Facebook Twitter

საქმე №ას-54-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - საქართველოს სახალხო დამცველი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ხ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.ხ–მა (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს სახალხო დამცველის (შემდგომ - სახალხო დამცველი, დამსაქმებელი, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2017 წლის 25 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომელითაც განისაზღვრა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2000 ევროთი. მოპასუხემ 2018 წლის 3 მაისის №170 ბრძანებით (შემდგომ - სადავო ბრძანება), ამავე წლის 3 მაისიდან ცალმხრივად, კანონიერი საფუძვლის გარეშე, შეცვალა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა და ხელფასის ოდენობა 1200 ევრომდე შეამცირა. დაზუსტებულ სარჩელში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 18 თებერვლიდან, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილობა; შრომის ანაზღაურების დავალიანების - 7653 ევროს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დროისათვის დადგენილი გაცვლითი კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) მოპასუხისათვის დაკისრება; 2018 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს, 704.48 ევროს, ხოლო 2019 წლის 18 თებერვლიდან 8357.48 ევროს 0.07 პროცენტის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით).

მოპასუხის შესაგებელი

3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შრომითი ხელშეკრულებით, მოსარჩელე დაინიშნა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ევროკავშირის პროექტის - ,,ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ ადამიანის უფლებათა უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. დასახელებული პროექტი ხორციელდება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ევროკავშირს შორის 2016 წლის 27 სექტემბრის საგრანტო ხელშეკრულებისა (შემდგომ - საგრანტო ხელშეკრულება) და პროექტის ფარგლებში დამტკიცებული ბიუჯეტის 1.1.1.4. პუნქტის თანახმად, მოსარჩელის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1200 ევროთი. მოსარჩელის ხელფასი განისაზღვრა 2000 ევროთი. შესაბამისად, მოსარჩელის შემცირებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მისი ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება პროექტით გათვალისწინებულ ანაზღაურებას; ამასთან, 2018 წლის 21 თებერვალს, მოპასუხემ მიიღო ევროკავშირის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის, ვინსენტ რეის 2018 წლის 20 თებერვლის წერილი, რომელის თანახმადაც, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება - 2000 ევრო შეთანხმებული არ ყოფილა დონორთან და ეწინააღმდეგება პროექტით დამტკიცებულ ბიუჯეტს, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატს ზედმეტობით გადახდილი თანხები ჩაეთვალა არამიზნობრივ ხარჯად. ამასვე ადასტურებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის - ი.ჰ–ის 2018 წლის 30 მარტის წერილი. მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი პროექტის ბიუჯეტთან, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

4. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ ხელფასის თავდაპირველი ოდენობა სახალხო დამცველმა გრანტის გამცემთან ზეპირი კომუნიკაციის შედეგად შეათანხმა. შესაბამისად, სახალხო დამცველის წარმოდგენები, რომ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, მოსარჩელის პოზიციაზე ხელფასი განსაზღვრულიყო 2000 ევროთი, რაც მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, აღმოჩნდა არასწორი, რაც უთანაბრდება გარემოებათა შეცვლას. შესაბამისად, გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-მუხლი.

5. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება, ვინაიდან ამ თანხის გაცემა შეუძლებელია ევროკავშირის პროექტიდან და სახალხო დამცველის ბიუჯეტიდანაც, რამდენადაც საბიუჯეტო სახსრები იხარჯება წინასწარ გაწერილი ბიუჯეტის შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა შრომის ანაზღაურების სახით - 7653 ევროს გადახდა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დროისათვის დადგენილი გაცვლითი კურსით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეს დაეკისრა 2018 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 18 თებერვლამდე დარიცხული პირგასამტეხლო 704 ევროს და 48 ევროცენტი, ხოლო 2019 წლის 18 თებერვლიდან 7653 ევროს 0.07 პროცენტი ყოველ დაყოვნებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებაზე, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ანალოგიურ დათქმას შეიცავს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 10.1 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ წერილობითი ფორმითა და მხარეთა შეთანხმებით. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა უარი განაცხადა ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლაზე, დამსაქმებელმა ცალმხრივად, კონტრაჰენტის შემხვედრი ნების არარსებობის პირობებში, შეცვალა ხელშეკრულების არსებითი პირობა, რითაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაარღვია როგორც შრომის კოდექსით დადგენილი იმპერატიული დანაწესი, ასევე - ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობა.

10. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძვლის ცვლილება არ ვლინდებოდა. ის გარემოება, რომ გრანტის გამცემმა მოპასუხეს, როგორც ბენეფიციარს, მოსთხოვა საგრანტო ხელშეკრულების პირობების დაცვა, არ შეიძლება, განხილულიყო შრომითი ხელშეკრულების დადების შემდგომ ფაქტობრივ გარემოებათა ცვლილებად. ამასთან, პალატის მითითებით, სსკ-ის 398-ე მუხლით, იმ გარემოებათა ცვლილების შედეგად, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების მხარეს წარმოეშობა შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის, ხოლო ასეთზე მეორე მხარის თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში - ხელშეკრულებიდან გასვლის და არა - ხელშეკრულების ცალმხრივი შეცვლის უფლება. შესაბამისად, მოპასუხის არგუმენტი, რომ მოსარჩელისათვის შრომის ანაზღაურების ნაწილში ხელშეკრულების ცალმხრივი შეცვლის შესახებ მის მიერ გამოხატული ნება შეესაბამება ამ ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ მოწესრიგებას, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

11. პალატამ მიუთითა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეს დაეკისრა ხელფასის გადახდის ვალდებულება, მას უნდა დაეკისროს სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის შრომის კოდექსით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

12. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

13. კასატორის მტკიცებით, თბილისის სააპელაციო გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი და განჩინება არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ არგუმენტაციას სადავო საკითხთან მიმართებით. ამ კონკრეტულ საქმეში მნიშვნელოვანია, განიმარტოს და სასამართლოს მხრიდან შეფასდეს, არა ზოგადად დასაქმებულის მხრიდან ცალმხრივად შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლის საკითხი, არამედ აუცილებელია, განიმარტოს სახელმწიფო დაწესებულებასა და საჯარო სამსახურში, დამსაქმებლის მოქმედების ფარგლები იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოქმნილი ობიექტური გარემოებები და მცდარი წარმოდგენები იწვევს შრომის ხელშეკრულების არსებით პირობების შეცვლის საჭიროებას. კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისაგან განსხვავებით, საჯარო სამსახურში დამსაქმებელს არ აქვს თავისუფლად მოქმედების საშუალება, რის გამოც, შრომის ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით, დამსაქმებელი, ერთი მხრივ, გრანტის გამცემის უარის შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფდა საგრანტო პროექტში დასაქმებული პირისათვის თავისი სურვილისამებრ დამატებითი თანხების გაცემას, ასევე, მეორე მხრივ, დამსაქმებელი ვერც შრომის ანაზღაურების გადახდას საბიუჯეტო დაფინანსებით (რომელსაც აწესრიგებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი) ვერ შეძლებდა. მისი ბიუჯეტი არის წინასწარ მკაცრად გაწერილი და იგი არ არის მეწარმე ან კერძო სამართლის სხვა სუბიექტი, რომელსაც შესაძლოა, დაფინანსების სხვა წყაროც ჰქონდეს.

14. მოსარჩელისათვის შრომით ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ხელფასის ოდენობის განსაზღვრისას სახალხო დამცველმა გაითვალისწინა დონორთან ზეპირი კომუნიკაციით შეთანხმება ექსპერტისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტის გადახდის თაობაზე, რაც საბოლოოდ გამოდგა მცდარი წარმოდგენა. ამ საკითხზე კომუნიკაციის არსებობის ფაქტი ევროკავშირის დელეგაციასთან დადასტურებულია ევროკავშირის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის ვ.რ–ს (ურთიერთთანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი) 2018 წლის 20 თებერვლისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის - ი.ჰ–ის 2018 წლის 30 მარტის წერილებით. გადაწყვეტილებაში არ ჩანს, რატომ არ აქვს აღნიშნულ მტკიცებულებებს საქმის ობიექტურად გადაწყვტისთვის მნიშვნელობა, მაშინ, როდესაც მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობის ცვლილება გამოიწვია სწორედ დონორის შეტყობინებებმა, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, საანგარიშო პერიოდად ითვლება თორმეტთვიანი პერიოდი, თუ სპეციალური პირობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დროის დაცვით, სახალხო დამცველის 2017 წლის 6 დეკემბრის №814/01 და 2017 წლის 11 დეკემბრის №924/01 წერილებით დონორს წარუდგინა პროექტის ფინანსური და პროგრამული ანგარიში. მხოლოდ ამ წერილების წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების შესახებ, რასაც მოჰყვა მათი რეაგირება, რომ ადამიანის უფლებათა უფროსი ექსპერტის ხელფასი არ შეესაბამებოდა პროექტის ბიუჯეტის ზუსტად გათვლილ ოდენობას და წარმოადგენდა არაკანონიერად და საგრანტო ხელშეკრულების დარღვევით გაწეულ ხარჯს. სამართლომ არ გაითვალისწინა და არ შეაფასა ეს წერილები. ამასთან, ამ გარემოების საწინააღმდეგო დამდასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება არც მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.

15. სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარდგენილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იმის თაობაზე, გრანტის მე-2 ტრანშის გადმორიცხვის დროს, დონორმა სახალხო დამცველის აპარატისათვის გადმოსარიცხ თანხას გამოაკლო მათ მიერ არაკანონიერად მიჩნეული ხარჯი. სასამართლოს განჩინებაში არ არის საკმარისი დასაბუთება, რატომ არ არის ზემოაღნიშნული გარემოებები გასათვალისწინებელი და რატომ არ შეიძლებოდა ამ გარემოებების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა.

16. იმ დროს მოქმედმა სახალხო დამცველმა (უჩა ნანუაშვილი) და მისმა პირველმა მოადგილემ ხელფასის გაზრდილი ოდენობა მიიჩნიეს შეთანხმებულად. რომ არა მცდარი წარმოდგენა მოცემული საკითხისადმი, ცხადია, სახალხო დამცველი არ დადებდა შრომით ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც შრომის ანაზღაურება განსხვავებული იქნებოდა გრანტის ბიუჯეტის შესაბამისი მუხლისაგან და შედეგად გამოიწვევდა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და უკანონო ხარჯვას. ამასთან, კასატორის მტკიცებით, სასამართლოს არ შეუძლია, განსაზღვროს რომელი კონკრეტული გარემოება შეუქმნის მხარეს წარმოდგენას, რომელიც შემდგომ შეიძლება, აღმოჩნდეს მცდარი ან ჭეშმარიტი და ცხადია, წარმოდგენების შესახებ პირდაპირი მტკიცებულება შეიძლება არც არსებობდეს. საქმის სირთულეც სწორედ ისაა, რომ კომუნიკაცია მოცემულ საკითხზე სახალხო დამცველსა და დონორს შორის ზეპირად გამართულ კომუნიკაციის შედეგად, სახალხო დამცველს შეექმნა დონორის თანხმობის თაობაზე მცდარი წარმოდგენა.

17. სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებიდან გასვლაზე მითითება, მოცემულ შემთხვევაში, ნიშნავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლები მაქსიმალურად დეტალურად არის გათვალისწინებული შრომის კოდექსით, ვინაიდან დამსაქმებლის, როგორც შრომითი ურთიერთობის ,,ძლიერი მხარის" მიერ დასაქმებულის უფლებები დაუსაბუთებლად არ შეილახოს. სასამართლო პრაქტიკაც ამისკენ არის მიმართული, რომ დაიცვას შრომითი ურთიერთობის ე.წ. ,,სუსტი მხარე". განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა, როგორც ამ ურთიერთობის ,,ძლიერმა მხარემ" არ გაათავისუფლა სამსახურიდან, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს გარემოება არ ქმნიდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარდაუვალ აუცილებლობას. არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში გამოყენების თავისებურებებზე. მხოლოდ ცალმხრივად, დასაქმებულისათვის კანონით დადგენილი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და დამსაქმებლის მიერ გამოხატული კეთილსინდისიერი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების გამო დააკისრა იმ თანხის ანაზღაურება, რომლის გაცემის შესაძლებლობას მოკლებულია საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამისი საგრანტო დაფინანსების არარსებობის გამო.

18. საფუძველს მოკლებულია მოსამართლის დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ზეპირი შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც, ,,ასეთი ფორმით ნების გამოვლენა, საგრანტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მაინც ვერ იქნებოდა იურდიული ძალის მქონედ და ობიექტურად ვერ შეუქმნიდა მოპასუხეს ამ მიმართებით სხვაგვარ წარმოდგენას.'' გრანტის გამცემი თავად ადგენს გარანტის გაცემის მიზანშეწონილობის, მიზნობრიობისა და ხარჯვის წესებს. თუ გრანტის გამცემი მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ზეპირი ფორმით შეთანხმება საკმარისი იქნებოდა ამ საკითხის შესათანხმებლად, ხოლო შემოწმების ეტაპზე, გაწეულ ხარჯს კანონიერად ჩათვლიდა, ასეთ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით შეთანხმება, შესაძლებელია, იყოს იურიდიული ძალის მქონე. სასამართლოს მითითება არ ითვალისწინებს და არ ასახავს იმ მრავალწლიან, აპრობირებულ და პრაქტიკაში კარგად დამკვიდრებულ გამოცდილებას, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში ბევრი სხვა სახელმწიფო უწყების მსგავსად გვხდება. შრომის კოდექსი უშვებს შრომითი ხელშეკრულების ზეპირ ფორმასაც კი (შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი), რომლის დროსაც შეიძლება ზეპირად შეთანხმდეს შრომითი ურთიერთობის ყველა არსებითი პირობა. შესაბამისად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისთვის ზეპირი შეთანხმება არ არის უცხო და გამორიცხული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

21. სახელფასო დავალიანებისა და მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, შემდგომ - სშკ) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე (შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 34-ე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლებიდან გამომდინარეობს.

22. საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 25 სექტემბერს მოსარჩელემ და მოპასუხემ დადეს შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2000 ევროთი განისაზღვრა. მოპასუხემ 2018 წლის 3 მაისიდან ცალმხრივად შეცვალა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა და ხელფასის ოდენობა 1200 ევრომდე შეამცირა. შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელის ინიციატივით 2019 წლის 18 თებერვალს შეწყდა. შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს 2018 წლის 3 მაისიდან 2018 წლის 18 თებერვლამდე სახელფასო დავალიანების - 7653 ევროს მოპასუხისათვის დაკისრებას.

23. მოპასუხის შესაგებელი სსკ-ის 398-ე მუხლს პირველ და მეორე ნაწილებს (თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა) ეფუძნება, კერძოდ, კასატორის მტკიცებით, სახალხო დამცველს შეექმნა წარმოდგენა, რომ დონორი თანახმა იყო მოსარჩელესთან 2000 აშშ დოლარის ანაზღაურებით ხელშეკრულების დადებაზე, თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ დონორი ამაზე თანახმა არ ყოფილა.

24. პალატა განმარტავს, რომ ნორმა განამტკიცებს შემთხვევას, როდესაც მხარეს ხელშეკრულების უცვლელი პირობებით დაცვა არ შეიძლება მოეთხოვოს, რადგან გარემოებები, რომელიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, შეიცვალა ან მხარეებმა ხელშეკრულება დაუკავშირეს წარმოდგენას, რომელიც შემდგომში არასწორი აღმოჩნდა. ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, „გარიგების საფუძვლის დარღვევის“ წინაპირობები შესრულებულად რომ ჩაითვალოს საჭიროა შემდეგი გარემოებების არსებობა: ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებები უნდა შეიცვალოს არსებითად; ეს გარემოებები უნდა იყოს ხელშეკრულების დადების საფუძველი; თუ ხელშეკრულების მხარეები ამ ცვლილებას გაითვალისწინებდნენ, არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით; ხელშეკრულების შეუცვლელად ძალაში დატოვება მიუღებელი უნდა იყოს ხელშეკრულების ერთი მხარისათვის ცალკეული შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით (შდრ. იხ: იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, თბილისი, 2014 წ., გვ. 217).

25. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება შედეგის განმაპირობებელი პირველივე წინაპირობა - ხელშეკრულების დადების შემდგომ გარემოებების შეცვლა. გარემოებათა ცვლილების მტკიცების ტვირთი ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებისადმი მისადაგებით დაინტერესებულ, ამ შემთხვევაში, მოპასუხის მხარეზეა.

26. დადგენილია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ევროკავშირს შორის 2016 წლის 27 სექტემბერს დაიდო საგრანტო ხელშეკრულება. ხელშეკრულებას ერთვის დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელიც ხელშეკრულების შემადგენილი ნაწილია (მუხლი 6.1). დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად, მოსარჩელის პოზიციაზე შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 1200 ევროთი. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 25 სექტემბერს, რომლითაც დასაქმებულის შრომის ანაზღაურება 2000 ევროთი განისაზღვრა. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციაზე ხელფასის ანაზღაურება თავიდანვე იყო განსაზღვრული 1200 ევროთი. მიუხედავად ამისა, დასაქმებულთან მაინც შეთანხმდა ხელფასი, რომელიც აღემატება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას.

27. კასატორი აპელირებს, რომ მოსარჩელის ხელფასი - 2000 ევრო დონორთან ზეპირად შეთანხმდა. ამ საკითზე კომუნიკაციის არსებობის ფაქტს ადასტურებს ევროკავშირის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის (ურთიერთთანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელი) 2018 წლის 20 თებერვლისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის 2018 წლის 30 მარტის წერილები. პალატა მიიჩნევს, რომ ეს წერილები საპირისპიროს ადასტურებს. ევროკავშირის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის წერილის თანახმად, „ხარჯი ნაწილობრივ არამიზნობრივია, რადგან არ გამომდინარეობს შეთანხმებული ბიუჯეტიდან, რომელიც წარმოადგენს პროექტის კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. ვშიშობთ, რომ ექსპერტის ხელფასი 2,152,63 ევროს ოდენობით არ ყოფილა შეთანხმებული ჩვენთან. უფრო მეტიც, შესაბამის ექპერტთან და თქვენს წინამორბედთან 2017 წლის იანვარსა და თებერვალში საკითხის განხილვის დროს ცალსახად აღინიშნა, რომ შესაბამის საბიუჯეტო პუნქტში მითითებული თანხის გაზრდა არ იქნებოდა გამართლებული. ჩვენამდე ასევე არ მოუღწევია არანაირ ოფიციალურ ინფორმაციას სამუშაო გეგმაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რომელსაც, შესაძლოა, გაემართლებინა ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილება“ (ტ.1, ს.ფ. 184). საქართველოში ევროკავშირის ელჩის 2018 წლის 30 მარტის წერილშიც მითითებულია, რომ „ბიუჯეტის ცვლილება შეთანხმებული არ იყო დელეგაციის პროექტის მენენჯერთან“, შესაბამისად, ხელფასის გაზრდილი ოდენობა არამიზნობრივ ხარჯად იქნა მიჩნეული. ამდენად, მითითებული წერილები სწორედ იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელის ხელფასი გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი ოდენობით არ იყო შეთანხმებული, მათ შორის, არც ზეპირი კომუნიკასციის ფორმით. თავად კასატორიც მიუთითებს, რომ „გრანტის გამცემმა მიუთითა მიმღებს, რომ მას უკანონოდ ჰქონდა გაცემული ექსპერტისათვის შესაბამისი შრომის ანაზღაურება“.

28. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ პირის „წარმოდგენების“ შესახებ პირდაპირი მტკიცებულება შეიძლება არც არსებობდეს, პალატა მიუთითებს, რომ, მართალია, „წარმოდგენა“ სუბიექტური კატეგორიაა, მაგრამ კასატორის მიერ წარმოდგენის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება - ზეპირი კომუნიკაციით დონორთან გაზრდილი ხელფასის შეთანხმება დადასტურებადი კატეგორიაა. ამგვარი ფაქტის დასადასტურებლად სარწმუნო მტკიცებულება იქნებოდა თუნდაც დონორის მხრიდან იმის დადასტურება, რომ მოსარჩელის გაზრდილი ხელფასი ზეპირი ფორმით შეთანხმდა დამსაქმებელთან. მოცემულ შემთხვევაში კი, დონორი საპირისპიროს მიუთითებს და ცალსახად აღნიშნავს, რომ გაზრდილი ხელფასი შეთანხმებული არცერთი ფორმით არ ყოფილა.

29. ამასთან, პალატა დამატებით განმარტავს, რომ კასატორის დონორთან ზეპირი შეთანხმების არსებობა რომც დაემტკიცებინა, მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლს მაინც ვერ დაეყრდნობოდა, რადგან შემდგომი დონორის უარი ზედმეტ ანაზღაურებაზე - ანუ „შეცვლილი გარემოება“ დამსაქმებლის რისკის სფეროს განეკუთვნებოდა.

30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398.1 მუხლის შინაარსის მიხედვით, გამოვლენილი უნდა იყოს ისეთი ობიექტური საფუძვლის მოშლა, როდესაც ხელშეკრულების დადების დროს მხარეთა ნება ეფუძნება ერთი მხარის წარმოდგენებს, რომლებიც ცნობილი იყო მეორე მხარისათვის და გაპროტესტების გარეშე იქნა მიღებული ან მხარეთა ნება ემყარება ორივე მხარის ერთობლივ წარმოდგენებს გარკვეული გარემოებების არსებობის ან მომავალში წარმოშობის შესახებ. შეცვლილი გარემოება უნდა სცდებოდეს მხარეთა გონივრულ მოლოდინს. თუ გარემოებათა ცვლა მოსალოდნელი იყო, მაშინ აღარ არსებობს იმ მხარის დაცვის აუცილებლობა, რომელსაც შეეძლო, სახელშეკრულებო რისკები განეჭვრიტა და, შესაბამისად, დაერეგულირებინა, თუმცა ეს არ გააკეთა. ერთობლივი შეცდომის შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რომელი მხარის რისკის სფეროში შედის მცდარი წარმოდგენა და მისით გამოწვეული შედეგები. ხელშეკრულების მისადაგების საფუძველი შესაძლოა, გახდეს მხოლოდ ის მცდარი წარმოდგენები, რომლებიც საერთო რისკის სფეროს მიეკუთვნება. შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რომ ცვლილების გამომწვევი ფაქტორები ან თავად ცვლილება მოვალის რისკის სფეროს არ უნდა მიეკუთვნებოდეს (გ. ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 398). საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა შეცვლას ან არასწორ წარმოდგენას ადგილი არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა მხარემ გამოიჩინა დაუდევრობა ან გაუფრთხილებლობა და ხელშეკრულების დადების დროს მას წინასწარ შეეძლო დაბრკოლების წარმოშობა ევარაუდა (შდრ სუსგ №ას-1096-1053-2016, 24 ოქტომბერი, 2017 წელი).

31. საკასაციო საჩივრის თანახმად, გრანტის გამცემს ფინანსური ანგარიშგება წარედგინება საანგარიშო პერიოდის (12 თვე) მიხედვით. ზეპირი ფორმით შეთანხმება საკმარისი იქნებოდა ექსპერტის გაზრდილი ხელფასის შესათანხმებლად, თუ დონორი შემოწმების ეტაპზე, გაწეულ ხარჯს კანონიერად ჩათვლიდა. მოცემულ შემთხვევაში, თავად კასატორის მსჯელობიდან ირკვევა, რომ ზეპირი ფორმით შეთანხმების შემთხვევაშიც კი, ხარჯი ანგარიშის წარდგენის შემდგომ დონორმა, შესაძლოა, მოიწონოს და მიიჩნიოს მიზნობრივ ხარჯად ან არ მოიწონოს და არამიზნობრივ ხარჯად ჩათვალოს. ამდენად, ასეთი შეთანხმების არსებობის პირობებშიც, არსებობდა იმის მაღალი ალბათობა, რომ დასაქმებულისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი სახელფასო ანაზღაურება დონორს არამიზნობრივ ხარჯად მიეჩნია. ეს არსებითი ცვლილება წინასწარ განჭვრეტადი იყო, შესაბამისად, მან, როგორც დამსაქმებელმა, პასუხისმგებლობა აიღო გარემოების სამომავლო განვითარების რისკზე, რაც ვერ გახდება რისკის დასაქმებულისათვის გადაკისრების საფუძველი.

32. გრანტის ხელშეკრულების ცვლილების ფორმასთან დაკავშირებით პალატა, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ სასამართლო მსჯელობს მხარეთა შორის 2017 წლის 25 სექტემბერს დადებულ შრომით ხელშეკრულებაზე და არა - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ევროკავშირს შორის 2016 წლის 27 სექტემბრის საგრანტო ხელშეკრულებაზე (რომელსაც, შესაძლოა, ადმინისტრაციულსამართლებრივი ბუნება ჰქონდეს), თუმცა „შეცვლილი გარემოების“ მიზნებისათვის (სსკ-ის 398-ე მუხლის კონტექსტში) განმარტავს, რომ ხელშეკრულების ფორმის დაცვას ექვემდებარება არა მარტო ძირითადი გარიგება, არამედ დამატებითი შეთანხმებები და შემდგომი ცვლილებები, მით უმეტეს, ისეთი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ვალდებულების შინაარსს (თუკი მხარეებს სურთ წერილობით ხელშეკრულებაში ზეპირი ფორმით ცვლილებების შეტანა, ამაზე უნდა შეთანხმდნენ იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხელშეკრულებაა დადებული). ფორმის სავალდებულოობის ფარგლები („გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონი ხელშეკრულების ნამდვილობას წერილობით ფორმას უკავშირებს (5.1 მუხლი) ვრცელდება ხელშეკრულების ცვლილებებზეც და მისი დაუცველობა ზეპირი ცვლილებისა თუ დამატებითი შეთანხმების ბათილობის გამომწვევი სამართლებრივი საფუძველია (სსკ-ის 328.1 მუხლი, სსკ-ის 59.1 მუხლი). ამასთან, კასატორის მსჯელობა, რომ თუკი დონორი ცვლილებას დაეთანხმებოდა, ზეპირი შეთანხმება იურიდიული ძალის იქნებოდა, სწორია, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივი შესრულება ფორმის დაუცველობის სამართლებრივ ხარვეზს გამოასწორებდა.

33. კასატორი პრეტენზიის მიხედვით, მას არ შეუძლია მოსარჩელეს გადაუხადოს გაზრდილი ხელფასი, რამდენადაც გრანტის გამცემმა უარი განაცხადა მის ანაზღაურებზე, დამსაქმებელი ვერც საბიუჯეტო დაფინანსებით (რომელსაც აწესრიგებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი) ვერ შეძლებს თანხის გადახდას, რადგან მისი ბიუჯეტი არის წინასწარ მკაცრად გაწერილი. ამ არგუმენტით კასატორი ფაქტობრივად ვალდებულების ნაწილის შესრულების შეუძლებლობაზე აპელირებს. შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალე შესრულების ვალდებულებისაგან თავისუფლდება ზოგადი პრინციპით (იხ. 401-ე მუხლის კომენტარი: სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვაშაკიძე, 2019). პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა გულისხმობს ნამდვილ (ობიექტურ და სუბიექტურ) და არა ფაქტობრივ შეუძლებლობას. ფინანსური სახსრების უქონლობა არ იწვევს ვალდებულებისაგან გათავისუფლებას შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით (,,Geld muss man haben”). აღნიშნული საფუძვლით ვალდებულების შესრულებისაგან, ბუნებრივია, არც საბიუჯეტო ორგანიზაციები არ თავისუფლდებიან და მათ თანხის გადახდის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება ისევე ევალებათ როგორც - სხვა პირებს. მოპასუხის შედავება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მისი აღსრულება დაუსაბუთებელია იმიტომაც, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ თანხის გადახდევინების ნაწილში იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 904 მუხლიც (საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ იძულებითი აღსრულება თანხის გადახდევინების ნაწილში იწყება სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ინფორმირებიდან 1 თვის გასვლის შემდეგ) ითვალისწინებს.

34. სშკ-ის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 31.3-ე მუხლის თანახმად, „დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“, ე.ი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს მხარეთა შორის არსებული ფულადი ვალდებულება წარმოადგენს - ანუ, როცა გადახდის ვალდებულების არსებობა ვლინდება ხელფასის გაცემის დაყოვნების ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობის დროს (მაგ: ხელფასის), რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-82-82-2018, 9 მარტი, 2018 წელი; № ას-285-271-2013, 30 სექტემბერი, 2013 წელი). აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ № ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-1274-2018, 25 დეკემბერი, 2018 წელი; №ას-370-370-2018, 2 აგვისტო, 2018 წელი; №ას-45-45-2018, 18 მაისი, 2018 წელი; №ას-138-138-2018, 17 აპრილი, 2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სახალხო დამცველის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ნოემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე