საქმე №ა-3590-შ-98-2021 30 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ს-ლ“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ–ვა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №M-186/2019)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №M-186/2019), შპს „გ–ვას“, შპს „ს-ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 18 375.00 აშშ დოლარისა და საქმეზე გადახდილი მოსაკრებლის - 4 238.00 აშშ დოლარის გადახდა.
2. შპს „ს-ლ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისის განჩინებით, შპს „ს-ლ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №M-186/2019) ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
4. ზემოაღნიშნული განჩინება, შუამდგომლობა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - შპს ,,გ–ვას“ დირექტორს ი.წ–ს ჩაბარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით.
5. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმე №M-186/2019), შპს „გ–ვას“, შპს „ს-ლა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 18 375.00 აშშ დოლარისა და საქმეზე გადახდილი მოსაკრებლის - 4 238.00 აშშ დოლარის გადახდა.
8. 2016 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებით მოწესრიგებულია მხარეთა შორის სადავო საკითხების განხილვის წესი. ამ ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, რომელიც ეხება მის შესრულებას, დარღვევას, შეწყვეტას ან ბათილობას, ექვემდებარება რუსეთის ფედერეციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში გადაჭრას. საერთაშორისო კომერიცული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო.
9. გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს სასარჩელო განცხადების მიღების შემდეგ, საარბიტრაჟო სასამართლო კომპეტენცია აღნიშნული დავის განხილვისას არ გაუპროტესტებია.
10. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის შესახებ, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.
11. მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია.
12. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის ცნობის თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მისი გამოტანიდან, ანუ 2020 წლის 7 აგვისტოდან. რაიმე დამატებითი აქტები მისი ძალაში შესასვლელად არ არის საჭირო. ამასთან, სასამართლო აღმასრულებლის ფედერალური სამსახურის 2021 წლის 20 აპრილის მიმართვის თანახმად, სის ოლქში რუსეთის საფსს სააღსრულებო დოკუმენტების აღრიცხვის მონაცემთა ბაზის ჩატარებული შემოწმების თანახმად, დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცელი 2020 წლის 7 აგვისტოს №M-186/2019 საქმეზე შპს ,,გ–ვასთვის" შპს ,,ს-ლ–ის" სასარგებლოდ დავალიანების დაკისრების შესახებ აღსასრულებლად არ შესულა და სააღსრულებო წარმოება არ აღძრულა.
13. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, თუმცა, მას საკუთარი საპროცესო უფლებებით არ უსარგებლია.
14. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის თანახმად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
16. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.
17. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდგომში - „ნიუ-იორკის კონვენცია“), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.
18. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს, როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ მოცემული მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის. ამავე კონვენციის მე-4 მუხლი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებიც სასამართლოში უნდა წარადგინოს მხარემ, რომელიც მოითხოვს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
19. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებენ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ეხ ოფფიციო) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ იმ ქვეყნის კომპეტენტური ხელისუფლება, სადაც მოითხოვება ცნობა და აღსრულება ჩათვლის, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონით, დავის ობიექტი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო გარჩევის საგანი, ან ბ) ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, აგრეთვე წარმოდგენილი მოთხოვნა და დადგენილი გარემოებები არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნიუ იორკის კონვენციას.
22. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №M-186/2019) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
24. საქმეში არსებული საბანკო გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ლ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილების (საქმე №M-186/2019) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №M-186/2019), რომლითაც შპს ,,გ–ვას“ (მისამართი: საქართველო, ......., ს/კ .......) შპს ,,ს-ლ– ის“ (......) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა დავალიანება 18 375.00 აშშ დოლარი და მოსარჩელის მიერ გადახდილი მოსაკრებლები 4 238.00 აშშ დოლარი;
3. შპს ,,გ–ვას“ შპს ,,ს-ლ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე