№ას-1221-2021 22 ნოემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა.დ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოსარჩელე)
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში სს „ა.დ–ამ“ (მოპასუხე, კასატორი) წარადგინა საკასაციო საჩივარი (იხ.: ტ.2, 155-162).
2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოითხოვა სამოქალაქო საქმე, რომელზეც წარმოდგენილი იყო საკასაციო საჩივარი (ტ.2, ს.ფ.164).
3. საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 11.11.2021წ. (ტ.2, ს.ფ.167).
4. 17.11.2021წ. საქართველოს უზენაეს სასამართლო განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რამეთუ საქმეზე საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამტკიცებულ იქნა მორიგება, რომლის პირობები მხარეთა მიერ შესრულებულია (ტ.2, ს.ფ.168).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო რომ წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. გადაწყვეტილების გასაჩივრება, ისევე როგორც მორიგება, მხარის დისპოზიციური ნების გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამდენად, საკასაციო საჩივრით გასაჩივრების ობიექტია სააპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის წინააღმდეგ არის გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ობიექტი არ არსებობს, რამეთუ სააპელაციო სასამართლოში წარმოება საბოლოოდ დასრულდა მორიგებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 05.08.2021წ. განჩინებით მ.კ–სა (მოსარჩელე) და მოპასუხეს შორის დამტკიცდა მორიგება, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება (ტ.2, ს.ფ.145-149). ასევე, 17.11.2021წ. განცხადებით კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება (ტ.2, ს.ფ.168).
7. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ა.დ–ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე