19 ნოემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-597 -2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ხულოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი, შემკვეთი ან მერია) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვჩაურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება მ.ბ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან მენარდე) სასარგებლოდ 157 318,25 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის (მე-2 და მე-3 პუნქტები) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც - 105 117.60 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 1365 ლარის გადახდა დაეკისრათ მოპასუხის სასარგებლოდ, 508 კვ.მ ღირებულების - 44 000 ლარის ანაზღაურების უარყოფის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, დარჩენილი სამუშაოების (ბინების გამრიცხველიანება, ეზოსა და კიბის მოაჯირების მოწყობა), შესრულების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მოსარჩელეს, თუმცა საბოლოოდ სამუშაოები დსრულდა მათი ხარჯით (გამრიცხველიანება - 14 300 ლარი).
2.1. კასატორის მითითებით, მხარეთა შეთანხმებით თანხის გადახდის მეთოდიც განისაზღვრა, რომელიც გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე იყო დამოკიდებული, კერძოდ, მყიდველი ნასყიდობის საფასურს გარემონტებული ბინების ჩაბარებისას აანაზღაურებდა, მიუხედავად ამისა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მაინც დააკისრათ გაურემონტებელი ბინების საფასურის გადახდა.
2.2. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მანსარდული ტიპის სართულზე 1 კვ.მ -ის ღირებულება 1027 ლარით განესაზღვრა.
2.3 კასატორის მტკიცებით, საცხოვრებლად ვარგისია - 981.64 კვ.მ, შესაბამისად, სწორედ ამ ფართის ღირებულების გადახდა ეკისრებათ, რაც მათი მხრიდან ანაზღაურდა კიდეც.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის N65 განკარგულებით, დამტკიცდა სოციალურეკონომიკური პროგრამის - ,,დაბა ხულო ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლების გარეშე“ განხორციელების წესი, რომლის მიხედვით, მერიას დაევალა მოქალაქეებისათვის ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი სახლების სანაცვლოდ დაბა ხულოს ტერიტორიაზე საცხოვრებლად ვარგისი ფართების მოძიება, შეძენა და გადაცემა.
5.4. ხულოში, ..... მდებარე 508,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებლად ვარგისი 1000,80 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ს/კ-ით ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება), მოიძებნა რომლის მშენებლობას, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 5 იანვრის N01-06/03 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული N000072 სანებართვო მოწმობის საფუძველზე, ახორციელებდა მოსარჩელე.
5.5. 2017 წლის 13 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვით, უძრავი ნივთის, საცხოვრებლად ვარგისი გარემონტებული (ავეჯის გარეშე) 1. კვ.მ ღირებულება 1 027 ლარით განისაზღვრა (იხ. ლევან სამხარაულის სახხელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 ოქტომბრის #006234917 დასკვნა).
5.6. შეთანხმების გაფორმებისას ნასყიდობის საგანი შავი კარკასის მდგომარეობაში იყო.
5.7. ნასყიდობის საგნის გადაცემასთან ერთად გამყიდველმა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საამშენებლო სამუშაოების შესრულების ვალდებულებაც იკისრა (იხ. შეთანხმების 5.1-5.2. პუნქტები).
5.8. შეთანხმებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადით, ავანსის - 180 000 ლარის ჩარიცხვის შემდგომ, გამყიდველს 2018 წლის 30 იანვრამდე შენობა-ნაგებობის პირველ და მეორე სართულზე საცხოვრებელი ფართები 54 კვ.მ და 48 კვ.მ საცხოვრებელ ბინებად უნდა დაეყო და გაერემონტებინა. ეტაპობრივად უზრუნველეყო მშენებლობის დასრულება სანებართვო პირობების შესაბამისად, (ექსპლუატაციაში მისაღებად მზა მდგომარეობაში), საცხოვრებელი ფართების (ბინების) გარემონტება (ავეჯის გარეშე) მყიდველზე შესაძლო ჩაბარების მიზნით. (იხ. შეთანხმების 5.7. პუნქტი).
5.9. მყიდველს გამყიდველისათვის ჯამურად - 1 027 821.60 ლარი უნდა გადაეხადა, რაც მოიცავდა როგორც ნასყიდობის საფასურს, ასევე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებასაც.
5.10. 2018 წლის 14 თებერვლს, 24 აპრილს, 17 მაისს, 30 ივლის, 11 დეკემბერს, 2019 წლის 3 იანვარს და 16 ივლისს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად, მერიის წარმომადგენლებმა/კომისიამ დაადასტურა, რომ ჩაიბარეს ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები.
5.11. მყიდველმა გამყიდველს ნასყიდობის საფასურის ნაწილი - 922 704 ლარი აუნაზღაურა.
5.12. მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლოსამეურნეო; დაზუსტებული ფართობი - 508,00 კვ.მ; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი - #1 (მშენებარე) საერთო ფართით - 1000,8 კვ.მ, ს/კ-ით ......, რომელიც შემდგომ მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა.
6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, თანხის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), მუხლებიდან გამომდინარეობს.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება (სსკ-ის 477-ე მუხლი) და ეტაპობრივად უზრუნველეყო გადაცემული შენობა-ნაგებობების მშენებლობის დასრულება სანებართვო პირობების შესაბამისად და საცხოვრებელი ფართები გაერემონტებინა (სსკ-ის 629-ე მუხლი).
8. დადგენილია, რომ ნასყიდობის ფასი - 1 027 821.60 ლარი, მოიცავდა როგორც ნასყიდობის საფასურს, ასევე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებასაც, რომელიც მოპასუხეს მოსარჩელისათვის დაბა ხულოში, .......... ქ. N22–ში მდებარე 508,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არსებული 1000,8 კვ.მ შენობა-ნაგებობის, (ს/კ-ით ...) გარემონტებულ, ექსპლუატაციაში მისაღებად მზა მდგომარეობაში, საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა.
ამ მხრივ საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ხელეკრულებაში შენობა-ნაგებობის რაელური ფართის - 1000.80 კვ.მ მითითებისას შეცდომა არ დაშვებულა, ვინაიდან, დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში, რომლის ჩანაწერების მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სწორედ, 1000.80 კვ.მ ირიცხებოდა, რაც აისახა კიდეც ნასყიდობის ხელშეკრულებაში. ხოლო შემდგომ იგივე მონაცემებით უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.
9. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, უძრავი ქონება გარემონტებულ, საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში გადასცა მოპასუხეს (იხ. მიება-ჩაბარების აქტები), ამ უკანასკნელმა კი, შესრულება მიიღო პრეტენზიის გაცხადების გარეშე, თუმცა ნასყიდობის საფასური სრულად არ აანაზღაურა.
9.1. საფასურის გადახდის ვალდებულების არ არსებობის შესახებ, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (შდრ. სუსგ №ას-696-696-2018, 06.07.2018წ.).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
10.1. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უარყოფს მოპასუხის/კასატორის მტკიცებას, რომ გამყიდველმა/მენარდემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ხსენებული გარემოების დადასტურება ვერ შეძლო. კერძოდ, მტკიცებულება, რომ მოპასუხემ ხარვეზი საკუთარი ხარჯით, აღმოფხვრა, საქმეში არ წარდგენილა. ამავდროულად საქმეში დაცული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა უნაკლო შესრულება უტყუარად დასტურდება.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებას და დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც შესრულებული სამუშაოები შემკვეთის მიერ მიღებულია და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში ამ უკანასკნელის სახელზეა აღრიცხული, საფასურის ანაზღაურებაზე უარის თქმის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობებიც არ არსებობს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში აღნიშნული არგუმენტები, გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას არ ქმნის, შესაბამისად, მოპასუხისთვის 105 117,60 ლარის (1 027 821.6 -922 704 =105 117,60), დაკისრება სამართლიანი და კანონიერია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურად გაანალიზოს და შეაფასოს კასატორის მხოლოდ უძირითადესი არგუმენტები.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე