Facebook Twitter

01 დეკემბერი 2021 წელი

საქმე №ას-1250-2021 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შ.პ.ს. „ნ–ი“

მოწინააღმდეგე მხარეები _ შ.პ.ს. „პ .“, შ.პ.ს. „ბ-ე-ს დ–ა“, შ.პ.ს. „ ბ-ე-ს გ–ი“, ლ.მ–ი, ა.წ–ი, ხ.ა–ძე, ნ.გ–ვი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება _ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „ნ–იმ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) წარადგინა სარჩელი შ.პ.ს. „პ .“-ის, შ.პ.ს. „ბ-ე-ს დ–ას“, შ.პ.ს. „ ბ-ე-ს გ–ის“, ლ.მ–ის, ა.წ–ის, ხ.ა–ძისა და ნ.გ–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის - 1 709 000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 500000 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „პ.“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 709 000 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის მოთხოვნა შ.პ.ს. „ბ-ე-ს დ–ის“, შ.პ.ს. „ბ-ე-ს გ–ის“, ლ.მ–ის, ა.წ–ის, ხ.ა–ძისა, ნ.გ–ვის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 500 000 ლარის დაკისრების თაობაზე.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12 დღის ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. კერძოდ: საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს _ ე.პ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტომი 8, ს.ფ.470) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინება ჩაბარდა 2021 წლის 07 სექტემბერს (იხ. ხელწერილი ტომი 8, ს.ფ. 498).

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელის მიერ გასაჩივრებული განჩინების ჩაბარება განიხილება განჩინების უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედებათა განხორციელების საკმარისი საფუძველია.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

14. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, შ.პ.ს. ,,ნ–ი"-სათვის კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 08 სექტემბერს _ დასაბუთებული განჩინების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომდევნო დღეს და ამოიწურა 2021 წლის 20 სექტემბერს (ვადის გასვლის უკანასკნელი დღე _ 19 სექტემბერი დაემთხვა უქმე დღეს).

15. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შესულია 2021 წლის 22 სექტემბერს - გასაჩივრების ვადის დარღვევით (ტომი 8, ს.ფ. 499).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ნ–ი“-ს კერძო საჩივრი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „ნ–ი“-ს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი