Facebook Twitter

საქმე №ას-350-2020 21 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – დ.ნ–ძე, ი.ბ–ჩი, დ.ყ–ძე, ვ.კ–ვა, ო.ნ–ი, ს.ნ–ი, ი.ს–ძე, ა.გ–ი, ნ.ლ–ძე, ძ.დ–ე (ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა გ.ს–ის წევრები) (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ო–ძე, ნ.ჯ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემა, საავტორო უფლების მქონე პირისგან თანხმობის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ნ–ძეს, ი.ბ–ჩს, დ.ყ–ძეს, ვ.კ–ვას, ო.ნ–ს, ს.ნ–ს, ი.ს–ძეს, ა.გ–ს, ლ.შ–ძეს, ნ.ლ–ძეს, ძ.დ–ს (შემდეგში: მოსარჩელეები, ამხანაგობის წევრები, კასატორები) და ე.ო–ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი) შორის 2014 წლის 17 თებერვალს დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. გარიგების მიზანს წარმოადგენდა ოფიციალური სახელმწიფო ორგანოების მიერ შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტის შესაბამისად, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. მშენებლობის პროექტი მოიცავს მიწის სამუშაოებს, შენობის სრული კარკასის აღმართვას, ყველა აუცილებელი ცენტრალური კომუნიკაციების მიერთებას, შენობის ე.წ „თეთრი კარკასის“ მდგომარეობამდე მიყვანას, საერთო სარგებლობის ფართების მოპირკეთებას.

2. ამხანაგობის ყველა წევრი, პირველი მოპასუხის გარდა, ვალდებული იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით გადაეხადა კონკრეტული თანხა და ამხანაგობისთვის საკუთრებაში გადაეცა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესაბამისი წილი. პირველი მოპასუხის შენატანი განისაზღვრა სრული არქიტექტურული პროექტით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვით, ასევე პროექტის შესრულების სრული საორგანიზაციო, ფინანსური და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების სახით. აღნიშნული შენატანები უნდა მოხმარებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ამხანაგობის საერთო მიზნების განხორციელებას. მესამე პირებთან ურთიერთობის გამარტივებისა და იდენტიფიკაციის მიზნისთვის ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას ეწეოდა „გ.ს–ი“, ხოლო კენჭისყრის შედეგად ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ე.ო–ძე.

3. ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია მიწის სამუშაოების დასრულებიდან 9 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთრივ სამშენებლო სამუშაოების დასრულება. ამავე ხელშეკრულებაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოპასუხეს აშენებულ კორპუსში გადაეცემოდა ბინა: 133 კვ.მ, ტერასა 72.9 კვ.მ, აივანი 8.7 კვ.მ.

4. ამხანაგობის წევრებმა, რომლებსაც დარჩენილი ჰქონდათ შესატანი თანხები, 2016 წლის 22 აპრილის შეთანხმებით (შემდეგში: შეთანხმება), აიღეს ვალდებულება განეხორციელებინათ გადახდები წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 1 თვის პერიოდისა. ამავე შეთანხმებით, ამხანაგობის თავმჯდომარემ აიღო ვალდებულება, ბოლომდე შეესრულებინა ამხანაგობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და მიეყვანა მშენებარე კორპუსის სამუშაოები (სახურავის სამუშაოები, მოაჯირების მოწყობის და შეღებვის სამუშაოები, ბეტონის კედლების აღმართვა, მეზობლის მიჯნაზე და შიდა ეზოს შუა წელზე, სადაც ორი მიწის დონე ერთანეთს ესაზღვრება და ა.შ) დასასრულამდე, შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესასრულებლად ამხანაგობის წევრების მიერ შეტანილი სავალდებულო თანხები არ იქნებოდა საკმარისი, ამხანაგობის თავმჯდომარე იღებდა ვალდებულებას, საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო სამუშაოების შესრულება. პირველი მოპასუხის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადების დარღვევის შემთხვევაში, ამხანაგობის დანარჩენი წევრები უფლებამოსილნი იყვნენ განეკარგათ ამხანაგობის თავმჯდომარის წილი ამხანაგობაში, რათა უზრუნველეყოთ სამუშაოების შესრულება.

5. ამავე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2016 წლის 8 ივლისს ამავე მხარეებს შორის შედგა დამატებითი გარიგება, რომლითაც ამხანაგობის თავმჯდომარე იღებდა ვალდებულებას, ბოლომდე შეესრულებინა ამხანაგობის წინაშე ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 თვისა სრულად დაესრულებინა სამშენებლო სამუშაოები. შეთანხმებით დადგენილ ვადებში სრულად ან/და ერთ-ერთი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირველი მოპასუხე თანახმა იყო, 2014 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამხანაგობის მშენებარე შენობა-ნაგებობიდან კუთვნილი ფართის საკუთრებაში მიღების უფლება სრულად გადაეცა ამხანაგობის დანარჩენი წევრებისთვის. ამხანაგობის წევრებმა იკისრეს ვალდებულება ფართის რეალიზაციით მიღებული თანხიდან უზრუნველეყოთ შეუსრულებელი სამუშაოების დაფინანსება, ხოლო მათი შესრულების შემდგომ დარჩენილი თანხა დაებრუნებინათ პირველი მოპასუხისთვის.

6. პირველ მოპასუხესა და ნ.ჯ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, უფლების მიმღები აპელანტი) შორის, 2017 წლის 27 ოქტომბერს შედგა ხელშეკრულება, რომლითაც, პირველმა მოპასუხემ, 240 000 ლარის ვალის სანაცვლოდ მომავალი საკუთრების უფლება დაუთმო მეორე მოპასუხეს შემდეგ უძრავ ქონებაზე: ქ. თბილისი, ....... გასასვლელის მიმდებარედ საკადასტრო კოდი №......, ფართით 133 კვ.მ, ტერასა 72.9 კვ.მ, აივანი 8.7 კვ.მ.

7. პირველი მოპასუხის შენატანი ამხანაგობაში განისაზღვრა მის მიერ შედგენილი სრული არქიტექტურული პროექტით.

8. სარჩელის მოთხოვნა

8.1. მოსარჩელეებმა, წარდგენილი სარჩელით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული წილის უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ....... მიმდებარედ ს/კ №........., ფართით 133 კვ.მ, ტერასა 72.9 კვ.მ, აივანი 8.7 კვ.მ., საკუთრების უფლებით ამხანაგობისთვის გადაცემა მოითხოვეს.

8.2. მოპასუხეებს შორის დადებული საკუთრების უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს, აგრეთვე, პირველი მოპასუხისგან, არქიტექტურული პროექტის კორექტირებაზე თანხმობა მოითხოვეს.

9. მოპასუხეთა პოზიცია

9.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

10.1.1. ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით გადაეცა ამხანაგობას;

10.1.2. პირველი მოპასუხისგან გამოთხოვილ იქნა არქიტექტურული პროექტის კორექტირებაზე თანხმობა;

10.1.3. მოპასუხეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არსებული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა;

11. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.2. მეორე მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

12.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო იყო მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაში გამოვლენილი ნების განმარტება, შესაბამისად შესაფასებელი იყო, პირველი მოპასუხის ვალდებულების ფარგლები, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება დამოკიდებული იყო თუ არა ამხანაგობის სხვა წევრების მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესულებაზე, კერძოდ, პირველ მოპასუხეს მშენებლობა უნდა დაესრულებინა საკუთარი სახსრებით მხოლოდ მაშინ, როცა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ შესატანის შეტანის ვალდებულება იქნებოდა შესრულებული და თანხები მაინც არ იქნებოდა საკმარისი მშენებლობის დასასრულებლად, თუ მაშინაც, როცა დანარჩენ წევრთა მხრიდან სავალდებულო შენატანების შეტანის ვალდებულება არ იქნებოდა სრულად შესრულებული.

12.4. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ დათქმულ დროში ამხანაგობის ყველა წევრმა ვერ განახორციელა შენატანის შეტანა, სწორედ ამიტომ, პირობების კორექტირების მიზნით, გაფორმდა აღნიშნული შეთანხმება.

12.5. იმის გათვალისწინებით, რომ ვერც 2016 წლის 22 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები შესრულდა, ამხანაგობის წევრთა შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება, 2016 წლის 8 ივლისს, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებულ ყველაზე ბოლო ხელმოწერილ აქტს წარმოადგენს, სადაც გაწერილი იყო ვალდებულებები, აგრეთვე დაფიქსირებული იყო ამ შეთანხმების გაფორმების დროისთვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა, შესრულება/შეუსრულებლობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შეთანხმება, არსებული შეთანხმების ახალ პირობებად მიიჩნია.

12.6. ბოლო შეთანხმებით ირკვეოდა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებული იყო, თუმცა, გარკვეული სამუშაოები რჩებოდა შესასრულებელი.

12.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით დგინდებოდა, რომ მხარეთა შეთანხმებები, ორაზროვან მსჯელობას შეიცავდა, კერძოდ, ჯერ საუბარი იყო, რომ კონკრეტული პირის მიერ ამხანაგობის წინაშე დავალიანების არ გადახდა არ ათავისუფლებდა სხვა წევრებს, მათ შორის ამხანაგობის თავმჯდომარეს, აღებული ვალდებულებების შესრულებისგან, თუმცა, შემდეგ ცალსახად იყო მითითებული, რომ თუ სამუშაოების შესასრულებლად ამხანაგობის წევრების მიერ შეტანილი სავალდებულო თანხები არ იქნებოდა საკმარისი, ამხანაგობის თავმჯდომარე იღებდა ვალდებულებას საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო სამუშაოების შესრულება, ხოლო, აღნიშნული დამატებითი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, პირველი მოპასუხე დამატებით მიიღებდა სახურავის ფართობს, 145.8 კვ.მ.

12.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმებებისა და მათი პირობების ერთობლივი, სისტემური ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტების, ასევე, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრული განსჯის შედეგად დასაბუთებული იყო აპელანტის (პირველი მოპასუხის) მსჯელობა, რომ საკუთარი სახსრებით სამუშაოების შესრულების ვალდებულება წარმოეშობოდა ამხანაგობის წევრთა მიერ შენატანების სრულად განხორციელების შემდეგ და იმ შემთხვევაში თუ ასეთი შენატანები სამუშაოების შესასრულებლად საკმარისი არ იქნებოდა.

12.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობის შენატანის სრულად შეტანის ფაქტის დადასტურება, მოსარჩელეების მტკიცების საგანს წარმოადგენდა.

12.10. დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის დადებული ბოლო შეთანხმებისას ამხანაგობის წევრებს ფინანსური ვალდებულებები გააჩნდათ, ხოლო, აღნიშნულის შემდეგ, წევრებმა რომ სრულად შეიტანეს თანხები საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს ს.ნ–ს გადაუვადდა დარჩენილი დავალიანება, ხოლო, 2016 წლის 22 აპრილის შეთანხმების შემდეგ, მხოლოდ ერთმა წევრმა - ა.გ–მა შეიტანა 900 ლარი ამხანაგობის მიზნებისთვის.

12.11. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ამხანაგობაში შენატანების სრულად განხორციელების ფაქტის დადასტურება.

12.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან, მოსარჩელეების მოთხოვნა, მოპასუხეს საკუთარი სახსრებით დაესრულებინა მშენებლობა ამ ეტაპზე უსაფუძვლო იყო, თავად მოსარჩელეების მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებლობის გამო, ხელშეკრულების გასვლის საკითხზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა-არარსებობას აღარ შეამოწმებდა.

12.13. მოსარჩელეთა მოთხოვნა, მოპასუხისგან, როგორც პროექტზე საავტორო უფლების მქონე პირისგან, მშენებარე კორპუსის პროექტის კორექტირებაზე, თანხმობის გამოთხოვის შესახებ, უსაფუძვლო იყო, ამასთან, არ დასტურდებოდა რაიმე მტკიცებულებით ასეთი უარის გაცხადება, რითაც ამხანაგობის წევრებს ხელი ეშლებოდათ. გასათვალისწინებელი იყო თავად პირველი მოპასუხის განმარტება, რომ დაიწყო კიდეც პროექტის კორექტირება, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

12.13.1. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ პირველმა მოპასუხემ ჯერ კიდევ 2016 წელს თავად მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს პროექტში კორექტირების მოთხოვნით. საქმეში წარდგენილია სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 18.03.2016წ. გადაწყვეტილება, რომლითაც განაცხადი პროექტის კორექტირებაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კორექტირებულ პროექტში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები (ტ.2, ს.ფ.256-259). შესაბამისად, არ დგინდებოდა პროექტის კორექტირებისას მისი ავტორის მიერ თანხმობის გაუცემლობიდან მომდინარე ხელშეშლის ფაქტი. ამდენად, არ არსებობს პროექტის კორექტირებაზე თანხმობის გამოთხოვის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლომ, მეორე მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი საჩივრის განუხილველად დატოვება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

13.1. სარჩელში მოპასუხედ პირველ მოპასუხესთან ერთად დასახელებული იყო მეორე მოპასუხეც. მოსარჩელეთა ერთ-ერთი მოთხოვნა, მხარეთ შორის 2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული ვალის გაქვითვის სანაცვლოდ მომავალი საკუთრების უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა იყო, ამდენად, მეორე მოპასუხე სწორედ 27.10.2017წ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში წარმოადგენდა მოპასუხეს.

13.2. დადგენილი იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაკოლეგიის 25.09.2018წ. გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას იურიდიული შედეგი - ახალ მესაკუთრეზე საჯარო რეესტრში სათანადო სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება - არ მოყოლია. სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაზე „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სადავო გარიგების რეგისტრაციის და მის საფუძველზე მესაკუთრის ცვლილებისთვის საჭირო იყო ამხანაგობის წევრთა თანხმობები. სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო ამხანაგობის სახელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იურიდიული ინტერესი, რის გამოც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც, მეორე მოპასუხე სააპელაციო განხილვის სუბიექტს არ წარმოადგენდა, ხოლო, სააპელაციო საჩივრით, დასაბუთებული პოზიცია, რომ სარჩელი სხვა მოთხოვნებთან მიმართებით გასაჩივრების ღირსი ინტერესი და უფლებრივი შემხებლობა ჰქონდა არ დასტურდება.

14. მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი

14.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

14.2. კასატორების განმარტებით, პირველი მოპასუხის გარდა, ამხანაგობის ყველა წევრი ვალდებული იყო შეთანხმებით განსაზღვრული მიზნებისთვის შენატანები განეხორციელებინა, აგრეთვე, ამხანაგობისთვის საკუთრებაში გადაეცათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ხოლო, პირველი მოპასუხე ვალდებული იყო, მოემზადებინა არქიტექტურული პროექტი, მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვის მიხედვით განეხორციელებინა სამშენებლო და მასთან დაკავშირებული, ასევე, ფინანსური და საზედამხედველო სამუშაოები.

14.3. კასატორების განმარტებით, პირველმა მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა თავისი ვალდებულებები, რის გამოც შენობას დასჭირდა გამაგრება, რამაც ავტომატურად გაზარდა ფინანსური ხარჯებიც. კასატორების განმარტებით, შენობა, რომ პროექტით განსაზღვრული პარამეტრების დარღვევით აშენდა, ადასტურებს თავად მოპასუხის განმარტებაც, რომლის მიხედვითაც, თავდაპირველად განსაზღვრული 2090 კვ.მ-ის ნაცვლად, აშენებული შენობის მთლიანი ფართი 2 300 კვ.მ-ს შეადგენდა.

14.4. კასატორების მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია პროექტის კორექტირებაზე, მოპასუხისგან თანხმობის გამოთხოვაზე უარის თქმის თვალსაზრისითაც.

14.5. კასატორებმა, დამატებით, საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვეს. კასატორების განმარტებით, პირველ და მეორე სასარჩელო მოთხოვნებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, რადგანაც, პირველი მოპასუხე, ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო გარიცხულია ამხანაგობის წევრობიდან, მისი წილი უძრავი ქონება კი გადაეცა მოსარჩელე ამხანაგობას, რომელმაც, სამუშაოების დასრულების მიზნით გაასხვისა დასახელებული ქონება. ამდენად, კასატორების განმარტებით აღარ არსებობდა დავის საგანი, რის გამოც უნდა შეწყვეტილიყო საქმისწარმოება.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივრით დაუსაბუთებლადაა მიჩნეული გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ არასწორად დადგინდა მხარეთა შორის დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებული ფაქტობრივი მდგომარეობა და არასწორადაა მიჩნეული, რომ ამხანაგობის წევრებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი, რის გამოც არ არიან უფლებამოსილი მოპასუხისგან მოითხოვონ შესაბამისი შესრულება.

19. საკასაციო სასამართლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე და მსჯელობაზე მიუთითებს, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებსა და 12.3-13.2 ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებულ ამხანაგობის საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების შესახებ, კვლავ დაიდო ახალი შეთანხმებები, საიდანაც, ბოლო, 2016 წლის 8 ივლისს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც:

19.1. ვინაიდან მოპასუხის მიერ 2014 წლის 17 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შესრულდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ამხანაგობის წევრთა 22.04.2016წ. შეთანხმებით განისაზღვრა ამხანაგობის წევრთა დამატებითი შენატანის ვადა, ასევე დამატებითი ვადა ამხანაგობის იმ წევრებისთვის, ვისაც გააჩნდა დავალიანება ამხანაგობის წინაშე, ასევე მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და აღიშნული სამუშაოების შესრულების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად ამხანაგობის წევრების მიერ სავალდებულოდ შესატანი თანხები არ იქნებოდა საკმარისი, მოპასუხე იღებდა ვალდებულებას - საკუთარი სახსრებით უზრუნველეყო დამტკიცებული პროექტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება;

19.2. ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის 22 აპრილის შეთანხმების შესრულება ვერ მოხდა როგორც ამხანაგობის წევრების ნაწილის, ასევე თავმჯდომარის მხრიდან, ამხანაგობის წევრები დამატებით თანხმდებიან შემდეგზე: ამხანაგობის ის წევრები, რომლებსაც სრულად არ აქვთ გადახდილი ამხანაგობაში შესატანი თანხა ვალდებულნი არიან გადაიხადონ დავალიანება აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღისა;

19.3. თუ ამხანაგობის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ დავალიანება, ამხანაგობის წინაშე არ დაფარავენ დავალიანებას და ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები შესრულდება სხვა ამხანაგობის წევრის ფინანსების ხარჯზე, მაშინ ასეთი წევრები ამხანაგობაში საკუთარი წილით აგებენ პასუხს გადაუხდელი თანხის ნაწილში იმ წევრის მიმართ, რომელიც დაფარავს დავალიანებას. ამავდროულად, ამხანაგობის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იხსნის იმ წევრის მიმართ რომელმაც არ დაფარა დავალიანება. კონკრეტული პირის მიერ ამხანაგობის წინაშე დავალიანების არ გადახდა არ ათავისუფლებს ამხანაგობის სხვა წევრებს მათ შორის ამხანაგობის თავმჯდომარეს აღებული ვალდებულებების (სამუშაოების) შესრულებისგან;

19.4. ამხანაგობის თავმჯდომარე, მოპასუხე, იღებს ვალდებულებას ბოლომდე შეასრულოს ამხანაგობის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) თვისა სრულად დაასრულოს სამუშაოები, რომელთა ჩამონათვალიც ამომწურავად მიეთითა შეთანხმებაში, (ტ.1, ს.ფ.137). აქვე აღინიშნა, რომ გარკვეული სამუშაოები უნდა შესრულდეს პირველ სამ თვეში, ხოლო დანარჩენი სამუშაოებისთვის დამატებით განისაზღვრა ორი თვე;

19.5. მოპასუხე ასევე იღებს ვალდებულებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს კონსტრუქციული ექსპერტიზის მიერ აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და ასევე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შენობის გასამაგრებელი სამუშაოების დაფინანსება;

19.6. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთჩამოთვლილი სამუშაოების შესასრულებლად ამხანაგობის წევრების მიერ შეტანილი სავალდებულო თანხები არ იქნება საკმარისი, ამხანაგობის თავმჯდომარე იღებს ვალდებულებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება;

19.7. მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების წინამდებარე შეთანხმებით დადგენილ ვადებში სრულად ან/და ერთ-ერთი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხე თანახმაა, 2014 წლის 17 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამხანაგობის მშენებარე შენობა-ნაგებობიდან კუთვნილი ფართის საკუთრებაში მიღების უფლება სრულად გადასცეს ამხანაგობის დანარჩენ წევრებს თანაბრად;

19.8. ამხანაგობის წევრები იღებენ ვალდებულებას მოპასუხის ყოფილი საცხოვრებელი ფართის რეალიზაციის შემდგომი თანხიდან უზრუნველყონ შეუსრულებელი სამუშაოების დაფინანსება, ხოლო მათი შესრულების შემდგომ დარჩენილი თანხა დაუბრუნონ მოპასუხეს;

19.9. მოპასუხე პასუხისმგებელია ყველა იმ ფინანსური ტრანზაქციის თუ ოპერაციის მართებულობაზე, რომელიც განხორციელდა ან განხორციელდება მისი ამხანაგობის თავმჯდომარეობის პერიოდში. მოპასუხე იღებს ვალდებულებას საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს კორპუსის კოსმეტიკურ და ტექნიკურ ნაწილში აღმოჩენილი ხარვეზები (თუ ასეთები გამოწვეული იქნება მის მიერ შესრულებული უხარისხო სამუშაოებით) მშენებლობის დასრულებიდან 2 წლის მანძილზე (თუ ასეთის ღირებულება აღემატება 1000 ლარს);

19.10. მოპასუხე იღებს ვალდებულებას ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვიდან გამომდინარე და/ან მშენებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაიხადოს ამხანაგობისთვის დაკისრებული ნებისმიერი ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ შემდგომი დაჯარიმება გამოწვეული იქნება არქიტექტორის, ანუ მოპასუხის ბრალეული ქმედებით;

19.11. წინამდებარე ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცემა მისი ბინის თავზე მდებარე სახურავის ფართობი 145.8 კვ.მ. (ტ.1, ს.ფ. 136-140);

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული შეთანხმების მოცემული პირობების გათვალისწინებით, უდავოდაა დადგენილი მხარეთა ურთიერთმოვალეობები და უფლებები. დადგენილია, რომ ამხანაგობის გარკვეულ წევრებს სავალდებულო შენატანები არ გადაუხდიათ, ხოლო, მოპასუხის ვალდებულება, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სამუშაოების შესრულება სწორედ ასეთი სავალდებულო თანხების შეტანის შემდეგ, ამ თანხის უკმარისობის შემთხვევაში წარმოეშვება. განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ მითითებული შეთანხმების პირობებით, აგრეთვე, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრით დადგენილია, რომ მთლიანი ვალდებულების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ხოლო, დარჩენილი მცირე ნაწილიდან, გარკვეული თანხა, რომელიც ამხანაგობის წევრთა სავალდებულო შენატანს წარმოადგენს, არაა გადახდილი, ამდენად, მოპასუხის იძულება, რომ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სამუშაოების დასრულება, საპასუხო შესრულებამდე (იხ. სსკ-ის 369-ე მუხლი) დაუსაბუთებელია და არაა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით.

21. საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას პროექტის კორექტირების ნებართვის მოპასუხისგან გამოთხოვის თაობაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელეებს რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხისგან ასეთი ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ, არ წარმოუდგენიათ. მეტიც, თავად მოპასუხე განმარტავს, რომ თანახმა იყო ასეთი ცვლილების განხორციელების, ამასთან, დადგენილია, რომ 2016 წელს თავად პირველმა მოპასუხემ მიმართა პროექტის ცვლილების მოთხოვნით შესაბამის სამსახურს, რაზეც უარი მიიღო. ამდენად, პროექტის ცვლილების შესახებ, მოპასუხის უარის ფაქტი მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს რაიმე სახის მტკიცებულებით.

22. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელეების შუამდგომლობის პასუხად, რომ ორი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საკასაციო სამართალწარმოება, განმარტავს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული სამომავლო მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. საგულისხმოა, რომ ამ ნაწილში მოსარჩელეებს დასახელებული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. მეორე მოპასუხემ, წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, პრეტენზია აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზეც გამოთქვა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სააპელაციო მოთხოვნა განუხილველი დარჩა, რაც კერძო საჩივრის მეშვეობით შეიძლება გასაჩივრებულიყო, რომელიც არც მოპასუხეებს და არც მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დასახელებულ საკითხთან მიმართებით კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი არც გამხდარა (იხ. სსსკ-ის 266-ე მუხლი). რაც შეეხება, კასატორების მოთხოვნას, პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების, ამხანაგობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე, დაუსაბუთებელია, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს, სწორედ დასახელებული სადავო გარემოებები წარმოადგენს, ხოლო, ვინაიდან, დადგინდა, რომ მიმდინარე ეტაპზე, მოპასუხის ვალდებულების შესრულების ვადა არ დამდგარა საპასუხო შესრულების განხორციელებამდე, სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ კუთხით საქმის წარმოების შეწყვეტაზე, მეტიც, კასატორების მიერ მითითებული გარემოების - პირველი მოპასუხე გარიცხულია საზოგადოებიდან, ხოლო, მისი ქონება გადაეცა ამხანაგობას, რის გამოც ამ ნაწილში აღარ აქვთ სადავო საგანი, არსებობისას, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არათუ მოსარჩელეები, არამედ, მოპასუხე შეიძლება იყოს სასამართლო წესით მოთხოვნის წარმდგენი პირი, რაც განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ნ–ძის (.......), ი.ბ–ჩის (.........), დ.ყ–ძის (........), ვ.კ–ვას (.......), ო.ნ–ის (......), ს.ნ–ის (.....), ი.ს–ძის (.......), ა.გ–ის (......), ნ.ლ–ძის (.........), ძ.დ–ეს (......) (ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა გ.ს–ის წევრები) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. დ.ნ–ძეს, ი.ბ–ჩს, დ.ყ–ძეს, ვ.კ–ვას, ო.ნ–ს, ს.ნ–ს, ი.ს–ძეს, ა.გ–ს, ნ.ლ–ძეს, ძ.დ–ეს (ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა გ.ს–ის წევრები) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, დემნა მჭედლიშვილის (.......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 17 აგვისტო), 70% – 4 200 ლარი;

3. კასატორების შუამდგომლობა, საკასაციო საჩივარზე საქმისწარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: მ. ერემაძე

ლ. მიქაბერიძე