საქმე № ა-4230-შ-122- 2021 25 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი,
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ს–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–ი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - ესპანეთის, ბასკური ავტონომიური თემის, ბარაკალდოს ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 14.09.2020 წლის გადაწყვეტილება N31/2020
დავის საგანი - მშობლის უფლების ექსკლუზიურად განხორციელება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ესპანეთის, ბასკური ავტონომიური თემის, ბარაკალდოს ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 08.02.2018წ. N3/2018 გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ქალიშვილის ე.ბ–ის (დაბადებული 04.12.2012წ.) მეურვეობა და მზრუნველობა მიეკუთვნა დედას, მ.ს–ს, დადგინდა ბავშვზე ორივე მშობლის უფლებამოსილება. გადაწყვეტილებით განისაზღვრა მამის ვიზიტების რეჟიმი, ალიმენტის გადახდის საკითხი, მშობლებს შორის არასრულწლოვნის აუცილებელი ხარჯების განაწილების წესი, ასევე ეროვნული ტერიტორიიდან ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ორივე მშობლის თანხმობის საჭიროება.
2. ესპანეთის, ბასკური ავტონომიური თემის, ბარაკალდოს ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 14.09.2020წ. N31/2020 გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება") შეიცვალა იმავე სასამართლოს 08.02.2018წ. N3/2018 გადაწყვეტილებით დადგენილი მშობლებთან დაკავშირებით შეთანხმებული ზომები.
3. 13.09.2021წ. მ.ს–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2021წ. განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს 01.11.2021 წელს, თუმცა მას შუამდგომლობასთან დაკავშირებით პოზიცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით შეიცვალა იმავე სასამართლოს 08.02.2018წ. N3/2018 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მშობლებთან დაკავშირებით შეთანხმებული ზომები, კერძოდ: არასრულწლოვანი ქალიშვილის ე.ბ–ის (დაბადებული 04.12.2012წ.) მიმართ დ.ბ–ის სასარგებლოდ დადგენილი ურთიერთობებისა და ვიზიტების რეჟიმი გამოცხადდა შეჩერებულად, დედას - მ.ს–ს მიეკუთვნა მშობლის უფლების ექსკლუზიურად განხორციელების უფლებამოსილება მის ქალიშვილზე.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, განჩინება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ს–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ესპანეთის, ბასკური ავტონომიური თემის, ბარაკალდოს ქალთა მიმართ ძალადობის სასამართლოს 14.09.2020 წლის გადაწყვეტილება N31/2020, რომლითაც არასრულწლოვანი ქალიშვილის ე.ბ–ის (დაბადებული 04.12.2012წ.) მიმართ დ.ბ–ის სასარგებლოდ დადგენილი ურთიერთობებისა და ვიზიტების რეჟიმი გამოცხადდა შეჩერებულად, დედას - მ.ს–ს მიეკუთვნა მშობლის უფლების ექსკლუზიურად განხორციელების უფლებამოსილება მის ქალიშვილზე.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
რევაზ ნადარაია