25 ნოემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-1503-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „თ.ბ. კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 11 ივლისს, ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნადრობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა (შემდეგში - შემკვეთი) და შპს „თ.ბ.-კ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, საწარმო) შორის, რომლითაც მენარდეს უნდა შეესრულებინა, ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაო.
2. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, მენარდეს უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდალური დღის ვადაში, 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, 2019 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით.
3. ხელშეკრულების შესაბამისად, მენარდის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 პროცენტი.
4. საწარმოს დირექტორის 2019 წლის 7 ოქტომბრის წერილის მიხედვით, 2019 წლის 2 სექტემბერს, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი), სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირების თაობაზე, უზუსტობის გამო. ეს უზუსტობები ძირითადად შეეხებოდა სადრენაჟე არხს, რის გამოც ვერ ხერხდებოდა სადრენაჟე არხის სამუშაოს დაწყება. სარემონტო სამუშაო მიმდინარეობდა სასწავლო პროცესის პარალელურად, რაც, დღის პირველ ნახევარში, აფერხებდა მძიმე ტექნიკის მუშაობას.
5. სადრენაჟე სისტემის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, საწარმოს დირექტორმა რამდენჯერმე მიმართა შემკვეთს და აცნობა, რომ შეუძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოს წარდგენილი პარამეტრებით შესრულება, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებდა, კერძოდ:
5.1. 2019 წლის 5 ნოემბრის წერილით მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს წერილით მიმართეს მერიას, სადაც ითხოვდნენ სადრენაჟე არხთან დაკავშირებით პრობლემების გადაწყვეტას, ვინაიდან პროექტს არ ახლდა გეოლოგიური დასკვნა. მათ სამუშაო აწარმოეს საპროექტო ნახაზების მიხედვით. მუშაობის მიმდინარეობის პროცესში, შენობის ირგვლივ, იქ სადაც სადრენაჟე არხი უნდა მოწყობილიყო, აღმოჩნდა ნაყარი ყვითელი ქვიშანარევი გრუნტი, რომელიც მათთვის ცნობილი არ იყო (გეოლოგიური დასკვნის არარსებობის გამო). მოხდა ამ გრუნტის ჩამოშლა და არხის სიგანე, ნაცვლად 60 სმ-სა, 5 მეტრამდე გაიზარდა, რასაც, შესაძლოა, საფრთხე შეექმნა შენობის საძირკველისათვის და მდგრადობისათვის. ნახაზების მიხედვით, სადრენაჟე არხი, შენობიდან დაცილებული უნდა ყოფილიყო 2.5 მეტრით, სიგანე - 60 სმ, ხოლო სიღრმე - 4.5 მეტრიდან 6 მეტრამდე უნდა ყოფილიყო. ამასთან, შენობის წინა ორ მხარეს, მიწაში აღმოჩნდა დაახლოებით ერთი მეტრის სიგანის კედელი, ხოლო წყალშემკრები რკინაბეტონის რგოლების მოწყობის პროცესში, შენობის წინა მხარეს, საპროექტო ნიშნულზე დასვლის დროს (6 მეტრი), მოხდა დიდი რაოდენობით გრუნტის წყლების შემოდინება, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა შემდგომი სამუშაოების წარმოება. ამჟამად, წინა მხარეს რკინაბეტონის წყალშემკრები რგოლები მოწყობილი იყო, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო 300 მმ დიამეტრის მილით და იქედან ხდებოდა წყლის ამოტუმბვა. აქედან გამომდინარე, ისინი აჩერებდნენ დრენაჟის მოწყობის სამუშაოს, რადგან სანამ არ იქნებოდა გეოლოგიური დასკვნა, მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ სამუშაოს გაგრძელება, რასაც, შესაძლოა, შენობისათვის საფრთხე შეექმნა.
5.2. 2019 წლის 18 ნოემბერს, მენარდემ წერილით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ 2019 წლის 2 სექტემბერს წერილით მიმართეს მერიას, რომლითაც გააცნეს სადრენაჟე არხთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო 2019 წლის 5 ნოემბრის წერილით, სამუშაოს შეჩერების შესახებ შეატყობინეს. სამუშაოს შეჩერება, ძირითადად, გამოწვეული იყო სადრენაჟე არხის მოწყობასთან დაკავშირებით, პროექტს არ ახლდა გეოლოგიური დასკნა, რამაც ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემები შექმნა. სადრენაჟე არხის მოწყობასთან იყო დაკავშირებული, როგორც კანალიზაციის სისტემის მოწყობა, ასევე, საჰაეროების გადახურვის სამუშაო. მათ მოიწვიეს გეოლოგი, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია სადრენაჟე არხის გაკეთება, რასაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის მდგრადობისთვის. ამის გამო, ვერც იმ ეფექტს ვერ მიიღებდნენ, რისთვისაც არხი კეთდებოდა. პროექტით მოცემული იყო არსებული ქვაფენილის მოხსნა, დასაწყობებით შემდგომი მოწყობით, ნაცვლად 55 მ/2-ისა, მოიხსნა 250 მ/2, ხოლო ქვაფენილის ქვეშ აღმოჩნდა 20 სმ სისქის ბეტონის ფილა, რომელიც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ფაქტობრივად, ბეტონის ფილა თავიდან იყო მოსაწყობი და შესაბამისად პროექტი დაკორექტირებას საჭიროებდა. აღნიშნული დროისათვის, შენობის გადახურვისა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაო დასრულებული იყო, რჩებოდა მხოლოდ კანალიზაციის არხის მოწყობა და საჰაეროების გადახურვა. იმის გამო, რომ სამუშაო მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ფერხდებოდა, მენარდემ ითხოვა, სამუშაოს დასრულების ვადა გაგრძელებულიყო 1 თვით - 2019 წლის 10 დეკემბრამდე. წერილს თან ახლდა გეოლოგიური დასკვნა. იმავე დღეს, შესათანხმებლად წარადგინეს დასაკორექტირებელი ხარჯთაღრიცხვაც.
5.3. 2019 წლის 5 დეკემბერს, საწარმოს დირექტორმა წერილით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში წარმოიშვა ისეთი საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვდა. ეს საკითხები შეეხებოდა სადრენაჟე არხს, რომელზეც დამოკიდებული იყო გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაო. შენობის წინა მხარეს მოხდა ბეტონის არმირებული ფილის მოწყობა, რომელიც პროექტის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული. ასევე, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 50 მ/2 ქვაფენილის ფილის მოწყობისა, მოსაწყობი იყო 375 მ/2 ქვაფენილი და 100 გრძ/მ დეკორატიული ბორდიული. ყოველივე ამან შეაფერხა სამუშაოების დასრულება, რის გამოც მენარდემ ითხოვა მათი დასრულებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადის 25 დეკემბრამდე გაგრძელება. იმავე დღეს, შესათანხმებლად წარადგინეს დასაკორექტირებელი ხარჯთაღრიცხვა.
5.4. 2019 წლის 16 დეკემბერს, მენარდემ წერილით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს, შეჯამების სახით კიდევ ერთხელ განმარტა ზემოხსენებულ წერილებში გადმოცემული ფაქტები და ითხოვა მათი გათვალისწინებით, სამუშაოების დასრულების ვადა 13 დეკემბერის ჩათვლით განსაზღვრულიყო, ხოლო საწარმოს მიმართ საჯარიმო სანქციები არ გამოყენებულიყო.
6. ნარდობის ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის 2019 წლის 8 ოქტომბრის ოქმისა და მხარეთა შორის დადებული N1 შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: მენარდე ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეესრულებინა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი, 2019 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.
7. ნარდობის ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის 2019 წლის 10 დეკემბრის ოქმითა და მხარეთა შორის დადებული N3 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. მოცემული ცვლილება დადგინდა საწარმოს დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც ის მიუთითებდა, რომ საკითხი შეეხებოდა სადრენაჟე არხს, რომელზეც დამოკიდებული იყო საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, შენობის წინა მხარეს მოხდა ბეტონის არმირებული ფილის მოწყობა, რომელიც პროექტის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული. ასევე, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 50 მ2 ქვაფენილის მოწყობისა, მოსაწყობი იყო 375 მ2 და 100 გრძივი მეტრი დეკორატიული ბორდიური, რამაც შეაფერხა სამუშაოს დასრულება.
8. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ კომისიასა და მენარდეს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აისახა 2019 წლის 24 დეკემბრის ინსპექტირების ანგარიშის დადებითი დასკვნა, რომელიც ადასტურებდა შესრულებული სამუშაოს მოცულობების და ღირებულების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან და სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული საშენი მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხს, საპროექტო მოთხოვნებთან და საქართველოს მოქმედ სტანდარტებთან.
9. 2019 წლის 27 დეკემბერს, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ამ ხელშეკრულების შესრულებით ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 152 092.73 ლარით, ხოლო ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ნაზარდი ჯამი, დარიცხვების გათვალისწინებით - 209 679.32 ლარით. აქტში აღინიშნა, რომ სამუშაო დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ჯეროვნად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნდა.
10. 2020 წლის 10 იანვარს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა წერილით მიმართა მოსარჩელეს იმის თაობაზე, რომ N144 ხელშეკრულების 13.2 პუნქტის საფუძველზე სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის, მენარდე დაჯარიმდა მთლიანობაში 324 დღის ვადის დარღვევის გამო, თანხით - 80 611.20 ლარი. შესაბამისად, ეს თანხა გაიქვითა, რაც იმას ნიშნავდა, რომ შემკვეთი მას არ აანაზღაურებდა.
11. ნარდობის ხელშეკრულების მე-12 პუნქტის მიხედვით, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული პაუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, კარანტინი, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირება, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ.) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატება. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომელთა წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი). მხარე, რომელსაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების მიზეზად ფორს-მაჟორი მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ფორს-მაჟორის მოვლენის დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ასეთი მოვლენის დადგომისა და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისმა მხარემ უნდა წარადგინოს ფორს-მაჟორის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაასაბუთოს, რომ ფორს-მაჟორმა არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში.
12. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მენარდის 80 611.20 ლარით დაჯარიმების შესახებ მოპასუხის 2020 წლის 10 იანვრის წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ამ თანხის დაკისრება მოითხოვა.
13. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 80 611.20 ლარის გადახდა დაეკისრა.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
15.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ წინასწარი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ცალკეული ეტაპის სამუშაოების ვადებში შეუსრულებლობა (რის გამოც მოპასუხემ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაარიცხა, რომელიც ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მის მიერ ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითა) გამოწვეული იყო თავად მოპასუხის (შემკვეთი) მიზეზით, მოსარჩელისგან (მენარდე) დამოუკიდებლად, რის შესახებაც მენარდემ (მოსარჩელე) კეთილსინდისიერად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით, წინასწარ აცნობა მოპასუხეს. აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის 80 611.20 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება არამართლზომიერი იყო, რის გამოც დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა მენარდის სარჩელი - მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს ანგარიშში გაქვითული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 629.1, 398.1 და 401-ე მუხლები).
15.2. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევია, არ არსებობდა მისთვის ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, სსკ-ის 629-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო - მენარდისათვის (მოსარჩელე) სრულად აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მითითებული გარემოება წარმოადგენდა, მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მხარეთა მიერ შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის, 80 611.20 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობას.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, აღნიშნული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:
16.1. შემკვეთს არ დაურღვევია, ნარდობის ხელშეკრულების პირობები. მოსარჩელის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ, წარმოდგენილ იქნა შპს „ს.მ.ჯ–ის“ ინსპექტირების ანგარიში. ხსენებულ ანგარიშში წარმოდგენილია სამუშაოების წარმოების ჟურნალი, აგრეთვე, ფარული სამუშაოების აქტები. ხელშეკრულებაზე თანდართულ სამუშაოების შესრულების გრაფიკთან მათი შედარებისას, გამოვლინდა შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადის 324 დღით დარღვევს ფაქტები.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (მენარდე) მოთხოვნა, მისთვის პირგასამტეხლოს ანგარიშში გაქვითული 80 611.20 ლარის მოპასუხისათვის (შემკვეთი) დაკისრების თაობაზე.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლის მიხედვით მოსარჩელეს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადები არ დაურღვევია, რაც გამორიცხავდა შემკვეთის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვისა და ნარდობის საზღაურიდან, 80 611.20 ლარის გაქვითვის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს (მენარდე) უნდა დაემტკიცებინა, რომ მას ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები არ დაურღვევია, ამიტომ, მოპასუხის (შემკვეთი) მიერ, ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაურიდან 80 611.20 ლარის პირგასამტეხლოს ანგარიშში გაქვითვა არასწორია და მოპასუხეს (შემკვეთი) მითითებული თანხის მენარდისათვის გადახდის ვალდებულება აკისრია.
23. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დაურღვევია და არ არსებობდა მისთვის ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებისა და, შესაბამისად, ნარდობის საზღაურიდან სადავო თანხის გაქვითვის საფუძველი. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ:
1). მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისა და ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა, რასაც საფუძვლად დაედო: ერთი მხრივ, ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმი და მეორე მხრივ, მხარეთა შორის დადებული შეთანხმება. ბოლო ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისას, მხარეთა ურთიერთშეთანხმებასთან ერთად, ამოსავალი იყო, ამავე ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი შესაბამისი კომისიის ოქმი, რომლის დღის წესრიგშიც იდგა, ხსენებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადაწევაზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციის მიცემის საკითხის განხილვა.
მოცემული ცვლილება დადგინდა საწარმოს დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სადაც ის მიუთითებდა, რომ საკითხი შეეხებოდა სადრენაჟე არხს, რომელზეც დამოკიდებული იყო საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, შენობის წინა მხარეს მოხდა ბეტონის არმირებული ფილის მოწყობა, რომელიც პროექტის მიხედვით არ იყო გათვალისწინებული.
ასევე, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 50 მ2 ქვაფენილის მოწყობისა, მოსაწყობი იყო 375 მ2 და 100 გრძივი მეტრი დეკორატიული ბორდიური, რამაც შეაფერხა სამუშაოს დასრულება (ტომი 1, 57-61).
2). სადრენაჟე სისტემის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, საწარმოს დირექტორმა, რამდენჯერმე მიმართა შემკვეთს და აცნობა, რომ შეუძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოს წარდგენილი პარამეტრებით შესრულება, რასაც ექსპერტიზაც ადასტურებდა, კერძოდ 2019 წლის 5 ნოემბრის, 2019 წლის 18 ნოემბრის, 2019 წლის 5 დეკემბრისა და 2019 წლის 16 დეკემბრის წერილებში გადმოცემული იყო კონკრეტული ფაქტები და სამუშაოს დასრულების ვადების გაგრძელებას მენარდე სწორედ მათი გათვალისწინებით ითხოვდა (ტომი 1, ს.ფ. 73-79).
3). 2019 წლის 27 დეკემბერს, ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც აღინიშნა, რომ სამუშაო დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ჯეროვნად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნდა.
მიღება-ჩაბარების აქტში აისახა 2019 წლის 24 დეკემბრის ინსპექტირების ანგარიშის დადებითი დასკვნა, რომელიც ადასტურებდა შესრულებული სამუშაოს მოცულობების და ღირებულების შესაბამისობას ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულთან და სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული საშენი მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხს, საპროექტო მოთხოვნებთან ასევე საქართველოს მოქმედ სტანდარტებთან.
მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდემ შეასრულა და კომისიამ მიიღო, ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის რეაბილიტაციის საბოლოო, 2019 წლის 11 ივლისიდან 2019 წლის 10 დეკემბრამდე შესრულებული სამუშაოები, რომელთა ღირებულება 150 092.73 ლარს შეადგენდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 40).
სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემომითითებული გარემოებების მიმართ კასატორს (მოპასუხე) დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
რაკი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მენარდემ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ გარიგებით გათვალისწინებულ ვადებში ჯეროვნად შეასრულა და საქმეზე დადგენილი აღნიშნული ფაქტის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხემ ვერ დაძლია (სსსკ-ის 102.1, 103.1, 105-ე მუხლები); ამიტომ წარმატებულია მოსარჩელის მოთხოვნა, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამტეხლოს ანგარიშში გაქვითული შეთანხმებული საზღაურის გადაუხდელი ნაწილის - 80 611.20 ლარის მოპასუხისათვის (შემკვეთი) დაკისრების თაობაზე (სსკ-ის 629.1, 401-ე მუხლები).
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე