17 ნოემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-880-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - შპს „რ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ-ე .“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), შპს „თ–ე .-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს „რ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე პელანტი, კასატორი ან საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს 2512,92 ლარის, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75,41 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ.
3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და, დავის საბოლოო დასრულებამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, .......... მდებარე (ს/კ-ით #.....) სასტუმრო „ი–ში“ განთავსებულ მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის/აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს "თ–ე ..-ის" საკუთრებაში არსებულ ქონებაში განთავსებულ შპს "რ–ს" კუთვნილ შემდეგ მოძრავ ნივთებს: საძინებლის კარადა - ოთხი, ტუმბო - რვა, სარკიანი კარადა - ოთხი, გასაშლელი დივანი - შვიდი, დივან-სამეული - ერთი, ჟურნალების მაგიდა - ექვსი; ბარის ავეჯი, კედლის სურათი - ხუთი, ხალიჩა - ცხრა, ფარდა - ექვსი კომპლექტი, უნიტაზი - ოთხი, ონკანი და ხელსაბანი ოთხ-ოთხი, საშხაპე ყურმილი - ოთხი, ჭაღი - ხუთი, მდფ-ის კარი - ხუთი, თხევადკრისტალური ტელევიზორი - შვიდი, კრონშტეინი - შვიდი, მაცივარი - ერთი, კონდენციონერი - სამი, ორგანულ მინასა და მანათობელ ოვალზე წარწერა - „სასტუმრო“.
4.1. დასახელებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და შუამდგომლობის უარყოფა. ის ამტკიცებდა, რომ დაყადაღებული ნივთების ღირებულება ჯამურად 19,239 ლარია, მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილებით 2512,92 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით, საჩივარი უარყოფილ იქნა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 420-ე მუხლი, თავის მხრივ, მითითებითი ნორმააა და საპროცესო შედეგის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევს ამავე კოდექსის 410-ე-412-ე მუხლებს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდება გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ შეცვლისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები, კერძოდ:
7. დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - 2512,92 ლარის, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 75,41 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე - მოპასუხემ.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 მარტის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
12. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულებაა და საბოლოოდ მოპასუხე მხარეს დაეკისრა 2688,33 ლარის ანაზღაურება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არსებობდა მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის წინაპირობები.
რაც შეეხება გამოყენებული ღონისძიების სახეს, ამ კუთხით პალატა ნაწილობრივ იზიარებს საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს და მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შერჩეული ზომა გარკვეულ დისპროპორციას იწვევს მოსარჩელის ინტერესებსა და მოპასუხის უფლებებს შორის. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
13. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებასაც, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური არ გახდეს.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესების დაცვის ქმედით, თუმცა დროებით ზომას, რომელიც ემყარება განცხადებაში მითითებული გარემოებების, ასევე, სარჩელის საფუძვლიანობის ფორმალურ კვლევას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გამოტანილი სასამართლოს დასკვნები საქმის არსებითად განხილვისას ჩამოყალიბებული შედეგის მიმართ გავლენას არ ახდენს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენებისას, ბუნებრივია, შეფასების ობიექტი იმ სამომავლო სიკეთის დაცვაა, რომელიც შედეგად მართლმსაჯულების განხორციელებას უნდა მოჰყვეს, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია პროპორცია ამ სიკეთესა და მოპასუხის ინტერესის შეზღუდვას შორის, ანუ სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობები და ამის პარალელურად მოპასუხისათვის დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული.
18. საჩივრის ავტორის პრეტენზია ძირითადად მოთხოვნის მოცულობასა და უზრუნველყოფის საგნის ღირებულების არათანაფარდობას ემყარება.
მის მიერ ზემომითითებული გარემოების დასაბუთებას ემსახურება, შპს „საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“ 2019 წლის 15 აპრილის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ დაყადაღებული ნივთების ღირებულება ჯამურად 19,239 ლარია.
რაიმე მტკიცებულება, რომელიც საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას გააქარწყლებდა, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, შეფასების საგანია, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის შესაბამისი გარანტიის შექმნა, ისე - მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების შეძლებისდაგვარად მინიმალურად შეზღუდვა.
19. წარდგენილი მტკიცებულება/აუდიტორული დასკვნა ასაბუთებს, რომ მოპასუხეს საკუთრებაში საკმარისად მაღალი (დავის საგნის ფასთან მიმართებით) ღირებულების მქონე, აქტივი (მოძრავი ქონება) აქვს. რომლის ნაწილზეც, კერძოდ, 1,728 ლარად ღირებულ ოთხ სარკიან კარადაზე, 4,340 ლარის ღირებულების შვიდ თხევადკრისტალურ ტელევიზორსა და 1920 ლარის ღირებულების სამ კონდიციონერზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სრულად და პროპორციულად უზრუნველყოფს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და არსებობს მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ–ს“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო თბილისში, ........ მდებარე (ს/კ-ით #........) შპს „თ–ე .-ის“ (ს/ნ .......) საკუთრებაში არსებულ ქონებაში განთავსებულ შპს „რ–ს“ (ს/ნ ......) მოძრავ ნივთებს - ოთხი სარკიანი კარადა, შვიდი თხევადკრისტალური ტელევიზორი და სამი კონდიციონერი.
3. ოთხი საძინებლის კარადის, რვა ტუმბოს, შვიდი გასაშლელი დივანის, დივან-სამეულის, ექვსი ჟურნალების მაგიდის, ბარის ავეჯის, ხუთი კედლის სურათის, ცხრა ხალიჩის, ფარდის ექვსი კომპლექტის, ოთხი უნიტაზის, ოთხ-ოთხი ონკანისა და ხელსაბანის, ოთხი საშხაპე ყურმილის, ხუთი ჭაღის, ხუთი მდფ-ის კარის, შვიდი კრონშტეინის, მაცივრის, ორგანულ მინასა და მანათობელ ოვალზე წარწერა „სასტუმროს“ დაყადაღების ნაწილში, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე