საქმე №ას-291-2021 29 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ჰ.ს.დ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სანდიიპ ჰუდა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2015 წლის 22 მაისს, სანდიიპ ჰუდამ (შემდგომ - მოსარჩელე, გამსესხებელი, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) ჰ.ს.დ–ს (შემდგომ - მოპასუხე, მსესხებელი, კასატორი) 11 000 აშშ დოლარი ექვსი თვით ასესხა, იმავე წლის 10 ივნისს კი - 5 000 აშშ დოლარი იმავე ვადით. მოსარჩელემ მოპასუხეს 2015 წლის 30 ივნისსაც ექვსთვიანი ვადით 6 000 აშშ დოლარი ასესხა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის მიღებაზე.
სასარჩელო მოთხოვნა:
3. გამსესხებელმა 2018 წლის 19 დეკემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მსესხებლის წინააღმდეგ და, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ უკანასკნელისათვის 22000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხის შესაგებელი:
4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, გამსესხებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მსესხებელს 6000 აშშ დოლარის გადახდა გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, 2015 წლის 22 მაისისა და იმავე წლის 10 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამსესხებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა; გამსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა; მსესხებელს 22000 აშშ დოლარის გადახდა მსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა.
9. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 128-130-ე მუხლებზე და იმავე კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლებზე დაყრდნობით იმსჯელა გამსესხებლის მოთხოვნის განხორციელებადობაზე.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ პირველი სარჩელი აპელანტმა (მსესხებელმა) 2018 წლის 22 ნოემბრამდე წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად, 2015 წლის 22 მაისს დადებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა პირველი სარჩელის შეტანის დროს გასული არ ყოფილა, რაც ავტომატურად გულისხმობს ყოველი შემდგომი ვალდებულების ვალიდურობას. ამასთან, გამსესხებელმა სარჩელი 2018 წლის 19 დეკემბერს აღძრა, რაც სსკ-ის 140.2 მუხლით დადგენილ 6-თვიანი ვადის დაცვის რეგლამენტს შეესაბამება.
11. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ მოპასუხეს სარჩელის გამომრიცხველი შესაგებელი არ წარუდგენია, იგი არ მიუთითებდა ვალდებულების არარსებობას, მისი შესრულების ან შეწყვეტის თაობაზე, ამიტომ, ვინაიდან მოპასუხეს სესხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები იკვეთებოდა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსესხებელმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 30 ნოემბრის განჩინება არ გაუსაჩივრებია, რითაც იგი განჩინების შინაარსს დაეთანხმა და განმეორებით წარადგინა იგივე სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ, რაც ვერ გახდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველი.
14. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ პირველი სარჩელი ვადის ბოლო დღეს 2018 წლის 22 ნოემბერს შეიტანა, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში, მხარემ კი ამ განჩინების გასაჩივრების ნაცვლად, განმეორებით მიმართა სასამართლოს. სასამართლომ ეს სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ 6-თვის ვადის დაცვად მიიჩნია, რაც არასწორი და დაუსაბუთებელია. კასატორის მტკიცებით, იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი გათვალისწინდეს, მნიშვენლოვანია, დაცულ იქნეს სსკ-ის 138-ე და 139-ე მუხლების შინაარსი.
15. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ სამართლებრივად ვარგისად ვერ იმოქმედა და ვერ დაიცვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სასამართლომ გამსესხებლის სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია, საკასაციო პალატა სარჩელის შემაფერხებელი შესაგებლის საფუძვლიანობაზე იმსჯელებს.
22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება - სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე“ (შდრ. სუსგ-ები №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი; №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი; №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი და ა.შ.).
23. უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია, გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ. 63; შდრ. სუსგ №ას-986-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი).
24. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ (სსკ-ის 130-ე მუხლი). საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადებს სასამართლოს ითვალისწინებს არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლები გადაისინჯება მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა, ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე - ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (ციტ: დამატებით: ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, 2013, 20).
25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნას მსესხებელმა სარჩელის შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. კასატორი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 138-ე და 140-ე მუხლები.
26. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომელიც ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის უარყოფას ეხება. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის გამომრიცხველი (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოების) - ხანდაზმულობის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
27. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 22 მაისს, იმავე წლის 10 ივნისსა და 30 ივნისს სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, მსესხებელს თითოეული სესხი 6 თვის ვადაში უნდა დაებრუნებინა, რაც ამ უკანასკნელმა არ შეასრულა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულება (სსკ-ის 623-ე მუხლი), რომლის დაბრუნების მოთხოვნაზე სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.
29. საკასაციო პალატის განმარტებით, უდავოა, რომ მხარეებს შორის ყველაზე ადრე - 2015 წლის 22 მაისს დადებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადის ათვლა იმავე წლის 22 ნოემბრიდან დაიწყო და 2018 წლის 22 ნოემბერს უნდა ამოწურულიყო, ხოლო 2015 წლის 10 ივნისის ხელშეკრულების ვადის ათვლა - 2015 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურებოდა 2018 წლის 10 დეკემბერს.
30. საქმეზე გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ თავდაპირველად ამავე სარჩელით 2018 წლის 22 ნოემბრამდე მიმართა სასამართლოს, თუმცა სარჩელი დადგენილ მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, წარმოებაში არ იქნა მიღებული. 2018 წლის 19 დეკემბერს, გამსესხებელმა ხელმეორედ მიმართა სარჩელით სასამართლოს, რომელიც ამჟამად საკასაციო სასამართლოს განსჯის საგანია.
31. სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება, შესაბამისად, გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, კერძოდ, ასეთი საშუალებებია სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად (სსკ-ის 140-ე მუხლი); განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა და სარჩელზე უარის შედეგები 138-ე მუხლის მიზნებისათვის განისაზღვრება სსკ-ის 139-140-ე მუხლებით.
33. სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლო კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
34. სსკ-ის 140-ე მუხლის კონტექსტით, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმისა და განუხილველად დატოვების საპროცესო ინტიტუტების გამიჯვნის თაობაზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: „მართალია, სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლში მითითებულია სარჩელის განუხილველად დატოვების და არა საქმის განხილვის შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს მისი დანიშნულების გათვალისწინებით და არა გამოყენებული ტერმინების სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან განუხილველად დატოვების შემთხვევაში, პირს შეუზღუდავად შეუძლია, ახალი სარჩელის აღძვრა, თუ აღმოიფხვრება სარჩელის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის ადგენს სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლი, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყდება, მაგრამ, თუ პირი განუხილველად დატოვებიდან 6 თვის განმავლობაში აღძრავს ახალ სარჩელს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს და განიხილავს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის წარდგენის მომენტიდან” (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წელი).
35. კანონმდებლის მიზნისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 140-ე მუხლის მოქმედება არ შეიძლება განვავრცოთ მხოლოდ სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაზე, უფრო მეტიც, ნორმის მიზანი სწორედ ისაა, რომ, თუ ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარდგენილი სარჩელი არ აკმაყოფილებს ფორმალურად ან/და შინაარსობრივად სამართალწარმოების განხორციელების წინაპირობებს, სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა 6-თვიანი დროის მონაკვეთში აღმოფხვრას არსებული ნაკლოვანება/ხარვეზი და სასამართლოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი სარჩელით ხელახლა მიმართოს. ამ დათქმით კანონმდებელი აძლიერებს პირის დარღვეული უფლების დაცვის სტანდარტს და დარღვეული უფლების აღსადგენად მოტივირებულ სუბიექტს, რომელმაც ფორმალურად, დავის მიმართ ინტერესი სარჩელის წარდგენით გამოავლინა, არ წაერთვას საკუთარი უფლების სასამართლო წესით დაცვის საშუალება. ნიშანდობლივია, რომ სსკ-ის 140-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის სპეციალურ წესს მხოლოდ ორ შემთხვევაში განსაზღვრავს და ასეთად სარჩელის განუხილველად დატოვებასთან ერთად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის ვითარებასაც განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი უკიდურესი დაცვითი ღონისძიების სახით, დავის მიმართ იურიდიული ინტერესის მქონე პირს აძლევს დროს, მიიღოს დავის წამოწყების თაობაზე გააზრებული გადაწყვეტილება, სარჩელის აღძვრის უფლების საბოლოო გაქარწყლებამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-652-2019, 27 დეკემბერი, 2019 წელი).
36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების შესრულების ვადა 6 თვე იყო. პირველი სასესხო ვალდებულების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა 2018 წლის 22 ნოემბერს უნდა ამოწურულიყო, თუმცა გამსესხებელმა სარჩელი 2018 წლის 22 ნოემბრამდე წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად, ვინაიდან ყველაზე ადრე 2015 წლის 22 მაისს დადებული ხელშეკრულების ხანდაზმულობის ვადა პირველი სარჩელის შეტანის დროს გასული არ ყოფილა, ამასთან, გამსესხებლის მიერ წარდგენილ სარჩელებს შორის ინტერვალი 6 თვეს არ აღემატება, 2018 წლის 19 დეკემბერს წარდგენილი სარჩელით სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი ამოქმედდა, რომლის საფუძველზეც, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე გამორიცხავს.
37. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან არ ვლინდება მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი გარემოება, არ არსებობს კასატორის საკასაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
40. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-161-2019, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1586-1489-2012, 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება).
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჰ.ს.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ჰ.ს.დ.ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.გ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3652 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 10.03.2021), 70% - 2556.4 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე