Facebook Twitter

საქმე №ას-1410-2019 27 ოქტომბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ს–ში (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–უ (ქ–ი) (მოპასუხე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ.ს–ში (თურქეთის მოქალაქე) (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მამა“) 2001 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა.ქ–უსთან (თურქეთის მოქალაქე) (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „დედა“). თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2007 წლის 19 ივნისს დაბადებული ო.ს–ში (შემდგომში - „შვილი“, „არასრულწლოვანი“ ან „ბავშვი“).

2. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა განქორწინების ურთიერთშეთანხმების გზით, ანკარის მე-2 სამოქალაქო სასამართლოს 2012/867-1090 გადაწყვეტილებით.

3. მოპასუხე დაქორწინდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე, რომელიც დასაქმებულია საქართველოში. შესაბამისად, იგი 2015 წლის იანვრიდან არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში.

4. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 15.12.2014წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განესაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი (ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათს 09:00 საათიდან კვირას 17:00 საათამდე; რელიგიური დღესასწაულების მეორე დღეს 10:00 საათიდან მესამე დღის 17:00 საათამდე; სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათს 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევი დღის 17:00 საათამდე; ყოველწლიურად 01 ივლისს 09:00 საათიდან 30 ივლისს 17:00 საათამდე; წყვილ წლებში ბავშვის დაბადების დღეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე; წყვილ წლებში 31 დეკემბერს 12:00 საათიდან მომდევნო დღის 12:00 საათამდე; ყოველწლიურად მამის დღეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა: ანკარის მე-10 სამოქალაქო სასამართლოს 15.12.2014წ. გადაწყვეტილება ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს შვილის წაყვანისა და მასთან ურთიერთობის უფლება მიეცა: 1. სასწავლო პერიოდის სემესტრული არდადეგების პირველი კვირის შაბათს 09:00 საათიდან მომდევნო პარასკევი დღის 17:00 საათამდე; 2. ყოველწლიურად 01 ივლისს 09:00 საათიდან 30 ივლისს 17:00 საათამდე.

6. მოსარჩელე შვილს სისტემატურად უხდის თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. კერძოდ, მამამ მოითხოვა ბავშვის ნახვისა და წაყვანის უფლება: ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათს 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, საქართველოში მის დროებით საცხოვრებელ ადგილზე; საახალწლო დღესასწაულის პერიოდში - 01 იანვარს 12:00 საათიდან 02 იანვრის 17:00 საათამდე; სააღდგომო დღესასწაულის პერიოდში - აღდგომის წინა დღეს, შაბათს 10:00 საათიდან მეორე (აღდგომა) დღის 17:00 საათამდე; ასევე, ბავშვის დაბადების დღეს - 19 ივნისს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე.

8. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მამას საქართველოში მცხოვრებ შვილთან ურთიერთობა ექნება მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ცნობილ დროის მონაკვეთებში, ეს იქნება არასრულფასოვანი ურთიერთობა, დროის ძალიან დიდი შუალედებით, რაც უარყოფითად აისახება მამისა და შვილის ურთიერთობაზე. მოსარჩელეს სურს შვილთან ახლო ურთიერთობის დამყარება და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათ-კვირას ჩამოდის საქართველოში, მოპასუხე ბავშთან ახლო ურთიერთობის უფლებას არ აძლევს.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 მარტის განჩინებით საქმეში ჩაება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელსაც კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა საქმის მასალები და დაევალა მოცემულ საქმეზე არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა და დავის საგანთან მიმართებით დასკვნის წარდგენა.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 მარტის განჩინებით საქმეში ჩაება არასრულწლოვანი.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესი. დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობის წესი არაერთხელ შეიცვალა იმავე სასამართლოს 17.11.2017წ., 01.12.2017წ., 15.12.2017წ., 18.04.2018წ. და 08.05.2018წ. განჩინებებით.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვა. მასვე დაევალა ფსიქოლოგის დასკვნის წარდგენის უზრუნველყოფა.

14. საქალაქო სასამართლომ დაადგინა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში, ასევე, 15-26 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

15. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 11.05.2017წ. დასკვნის თანახმად, სოციალურმა მუშაკმა მოსარჩელესთან გასაუბრების მიზნით განახორციელა ვიზიტი მისამართზე: თბილისი, ......... „მ2“-ის შენობა. საცხოვრებელი წარმოადგენს ოროთახიან ბინას, არის კარგი სანიტარულ-ჰიგიენური და კომუნალური მდგომაროება. მოსარჩელის ინფორმაციით, საცხოვრებელი დაქირავებული აქვს თითქმის ორი წელია და როდესაც შვილის სანახავად საქართველოში იმყოფება, შაბათი-კვირის დღეებს აღნიშნულ საცხოვრებელში ატარებენ.

16. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 30.05.2017წ. დასკვნის თანახმად, სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოპასუხის იმჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, ......... არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან და მამინაცვალთან ერთად. იგი განათლებას იღებს კერძო სკოლა „N. S”-ში, ჰყავს მკურნალი ექიმი. დედა ყურადღებით ეკიდება შვილის განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებს. იგი დამატებით დადის ცურვაზე. ოჯახის წევრები ზრუნავენ მის განვითარებაზე. დედის განმარტებით, მაქსიმალურად ცდილობს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდეს შვილთან, იყენებს ავტორიტეტული აღზრდის სტილს. განხორცილებული ვიზიტისას არასრულწლოვანთან სტუმრად იმყოფებოდნენ მეგობრები, თანაკლასელები. იგი გამოიყურებოდა მხიარულად, თამაშობდა და თავს კარგად (მშვიდად) გრძნობდა. მოპასუხის ინფორმაციით, მოსარჩელე ყოველ-შაბათ კვირას ჩამოდიოდა საქართველოში შვილის სანახავად. იგი მუდმივად ცდილობდა ცუდი დამოკიდებულება ჩამოეყალიბებინა დედა-შვილს შორის. 2016 წლის დეკემბრის შემდეგ არასრულწლოვანს აღარ აქვს მამასთან ურთიერთობის სურვილი და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც იგი ვერ ხვდება შვილს.

17. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 02.06.2017წ. დასკვნის თანახმად, სოციალურმა მუშაკმა 2017 წლის 01 ივნისს განმეორებით განახორციელა ვიზიტი მოპასუხესთან ახალ საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, „ლ.ვ–ა“, კორპუსი B5, მე-3 სართული, ბინა №137. ოჯახმა გამოიცვალა საცხოვრებელი და მიმდინარე წლის მაისიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ბინა არის ახალი გარემონტებული, კარგი საცხოვრებელი პირობებით. იგი შედგება ოთხი ოთახისა და სამზარეულოსგან, არის კარგი სანიტარულ-ჰიგიენური და კომუნალური მდგომაროება. არასრულწლოვანს აქვს საკუთარი ოთახი, საწოლი, სამეცადინო მაგიდა და პირადი მოხმარების ნივთები. მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, თავს კარგად გრძნობს, სტაბილურია ფსიქო-ემოციური ფონიც, არის მშვიდი და გაწონასწორებული.

18. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 08.11.2017წ. დასკვნის თანახმად, 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში მოპასუხის წარმომადგენელი დაუკავშირდა სოციალურ მუშაკს და განუმარტა, რომ არასრულწლოვანზე მამის მხრიდან განხორციელდა ძალადობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა ბავშვთან და დედასთან გასაუბრება. არასრულწლოვნის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში სამჯერ ნახა მამა. მან მოსთხოვა, რომ დედის წინააღმდეგ ესაუბრა და თან მობილური ტელეფონის საშუალებით აკეთებდა ვიდეოჩანაწერს. ბავშვის თქმით, მამა აიძულებდა ეთქვა, რომ დედასთან თავს ცუდად გრძნობს, აღარ სურს მასთან ცხოვრება და სურს თურქეთში მამასთან საცხოვრებლად გადასვლა. არასრულწლოვანმა, ასევე, აღნიშნა, რომ თუ დედაზე უარყოფითად არ ისაუბრებდა, მამა ეჩხუბებოდა. ბავშვმა გაიხსენა, რომ როდესაც არ ისურვა დედაზე უარყოფითად საუბარი, მამამ მხარზე ხელი შეახო და რამდენჯერმე უხეშად მოქაჩა. მომხდარის მოყოლის დროს ბავშვი იყო აღელვებული, ნერვიულობდა, დედასთან ამყარებდა თვალით კონტაქტს. მისი განმარტებით, ის დედასთან თავს კარგად გრძნობს, სწავლობს, თბილად და ყურადღებით ექცევიან როგორც დედა, ასევე, მამინაცვალი.

19. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 07.12.2017წ. დასკვნის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 დეკემბრის განჩინებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს დაევალა მონიტორინგი (დაკვირვება) მამა-შვილის ურთიერთობაზე. იმავე წლის 03 დეკემბერს სავაჭრო ცენტრ "თ. მ–ში“ მამა-შვილს შორის შედგა შეხვედრა. არასრულწლოვანი აღნიშნულ ადგილას მიიყვანა ბიძამ (დედის ძმამ). შეხვედრას ესწრებოდა მოსარჩელე, ასევე, ბავშვის მამიდა, რომელიც ბავშვის სანახავად ჩამოვიდა თურქეთიდან. მამა-შვილის შეხვედრა საკმაოდ თბილი და ემოციური იყო. იგრძნობოდა თბილი დამოკიდებულება როგორც მამის, ასევე, ბავშვის მხრიდან. ისინი დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით, ითამაშეს სხვადასხვა გასართობი აპარატით, მოინახულეს სავაჭრო ცენტრში არსებული კონტაქტური ზოოპარკი, გამოკვებეს სხვადასხვა ცხოველი. მამა-შვილი ხშირად ეხუტებოდნენ ერთმანეთს და გამოხატავდნენ სითბოს ერთმანეთის მიმართ. ბავშვი ძალიან კმაყოფილი იყო. მისი მხრიდან დაძაბულობა, გაღიზიანება ან ნერვიულობა არ იგრძნობოდა.

20. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წლის 09 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი საქართველოს საერთაშორისო სკოლის - „ახალი სკოლის“ ფსიქოლოგ-კონსულტანტის წერილობითი განმარტებისა და იმავე სხდომაზე აღნიშნული ფსიქოლოგის მიერ მიცემული ზეპირი განმარტების თანახმად, იგი არასრულწლოვანს და მის მთლიან კლასს ხვდება კვირაში ერთხელ ჯგუფური და ინდივიდუალური სესიების სახით. ყველა ბავშვი ენდობა მას და მიმართავს სხვადასხვა სახის სტრესისა და სირთულის დაძლევის სტრატეგიისა და საშუალებისათვის. არასრულწლოვანი გონებანათელი და კარგი მოსწავლეა. იგი გამოხატავს სტრესს, როცა აცნობიერებს მის მშობლებს შორის არსებულ დაძაბულობას. მსგავსი საკითხების განხილვისას არის ძალიან ნერვიული და ძლიერი ემოციები ეუფლება. არასრულწლოვანი ერთობა მეგობრებთან და აქტიურია როგორც საკლასო, ასევე, კლასის გარეთა გარემოში, მაგრამ ის ადვილად სწყდება ყოველივე ამას სტრესის დონის გამო. იგი ამ სიტუაციის გამო შეცბუნებული და აღელვებულია. ერთ-ერთი სესიის დროს არასრულწლოვანმა ფსიქოლოგს მოუთხრო, როგორ აიძულა მამამ ეღიარებინა, რომ ურჩევნია მამასთან დარჩენა. ფსიქოლოგის შეკითხვაზე ხომ არ მოხდა მასზე ფიზიკური ძალადობა, არასრულწლოვანმა უპასუხა, რომ არა, მაგრამ ფსიქოლოგს ხმის დონის შეეშინდა. არასრულწლოვანს ეშინია, რომ დედა მოენატრება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ფსიქოლოგის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მისთვის სასარგებლო არ იქნება მსგავსი ზეწოლის განცდა, არ შეიძლება ბავშვს დააძალონ არჩევანის გაკეთება და გამწვავდეს სტრესი მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა დაბალანსებული და მშვიდი გარემოს შენარჩუნება. ბავშვმა არ უნდა იცოდეს მშობლებს შორის არსებული დაძაბულობის შესახებ.

21. 2016 წლის 04 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ანკარის №9 საოჯახო სასამართლომ წარმოებაში მიიღო მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ მეურვების წესის შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისს წარედგინა სოციალური კვლევის შედეგები. შეფასების შედეგად დადგინდა ბავშვის ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური და ემოციური თვალსაზრისით ასაკთან შესაბამისი განვითარება, აზრის ნათლად და ზუსტად გამოხატვა. კვლევის პროცესში გასაუბრება მოხდა როგორც მამასთან, ისე დედასთან. კვლევის თანახმად, დედის მეორედ დაქორწინებამ და შემდეგ საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლამ, ცხოვრების სტილის მთლიანად შეცვლამ არასრულწლოვანს გარემო პირობებთან შეგუების პრობლემები შეუქმნა. იგი გასაუბრების დროს ხშირად ტიროდა, დედასთან და მის მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ლაპარაკის დროს ხშირი გაბრაზება და საერთო დაძაბული გარემოს არსებობა თვალსაჩინოდ გამოიკვეთა. შეფასების ბოლოს გაირკვა ბავშვის დაჟინებული თხოვნა მამასთან ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით და მასთან გადასვლის მოლოდინი, დედის საცხოვრებელ გარემოსთან შეუგუებლობა, რაც ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს. დეტალური განხილვის შედეგად, დადასტურდა მოსარჩელის მიერ შეტანილი წვლილი ბავშვის განვითარებაში და მისი მხრიდან ბავშვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამდენად, სოციალური კვლევის შედეგად მიჩნეულ იქნა, რომ მეურვეობის მამისთვის გადაცემა და მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა შეესაბამებოდა არასრულწლოვნის ინტერესებს.

22. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის №9 საოჯახო სასამართლომ 2017 წლის 06 სექტემბერს მიიღო შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც არასრულწლოვანზე დროებითი მეურვეობა გადაეცა მამას, ხოლო დედას განესაზღვრა ბავშვთან ურთიერთობის შემდეგი წესი - ყოველი თვის პირველი და მესამე კვირის ბოლოს, შაბათს 10:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე. აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება არ მომხდარა. შუალედური გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო ჰაჯეთეფეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ბავშვთა ფსიქიატიული სნეულებების მეცნიერების განყოფილების მიერ 2017 წლის 25 ივლისს გაცემული დასკვნა, რომელიც მომზადდა როგორც მშობლებთან, ასევე, არასრულწლოვანთან უშუალო გასაუბრებისა და მათი განმარტებების შეფასების საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანის გონებრივი განვითარება მისი ასაკის შესაბამისია, იგი კარგად გამოთქვამს აზრს, საუბრობს თავისი ასაკისათვის შესაფერისად, გულწრფელი და თავშეკავებულია. იმის გამო, რომ სურვილისამებრ არ შეუძლია მამის ნახვა და ტელეფონის საშუალებით მასთან საუბარი, გულგატეხილი და შეშფოთებულია. მას აშინებს მამასთან დაშორების საკითხი და უნდა, რომ რეგულარული, ახლო ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ისე მამასთან.

23. 2018 წლის 18 თებერვალს, ღამის ორ საათზე მოპასუხეს დაუკავშირდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვანი ახალი პასპორტით გადაჰყავდა თურქეთის საზღვარზე. აღნიშნული ფაქტის დადასტურების მიზნით, მოპასუხემ წერილობით მიმართა სასაზღვრო პოლიციას, რომელმაც განცხადება გადააგზავნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.

24. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამსახურის მე-7 განყოფილების უბნის ინსექტორ-გამომძიებლის მიერ 22.02.2018 წელს მოსარჩელის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერი შედგენილ იქნა მოპასუხის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეზე და მის შვილზე განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. შემაკავებელი ორდერით მოძალადეს აეკრძალა იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - დედა და ბავშვი იმყოფებოდნენ.

25. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ, რომლის თანახმად, მოძალადეს - მამას აეკრძალა მსხვერპლთან - შვილთან, მის საცხოვრებელ ადგილთან, სკოლასთან ან სხვა ადგილებთან მიახლოება, იმ გამონაკლისით, რომელიც დადგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ.

26. არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით, ჩატარდა ფსიქოლოგიური კვლევა. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 04 აპრილის ფსიქოლოგიური გამოკლვევის შედეგების მიხედვით, კვლევის დროს გამოყენებულ იქნა მეთოდები: ქცევაზე დაკვირვება, ინტერვიუ, პროექტიული მეთოდები. ქცევაზე დაკვირვების შედეგის მიხედვით, ბავშვი არის კონტაქტური, თავაზიანი და მეგობრული. ვიზიტისას თავდაპირველად იყო დაძაბული, თუმცა ნელ-ნელა უკეთ მოერგო გარემოს. ნეიტრალურ თემებზე საუბრისას თამამად გამოხატავდა საკუთარ აზრს, დამოკიდებულებას. მის ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა მამის შესახებ საუბარი. ამ დროს შესამჩნევი ხდებოდა შფოთვა და დაძაბულობა, პასუხები კი ძირითადად მოკლე და ზოგადი იყო. ბავშვის შემეცნებითი სფეროს თავისებურებები, ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვნის ემოციური მდგომარეობის შეფასებისას ვლინდება შფოთვა, ემოციური დაძაბულობა, უნდობლობა, საფრთხის განცდა მისთვის მნიშვნელოვან პიროვნებათა შორის ურთიერთობებში არსებული სიძნელეების გამო. იგი მიისწრაფვის სიმშვიდისაკენ, ემოციონალური სტაბილურობისაკენ. აქვს გაგების, მხარდაჭერის მოთხოვნილება. იგი დედასთან ერთად მიდიოდა ვიზიტებზე, თუმცა გამოკვლევის პროცესში მარტო რჩებოდა ფსიქოლოგთან. დედასა და შვილს შორის შეინიშნებოდა მჭიდრო ემოციური კავშირი. დედა ადეკვატურად რეაგირებდა ბავშვის რეაქციებზე. იგი აცნობიერებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და სათანადოდ ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე. არის მზრუნველი და ყურადღებიანი დედა. მამის შესახებ საუბრისას ბავშვი შფოთვამ მოიცვა. იგი განსაკუთრებით ღელავდა, როცა ქვეყნიდან გასვლის მცდელობასა და ვიდეოჩანაწერის ფაქტს იხსენებდა. მისი თქმით, მართალია მამას უთხრა, რომ არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ის მაინც ცდილობდა წაეყვანა და თან აძალებდა დედაზე ცუდის თქმას. ბავშვი ვიზიტების დროს გამოხატავდა ერთად ცხოვრების სურვილს. ბოლო ვიზიტზე მისულმა იცოდა, რომ მომდევნო კვირაში მამა უნდა ჩამოსულიყო მის სანახავად. იგი ვარაუდობდა და შიშსაც გამოხატავდა, რომ მამა უსაყვედურებდა იმის გამო, რაც ფსიქოლოგთან ისაუბრა. ამ მიზეზით იგი ამბობდა, რომ მამის ნახვა არ სურდა. მამა-შვილის ურთიერთდამოკიდებულების შეფასებისას გამოყენებულ იქნა სოციალური მუშაკისა და წარმომადგენლის მიერ მათ ურთიერთობაზე დაკვირვების შედეგად მიწოდებული ინფორმაცია. მათი ცნობით, ბავშვი მოუთმენლად ელოდებოდა მამას, გახარებული ჩაეხუტა და მთელი შეხვედრის მანძილზე ორივე მათგანი ერთმანეთის ნახვით გამოწვეულ სიხარულს გამოხატავდნენ. დასკვნის სახით, შეფასდა, რომ ბავშვს პოზიტიური კავშირი აქვს მამასთან, მაგრამ არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის ემოციურ მდგომარეობაზე. დედის მხრიდან ბავშვზე გამიზნული ზეწოლა არ ვლინდება.

27. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათს 11:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით (1.1. პუნქტი); 01 იანვარს 13:00 საათიდან იმავე დღის 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით (1.2. პუნქტი); ბავშვის დაბადების დღეზე (19 ივნისს) 12:00 საათიდან იმავე დღის 16:00 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით (1.3. პუნქტი); მამა-შვილს შორის ურთიერთობის ზემოაღნიშნული წესი განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე (1.4. პუნქტი).

28. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მან მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წლის 22 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენლებმა წარადგინეს შპს "ფ–ას" 2018 წლის 16 აგვისტოს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომელიც დაერთო საქმეს. აღნიშნული გამოკვლევის თანახმად, გამოკვლევის პროცესში ჯამში განხორციელდა 12 ვიზიტი: 7 ვიზიტი არასრულწლოვანთან; 3 ვიზიტი მამასთან, მამიდასთან და ბებიასთან; 2 ვიზიტი დედასთან. დასკვნის „დანართ 1“-ში ფსიქოლოგის მიერ აღწერილია ბავშვის მამასთან შეხვედრის სცენა 2018 წლის 01 ივლისს. დასკვნაში და მის დანართში მითითებული ინფორმაციის თანახმად, როდესაც დედა ცდილობდა ბავშვის დარწმუნებას, რომ მამასთან შეხვედრაზე მისულიყო, გარკვეული საუბრის შემდგომ, რომელიც მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, არასრულწლოვანმა დაიწყო ტირილი, ყვირილი, ფეხები მიარტყა წინა სავარძელს, სადაც დედა იჯდა. "გაიგეთ არ მინდა წასვლა, არა, არა, არ მინდა წასვლა. დამანებეთ თავი! იცოდეთ რაღაც ცუდს გავაკეთებ! ნუ მაძალებთ!" ამბობდა იგი. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, ფსიქოლოგის თხოვნის გათვალისწინებით (იგი დაპირდა, რომ მამასთან მარტო არ დატოვებდა და სულ მასთან იქნებოდა), მეორე დღეს (01.07.2018წ.) არასრულწლოვანი მამასთან შეხვედრაზე მივიდა. შეხვედრას, მამის გარდა, ასევე, ესწრებოდა მამიდა და ბებია. არასრულწლოვანი მანქანაში იჯდა (ჩაწოლილი იყო წინა სავარძლების უკან და არ ჩანდა). ფსიქოლოგი შეუთანხმდა, რომ პირველი მამიდა დაელაპარაკებოდა. მართლაც, მამიდამ გაიწია ბავშვის საკოცნელად და მისასალმებლად, თუმცა ამ დროს მან გააღო მარცხენა კარი და ფეხშიშველი მანქანიდან გადახტა ისე, რომ მამიდას არც მისცა დალაპარაკების საშუალება. მამიდა გაეკიდა და მანქანებს მოარიდა. ბავშვი ფსიქოლოგს მიუბრუნდა და ხმამაღლა ტირილით ჩაეხუტა. იგი იყო უკიდურესად დაძაბული, აღგზნებული, ფსიქოლოგს ხელს არ უშვებდა და ცდილობდა, რომ უფროსებისგან თავი დაეცვა (იხ. ტ. IV, ს.ფ. 54-64).

30. სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის წარმომადგენელმა 2019 წლის 14 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარუდგინა შპს "ფ–ას" 2018 წლის 20 დეკემბრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. გამოკვლევას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა თანახმად: მამა-შვილის ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენის მიზნით, სავალდებულოა ბავშვმა გაიაროს ინტენსიური ფსიქოთერაპიული კურსი, რომელიც დაეხმარება მას ღირებულებების გადაფასებასა და თვითშეფასების ამაღლებაში, ასწავლის ემოციური ინტელექტის საშუალებით ემოციების მართვას და დაარწმუნებს, რომ მის ირგვლივ ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატისათვის აუცილებელია ორივე მშობლის არსებობა; სავალდებულოა ფსიქოთერაპიის რამდენიმე სესია დედა-შვილმა გაიაროს ერთად, რათა დედამ და ბავშვმაფსიქოლოგთან გულახდილად ისაუბრონ იმაზე, თუ რას ფიქრობენ და განიცდიან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და ღიად ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე - პოზიტიურზეც და ნეგატიურზეც; ბავშვის გარდატეხის ასაკიდან გამომდინარე, აუცილებელია მამა-შვილის სტაბილური ურთიერთობა (როგორც რეალურ, ისე ელექტრონულ ფორმატში), რაც ხელს შეუწყობს მოზარდის ფსიქიკაში მამასთან, როგორც მამაკაცთან იდენტიფიკაციას (იხ. ტ. IV, ს.ფ. 67-70).

31. 2019 წლის 11 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარედგინა შპს "ფ–ას" 2019 წლის 10 აპრილის წერილი არასრულწლოვანთან ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარების შესახებ. წერილის თანახმად, 2019 წლის 11 მარტის შემდგომ არასრულწლოვანთან განხორციელდა ორი შეხვედრა (22.03.2019წ. და 29.03.2019წ.). იგი შეხვედრებზე მისვლას არ აპროტესტებდა, თუმცა საუბარში ყოველ ჯერზე ერთვებოდა უხალისოდ, დუნედ, კითხვებს პასუხობდა მხოლოდ ზრდილობის ნორმებიდან გამომდინარე და ყოველთვის ცდილობდა, რომ საუბარი მალე დამთავრებულიყო. ფსიქოლოგის თანდასწრებით დედა (ფსიქოლოგის თხოვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე) ნამდვილად სთხოვდა, რომ დათანხმებულიყო მამასთან შეხვედრას, თუმცა ყველა ჯერზე ბავშვისგან იღებდნენ კატეგორიულ უარს. შეხვედრის შესახებ შეთავაზებულ ყველა ფორმატზე მან განაცხადა უარი. დასმულ კითხვაზე - რატომ არ უნდა მამასთან შეხვედრა, განაცხადა, რომ ძალიან ეშინია მამის, თუმცა ამ შიშის რეალურ მიზეზს ვერ ასახელებს. მას არაერთხელ განემარტა, რომ მამასთან შეხვედრა მისთვის ნამდვილად არ წარმოადგენდა საშიშროებას, თუმცა შეხვედრაზე მაინც არ დათანხმდა. ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დედა, ბავშვმა ძალიან ზრდილობიანად მიმართა მათ შემდეგი სიტყვებით: „თქვენ ხართ ძალიან ძლიერი გუნდი (იგულისხმა ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი) და მე გიხდით დიდ მადლობას, რომ ცდილობთ ჩემს დახმარებას, მაგრამ მე არ ვარ ის ბავშვი, ვისაც სჭირდება ფსიქოთერაპია. ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს მეუბნებით და მეც იგივეს გპასუხობთ. მე ეხლა ვარ ბედნიერი და რატომ მელაპარაკებით ამდენს მამაზე? არ მინდა, რომ ვიყო უხეში, მაგრამ გთხოვთ, მომეცით საშუალება, რომ მე თვითონ მოვაგვარო ეს პრობლემა როცა გავიზრდები. კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას თქვენ“. ამ სიტყვების წარმოთქმისას ბავშვი იყო ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული. ფსიქოლოგის განმარტებით, მას დარჩა განცდა, რომ ამ ყველაფერზე ბავშვს ძალიან სერიოზულად ჰქონდა ნაფიქრი და გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული. კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა პრობლემის მოგვარებაში, არასრულწლოვანს პასუხი არ ჰქონდა. დედას დაესვა კითხვა, თუ რამ მიიყვანა არასრულწლოვანი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, რაზეც მან პასუხი ვერ გასცა, თავადაც გაკვირვებული უყურებდა ბავშვს. დასკვნის სახით, ფსიქოლოგმა განმარტა, რომ გამომდინარე ფსიქოთერაპიის საერთო მიზნებიდან, რომელიც გულისხმობს პიროვნების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და საკუთარი უნარ-შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არასრულწლოვნის გადაწყვეტილებით, ფსიქოთერაპიის კურსი არასრულფასოვნად განხორციელდა, რადგან ფსიქოლოგს არ მიეცა საშუალება სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით მისთვის ესწავლებინა პრობლემურ სიტუაციებთან გამკლავება, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა არსებულ ემოციურ დისბალანსს მამასთან მიმართებით, რაც გარდატეხის ასაკიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია მამასთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარების თვალსაზრისით (იხ. ტ. IV, ს.ფ. 118-119).

32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 07 ივნისს განხორციელდა არასრულწლოვანთან გასაუბრება. გასაუბრებისას მან კატეგორიული უარი განაცხადა მამის ნახვაზე (იხ. 07.06.2019წ. სხდომის ოქმი 17:50:11-17:50:50სთ; 17:58:52-17:59:44სთ);

33. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: ყოველი თვის პირველ შაბათს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

34. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი და მამას საქართველოში ყოფნისას არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი თვის პირველ შაბათს, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით არაუმეტეს ერთი წლისა, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

35. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 და 15-26 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

36. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 04.04.2018წ. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტი), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 08.11.2017წ. დასკვნას (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი) და საქართველოს საერთაშორისო სკოლის - „ახალი სკოლის“ ფსიქოლოგ-კონსულტანტის წერილობით განმარტებას (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტი).

37. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა "ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1198-ე და 1202-ე მუხლებით და განმარტა, რომ მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, გამოდის ბავშვის ინტერესებიდან და ითვალისწინებს მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, პირად დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ თუ ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საყურადღებოა არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ფსიქოლოგთა მოსაზრებები და რეკომენდაციები, ასევე, მისი ასაკი და დედის მიმართ მიჯაჭვულობა. წარდგენილი დასკვნებიდან გამომდინარე, აუცილებელია ბავშვსა და მამას შორის ჯანსაღი, ნორმალური ურთიერთობის დამყარება. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა.

38. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა და დაადგინა არასრულწლოვნის მამასთან ურთიერთობის წესი. მან მართებულად გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. ბავშვს ორივე მშობელთან აკავშირებს მიჯაჭვულობა, თუმცა მოცემულ ეტაპზე იგი მეტ მიჯაჭვულობას დედის მიმართ ავლენს. ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის, რაც წარმოადგენს დამცავ ფაქტორს ბავშვის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული გარემოება თავის ჩვენებაში ნათლად და გარკვევით დააფიქსირა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგმა. უმთავრესია, მამის მხრიდან გარკვეული ქმედებების განხორციელების აკრძალვა, რაც ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახდენს უარყოფით გავლენას, როგორიც არის ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნის გარეთ გაყვანის მცდელობა და, ასევე, ვიდეოჩანაწერის გაკეთება, ან ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმე ფრაზის წარმოთქმის იძულება, მეორე მშობლის წინააღმდეგ განწყობის ჩამოყალიბება და სხვა.

39. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნებისა და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების, ასევე, სააპელაციო სასამართლოში არასრულწოვნის, ფსიქოლოგისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიციების გათვალისწინებით, არ გამოიკვეთა მოსარჩელისათვის შვილთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება. უფრო მეტიც, მეურვეობისა და მზურნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მამასა და შვილს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი პერიოდით წყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბავშვზე და მისთვის აღნიშნული ფაქტი მატრავმირებელიც კი აღმოჩნდეს.

40. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი. მან მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი.

41. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

41.1. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ პირველ ინსტანციაში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები - ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დასკვნები. იგი დაეყრდნო ზედაპირული კვლევის შედეგებს - ფსიქოლოგ პ–ის 2018 წლის 04 აპრილის დასკვნას, რომელიც ერთი წლის წინ მომზადდა, ბავშვთან მხოლოდ ორი შეხვედრის შედეგად. ამ დასკვნის შედგენის შემდგომ ბევრი რამ შეიცვალა მამა-შვილის ურთიერთობაში;

41.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის წაყენებულ ულტიმატუმს, რომლის თანახმად, ბავშვი მამას ნახავდა, თუ მოსარჩელე თურქეთის სასამართლოში დაასრულებდა მოპასუხის წინააღმდეგ დავას;

41.3. ბავშვის გამოკითხვისა და ვიზუალური კონტაქტისას აშკარად იგრძნობოდა მასზე დედის გავლენა, რაც სპეციალისტებმაც აღნიშნეს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში ამაზე არ უმსჯელია.

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით წინამდებარე საქმეში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

47. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

48. კასატორის პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და დაეყრდნო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა" და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

50. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

51. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

52. აღნიშნული კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთაგან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

53. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

54. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორის არის არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

55. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი. კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (იხ. მაგ., Sahin v. Gernamy, 08.04.2003, §66; Krasicki v. Poland, 15.04.2014, §83).

56. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. ხოლო, 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

57. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

58. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, ბავშვთან კონტაქტის უფლება არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებული არის ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; ხოლო, მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისათვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

59. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, გაეცნო სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შპს „ფ–ას“ 2018 წლის 16 აგვისტოს და 2018 წლის 20 დეკემბრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს (იხ. ტ. IV, ს.ფ. 54-64, 67-70) და მოისმინა არასრულწლოვანთან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 07 ივნისის გასაუბრების ოქმი (იხ. 07.06.2019წ. სხდომის ოქმი).

60. საკასაციო სასამართლომ, ასევე, მოისმინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი ფსიქოლოგ ნ.გ–ის გამოკითხვის ნაწილში (იხ. 21.06.2019წ. სხდომის ოქმი). ფსიქოლოგის რეკომენდაციით ბავშვს უნდა ჰქონდეს მამასთან ურთიერთობა, თუმცა არა ყოველდღიური და ხშირი. ეს შეიძლება იყოს თვეში ერთხელ რამდენიმე საათიანი შეხვედრა, ღამე დარჩენით წაყვანის გარეშე, აუცილებლად ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის თანდასწრებით. ამგვარი წესით ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს სულ მცირე სამი თვე მაინც (იხ. 12:04:17:12:04:50სთ).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არამედ დაეყრდნო ფსიქოლოგ - ნ.გ–ის რეკომენდაციას მამა-შვილის შეხვედრის ფორმისა და ინტენსივობის განსაზღვრის თაობაზე; ასევე, გაითვალისწინა ბავშვის პოზიცია და შპს „ფ–ას“ 2018 წლის 16 აგვისტოს და 20 დეკემბრის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მამისათვის განსაზღვრული შვილთან ურთიერთობის წესი გამომდინარეობს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან და შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.

62. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

63. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

64. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-888-838-2015, 14 მარტი, 2016 წელი; №ას-440-2020, 13 აპრილი, 2021 წელი; №ას-434-2021; 30 ივლისი, 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

66. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ს–შის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ვ.ს–შს (თურქეთის მოქალაქის პ/ნ ......) დაუბრუნდეს ი.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2019 წლის 31 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი