოსარჩელის კუთვნილი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაეკისრა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მესაკუთრის მოთხოვნას სსკ-ის 982-ე მუხლი აფუძნებს და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების ფლობა უნდა შეფასდეს მოპასუხის მიერ იმ სიკეთის დაზოგვად, რასაც ის გაიღებდა სხვისი ქონების დაქირავების შემთხვევაში, რადგან მოუწევდა ქირის გადახდა. აქედან გამომდინარე მესაკუთრემ (მოსარჩელემ) განიცადა ქონებრივი დანაკლისი მოპასუხის მიერ უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობით და ქონებრივი სარგებელი ვერ მიიღო (შეად. სუსგ N ას-479-2021, 15.10.2021 წ.). საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ იმიტომ, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, გამოყენებულ იქნა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი მოწესრიგება იმ ქონებრივი ბალანსის აღსადგენად, რაც მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების არამართლზომიერმა ფლობამ დაარღვია. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (იხ. სუსგ-ები: N ას-472-448-2013, 05.12.2013 წ.; N ას-445-420-2014, 22.04. 2015 წ; N ას- 800-2021, 29.10.2021წ. ). სსკ-ის 982-ე მუხლი მიზნად ისახავს ქონებრივი წონასწორობის იმგვარად აღდგენას, როდესაც ხელმყოფს ეკისრება მის მიერ დაზოგილი სიკეთის უფლების მქონე პირისათვის გადაცემა (იხ. სუსგ N ას-505-473-2017, 03.11.2017 წ; N ას- 800-2021, 29.10.2021წ.). უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. ამ ინსტიტუტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ურთიერთობის სპეციალური მომწესრიგებელი ნორმა, როდესაც იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების უპირატესობა (იხ. სუსგ N ას-472-448-2013, 05.12.2013 წ.).
11. კასატორი საკასაციო პრეტენზიებს ძირითადად იმ ადმინისტრაციული დავის შესაძლო შედეგზე აფუძნებს, რომელიც აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის მართლზომიერების საკითხის კვლევას შეეხება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას არამართლზომიერი მფლობელის მიერ საკუთრების უფლების წარმოშობის დოკუმენტის სადავოობის გამო უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების, თუნდაც დროებით, შეზღუდვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 3.10-3.11 ქვეპუნქტები), რადგან სამოქალაქო სამართალში მოქმედებს საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სსკ-ის 312-ე მუხლი). მოხმობილი ნორმის თანახმად რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც უძრავი ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა (ტ. 1, ს/ფ 15), ითვლება უტყუარად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება.
12. საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო სამართალში დადგენილ მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
13. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იმ საპროცესო სამართლის ნორმების გამოყენება, რომლებიც თანასწორად უზრუნველყოფს მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების რეალიზაციას.
15. საკასაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთის სამოქალაქო სამართალში მოქმედი წესის თანახმად განაწილების გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნაში აღნიშნული უძრავი ქონების ყოველთვიურ ქირად 350 ლარის განსაზღვრის ფაქტის გაბათილების მტკიცების ტვირთის მოპასუხისათვის დაკისრება. მოპასუხემ კი მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება წარმოადგინა. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მას, როგოც მოპასუხეს, წერილობით წარდგენილ შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ქირის ოდენობა, შესაბამისად, ამ კუთხით არათუ სპეციალისტის მიერ შედგენილი დოკუმენტი არ წარუდგენია, არამედ არც კი მიუთითებია მოთხოვნილი თანხის არაგონივრულობის შესახებ, ის ძირითადად მოხმარებული წყლის დავალიანების ნაწილში აპროტესტებს სასარჩელო მოთხოვნას (იხ. მოპასუხის შესაგებელი- ტ.1, ს.ფ. 51-62). საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე N ას- 664-635-2016) განიმარტა, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. შესაგებელი (პასუხი) უნდა აკმაყოფილებდეს კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების არაეფექტიანად და არაკვალიფიციურად განხორციელება, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი (შეად. სუსგ-ებს N ას-1713-2019, 12.02.2021 წ., N ას-1671-2018, 22.02.2019წ; N ას-479-2021, 15.10.2021წ., N ას- 800-2021, 29.10.2021წ.).
17. სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულ იქნა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური