Facebook Twitter

საქმე №ას-999-2021 02 დეკემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ო–ძე, გ.თ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ.ო–ძემ (შემდგომში – მოსარჩელე) და გ.თ–ამ (შემდგომში – მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ლ.ჩ–ას (შემდგომში – მოპასუხე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს( შემდგგომში - მეორე მოპასუხე, სამინისტრო) და ს.თ–ას (შემდგომში – მოვალე) მიმართ და მოითხოვა, ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 9 თებერვალს სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული №2/2222-2012 სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო საქმე A130115388), სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული №2/2222-2012 სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო საქმე A13018901); საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული აბ 000174216 სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო საქმე A16012339) საფუძველზე მოვალის ქონებისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები: ტელევიზორი „ORVICASTAR“ პატარა ზომის პლაზმური (შეფასებული 200 ლარად); მაცივარი „BEKO“, ორკამერიანი, თეთრი (160 ლარის ღირებულების); ყავისფერი ნაჭრის სამეული, 1 კომპლექტი, (160 ლარის ღირებულების); ზალის კედელი, მუქი ფერის, ხუთგანყოფილებიანი, დიდი ზომის (500 ლარის ღირებულების); ყავისფერი ოვალური მაგიდა (150 ლარის ღირებულების); ხის სკამი, 6 ცალი გადაკრული ნაჭრით, 1 ცალი – 20 ლარის, სულ – 120 ლარის ღირებულების; რბილი სამეული, მუქი ფერის ტყავის ელემენტებით, 1 კომპლექტით (100 ლარის ღირებულების); თეთრი ფერის 5 კგ-იანი სარეცხი მანქანა „indesi t“, (1 ცალი – შეფასებულია 200 ლარად); ტელევიზორის მაგიდა შავი ფერის ერთი მინის კარით (შეფასებული 40 ლარად).

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეებმა მიუთიტეს, რომ ცხოვრობენ აბაშაში. სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის №2/222-2012 გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრა 10000 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟის სახით მასვე დაეკისრა 257.44 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული აბ000174216 სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ჯარიმა – 1365 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. 2018 წლის 9 თებერვალს სააღსრულებო ბიუროს მიერ მეორე მოპასუხის ვალის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლში აღიწერა და დაყადაღდა სადავო მოძრავი ნივთები. აღნიშნული ნივთები არ წარმოადგენენ მეორე მოპასუხის საკუთრებას. „ORVICASTAR-ის“ ფირმის პატარა ზომის პლაზმური ტელევიზორი (შეფასებული 200 ლარად) შეძენილია მეორე მოსარჩელის დედის მიერ 2015 წლის 31 დეკემბერს. 160 ლარის ღირებულების „BEKO-ს“ ფირმის თეთრი ორკამერიანი მაცივარი და ყავისფერი ნაჭრის რბილი სამეული 2016 წელს შეიძენა მოსარჩელემ კონკრეტული ფიზიკური პირისგან. ნაჭრის სამეული ტყავის ელემენტებით (შეფასებული 160 ლარად), ხის სკამი 6 ცალი (შეფასებული 120 ლარად), „ზალის კედელი“ შეფასებული 500 ლარად და 2015 წლის 5 მაისს ოვალური მაგიდა (შეფასებული 150 ლარად) მოსარჩელეს აჩუქა დედამ მზითვის სახით, როცა მას შეეძინა შვილი. ტელევიზორის მაგიდა მოსარჩელეს ასევე აჩუქეს დაბადების დღეზე 2016 წლის 15 ოქტომბერს. 5 კგ-იანი თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „indesi t“ (შეფასებული 200 ლარად) მოსარჩელეს აჩუქა მეორე მოსარჩელის სიძემ, რომელსაც, თავის მხრივ, შეძენილი ჰქონდა 2011 წლის 24 დეკემბერს. 2011 წლიდან მეორე მოპასუხე არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირი რეგისტრირებულია მისამართზე, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მოსარჩელეებმა აგონ პასუხი მეორე მოპასუხის ვალის გამო, როდესაც მას არ გააჩნია არავითარი უფლება დაყადაღებულ ქონებაზე. მოძრავი ნივთების დაყადაღების დროს მოსარჩელეებმა განაცხადეს პრეტენზია ქონების მიმართ, რაც ასახულია აქტში. დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას, შესაბამისად, მათზე ყადაღა უნდა მოიხსნას.

მოპასუხის პოზიცია:

3. მეორე მოპასუხემ (სამინისტრომ) სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მეორე პუნქტის დანაწესის მიხედვით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღსრულება არ იწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც მითითებული უწყების მიმართვის საფუძველზე მიუღია სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 85-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.

4. მოპასუხის განმარტებით, მოვალეს მის სასარგებლოდ ნამდვილად დაეკისრა 10000 ლარის გადახდა. ყადაღადადებული ქონება არ წარმოდგენს მოსარჩელეთა პირად საკუთრებას. სახლი, სადაც მოხდა სააღსრულებო წარმოებათა გათვალისწინებული მოქმედება, წარმოდგენს მოვალის მშობლიურ სახლს. იგი წლების განმავლობაში რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე, შესაბამისად, დაყადაღებული ქონება არის მისი საკუთრება.

5. მოვალემ შესაგებლით სარჩელი ცნო და განმარტა, რომ დაყადაღებული არცერთი ნივთი არ წარმოდგენს მის საკუთრებას. 2010 წელს იქორწინა და 2011 წლიდან ცხოვრობს მეუღლის საცხოვრებელ სახლში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. სენაკის რაიონული სასამართლოს აბაშის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 9 თებერვალს A130115388, A13018901 და A 16012339 სააღსრულებო საქმეების საფუძველზე მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები, კერძოდ: „BEKO-ს“ ფირმის ორკამერიანი თეთრი ფერის მაცივარი (160 ლარის ღირებულების), ყავისფერი ნაჭრის სამეული (160 ლარის ღირებულების), „ზალის კედელი“, მუქი ფერის, ხუთგანყოფილებიანი, დიდი ზომის, ერთი კომპლექტი (500 ლარის ღირებულების), ყავისფერი, ოვალური მაგიდა (150 ლარის ღირებულების), ხის სკამი გადაკრული ნაჭრით, ექვსი ცალი, 1 ცალი – 20 ლარის ღირებულების, სულ – 120 ლარის ღირებულების, რბილი სამეული, მუქი ფერის ტყავის ელემენტებით, 1 კომპლექტით, 100 ლარის ღირებულების, დანარჩენ ნაწილში სარჩელში არ დაკმაყოფილდა, რაც მეორე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული №2/222-2012 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე №A130115388 სააღსრულებო საქმეზე.

9. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემულ №2/222-2012 სააღსრულებო ფურცელზე, სააღსრულებო საქმე №A13018901.

10. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული აბ 000174216 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო საქმე A16012339.

11. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის მეორე მოპასუხე, ხოლო კრედიტორები არიან სახელწიფო ბიუჯეტი და მოპასუხე.

12. 2018 წლის 9 თებერვალს დაყადაღდა მოძრავი ნივთები: „ORVICASTAR-ის“ ფირმის პატარა ზომის პლაზმური ტელევიზორი (შეფასებული 200 ლარად); „BEKO-ს“ ფირმის ორკამერიანი თეთრი ფერის მაცივარი (160 ლარის ღირებულების); ნაჭრის ყავისფერი სამეული 1 კომპლექტი (160 ლარის ღირებულების); „ზალის კედელი“, მუქი ფერის, ხუთგანყოფილებიანი, დიდი ზომის, ერთი კომპლექტი (500 ლარის ღირებულების); ყავისფერი ოვალური მაგიდა (150 ლარის ღირებულების); ხის სკამი, გადაკრული ნაჭრით, ექვსი ცალი, 1 ცალი – 20 ლარის ღირებულების, სულ 120 ლარის ღირებულების; რბილი სამეული, მუქი ფერის ტყავის ელემენტებით (100 ლარის ღირებულების); სარეცხი მანქანა „indesit“ თეთრი ფერის 5 კგ-იანი (შეფასებული 200 ლარად); შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ერთი მინის კარით (შეფასებული 40 ლარად).

13. არსებული მდგომარეობით სადავო ნივთები არ არის რეალიზებული და სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონის დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.

14. სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მეორე მოპასუხის საკუთრებას, არამედ წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას. მოწმის ჩვენების მიხედვით, მან ოჯახიდან 2016 წელს 500 ლარად გაყიდა მუქი ყავისფერი ნაჭრის დივანი, ორი ცალი სავარძელი ზოლებში და „ბეკოს“ ფირმის პატარა მაცივარი. მყიდველი იყო მოსარჩელე. მეორე მოწმის მიხედვით, მოსარჩელე არის მისი შვილი, მეორე მოსარჩელე კი, – მისი სიძე. მისაღები ოთახის მოწყობილობა, კერძოდ, „ზალის“ ყავისფერი „კედელი“, ექვსი ცალი სკამი, მაგიდა, ტყავის სამეული – დივანი, ორი ცალი სავარძელი, შეიძინა ქ. ქუთაისში 4 წლის წინ 1100 ლარად და შვილიშვილის დაბადების აღსანიშნავად აჩუქა თავის ქალიშვილს; მესამე მოწმის ჩვენების თანახმად, მოსარჩელეები არიან მისი მეზობლები. მისთვის ცნობილია, რომ მაცივარი და დივანი თ–ამ შეიძინა ვინმე ი–გან. ტელევიზორის მაგიდა აჩუქა მამიდაშვილმა. ასევე, მისთვის ცნობილია, რომ დედამ ოჯახს საჩუქრად მოუტანა „ზალის კედელი“, მაგიდა, სკამები, ტყავის მდივანი. მოწმის ჩვენებით, მეორე მოპასუხე ცხოვრობდა აბაშაში, მაგრამ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა. მოწმის ჩვენების თანახმად, მისთვის ცნობილია, რომ მეორე მოპასუხე ცხოვრობდა მამისეულ ოჯახში მას შემდეგ, რაც დაქორწინდა მცირე ხანში გადავიდა საცხოვრებლად მეუღლის ოჯახში; მოწმის ჩვენების მიხედვით, იგი არის მოპასუხის დედა. მეორე მოპასუხის მეუღლის ოჯახს იცნობს ორი წლიდან, რადგან მისი დის ნათლიის ოჯახია. სადავო ქონება წარმოდგენს როგორც მეორე მოსარჩელის, ასევე, მეორე მოპასუხის ქონებას.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1 და 32.2 მუხლებიდან. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32.1-ე მუხლით, სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, სსსკ-ის 105-ე მუხლით და მართებულად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებული ნივთების ნაწილზე. ამავდროულად, სასამართლომ სწორად განმარტა, რომ სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012).

17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელიც სადავოდ არ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მის სამართლებრივ შეფასებას, აპელანტი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მხოლოდ იმ არგუმენტზე მიუთითებდა, რომ მოცემულ დავაში იგი არასათანადო მოპასუხეა. შესაბამისად, პალატამ სააპელაციო პრეტენზიას განიხილა მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და არ გაიზიარა აპელანტის ზემოაღნიშნულ პოზიცია, რამდენადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ, სხვისი ვალების გამო, აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ მესამე პირის სარჩელის სასამართლოში აღძვრისას, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

18. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო: ა) სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული №2/222-2012 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, (სააღსრულებო საქმე A130115388), რომლის მიხედვით მოვალეა მეორე მოპასუხე, კრედიტორი კი – მოპასუხე. ამ უკანასკნელს აბაშის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია; ბ) სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული №2/222-2012 სააღსრულებო ფურცლის (სააღსრულებო საქმე A13018901) საფუძველზე, რომლის მიხედვით, მოვალეა მეორე მოპასუხე, ხოლო კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი; გ) საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული აბ 000174216 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, (სააღსრულებო საქმე A16012339), რომლის მიხედვით მოვალეა მეორე მოპასუხე, კრედიტორი – სახელმწიფო ბიუჯეტი.

19. ამდენად, უდავოა, რომ მოცემულ დავაში კრედიტორს წარმოადგენს სახელმწიფო, თუმცა არსებითია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას, ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს.

20. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟი ირიცხება სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.

21. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხსენებული დებულების მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

22. ამდენად, ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, ასევე, ჯარიმის სახით დაკისრებული თანხების სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს (შდრ. სუსგ: №ას-722-675-2017, 2017 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-779-994-08, 2009 წლის 23 თებერვლის განჩინება).

23. რაც შეეხება აპელანტის მიერ თავისი მსჯელობის სისწორის დასასაბუთებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე აპელირებას (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.), სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლოს არ დაუდგენია ფინანსთა სამინისტროს არასათანადოობა (განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა), ამასთან, დასახელებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოცემული საქმის ფაქტობრივი მოცემულობის იდენტური არ არის.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორმა მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, „თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკას ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების აღსრულებისას, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამ პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოს/პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია წარმოადგინოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული“.

26. კასატორმა მიიჩნია, რომ, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, აღსრულება არ იწარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აქვს გამოტანილი სასამართლოს აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის 85-ე მუხლით.

27. კასატორის მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 16 ივნისის №ას-168-162-2011 საქმეზე საკასაციო პალატამ სრულად გაიზიარა ანალოგიურ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უგულებელყო უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ ცნო არასათანადო მოპასუხედ.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

31. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემული №2/222-2012 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე №A130115388 სააღსრულებო საქმეზე.

32. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 11 მარტს გაცემულ №2/222-2012 სააღსრულებო ფურცელზე, სააღსრულებო საქმე №A13018901.

33. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული აბ 000174216 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სააღსრულებო საქმე A16012339.

34. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის მეორე მოპასუხე, ხოლო კრედიტორები არიან სახელწიფო ბიუჯეტი და მოპასუხე.

35. 2018 წლის 9 თებერვალს დაყადაღდა მოძრავი ნივთები: „ORVICASTAR-ის“ ფირმის პატარა ზომის პლაზმური ტელევიზორი (შეფასებული 200 ლარად); „BEKO-ს“ ფირმის ორკამერიანი თეთრი ფერის მაცივარი (160 ლარის ღირებულების); ნაჭრის ყავისფერი სამეული 1 კომპლექტი (160 ლარის ღირებულების); „ზალის კედელი“, მუქი ფერის, ხუთგანყოფილებიანი, დიდი ზომის, ერთი კომპლექტი (500 ლარის ღირებულების); ყავისფერი ოვალური მაგიდა (150 ლარის ღირებულების); ხის სკამი, გადაკრული ნაჭრით, ექვსი ცალი, 1 ცალი – 20 ლარის ღირებულების, სულ 120 ლარის ღირებულების; რბილი სამეული, მუქი ფერის ტყავის ელემენტებით (100 ლარის ღირებულების); სარეცხი მანქანა „indesit“ თეთრი ფერის 5 კგ-იანი (შეფასებული 200 ლარად); შავი ფერის ტელევიზორის მაგიდა ერთი მინის კარით (შეფასებული 40 ლარად).

36. არსებული მდგომარეობით სადავო ნივთები არ არის რეალიზებული და სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონის დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.

37. სამეგრელო ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არ წარმოადგენს მეორე მოპასუხის საკუთრებას, არამედ წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას.

38. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სასამართლოს სამინისტრო უნდა ეცნო არასათანადო მოპასუხედ.

39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ხასიათის ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირების პროცესში კონკრეტული სამართლის ნორმების საფუძველზე, ამ ურთიერთობის მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. სამართლის ნორმა (ნორმები) პირს უნდა ანიჭებდეს უფლებას, მოსთხოვოს ვალდებულ პირს, შეასრულოს სამართლებრივად განპირობებული აუცილებელი მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან (სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი). აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ყოველთვის წარუმატებელი იქნება, თუ არ არსებობს კანონის ნორმა, საიდანაც გამომდინარეობს ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურს (შდრ. სუსგ საქმე Nას-245-233-2017 6.06.2017).

41. აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს ერთგვაროვანი პრაქტიკისკენ, რომელიც დადგენილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე. ამ კატეგორიის დავების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება შემდეგნაირია: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ, მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში, მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (შდრ. სუსგ-ები №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018). სსკ-ის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ცალსახად დადგენილია, რომ ნივთზე მფლობელის უფლებამოსილების არამართლზომიერების მტკიცების ტვირთი უფლების შემცილებელს აწევს (სუსგ 6.02.2015წ. საქმე №ას-1202-1144-2014, 25.06.2012წ. ას-262-253-2012).

42. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავაზე დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნაწილი მოვალეს არ ეკუთვნის, არამედ მოსარჩელეთა საკუთრებაა, რის წინააღმდეგაც სამინისტროს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორის არგუმენტზე მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის შესახებ.

43. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეაფასებს კასატორის არგუმენტს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგო უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე №ას-168-162-2011, 16.06.2011წ.). მითითებული საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა იმის გამო, რომ დადგენილიყო სათანადო მოპასუხეს სახელმწიფოს სახელით წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტრო, თუ პროკურატურის ორგანოები. აღნიშნული განპირობებული იყო კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებებით, რასაც მოცემულ საქმესთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

44. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის პოზიციაზე, მისი არასათანადო მოპასუხედ ცნობის შესახებ, არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტკიტა, კერძოდ, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ მესამე პირის სარჩელის სასამართლოში აღძვრისას, სარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სადავო მოძრავ ნივთებს ყადაღა დაედო წინამდებარე განჩინების 31-33 პ.-ებში დასახელებული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით. როგორც ზემოთ მიეთითა, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, კრედიტორები არიან სახელწიფო ბიუჯეტი და მოპასუხე. ამდენად, ერთ-ერთი კრედიტორი სახელმწიფოა, თუმცა არსებითი იმის განსაზღვრაა, თუ კონკრეტულად რომელი სახელმწიფო ორგანო ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში და ამ ფუნქციის განხორციელებისას, ვინ წარმოადგენს სახელმწიფოს. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. სახელმწიფო ბაჟი ირიცხება სახაზინო სამსახურის შესაბამის ანგარიშებზე, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. ამავე დებულების მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთი ფუნქციაა სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება. ხსენებული დებულების მე-3 პუნქტი კი ადგენს, რომ თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს. ნათელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახაზინო ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება და მათი ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახაზინო ანგარიშზე განთავსებასთან დაკავშირებულ დავებში იგი სათანადო მოპასუხედ უნდა ჩაითვალოს (შდრ. სუსგ: №ას-722-675-2017, 2017 წლის 31 ივლისი; №ას-1951-2018, 2020 წლის 21 მაისი, პ.17-18).

45. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე