Facebook Twitter

№ას-1540-2018 4 ნოემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი (მოსარჩელე) – ზ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ გიორგი ამბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი

მეორე კასატორი (მოპასუხე) – სსიპ გიორგი ამბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ზ.ბ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ.ბ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დასაქმებული ან პირველი კასატორი) 2010 წლის 17 ივნისიდან დაინიშნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი, დამსაქმებელი, ჰოსპიტალი ან მეორე კასატორი) საფინანსოეკონომიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტრის თანამდებობაზე, სადაც მუშაობდა 2011 წლის 28 მარტამდე.

2. მოსარჩელე, 2011 წლის 28 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ჰოსპიტალის იურიდიული ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ბუღალტერის თანამდებობაზე. აღნიშნულ პოზიციაზე, მისი ხელფასი შეადგენდა დარიცხულ 900 ლარს, ასევე, დანამატი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან - 900 ლარს (ტ.1,ს.ფ.14).

3. დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორის 2013 წლის 28 ივნისის 119/კ ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების მოშლა) და მიეცა კომპენსაცია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით (ტ.1,ს.ფ.13).

4. მოსარჩელის თანამდებობაზე, 2013 წლის 17 სექტემბრიდან კონკურსის წესით დაინიშნა მ.ბ–ი (შემდეგში: მესამე პირი).

5. დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნები

5.1. დასაქმებულმა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის 119/კ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ იმავე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით 2013 წლის 28 ივნისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხისთვის ყოველთვიურად დასარიცხი ასიგნების ფარგლებში - 1 800 ლარის დაკისრება მოითხოვა.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

7. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე აღდგენილ იქნა ჰოსპიტალის ფინანსების მართვის განყოფილების ბუღალტრის თანამდებობაზე 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 17 სექტემბრამდე, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 17 სექტემბრამდე, ჯამში - 2 614 ლარის ოდენობით.

8. მხარეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები

8.1. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, დასაქმებულმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხე ორგანიზაციამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით დამსაქმებელი ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 900 ლარი, 2016 წლის 12 თებერვლიდან, სამუშაოზე აღდგენამდე.

9.2. სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ უდავო იყო, მოსარჩელე უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა.

9.3. მოპასუხე ორგანიზაციის განმარტებით, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განპირობებული იყო სამხედრო ჰოსპიტალში განხორციელებული რეორგანიზაციით, ასევე იმ გარემოებით, რომ მოსარჩელემ წერილობით არ დააფიქსირა რეორგანიზაციის შემდგომ მუშაობის გაგრძელების სურვილი. რეორგანიზაციის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტად მოპასუხე, ჰოსპიტლის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანებაზე უთითებდა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით დადგენილი იყო, რომ ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ბუღალტერიც იყო მოსარჩელე, დაიყო ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებებად. საშტატო ნუსხით განისაზღვრა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის ცალკე გამოიყო ფინანსური მართვის განყოფილება, სადაც თანამდებობრივად შედიოდნენ განყოფილების უფროსი, მთავარი ბუღალტერი, ეკონომისტი, ბუღალტერი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი და ცალკე გამოიყო სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება, სადაც თანამდებობრივად შედიოდნენ განყოფილების უფროსი და უფროსი სპეციალისტი.

9.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, რეორგანიზაციის შედეგად, არც შტატების შემცირებისა და არც ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრულ პოზიციებზე მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანმდებობაზე არსებული მოთხოვნებისგან განსხვავებული მოთხოვნების არსებობა არ დასტურდებოდა.

9.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არც რეორგანიზაციას და არც სხვა რაიმე ობიექტურ რეალურ საჭიროებას, რაც აუცილებელს გახდიდა და გაამართლებდა მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნას, ადგილი არ ჰქონია.

9.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის ის პოზიცია, რომ რეორგანიზაციის შემდეგ მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესახებ წერილობით არ გამოუთქვამს სურვილი, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან, უვადო შრომის ხელშეკრულების პირობებში დასაქმებულს არც გააჩნდა ასეთი ვალდებულება, ხოლო, მოპასუხე ორგანიზაციას საპირისპირო სამართლებრივ საფუძველზე არ მიუთითებია.

9.7. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც, ორგანიზაცია მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შესახებ შესასრულებელ სამუშაოსთან, ან რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებაზე ვერ უთითებდა, არ არსებობდა სადავო ბრძანების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო.

9.8. მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ არსებული პრაქტიკისა და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა აღარ არსებობდა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, იმავე თანამდებობის აღდგენის თაობაზე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

9.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაუსაბუთებელი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობისა და მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობას (მაგალითად, აღარ არსებობდა იგივე თანამდებობა), ანდა მიზანშეუწონელია (მაგალითად, დამსაქმებელსა და მოსარჩელეს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის ატმოსფერო ვერ აღდგება, მოსარჩელეს არ გააჩნია საკმარისი კვალიფიკაცია). რაც შეეხება, მოპასუხის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის თანამდებობა არ იყო ვაკანტური, პალატამ აღნიშნა რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა დასაქმებულის უფლებებში აღდგენისათვის დამაბრკოლებელ გარემოებას (საქმე №ას-1122 -1042 -2017 24 ნოემბერი, 2017 წელი).

9.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის უკანონო დათხოვნის გამო მას უნარჩუნდებოდა უფლება ზიანის ანაზღაურების შესახებ, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში ზიანის ოდენობა თანაბრალეულობის პრინციპით უნდა დაანგარიშებულიყო.

9.11. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ვინაიდან დასაქმებულმა სამუშაოდან გათავისუფლებიდან - 2013 წლის 1 ივლისიდან, ორი წლისა და 6 თვის შემდეგ - 2016 წლის 12 თებერვალს მიმართა სასამართლოს სარჩელით და არ დაუსაბუთებია, რა გარემოებებმა დააბრკოლა 30 თვის განმავლობაში მიემართა დამსაქმებლისათვის ან სასამართლოსათვის სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ნათელს ხდის, რომ მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით დასაქმებულმა თავად შეუწყო ხელი მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გაზრდას, რაც მისი შემცირების საფუძველია.

10. დასაქმებულის (პირველი კასატორის) საკასაციო მოთხოვნა

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2. პირველი კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ზიანის დადგომაში მის ბრალეულობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან, არსებული ზიანი მთლიანად ჰოსპიტალის პასუხისმგებლობაა. აღნიშნულ საკითხზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის ბოლოს სარჩელის წარდგენა, სწორედ ზიანის გაზრდას ისახავდა მიზნად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ხანდაზმულობის ვადა სწორედ გარკვეულ ფარგლებში ანიჭებს მხარეს გარკვეული უფლებით სარგებლობის უფლებას, რაც ვერ განიხილება ზიანის დადგომის ბრალეულ საფუძვლად.

10.3. გადაწყვეტილებით დადგენილი ხელფასის ოდენობა - 900 ლარი არასწორია, შესაბამისი დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ ხელფასი და ყოველთვიური დანამატი ფიქსირებული იყო, რის გამოც, თანამდებობრივი სარგო არა 900 ლარი, არამედ 1 800 ლარია.

11. დამსაქმებლის (მეორე კასატორის) საკასაციო მოთხოვნა

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11.2. მეორე კასატორის განმარტებით, რეორგანიზაცია მართლზომიერად ჩატარდა არა მხოლოდ ფორმალური, არამედ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც. დამსაქმებელს, მიუხედავად მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობისა, გათავისუფლებისას ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია და გამოუყენებელი შვებულების პერიოდის პროპორციული ფულადი ანაზღაურება მიეცა.

11.3. მეორე კასატორის განმარტებით, დასაქმებულმა, რეორგანიზაციის შემდეგ, ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წერილობით ფორმით არ დააფიქსირა ნება გაეგრძელებინა მუშაობა, რაც დამსაქმებელმა ასეთი მუშაობის გაგრძელებაზე უარად აღიქვა და შესაბამისად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გასათვალისწინებელი იყო, მოსარჩელის ქცევა, რომ ხანდაზმულობის ვადის სამწლიანი გასვლის ბოლოს მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, რითაც ხელი შეუწყო ზიანის ოდენობის გაზრდას.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით პირველი კასატორის, ხოლო, იმავე წლის 16 ნოემბრის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო განაცხადები წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამარტლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებადაა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულია არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და მტკიცებულებათა ერთობლივად გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). კასატორის პრეტენზიები ნაწილობრივ საფუძვლიანია, რის გამოც საკასაციო განაცხადი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

14. საკასაციო სასამართლო, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიუთითებს და დამატებით აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად წინამდებარე შემთხვევაში იმ დროისთვის მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტია მითითებული.

15. საკასაციო სასამართლო უპირველესად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაზე იმსჯელებს და მიუთითებს შრომითი დავების სპეციფიკურობის გათვალისწინებით, სამართალშეფარდების პროცესში, მტკიცების ტვირთის ზოგადი წესისგან განსხვავებულ გადანაწილებაზე, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია ამტკიცოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რაც, ბრძანებაში, ასეთი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებული ნორმის დისპოზიციის, დასაქმებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან სწორ შეფარდებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნული შეფარდების პროცესში აუცილებელია ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპის გათვალისწინება, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს.

16. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

17. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, დაედასტურებინა რამდენად მართლზომიერად იყო რეორგანიზაცია ჩატარებული, ამასთან, რამდენად საფუძვლიანად მოხდა შრომითი ხელშეკრულების მოშლა მხარესთან. აღნიშნულის დასადასტურებლად, კი მხოლოდ წერილობით ფორმაში გაკეთებულ განცხადებაზე, ან ასეთი განცხდების გაკეთებისგან თავის შეკავებაზე მითითება ვერ ჩაითვლება რელევანტურ მტკიცებულებად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ორგანიზაციასთან, ხოლო, მუშაობის გაგრძელების შესახებ ნების წერილობით დაფიქსირების ვალდებულება არ გააჩნდა.

18. ამდენად, საკასაციო სასამართლო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არამართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, და ამავე ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნევს მეორე კასატორის პრეტენზიებს.

19. აღნიშნულისგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც მოსარჩელე აღდგენილ იქნა იმავე თანამდებობაზე და მოპასუხეს, იძულებითი მოცდენისთვის დაეკისრა ყოველთვიურად 900 ლარის გადახდა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმავე თანამდებობაზე აღდგენის მიზნით მსჯელობისას, სასამართლოს შესაფასებელია სხვადასხვა გარემოებები, მხარეთა შორის არსებული/მომავალი შესაძლო ურთიერთობა, დასაქმებულის გათავისუფლებმდე არსებული სამუშაო ადგილის იმავე ან ტოლფასი სახით არსებობა, ასეთის არსებობისას კი ამ ადგილის ვაკანტურობა.

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების შემდეგ, გამოთავისუფლბულ, ვაკანტურ ადგილზე დაინიშნა სხვა პირი, რის გამოც მოცემული დროისთვის, არსებობს თუ არა იგივე ან ტოლფასი თანამდებობა არ არის სათანადოდ გამოკველული.

22. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში შესაბამისი დასაბუთების გარეშე, იმ პირობებში როდესაც არ დადგენილა შესაძლებელია თუ არა დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენა, ვერ გაიზიარებს ამ უკანასკნელისთვის იძულებით მოცდენის გამო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებაზე გადაწყვეტილებას.

23. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გამოსაკვლევია დასაქმებულს (აღდგენის შემთხვევაში ან ასეთის შეუძლებლობისას) უნდა მიეცეს იძულებითი განაცდური თუ კომპენსაცია იმავე თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, ამასთან, იქნება ეს იძულებით განაცდური თუ კომპენსაცია, აღნიშნულის გამოთვლისას საგულისხმოა რა ოდენობის თანამდებობრივ სარგოს ითვალისწინებდა გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიცია.

24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი კასატორის ხელფასი დარიცხულ 900 ლარს, ხოლო, დანამატი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან, ასევე 900 ლარს. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის გათვალისწინებით, გამოსაკვლევია, ხელფასთან ერთად, დასახელებული დანამატი წარმოადგენდა თუ არა ჰოსპიტალის მხრიდან ხელფასის მსგავსად გარანტირებულ გასაცემელს, რის მიხედვითაც უნდა დაანგარიშდეს მოსარჩელისათვის მისაცემი იძულებითი განაცდური/კომპენსაცია.

25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ იძულებითი განაცდურის გამოანგარიშებისას, სასამართლომ შერეული ბრალის პრინციპზე მიუთითა და იმის გათვალისწინებით, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ისარგებლა მოსარჩელემ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, სწორედ მასვე დააკისრა პასუხისმგებლობა და უარი უთხრა ამ დროის შესაბამისი წესით მატერიალურ რესტიტუციაზე.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადა კანონით დადგენილი ისეთი ვადაა, რომლის განმავლობაშიც მხარეს შეუზღუდავად გააჩნია საკუთარი უფლებით სარგებლობა, ხანდაზმულობის დაწყების მომენტიდან მის ამოწურვამდე, ამასთან, კანონმდებელი რაიმე შეზღუდვას, ესა თუ ის უფლება, ხანდაზმულობის ვადის დენისას, კონკრეტულად როდის უნდა განხორციელდეს არ აწესებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება წინამდებარე შემთხვევაში შერეულ პასუხისმგებლობაზე (ბრალზე) დაუსაბუთებელია.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება, მხოლოდ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილშია დასაბუთებული. გამოსაკვლევია, რამდენად არსებობდა დასაქმებულის გათავისუფლებამდე არსებული ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა მოპასუხე ორგანიზაციაში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული თანამდებობა აღარ არის ვაკანტური, ამასთან, გამოსაკვლევია, აღდგენისას ან აღდგენის შეუძლებლობისას, უფლებრივი რესტიტუციის მიზნით კომპენსაციის გაცემისას რა ოდენობით უნდა მიეცეს მხარეს იძულებითი განაცდური ან კომპენსაცია.

28. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

29. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სსიპ გიორგი ამბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივლისის განჩინება და საქმე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე