საქმე №ას-963-2021 9 დეკემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „გ.ჰ–ლი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–კი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.კ–კმა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „გ.ჰ–ლის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე კლინიკა ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 52 600 ლარის ოდენობით და სახელფასო დავალიანების გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო, რაც 2020 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს - 15 252.5 ლარს; ასევე, პირგასამტეხლო დაყოვნებული 52 600 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 26 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელე დაინიშნა მოპასუხე კლინიკაში ექიმ-ინფექციონისტის პოზიციაზე და მისი ფიქსირებული დარიცხული ხელფასი განისაზღვრა 31 250 (ხელზე ასაღები 25 000 ლარით). ფიქსირებული ანაზღაურების გარდა, მოსარჩელე იღებდა სარგებელს პაციენტების კონსულტაციების საფასურისგან, თითოეული კონსულტაციიდან - 50 ლარის ოდენობით. მოპასუხის ბრძანების გარდა, მხარეთა შორის წერილობითი ფორმით არ ყოფილა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. მოსარჩელისთვის არ არის ცნობილი მოპასუხის შინაგანაწესის ან სხვა შიდა რეგულაციების თაობაზე. შესაბამისად, მხარეთა შორის მოქმედებდა შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, რომელიც მოსარჩელემ საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა 2019 წლის 8 ნოემბერს. მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ ჩაურიცხავს 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის შესაბამისი დღეების ფიქსირებული ანაზღაურება 52 600 ლარი.
3. 2019 წლის 25 დეკემბერს მოსარჩელემ მიიღო 14 750 ლარი, რაც წარმოადგენს პაციენტების კონსულტაციიდან გამომუშავებულ თანხას, თუმცა, გამომუშავებული კონსულტაციის თანხიდან მისაღები აქვს 3000 ლარი. დავალიანების ოდენობის დასაზუსტებლად 2020 წლის 07 მარტს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე კლინიკას მოსარჩელის სახელით გატარებული ფორმა 100-ის თაობაზე, რასაც მოპასუხე არ გამოეხმაურა.
4. 2020 წლის 31 ივლისის განცხადებით და 2020 წლის 25 დეკემბრის სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, შეამცირა მოთხოვნა და უარი თქვა გამომუშავებით მისაღები ხელფასის ოდენობაზე 3000 ლარის ოდენობით, ასევე, დააზუსტა პირგასამტეხლოს ოდენობა. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის 7 დღის სახელფასო დავალიანების - 52 600 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. ასევე, თანხის გადახდის დაყოვნებისთვის ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით, რაც 2020 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით ჯამში შეადგენს 15 252.5 ლარს, ყოველ დღეზე - 17.5 ლარი. შესაბამისად, სექტემბრის თვის ხელფასზე დარიცხული პირგასამტეხლოა 7892.5 ლარი (ვადაგადაცილებული 451 დღე), ოქტომბრის თვის ხელფასზე დარიცხული პირგასამტეხლო - 7350 ლარი (ვადაგადაცილებული 420 დღე), ნოემბრის თვის ხელფასზე დარიცხული პირგასამტეხლო - 10 ლარი (ვადაგადაცილებული 406 დღე). მოსარჩელე ასევე მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრება დაყოვნებული 52 600 ლარის 0.07% ყოველ ვაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 26 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს მოპასუხე კლინიკაში გამომუშავებული თანხა სრულად და რაიმე სახის დავალიანება მოპასუხე კლინიკას არ ერიცხება. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელე სხვა კლინიკებშიც მუშაობდა და სრულ განაკვეთზე მუშაობას მოპასუხე კლინიკაში ცხადია, ვერ შეძელებდა (იხ., სფ. 366 - მოპასუხის პოზიცია).
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 52 600 ლარი (ხელზე ასაღები); ბ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 52 600 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2020 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 15 252.5 ლარს; გ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 52 600 ლარის გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2020 წლის 26 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; დ) მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 2714.1 ლარი.
7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. მოპასუხე კლინიკის 2019 წლის 25 მარტის ბრძანებით მოსარჩელე 2019 წლის პირველი აპრილიდან დაინიშნა ექიმი-ინფექციონისტის პოზიციაზე და ამავე ბრძანებით მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა გამომუშავებით და ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით, მათ შორის, ა) გამომუშავებითი ანაზღაურება განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კლინიკაში დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად; ბ) ფიქსირებული შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული ხელფასით 31 250 ლარით (ხელზე ასაღები - 25 000 ლარი) (ს.ფ. 18).
11. დადგენილია, რომ მოსარჩელის 2019 წლის 4 ნოემბრის განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის არსებული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 8 ნოემბერს (ს.ფ. 222).
12. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა ხელზე ასაღები 25000 ლარს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით (ტ.1. ს.ფ. 19-88) დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ: ა) 2019 წლის 15 მაისს მოსარჩელეს ჩაერიცხა 25774 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია აპრილის თვის ხელფასი (ს.ფ. 27); ბ) 2019 წლის 14 ივნისს ჩარიცხულია 34000 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია მაისის თვის ხელფასი (ს.ფ. 32); გ) 2019 წლის 15 ივლისს ჩარიცხულია 31950 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია ივნისის თვის ხელფასი (ს.ფ. 37); დ) 2019 წლის 4 ოქტომბერს ჩარიცხულია 34935 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია ივლისის თვის ხელფასი (ს.ფ. 57); ე) 2019 წლის 17 ოქტომბერს ჩარიცხულია 31828 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია აგვისტოს თვის ხელფასი (ს.ფ. 60); ვ) 2019 წლის 25 დეკემბერს ჩარიცხულია 7650 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია სექტემბრის თვის ხელფასი (ს.ფ. 74); ზ) 2019 წლის 25 დეკემბერს ჩარიცხულია 7100 ლარი, რომლის დანიშნულებად მითითებულია ოქტომბრის თვის ხელფასი (ს.ფ. 74). შესაბამისად, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო დასაქმებულებისათვის გამომუშავებითი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, აპელანტი ვალდებული იყო სასამართლოსათვის წარედგინა იმ სახის მტკიცებულებები, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ 2019 წლის მაისში, ივნისში, ივლისში და ოქტომბერში 25000 ლარს ზემოთ ჩარიცხული თანხები იყო მოსარჩელისათვის, წინსწრებით გადახდილი ხელფასი და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამომუშავებითი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. თავად მოსარჩელე ამ ფაქტობრივ გარემოებას (ხელფასის ზედმეტად ჩარიცხვას) არ ეთანხმებოდა, ხოლო მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა იმ სახის მტკიცებულება რაც აღნიშნულს დაადასტურებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებო გარემოებად დასახელდა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ნ.მ–ის განმარტება, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე იყო მოპასუხე კლინიკის დირექტორი, თუმცა, 2018 წლის 1 ივნისიდან ფაქტობრივად ახორციელებდა დირექტორის უფლებამოსილებას. მოწმის განმარტებით, მოპასუხე კლინიკა იყო ახალი გახსნილი, რომლის სახელისა და იმიჯისთვის აუცილებელი იყო ცნობილი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის დასაქმება. ამ მიზნით, მან კომპანიის პარტნიორები დაარწმუნა, რომ მოსარჩელისათვის ხელფასის სახით 25 000 ლარის გადახდა კომპანიასაც მოუტანდა სარგებელს. მოსარჩელეს ყოველი თვის ხელფასი ერიცხებოდა მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ამ თარიღმა 2019 წლის აგვისტოდან გადაიწია ერთი თვით. 2019 წლის 4 ნოემბერს ნ.მ–მა დატოვა კომპანიის დირექტორის პოზიცია. შესაბამისად, მოსარჩელისათვის 2019 წლის სექტემბრის და ოქტომბრის ხელფასი არ ჩაურიცხავს.
13. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით და გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ) და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა და რომ მოსარჩელემ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაადასტურა, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნდა 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის თვეების და ნოემბრის თვის 7 დღის შრომითი ანაზღაურების დავალიანება ჯამში 52600 ლარი.
14. რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც სახელფასო ანაზღაურების დაყოვნებისათვის დადგენილ პროცენტს შეეხება, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 41.4 მუხლზე (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის 31.3 მუხლი), დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და აღნიშნა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენს.
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სასამართლო პრაქტიკაზე - სუსგ №ას-140-140-2018, რომელშიც მითითებულია, რომ დამსაქმებელს დაყოვებული თანხის 0,07% გადახდის ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ - ხელშეკრულების მოქმედების (არსებობის) პერიოდში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მუშაობის გამო, ხელფასის (ანაზღაურების) გადახდის ვალდებულების არსებობა და მისი გადახდის დაგვიანება (დაყოვნება) და/ან საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა. ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი, პირგასამტეხლოს სახით, უკავშირებს დაყოვნებული (გადასახდელი, მაგრამ დაგვიანებული) თანხის 0.07%–ის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება იძულებითი განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედების გამო დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს.
16. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის (შრომით ურთიერთობის დროისათვის მოქმედი 34-ე მუხლი) თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
17. განსახილველ შემთხვევაში, სახელფასო დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 2020 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 15 252.5 ლარს, ყოველ დღეზე - 17.5 ლარი. შესაბამისად, სექტემბრის თვის ხელფასზე დარიცხული პირგასამტეხლოა 7892.5 ლარი (ვადაგადაცილებული 451 დღე), ოქტომბრის თვის ხელფასზე დარიცხული პირგასამტეხლო - 7350 ლარი (ვადაგადაცილებული 420 დღე), ნოემბრის თვის ხელფასზე დარიცხული პირგასამტეხლო 10 ლარი (ვადაგადაცილებული 406 დღე).
18. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს დაკისრებას და არა მის კონკრეტულ ოდენობას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში წარდგენილი იყო არაკვალიფიციური შესაგებელი. მას არ წარმოუდგენია საკუთარი პოზიცია, გაანგარიშება ან/და მტკიცებულება პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობის შესახებ. შესაბამისად სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების დაყოვნებისთვის უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით - 15 252.5 ლარის ოდენობით, ასევე, პირგასამტეხლო დაყოვნებული 52 600 ლარის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2020 წლის 26 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
19. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
20. კასატორი აღნიშნავს, სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ფიქსირებული ხელფასის გარდა, განესაზღვრა გამომუშავებით მიღებული ანაზღაურებაც, მაგრამ არასრულად, რადგან გამომუშავებით მისაღები ანაზღაურება მოსარჩელს არასოდეს მიუღია, ასეთი ტარიფების არარსებობის გამო.
21. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელემ სრულად მიიღო შვიდი თვის ხელფასი, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით. მიღებული თანხის შვიდზე გაყოფით, მოსარჩელეს სრულად აქვს მხარეთა შეთახმებით გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება მიღებული. კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მოპასუხე კლინიკის მიერ დამტკიცებული სტანდარტებისა და ტარიფების შესახებ დოკუმენტი, მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, ვერ იარსებებს სსსკ-ის 102.3 მუხლის სტანდარტით გათვალისწინებული მტკიცებულება კონსულტაციის ღირებულებაზე ან მის ნაწილზე მოსარჩელის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ. შესაბამისად, კასატორს დაუსაბუთელად მიაჩნია, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ხელფასის დადგენილი ოდენობის თანხის გამომუშავებით ანაზღაურებით მიღებულ სარგებელში მიმართვის ნაწილში.
22. კასატორის მოსაზრებით, მოწმის დაკითხვისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან და მოპასუხე კლინიკის ყოფილ დირექტორთან, რომელიც მოწმის სახით დაიკითხა, ერთდროულად შეწყდა შრომითი ურთიერთობა; სახელფასო დავალიანება წარმოიშვა მოწმის დირექტორობის პერიოდში; მოწმე მოწვეული იქნა სახელფასო დავალიანების ოდენობისა და 25.12.2019წ. დეკემბერს ჩარიცხული 14750 ლარის დანიშნულების დასადასტურებლად. ამასთან, მოპასუხისათვის უცნობი მიზეზის გამო, სექტემბრის და ოქტომბრის ხელფასი არ ჩათვლილა სახელფასო დავალიანების ანგარიშში. კასატორი აღნიშნავს, რომ 25.12.2019წ.-მდე გადახდილი და 25.12.219წ. -ს გადახდილი თანხის ჯამი ზუსტად შეესაბამება მოსარჩელის მისაღებ ხელფასს. სახელფასო დავალიანების არსებობის პირობებში, მასზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო მოწმედ მოწვეული პირი (კლინიკის ყოფ. დირექტორი), რომელსაც არ მიუცია ჩვენება თანხის დანიშნულების საკითხზე, რის გამოც, მოწვეული იქნა. უფრო მეტიც, მოსარჩელის ინტერესების დასაცავად წარადგინა ხელმოუწერელი დოკუმენტი და ელ.მიმოწერა. ყოფ.დირექტორს საწარმოს წესდების მიხედვით არ შეეძლო აქციონერის გარეშე, ამ ოდენობის ხელფასის არც დანიშვნა და არც გადახდა, რაც მისთვის დანიშვნის დღიდან ცნობილი იყო.
23. კასატორის მოსაზრებით, გაურკვევლია სასამართლოს დასაბუთება, რომელიც შეეხება კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხს. კასატორი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, პირდაპირაა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს განაკვეთი და მისი ოდენობა დაკავშირებულია სახელფასო დავალიანების თანხის ოდენობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა. გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლს საერთო სასამართლოების სიტემაში და ადგენს, რომ უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება, რომელიც ადგენს უზენაესი სასამართლოს მხრიდან დავის ფაქტობრივი ნაწილის შეფასების ფარგლებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მსჯელობს საპროცესო წესების დაცვით მოპოვებული მტკიცებულებებისა და მხარეთა მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების შეფასების კანონიერებაზე იმგვარად, რომ თავად ვერც ახალ ფაქტებს დაადგენს და ვერც ახალ განმარტებებს მიიღებს მხარეებისგან.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პალატა შეზღუდულია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების ეტაპის დასრულების დროისათვის წარდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების კვლევით.
28. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებით პროცესში, საპროცესო უფლების ჯეროვნად რეალიზების მიზნით, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებენ სასარჩელო მოთხოვნას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, 219-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მიერ, ამ საპროცესო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში კი, უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების არსებობის უარყოფა (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილი). სსსკ-ის მე-4 მუხლი განსაზღვრავს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომლის თანახმად, მტკიცების საგნის განსაზღვრა და მასში შემავალი ფაქტები დამტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ. სსსკ-ის მე-3 მუხლი განსაზღვრავს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას -განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
29. ამდენად, გარემოება დამტკიცებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ერთი მხარე მიუთითებს მასზე და მეორე მხარე არ ეწინააღმდეგება ამ მითითებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებითი პრინციპის საფუძველზე, მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ (დასაბუთებულ) მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი წააგებს სამართლებრივ დავას. მოპასუხის სტადიაზე მოწმდება არა მხოლოდ ის, წარადგინა თუ რა მოპასუხემ შესაგებელი, არამედ, ასევე, წარდგენილი შესაგებელი რამდენად აბათილებს და არყევს (მოსარჩელის განმარტებების საფუძველზე შექმნილ) მოთხოვნის წარმოშობის ვარაუდს. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
30. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
31. მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების წარდგენის დროს მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება _ „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.
32. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი _ ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი). მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელთან გვაქვს საქმე ასევე, როდესაც მოპასუხე უთითებს მოსარჩელის მხრიდან საპასუხო მოქმედების შესრულებაზე (სსკ-ის 369-ე მუხლი), შესრულების ვადის დაუდგომლობაზე (სსკ-ის 361.2 მუხლი).
33. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი - ამ ტიპის შეპასუხების დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
34. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
35. სსსკ-ის 4.1 მუხლის მიხედვით, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომელზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოხმობილი ნორმები განსაზღვრავენ მხარეთა ტვირთს ფაქტების მითითების თაობაზე. განსხვავებით მტკიცების ტვირთისაგან, რომელსაც მოსამართლე აქტიურად ხელმძღვანელობს და კარნახობს მხარეებს, თუ ვინ უნდა ამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი, იგი პასიურია ფაქტების მითითებისას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ვერ დაეხმარება მხარეს სარჩელის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთების შედგენაში. მოსამართლეს დავის გადასაწყვეტად სჭირდება რელევანტური ფაქტები, რომელთა წარდგენაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეებს. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები. შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. სსსკ-ის 102.1 მუხლის ზოგადი დათქმიდან გამომდინარე, უფლების შემწყვეტი, შემაფერხებელი და გამომრიცხველი შესაგებლის მტკიცების ტვირთი მოდის მოპასუხეზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი ან განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების (გამომრიცხავი ნორმების) შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.
36. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
37. ასეთი მიდგომის საფუძველია სსსკ-ის 102-ე მუხლის ნორმატიული დანაწესი, რომელშიც თავმოყრილია მხარეთა საპროცესო ვალდებულებები, მათ შორის, მოპასუხის უფლება გააქარწყლოს მოსარჩელის მოთხოვნები. ცხადია, მოპასუხისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებისთვის მხოლოდ მოპასუხის მოსაზრებაზე მითითება საკმარისი ვერ გახდება. სასამართლო მტკიცებაში, მოიაზრება პროცესის მონაწილე სუბიექტების იმგვარი საქმიანობა, რომელიც მიმართულია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობა/არარსებობის დასადგენად. საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო, დასაბუთებული პოზიციის არსებობამ შესაძლებელია მხარე მიიყვანოს იურიდიულად დაუსაბუთებელ შედეგებამდე, რაც მოსარჩელისათვის მდგომარეობს სარჩელის უარყოფაში, ხოლო მოპასუხისთვის - მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში. სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან. (იხ., ილონა გაგუა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი, 2020 წელი, გვ.168, 169, 214-215, 221, 231).
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს.
39. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ როგორც სახელფასო დავალიანება ისე, სახელფასო დავალიანების დაყოვნების პირგასამტეხლო. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ძირითადად ეყრდნობა იმ გარემოებას, რომელიც შედავებული იყო სააპელაციო სასამართლოში და დაკავშირებულია დავალიანების არარსებობასთან, სახელფასო ანაზღაურებაზე შეთანხმებასთან. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი), კერძოდ, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხე კლინიკაში მოსარჩელე 2019 წლის პირველი აპრილიდან დაინიშნა ექიმი-ინფექციონისტის პოზიციაზე და ამავე ბრძანებით მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა გამომუშავებით და ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით, მათ შორის, ა) გამომუშავებითი ანაზღაურება განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კლინიკაში დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად; ბ) ფიქსირებული შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული ხელფასით 31 250 ლარით (ხელზე ასაღები - 25 000 ლარი) (ს.ფ. 18). მოსარჩელის 2019 წლის 4 ნოემბრის განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის არსებული შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა 2019 წლის 8 ნოემბერს (ს.ფ. 222).
40. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ მიიღო შვიდი თვის ხელფასი, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით; მოსარჩელისათვის გადარიცხული თანხის შვიდზე გაყოფით, ირკვევა, რომ მოსარჩელემ სრულად მიიღო მხარეთა შეთახმებით გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით, რომელიც დამოკიდებულია მხარის როლზე სამართლებრივ ურთიერთობაში, სწორედ დამსაქმებელის ვალდებულებას წარმოადგენდა დაედასტურებინა მოსარჩელისათვის შეთანხმებული ხელფასის სრულად ანაზღაურება. ამ თვალსაზრისით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო დასაქმებულებისათვის გამომუშავებითი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ამ ვითარებაში კი, სწორედ დამსაქმებლის (აპელანტი/კასატორი) საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა იმ სახის მტკიცებულებების წარმოდგენა და იმ გარემოების დადასტურება, რომ სადავო პერიოდში მისაღები ხელფასი, მოსარჩელემ მიიღო 2019 წლის მაისში, ივნისში, ივლისში და ოქტომბერში 25000 ლარს ზემოთ ჩარიცხული თანხების სახით. კერძოდ, დამსაქმებელს უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ ეს იყო წინსწრებით გადახდილი ხელფასი და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამომუშავებითი ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. იმ სახის მტკიცებულება რაც აღნიშნულს დაადასტურებდა დამსაქმბელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, მხოლოდ მითითება იმ გარემოებაზე, რომ ამ თანხები ჯამის შვიდზე გაყოფით მიიღება მოსარჩელის მიერ მოპასუხე კლინიკაში ნამუშევარი დროის ხელფასი, დასაბუთებასაა მოკლებული იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ მხრეთა შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა ერთდროულად, გამომუშავებით და ფიქსირებული ანაზღაურების სისტემით, მათ შორის, ა) გამომუშავებითი ანაზღაურება განისაზღვრა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კლინიკაში დამტკიცებული სამედიცინო სტანდარტებისა და ტარიფების შესაბამისად; ბ) ფიქსირებული შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული ხელფასით 31 250 ლარით (ხელზე ასაღები - 25 000 ლარი) (ს.ფ. 18). ამასთან, კასატორის არგუმენტი, რომ არ არსებობს მოპასუხე კლინიკის მიერ დამტკიცებული სტანდარტებისა და ტარიფების შესახებ დოკუმენტი, ვერ გააქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას მიუღებელი შრომის ანაზღაურების თაობაზე.
42. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას მტკიცების ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრების ნაწილშიც და განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა. ამ პირობებში კი, გასათვალისწინებელია შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებელს გააჩნდა მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მტკიცებულება სახელფასო დავალიანების საკითხის დასადგენად (შდრ: სუსგ-ები №ას-359-2021 27 ოქტომბერი, 2021 წელი; №ას-1332-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი; საქმე №ას-1132-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).
43. რაც შეხება კასატორის პრეტენზიას მოწმის სახით დაკითხული მოპასუხე კლინიკის ყოფილი დირექტორის ახსნა-განმარტების სარწმუნოობასთან დაკავშირებით (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები) საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ კასატორის პრეტენზია, არ იძლევა მოწმის ჩვენების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, ხოლო ის გარემოება, რომ ყოფ.დირექტორს საწარმოს წესდების მიხედვით არ შეეძლო აქციონერის გარეშე, ამ ოდენობის ხელფასის არც დანიშვნა და არც გადახდა, რაც მისთვის დანიშვნის დღიდან ცნობილი იყო, განსახილველი დავის საგანი ვერ გახდება.
44. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა, რის გამოც, გასაზიარებელია, სააპელაციო სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა დასრულდა 2019 წლის 8 ნოემბრიდან, დამსაქმებელს არ მოუხდენია საბოლოო ანგარიშსწორება სადავო პერიოდზე - 2019 წლის სექტემბერი, ოქტომბრისა და ნოემბრის თვის 8 დღის ხელფასი.
45. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა კანონითაა პირდაპირ განსაზღვრული (სშკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი (ამჟამად მოქმედი კანონის რედაქცია)), რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ დასაბუთებასაა მოკლებული, გასაზიარებელია, თუმცა, აღნიშნული რაიმე გავლენას საქმის შედგეზე, ვერ მოახდენს.
46. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და მისი დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ-ები №ას-347-2020,18 ნოემბერი, 2020 №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან სახელფასო ანაზღაურებისა და მისი ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „გ.ჰ–ლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. სს „გ.ჰ–ლს“ (ს.კ:......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 05.10.2021წ.-ის N082 საგადახდო დავალებით გადახდილი 3906 ლარის 70% – 2734.2 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე