Facebook Twitter

საქმე №ას-921-2021 9 დეკემბერი,2021წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.გ–ნმა (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2018 წლის 18 სექტემბრის N264-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; 1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობაზე; 1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო განაცდურის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისთვის, კერძოდ, 2018 წლის 18 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 1 625 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ დასაქმებული იყო მოპასუხე საზოგადოებაში განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით N1403. მიუხედავად აღნიშნულისა, 2018 წლის აგვისტოს თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მიიღო შეთავაზება ხელშეკრულებისა, რომლითაც სრულად იცვლებოდა დასაქმებულის სამუშაო პირობები, კერძოდ, დასაქმებულს სთავაზობდნენ საათობრივად დასაქმების სამუშაო რეჟიმს, როდესაც ანაზღაურება განხორციელდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. შეთავაზებაში მოცემული იყო დღიური ანაზღაურების ტარიფი, თუმცა, არ იყო გაწერილი სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა, რაც ტოვებდა შესაძლებლობას, რომ ფორმალურად დასაქმებულს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ერთი სამუშაო დღეც ვერ მიეღო. მოსარჩელმ, ასევე აღნიშნა, რომ დასაქმებულებს შინაგანაწესით აკრძალული ჰქონდათ სხვა მედიასაშუალებაში დასაქმება, რაც მათ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებდა. დავაში ჩართული იყო მედიატორი. პროფესიული კავშირის მოთხოვნის შედეგად, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მომხდარიყო საკითხის მორიგების გზით გადაწყვეტა, 2018 წლის 18 სექტემბერს მოპასუხემ გამოსცა ბრძანება და მოსარჩელესთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით. მოსარჩელემ მოითხოვა დამსაქმებლისგან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი განმარტება, რაზეც 28 სექტემბერს მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც, შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა სშკ-ის 37.1.„ო“ მუხლის შესაბამისად. მოსარჩელის გამარტებით, იგი ითხოვდა დასაბუთებას, რის მიხედვით მოხდა იმ თანამშრომელთა შერჩევა, რომლებმაც მიიღეს ახალი პირობების შეთავაზება, რაზეც ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის თანამშრომელთა დასწრება-აღრიცხვის ე.წ „ტურნიკეტის“ ამოქმედების შედეგად გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად იყო გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად იყო ასახული სამუშაო რეჟიმებზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება იყო უაღრესად დაბალი, ნაწილს კი, უფიქსირდებოდა მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრა საათობრივი დასაქმების რეჟიმი, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების პირობით. სწორედ ეს შეთავაზება გაკეთდა დასაქმებულებთან, თან გაფრთხილებულ იქნენ დამსაქმებლის მხრიდან, რომ შეთავაზებებზე უარის თქმის შემთხვევაში, შეწყდებოდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის N264-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 16250 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

6. მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება №1403 2017 წლის 29 დეკემბერს, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ დაიკავა წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში (მოამბე) პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობა. ხელშეკრულების 2.3 მუხლით დასაქმებული აყვანილ იქნა განუსაზღვრელი ვადით, უდავოა ასევე, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში დარიცხულ 1 625 ლარს.

7. 2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება შრომის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითც, მოსარჩელეს შესთავაზეს შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. შეთავაზებაში მოპასუხე დამსაქმებელმა მიუთითა, რომ წინამდებარე შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 04 სექტემბრამდე. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, მოქმედი შრომის ხელშეკრულება წყდებოდა 2018 წლის 04 სექტემბრიდან, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8. უდავოა, რომ შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლას შესაძლოა გამოეწვია მოსარჩელის ხელფასის შემცირება. აღნიშნულის გამო, შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.

9. 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან 18.09.2018 წლიდან, სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

10. უდავოა, რომ მოსარჩელეზე გაიცა 2 თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია.

11. მოსარჩელემ 2018 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს და მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლების დასაბუთება.

12. 28.09.2018 წელს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გაგზავნილ დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრა საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ოფიციალურად აცნობა მოსარჩელეს და შესთავაზა შესაბამის ბლოკში მუშაობის გაგრძელება იმ პირობით, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს 1 (ერთი) გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრებოდა 80 ლარის (დარიცხული) ოდენობით, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.

13. გამომდინარე აქედან, როგორც წერილშია მითითებულია, მოსარჩელესა და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე კანონის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

14. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში (მოამბე) ამჟამად გათვალისწინებულია პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის 1 (ერთი) პოზიცია და აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ არის. მასზე დასაქმებულია თანამშრომელი, რომელიც ამ თანამდებობაზე გადაყვანილია 2019 წლის 3 იანვრიდან.

15. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის 2018 წლის აგვისტოს ბოლოს გაკეთებული შეთავაზება (ს.ფ. 22) გულისხობდა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლას.

16. საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.

17. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ 2017 წლის 29 დეკემბრის შრომით ხელშეკრულებაში მხარეები შეთანხმებულები იყვნენ მის ყველა არსებით პირობაზე, მათ შორის შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობაზე (უვადო), ანაზღაურების ოდენობასა და გადახდის წესზე (ყოველთვიურად დარიცხული 1625 ლარი) და სხვა.

18. სშკ-ის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

19. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შეთავაზებაში გაჟღერებული პირობა - საათობრივი დასაქმების რეჟიმის განსაზღვრა და შრომის ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად - არის სწორედ შრომის არსებითი პირობების შეცვლა, რაც საჭიროებდა დასაქმებულის თანხმობას. მით უფრო, რომ თავად მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ სავარაუდოდ მოხდებოდა შრომის ანაზღაურების ოდენობის შემცირება, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად გულისხმობდა დასაქმებულის შრომის პირობების გაუარესებას.

20. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, არც სშკ-ის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა არის სახეზე, რაც იმ შემთხვევებს აყალიბებს, როდესაც შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა არ მიიჩნევა არსებითი პირობების შეცვლად.

21. მხარეთა ახსნა-განმარტებების შეჯერების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება და იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ არის და არც ტოლფასი თანამდებობის არსებობა დგინდება, მოპასუხეს უნდა დაეკისროს კომპენსაციის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. საერთო ჯამში, 16 250 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა, რაც 10 თვის ხელფასის ოდენობით ანაზღაურების ტოლფასია.

22. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს მხარეებმა, პირველმა აპელანტმა (მოსარჩელე) გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გათავისუფლებამდე თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა, ხოლო, დამსაქმებელმა - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, მოსარჩელე აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ - პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობაზე, და მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი ხელფასი 2018 წლის 18 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში და საქმე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგი მითითებებით:

26. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უვადო შრომის ხელშეკრულების ფარგლებში დასაქმებული იკავებდა პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობას. შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ადმინისტრაციამ დასაქმებულს აცნობა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საათობრივი სამუშაო რეჟიმის განსაზღვრისა და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრა 80 ლარით. იმავე შეთავაზების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე და უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქციის 47-ე მუხლი) შესაბამისად და გაიცემოდა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 22, 28-29). იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე, დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატამ შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების სპეციალური წესის გათვალისწინებით, დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურება კასატორს (დამსაქმებელი) გადააკისრა, რომელმაც, საკასაციო პალატის განმარტებით ვერ დაძლია თავისი კუთვნილი მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, საკასაციო პალატამ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერად მიიჩნია და ამ ნაწილში, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და დასკვნები. თუმცა, არ გაიზიარა დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში განვითარებული მსჯელობა და დასკვნა. ამ კუთხით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენამდე საჭიროა დამატებითი კვლევა, დამსაქმებელ ორგანიზციაში არსებობს თუ არა იგივე თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული გათავისუფლებამდე მუშაობდა, აღნიშნულის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია თუ არა დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია სხვა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ხოლო, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანმიმდევრობით, უნდა შეფასდეს, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად, ასეთი შეუძლებლობით გამოწვეული კომპენსაციის მიცემის საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. საკასაციო პალატამ მიუთითა დასაქმებულის ვალდებულებაზე, დაამტკიცოს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში, სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მოსარჩელემ, ხოლო, მოპასუხემ წარადგინა წერილობითი ინფორმაცია, რომ "ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში ამჟამად გათვალისწინებულია პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის 1 პოზიცია. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ არის და მასზე დასაქმებულია თანამშრომელი, რომელიც ამ თანამდებობაზე გადაყვანილია 2019 წლის 3 იანვრიდან" (ტ.1,ს.ფ.186-187), რაც საკასაციო პალატის მითითებით საჭიროებდა დამატებით კვლევასა და შესაბამის შეფასებას.

27. საქმის ხელახალი განხილვის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის N264-კ ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 16250 ლარის(საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა (იხ., ამ განჩინების პ.4).

28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

29. მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის N264-კბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, არის ბათილი.

30. სსკ-ის 48-ე მუხლის მერვე პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

31. სააპელაციო სასმართლოს მითითებით სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა. კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებული შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ვერც პირვანდელი სამუშაო ადგილის და ვერც ტოლფასი თანამდებობის დაკავების გზით ვერ აღდგება. აღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა შრომითსამართლებრივ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციასთან შედარებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის აღდგენას უპირატესობა ენიჭება, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ შრომის უფლება მხოლოდ შრომის სანაცვლო ანაზღაურების მიღების უფლებას არ მოიცავს. იგი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა, რომელიც, ამავდროულად, მომავლის დაგეგმვის, თვითგანვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის გარანტიაცაა. ყველა ამ შესაძლებლობას კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ როდესაც მუდმივი ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა ერთმნიშვნელოვნად დგინდება, შრომითურთიერთობაში აღდგენას მის კომპენსაციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. შესაბამისად, კომპენსაციის დადგენამდე სასამართლომ შრომითსამართლებრივ უფლებებში აღდგენა (პირვანდელი სამუშაო, ტოლფასი თანამდებობა) ცალსახად უნდა გამორიცხოს. მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის გზას, ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყვეტს. კანონის დანაწესი შრომით უფლებებში რესტიტუციის სხვადასხვა გზების დადგენის თაობაზე განპირობებულია იმით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში შრომით უფლებებში რესტიტუცია ეფექტურ ხასიათს ატარებდეს.

32. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელესთან არამართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, თუმცა, შეუძლებელი იყო მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა.

33. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით დადგენილია, რომ თანამდებობა, რაც მოსარჩელეს ეკავა, ვაკანტური არ არის (იხ. სხდომის ოქმი 23.06.2021), ხოლო ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს აკისრია, რაც მან ვერ დაადასტურა.

34. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებას ანალოგიურ დავაზე სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულით არ დასტურდება, რომ არსებობს ის ვაკანსია, რაც მოსარჩელეს ეკავა, ან ტოლფასი თანამდებობა.

35. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სამუშაოზე აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაციის დაკისრების და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და მიიჩნია, რომ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობა გონივრულია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება კომპენსაციის ნაწილში სრულად შეესაბამება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (სუსგ Nას-353-338-2016, 15.06.2016წ; №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-632-2019წ, 21.06.2019წ.; Nას-395-2019, 27.06.2019წ. №ას-67-2020 29/09/2020).

36. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე და დამსაქმებლისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრება.

37. კასატორის მოსაზრებით, უნდა მომხდარიყო მისი აღდგენა სამსახურში, რადგან როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადგენილი: „მოპასუხე განმარტავდა ჯერ არ არის საშტატო ნუსხა დამტკიცებული. იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობაზე დასაქმებული იყო 4 პირი მოსარჩელის ჩათვლით, ხოლო დღეის მდგომარეობით დასაქმებულია 1 პირი, მოპასუხემ განმარტა, რომ სამუშაოს დატვირთულობის გათვალისწინებით ერთზე მეტი შტატის საჭიროება არ იდგა დღის წესრიგში. მოპასუხის ასეთი პოზიცია დაუსაბუთებელია, მით უფრო, იმ პირობებში რომ მიმდინარე დროისათვის დასაქმებულ პირზე არ გაკეთებულა საათობრივი ანაზღაურების შეთავაზება. დადგენილი უნდა იქნეს, რომ მოპასუხე საზოგადოებაში უფროსი ტექნიკოსის 1 პოზიცია არის მხოლოდ მოქმედი და ისიც არის დაკავებული სხვა პირის მიერ, რომელიც დასაქმებულია 2019 წლის 3 იანვრიდან. ამასთან, ვერცერთმა მხარემ ვერ დაასახელეს ტოლფასი თანამდებობა.“

38. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენაა და არა ტოლფას სამუშაოზე. არც უცდია მოსარჩელეს ტოლფასი თანამდებობის არსებობის დადასტურება.

39. ამასთან, მოპასუხეს არ აქვს საშტატო ნუსხა დამტკიცებული. სამუშაოზე პირები დასაქმებულები არიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

40. კასატორი აღნიშნავს, რომ სხვა პირებს გაუფორმდათ შრომითი ხელშეკრულებები და მათ მსგავსად შესაძლებელია მისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმება. კასატორი აღნიშნავს, რომ ეს პირები არიან დ. ს. და ა. მ., რომლებიც სამუშაოზე აღადგინა სასამართლომ (იხ., სუსგ Nას-820-2020) და ამჟამად დასაქმებულნი არიან ხელშეკრულების საფუძველზე. კასატორი მიუთითებს, ასევე სხვა საქმეზე სადაც, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობის არგუმენტი მოპასუხემ დააყრდნო არა საშტატო ნუსხას, არამედ ადამიანური რესურსების მართვის მართვის სამსახურის და საფინანსო სამსახურის წერილებს, რაც სსსკ-ის 102.3 მუხლის საფუძველზე ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად იქნა მიჩნეული. სასამართლომ დასამსაქმებელს შესთავაზა სასტატო ნუსხის წარმოდგენა, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულება დამსაქმებელს წარდგენილი არ ჰქონდა (სუსგ Nას-235-2021).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

42. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.

44. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8(სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 48-ე; 58-ემუხლი).

45. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება №1403, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ დაიკავა წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში (მოამბე) პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის თანამდებობა. ხელშეკრულების 2.3 მუხლით დასაქმებული აყვანილ იქნა სამსახურში განუსაზღვრელი ვადით. უდავოა ასევე, რომ მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში დარიცხულ 1 625 ლარს.

46. 2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება შრომის ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითც, მოსარჩელეს შესთავაზეს შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით. შეთავაზებაში მოპასუხე დამსაქმებელმა მიუთითა, რომ წინამდებარე შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 04 სექტემბრამდე. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, მოქმედი შრომის ხელშეკრულება წყდებოდა 2018 წლის 04 სექტემბრიდან, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

47. მოსარჩელესა და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე კანონის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

48. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში (მოამბე) ამჟამად გათვალისწინებულია პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის 1 (ერთი) პოზიცია და აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ არის. მასზე დასაქმებულია თანამშრომელი, რომელიც ამ თანამდებობაზე გადაყვანილია 2019 წლის 3 იანვრიდან (ამ განჩინების პ.14).

49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით (ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე , 48-ე მუხლი).

50. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება უკანონოდაა ცნობილი, ხოლო საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ, რომელიც სადავოდ ხდის სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობას და შესაბამისად, განაცდურს.

51. მოცემულ შეთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოების დირექტორის 2018 წლის 18 სექტემბრის N264-კ ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, არის ბათილი. ამასთან, დადგენილია მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 16250 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით) გადახდა.

52. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად არ გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მოპასუხის განმარტება მიიჩნია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის აღსადგენად ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს, მით უმეტეს, წარმოდგენილი არ ყოფილა საშატატო ნუსხა.

53. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის საფუძველზე ერთხელ უკვე იმსჯელა საკასაციო პალატამ და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 იანვრის განჩინებით საქმე, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, შემდეგი მითითებებით (იხ., ს.ფ. 106-113, ტ.2.): „ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იყო, რომ შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ადმინისტრაციამ დასაქმებულს აცნობა გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, საათობრივი სამუშაო რეჟიმის განსაზღვრისა და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურების ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული შეთავაზების მიხედვით ერთი გადასაღები დღის ღირებულება განისაზღვრა 80 ლარით. იმავე შეთავაზების თანახმად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შეთავაზება ძალაში იყო 2018 წლის 4 სექტემბრამდე და უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 2018 წლის 4 სექტემბრიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის (ახალი რედაქციის 47-ე მუხლი) შესაბამისად და გაიცემოდა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 22, 28-29). იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შეთავაზებაზე, დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. ამ მოცემულობაში, საკასაციო პალატამ შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედი მტკიცების სპეციალური წესის გათვალისწინებით, დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების დადასტურება კასატორს (დამსაქმებელი) გადააკისრა, რომელმაც, საკასაციო პალატის განმარტებით ვერ დაძლია თავისი კუთვნილი მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, საკასაციო პალატამ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერად მიიჩნია და ამ ნაწილში, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და დასკვნები. თუმცა, არ გაიზიარა დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში განვიტარებული მსჯელობა და დასკვნა. ამ კუთხით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენამდე საჭიროა დამატებითი კვლევა, დამსაქმებელ ორგანიზციაში არსებობს თუ არა იგივე თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული გათავისუფლებამდე მუშაობდა, აღნიშნულის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია თუ არა დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუცია სხვა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენით, ხოლო, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი თანმიმდევრობით, უნდა შეფასდეს, დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის ნაცვლად, ასეთი შეუძლებლობით გამოწვეული კომპენსაციის მიცემის საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. საკასაციო პალატამ მიუთითა დასაქმებულის ვალდებულებაზე, დაამტკიცოს დამსაქმებელ ორგანიზაციაში მის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ან ტოლფასი თანამდებობის არსებობის ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში, სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მოსარჩელემ, ხოლო, მოპასუხემ წარადგინა წერილობითი ინფორმაცია, რომ "ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის წარმოების და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფში ამჟამად გათვალისწინებულია პირდაპირი ჩართვის უფროსი ტექნიკოსის 1 პოზიცია. აღნიშნული პოზიცია ვაკანტური არ არის და მასზე დასაქმებულია თანამშრომელი, რომელიც ამ თანამდებობაზე გადაყვანილია 2019 წლის 3 იანვრიდან" (ტ.1,ს.ფ.186-187), რაც საკასაციო პალატის მითითებით საჭიროებდა დამატებით კვლევასა და შესაბამის შეფასებას.

54. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განიხილვის შედეგად დაადგინა, თანამდებობა, რაც მოსარჩელეს ეკავა, ვაკანტური არ არის (იხ. სხდომის ოქმი 23.06.2021). შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია. დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები.

55. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებით უტყუარად უნდა დადგინდეს ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა (შდრ: სუსგ №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021).

56. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ დასაქმებულმა წარმატებით ვერ გაართვა თავი თავისი მტკიცების ტვირთს - სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა დამსაქმებელ ორგანიზაციაში ტოლფასი თანამდებობის არსებობა (ასევე, ამავე თანდებობის ვაკანტურობა). (იხ., სუსგ-ები №ას-588-556-2014, 27 აპრილი, 2015 წელი; №ას-235-2021, 18 ივნისი, 2021 წელი; №ას-1189-2020 4 თებერვალი, 2021; №ას-113-2021 ,27 აპრილი, 2021 წელი).

57. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის შედავებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებასა და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის ნაწილში, ფაქტობრივი გარემოებების არასწორ დადგენასთან მიმართებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ამ ნაწილში, სათანადოდ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთი.

58. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიკუთვნებულ კომპენსაციის ოდენობის გონივრულობას, საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (მრავალ გადაწყვეტილებათა შორისაა სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.;).

59. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია სწორად იქნა განსაზღვრული.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.გ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. ლ.გ–ნს (პ.ნ: ......) უკან დაუბრუნდეს ი/მ ლ.გ–ნის მიერ 30.09.2021-ში საგადასახადო დავალება N0 გადახდილისახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ლ. მიქაბერიძე