Facebook Twitter

15 ნოემბერი, 2021 წელი,

№ას-891-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „თ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – თ.ყ–ი, ლ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა, უზრუნველყოფის საგნის გარდა აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ყ–სა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, მოვალე) და ლ.ბ–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სადავო ქონებაზე პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენისა და მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფის საგნის გარდა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე აღსრულების მიქცევის თაობაზე სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, კრედიტორი) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, მისი ელექტრონული ვერსიის, დავის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და სადავო ქონების ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა დაევალა.

4. აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით, 150-150 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მისი ელექტრონული ვერსია წარადგინა სააპელაციო სასამართლოში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტისა და 29 მარტის ხარვეზის განჩინებების ფარგლებში აპელანტს არაერთგზის დაევალა სადავო ქონების საბაზრო ღირებულების განმსაზღვრელი დოკუმენტისა და მისი 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოსთვის წარდგენა.

6. აპელანტის მოსაზრებით, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი არაქონებრივსამართლებრივ დავას წარმოადგენდა, რისი გათვალისწინებითაც მას სააპელაციო სასამართლოში სწორად ჰქონდა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინებების საპასუხოდ ხარვეზის აღმოფხვრილად მიჩნევა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის გამო, კრედიტორის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის წესთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა გამომდინარეობდა მოსარჩელის ქონებრივი ინტერესიდან - პირველი მოპასუხის მიმართ მატერიალური მოთხოვნის აღსრულების მიზნიდან. პალატის განმარტებით, 2012 წლის 9 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული №121095171 სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ჯამურად შეადგენდა 85 885.35 ლარს. ამდენად, მოსარჩელე დაინტერესებული იყო პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხულიყო თიანეთის რაიონში, სოფელ ზემო ........ მდებარე უძრავი ნივთი (ს/კ. ......), შემდგომში ამ ქონებიდან თანხის ამოსაღებად. შესაბამისად, პალატის განსჯით, აპელანტის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი უნდა გამოანგარიშებულიყო დავის საგნის -უძრავი ქონების ღირებულებიდან.

9. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მის გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

9.1. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველი დავა წარმოადგენს არაქონებრივ დავას, ვინაიდან მიზნად ისახავს უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენას და აპელანტს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მისი იურიდიული ინტერესია ჩუქების ხელშეკრულების ბათილობითა და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანით, ძველი მესაკუთრის (მოვალის) საკუთრებაში დაბრუნდეს სადავო უძრავი ქონება და აღსრულება განხორციელდეს პირველი მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ არაუზრუნველყოფილ (სხვა) ქონებაზე, რასაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ქონებრივი სარგებელი არ მოაქვს უშუალოდ აპელანტისათვის. მომჩივნის განმარტებით, კრედიტორის ინტერესია, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრის საკუთრებაში დაბრუნების შემდგომ, დავალიანების ამოსაღებად, იძულებითი აღსრულებისათვის გამოიყენოს უძრავი ქონება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესითა და ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან განსახილველი დავა არაქონებრივსამართლებრივ მოთხოვნათა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რომლის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი მას გადახდილი ჰქონდა. ამრიგად, კერძო საჩივრის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო მართლზომიერება.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.

13. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

14. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.

15. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის.

16. განსახილველ საქმეზე დავის საგანია უზრუნველყოფის საგნის გარდა აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღდგენა. საკასაციო პალატა ამ სასარჩელო მოთხოვნათა შინაარსის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის იურიდიულ ინტერესია სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე პირველი მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ამოღების აღსრულება. ამ უფლების რეალიზებას მოსარჩელე სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანასა და სასამართლოს ძალით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების თანადროულად მოვალის მატერიალურ აქტივში უძრავი ნივთის შენარჩუნებას უკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელით დაყენებული მოთხოვნის უკან მოსარჩელის ფინანსური ინტერესი დგას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურაღდებას მიაქცევს ერთგვაროვან სამოსამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, „საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე“ (იხ. სუსგ №ას-1155-1032-2010, 6 იანვარი, 2011 წელი). ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება განსახილველი დავის ქონებრივ ხასიათთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე კერძო საჩივრის ავტორის შედავებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

17. რაც შეეხება, უშუალოდ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, ამ საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით. საკასაციო პალატის მითითებით, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა წინამდებარე დავის გადაწყვეტა სასესხო დავალიანების ანაზღაურების აღსრულების მიზნით უზრუნველყოფის საგანთან ერთად აღსრულების მოვალის ნებისმიერ ქონებაზე გავრცელებასა და გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის გარანტიების შესაქმნელად მოპასუხეთა შორის ჩუქების საგანზე მოვალის საკუთრების უფლების აღდგენას და არა ქონების მოსარჩელისათვის მიკუთვნებას ემსახურება.

18. მსგავს საკითხზე მსჯელობისას, საკასაციო პალატამ ერთხელ უკვე განმარტა, რომ „არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ჩუქების ბათილად ცნობის მოთხოვნა, თავისი შინაარსით წარმოადგენს არაქონებრივ მოთხოვნას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას აღნიშნული მოთხოვნის ქონებრივ ხასიათთან დაკავშირებით, თუმცა მიიჩნევს, რომ განსახილველი შემთხვევა შინაარსობრივად ახლოს დგას ისეთ ვითარებასთან, როდესაც სარჩელით მოთხოვნილია სესხის (კრედიტის) დაბრუნება და იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევა. ასეთ შემთხვევაში კი, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება ხდება მხოლოდ ძირითადი მოთხოვნისათვის (სასესხო-საკრედიტო ფულადი ვალდებულება), რადგან დატვირთული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებას (შდრ. სუსგ საქმე Nას-499-2021; 29.06.2021წ).

19. პალატის განსჯით, როცა სადავოა არა სესხის დაკისრების თაობაზე კრედიტორის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა ან/და დასაბრუნებელი თანხის ოდენობა, არამედ კრედიტორს ეს უფლება მოპოვებული აქვს ლეგიტიმურად, მოვალესთან დავის წამოწყება კი, განპირობებულია ფულადი ვალდებულების შესრულებისგან მოვალის მიერ თავის არიდებით (ქონების გადამალვა, უზრუნველყოფის საგნის გასხვისება ან განადგურება და სხვა) და ემსახურება სესხის დაკისრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის მიღწევას, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების პრიმატით და მომჩივანისათვის სოლიდური ბაჟის დაკისრებით არ უნდა შექმნას ერთგვარი ფინანსური ბარიერი სამართალწარმოების უფლებით სარგებლობისათვის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ქონებრივი მოთხოვნის სამართლიან პროცესუალურ რეალიზებას, შესაძლოა ყველაზე უკეთ უზრუნველყოფდეს, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა პირობითი თანხით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ხომ არ გვაქვს სახეზე სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000) (შდრ. სუსგ საქმე Nას-499-2021; 29.06.2021წ).

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრის ნაწილში საფუძვლიანია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.ბ–ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ა. წულაძე