Facebook Twitter

საქმე №ას-1709-2019 4 ნოემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ა–ვი

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ბ.ვ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, ხელყოფის აღკვეთა და კონტრაფაქციული საქონლის განადგურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასაქონლო ნიშანი „ZEPTER“ საქართველოში დაცულია ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის ოქმით, საერთაშორისო რეგისტრაციის N683971, მოსარჩელის სახელზე, 21-ე კლასის ერთგვაროვანი საქონლისათვის, რომელსაც განეკუთვნება: საოჯახო და სამზარეულო ჭურჭელი და ჭურჭლეული (ძვირფასი ლითონებისა და მათი შენადნობებისაგან დამზადებულის ან მათით დაფარულის გარდა). ბოთლის გასახსნელები, ტორტის ასაღები ნიჩბები, ჩამჩები, სალათის მოსამზადებელი ჭურჭელი და სხვა, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა კლასებს.

2. დასახელებული სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში მოსარჩელის სახელზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 23 ივნისის N17854 ბრძანებით.

3. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 9 სექტემბერს N25991 ბრძანებით, 10 დღით შეჩერდა მ.ა–ვის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიერ, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ნაწილი, ლითონის ქვაბების 212 კომპლექტი, ნიშანდებული სასაქონლო ნიშნით „ZEPTER“.

4. მოპასუხემ, სადავო საქონელი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კომპანია J.I.A. E.C. L -ს 2016 წლის 3 მაისს შეუკვეთა.

5. კომპანია „ფ. ბ.ვ.“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, სასაქონლო ნიშნის მფლობელი) 2017 წლის 10 ოქტომბერს სასაქონლო ნიშანზე - „ZEPTER“ საერთაშორისო რეგისტრაციის ვადა 10 წლით გაუგრძელდა.

6. სარჩელის მოთხოვნა

6.1. მოსარჩელე კომპანიამ, წარდგენილი სარჩელით, მოპასუხისთვის სადავო საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის და მისი, აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენების აკრძალვა და კონტრაფაქციული საქონლის მოსარჩელის ხარჯით განადგურება მოითხოვა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა, მოსარჩელის კუთვნილი სადავო სასაქონლო ნიშნის და მის აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, დადგინდა, მოსარჩელის ხარჯით, სადავო საქონლის განადგურება.

9. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

9.1. მოპასუხემ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის პრეტენზიით მისთვის უცნობი იყო სადავო სასაქონლო ნიშნის არსებობის შესახებ, 2016 წლის მაისში, საქონლის შეკვეთისას, სადავო ნიშანი რეგისტრირებული არ ყოფილა, რის გამოც მისი საქონელი არ შეიძლება კონტრაფაქციულად ჩათვლილიყო.

10.4. სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგომ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-1285-1223-2014).

10.5. საქონლის კონტრაფაქციულობის მტკიცების ტვირთის გადანაწილება უკავშირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ინსტიტუტს. განსაკუთრებული უფლების მქონე პირი თავისი უფლებებს სასაქონლო ნიშანზე ადასტურებს რეგისტრაციის მოწმობით, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი (მაგ., რომ ეს უფლება მოსარჩელეს არ წარმოეშვა) ეკისრება მოპასუხეს. აღნიშნულზე მიუთითებს ისიც, რომ რეესტრში რეგისტრირებული უფლება დაცულია როგორც საერთაშორისო კონვენციებით, ისე ქვეყნის შიდა კანონმდებლობით. შესაბამისად, რეგისტრაციის ფაქტი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ რეგისტრირებული უფლების მქონე პირს წარმოეშვას საკუთარი „ქონების“ დაცვის უფლება...

10.6. სადავო არ იყო გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის N17854 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში სადავო სასაქონლო ნიშანი („ZEPTER“) დარეგისტრირდა 2016 წლის 23 ივნისს. შესაბამისად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს, როგორც განსაკუთრებული უფლების მქონე პირს, აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა სპეციალური კანონით გარანტირებული უფლებები. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ მოპასუხის კუთვნილი საქონლის ნაწილი, საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერდა 2016 წლის 9 სექტემბერს, ანუ მაშინ როდესაც სასაქონლო ნიშანი უკვე რეგისტრირებული იყო და დაცვის სამართლებრივ რეჟიმში იყო მოქცეული. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლებაზე.

10.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უნდა აეკრძალოს მოსარჩელის კუთვნილი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის „ZEPTER“, N683971 და მისი აღრევამდე მსგავსი ნიშნების გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის ასეთი ნიშნებით მარკირებული საქონლის იმპორტი, ექსპორტი, რეალიზაცია და დასაწყობება) იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც 1999 წლის 18 თებერვალს საქართველოში გავრცელებულია და დაცულია სასაქონლო ნიშანი N683971.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. დაუსაბუთებლად და არასწორადაა გამოყენებული საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რის გამოც არასწორად გადანაწილდა საქონლის კონტრაფრაქციულობის მტკიცების ტვირთი. მისი მტკიცებით, საქონლის შეკვეთისას სადავო სასაქონლო ნიშანი არ იყო რეგისტრირებული, რაც გამორიცხავდა საქონლის კონტრაფრაქციულობას.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ დავაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ უდავო იყო, სადავო საქონელზე, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი იყო გამოყენებული, რაც იწვევდა მათ აღრევას მომხარებლის თვალში და ზიანს აყენებდა მოსარჩელეს.

17. კასატორი სადავოდ ხდის გარემოებას, რომ სადავო სასაქონლო ნიშანი, საქონლის შეკვეთის დროისთვის არ წარმოადგენდა რეგისტირებულ და ამდენად, დაცულ სიკეთეს, რომელიც გამორიცხავდა მისი მხრიდან ამ ნიშნით გამოსახული საქონლით სარგებლობას სხვადასხვა სახით, საქართველოს ტერიტორიაზე.

18. საკასაციო სასამართლო დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას არც სადავო საქონლის კონტრაფაქციულობის, ასევე არც ამავე საკითხზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესახებ და საპასუხოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც სადავო სასაქონლო ნიშანი მოსარჩელე კომპანიაზე რეგისტრირებულია 1997 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო იქვეა განმარტებული, რომ რეგისტრაციის ვადის გაგრძელების ამოწურვის სავარაუდო თარიღია 2017 წლის 29 ოქტომბერი. ამდენად დადგენილია, რომ კასატორის პრეტენზიის საპირისპიროდ, საქონლის შეკვეთისას, 2016 წელს, სადავო ნიშანი ჯერ კიდევ პირველადი რეგისტრაციის ვადით იყო მოსარჩელეზე რეგისტრირებული, ხოლო, 2017 წლის 10 ოქტომბერს კვლავ გაგრძელდა სადავო ნიშანზე, მოსარჩელის უფლების მოქმედების ვადა.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა; ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება; გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი; დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს; ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

20. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მითითების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მესამე პირის მხრიდან განსაკუთრებული უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე მსგავსი სასაქონლო ნიშნისა და მსგავსი საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება და ამ მსგავსების შედეგად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი მოპასუხეს სადავო სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელის უფლების ნამდვილობა უნდა გაებათილებინა.

21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაძლია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, რადგანაც სასამართლოში წარადგინა მისი უფლების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის გაცემული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, საპირისპიროდ კი მოპასუხეს რაიმე ვარგისი მტკიცებულება, მოსარჩელის უფლების ნამდვილობის გამოსარიცხად არ წარუდგენია, არც ისეთი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომელიც გამორიცხავდა სადავო საქონლისა და მოსარჩელის საქონლის აღრევამდე მსგავსებას.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ა–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. მ.ა–ვს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 მარტი), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსარმართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე