Facebook Twitter

1 დეკემბერი, 2021 წელი,

№ას-1123-2021 თბილისი,

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ალექსანდრე წულაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) - კ.ქ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) - მ.ქ–ძე

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, საპროცესო ხარჯის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ.ქ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მ.ქ–ძეს (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) 10 000 აშშ დოლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის - 600 ლარისა და 2020 წლის 12 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის, ყოველთვიურად - 229,87 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და შეგებებული სარჩელის მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა რუსთავში, …… მდებარე უძრავი ქონება(კოდი ……); შეგებებული სარჩელის მოპასუხეს ასევე დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 160 ლარის გადახდა; უძრავი ქონების სარგებლობის ღირებულების დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის განმარტებით, 2018 წლის 13 სექტემბერს მასსა და მოპასუხეს შორის სხვა დავის ფარგლებში შედგა მორიგება, რომლის შესაბამისად, მან იკისრა ვალდებულება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების სანაცვლოდ, მოპასუხისათვის გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი. კასატორის განმარტებით, მორიგების პირობების ფარგლებში მან 10 000 აშშ დოლარი გადაუხადა მოპასუხეს, თუმცა ვინაიდან თანხის სრულად გადახდა დათქმულ ვადაში ვერ შეძლო, უძრავი ქონება აუქციონზე გაიყიდა და მოპასუხემ შეიძინა. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ქონებიდან მისი გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და სასამართლოს შეგებებული სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

2.2. კასატორის მტკიცებით, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ადვოკატის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, მას არ უნდა დაჰკისრებოდა შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.

2.3. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა განსახილველ დავაზე არაერთი საპროცესო მოქმედება შეასრულა და საპროცესო დოკუმენტები შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანგარიშში დავის საგნის ღირებულების 4%-ის ანაზღაურება. კასატორი მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ღირებულების განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების საგანია და სასამართლოს მიერ ამ ხარჯის ნაწილობრივ, 1336 ლარის ნაცვლად - 600 ლარის ანაზღაურებით მოსარჩელის კანონიერი ინტერესი შეილახა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:

5.2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2020 წლის 12 მარტის N A19168891-012/001 განკარგულების თანახმად, შეგებებული სარჩელის ავტორმა 2020 წლის 2 მარტს საჯარო აუქციონზე 86 792 ლარად შეიძინა ქ. რუსთავში, ....... მდებარე მოსარჩელისა და მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (საკადასტრო კოდი: ......) მოსარჩელის ½ წილი და სადავო უძრავ ქონებაზე 2020 წლის 12 მარტიდან რეგისტრირებულია შეგებებული მოსარჩელის საკუთრების უფლება.

5.2.2. უძრავი ქონებას ფლობს შეგებებული სარჩელის მოპასუხე.

6. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

7. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 96), რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

8. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.

9. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ უძრავი ქონების მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს, სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის შეპირისპირება წარმოადგენს, შესაბამისად, მესაკუთრის სასარჩელო მოთხოვნის შესაგებლით გამორიცხვაც სწორედ ამ გარემოების წარმატებით მტკიცების რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ვინდიკაციური სარჩელის მოპასუხემ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა ამტკიცოს სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს, მის მიერ ქონების მართლზომიერად ფლობის სამართლებრივ საფუძვლებზე, ამ დავის ფარგლებში არ მიუთითებია, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

10. საკასაციო პლატის განსჯით, დაუსაბუთებელია იურიდიული მომსახურების ხარჯის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე კასატორის პრეტენზია. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 53.1-ე მუხლის დისპოზიცია (იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით) იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).

10.1. განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოპასუხემ თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო, შეგებებული სარჩელის დავის საგანს კი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს. შესაბამისად, დავის სირთულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გონივრული ოდენობის ფარგლებში დააკისრეს მოპასუხეს იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების უსაფუძვლობის თაობაზე კასატორის მტკიცებასაც. ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეგებებული მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია როგორც საადვოკატო მომსახურების შეთანხმება, ისე - საადვოკატო მომსახურების ღირებულების ნაწილობრივ (2000 ლარიდან 1200 ლარის) დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ.ს.ფ.103-104), თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა, არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება, სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად, მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილი იყოს სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

12. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 11391371915, გადახდის თარიღი 12.08.2021; საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 3.11.2021), 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კ.ქ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ–ძის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 11391371915, გადახდის თარიღი 12.08.2021; საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი 3.11.2021), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ა. წულაძე