საქმე №ა-3779-შ-102-2021 2 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ე.თ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.თ. (რეგისტრირებული: ქ. რიზეში, არდაშენის რაიონის სოფელ/......, ტომი №9, სახლი №8, რიგითი №173, თურქეთის რესპუბლიკის პ/ნ ....., დაბადებული 1997 წლის პირველ ოქტომბერს, მამის/დედის სახელი: ჰ. და ფ.) და საქართველოს მოქალაქე თ.კ–ძე (პ/ნ ....., დაბადებული 1983 წლის 24 იანვარს, მამის/დედის სახელი: თ. და ქ.) თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის შესაბამისად, განქორწინდნენ.
2. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ასევე შეიცავს ინფორმაციას განქორწინების ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით.
3. თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ესწრებოდა სასამართლო სხდომას, ხოლო ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მხარეებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2020 წლის 18 დეკემბერს.
4. 2021 წლის 29 ივლისს თ.კ–ძის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“ ან „განმცხადებელი“) წარმომადგენელმა ქ.ზ–ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მომართა შუამდგომლობით და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა ზემოაღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 1) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის სათანადო წესით დამოწმებული ასლები, სათანადო წესით დამოწმებულ, გამართულ ქართულ თარგმანთან ერთად; 2) დაზუსტებული მოთხოვნა (შუამდგომლობის ავტორი ითხოვს გადაწყვეტილების მხოლოდ ცნობას თუ აღსრულებასაც და რა ნაწილში); 3) თ.კ–ძის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან მის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილი ადვოკატის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა.
6. 2021 წლის 17 სექტემბერს შუამდგომლობის ავტორის ადვოკატმა თ. კ–ძემ წარმოადგინა მის სახელზე გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების დედანი, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში კი საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებით. განმცხადებლის მითითებით, მან წარმოადგინა კომპეტენტური პირის მიერ შევსებული შუამდგომლობა და დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობა. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება დამატებით 15 დღით, რამდენადაც რიგი დოკუმენტების თურქეთის სასამართლოდან გამოთხოვისათვის სჭირდება მეტი დრო.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა: 1) თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის დედნები ან მათი სათანადო წესით (სასამართლოს ბეჭდით, კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და აპოსტილით) დამოწმებული ასლები, სათანადო წესით დამოწმებულ, გამართულ ქართულ თარგმანთან ერთად; 2) დაზუსტებული მოთხოვნა (შუამდგომლობის ავტორი რა ნაწილში ითხოვს გადაწყვეტილების ცნობას); 3) შუამდგომლობა, რომელიც შედგენილი და ხელმოწერილი იქნება შუამდგომლობის ავტორის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა შეავსო ხარვეზი. წარმოდგენილ შუამდგომლობაში მითითებულია, რომ განმცხადებელს სურს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განჩინებით თ.კ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც ე.თ. და თ.კ–ძე განქორწინდნენ, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართულ მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.კ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც ე.თ. და თ.კ–ძე განქორწინდნენ, უნდა დაკმაყოფილდეს.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
13. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.
14. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
15. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ე.თ. და თ.კ–ძე განქორწინდნენ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.კ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, იმ ნაწილში, რომლითაც ე.თ. და თ.კ–ძე განქორწინდნენ, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის ანადოლუს მე-20 საოჯახო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში, რომლითაც ე.თ. და თ.კ–ძე განქორწინდნენ;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი