საქმე №ას-1140-2021 29 ნოემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ.ჭ–ას (შპს ი–ის“) საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე - შპს „ი–ის“ სარჩელის გამო, პ.ნ–ძის, ი.რ–ძისა და ქ.რ–ძის მიმართ, საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ.ჭ–ას (შპს ი–ის“) საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის განჩინებით თ.ჭ–ას (შპს „ი–ის“) საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სახით. ასევე დაევალა საკასაციო საჩივრის ავტორის დაზუსტება თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა შპს „ი–ის“ დირექტორს თ.ჭ–ას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2021 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდა ადრესატის თანამშრომელს მ.პ–ს (პ.ნ ......) თ.ჭ–თვის გადასაცემად (იხ. ჩაბარების დასტური).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 11 ნოემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 17 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ჭ–ას (შპს ი–ის“) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე