07 დეკემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-1208-2021 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ფ.თ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ.ი–ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, შენობის დემონტაჟი
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება _ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფ.თ–ვმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი) წარადგინა სარჩელი ნ.ი–ვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟი.
2. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე (მდებარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი .........., საკადასტრო კოდი ........) უკანონოდ აშენებული შენობის დემონტაჟი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ი–ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2020 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და ფ.თ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის _ ს.კ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს _ ს.კ–ას ჩაბარდა 2021 წლის 19 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ნოემბრის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის ს.კ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლითაც კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
9. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ს.კ–ას (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 23) გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა 2021 წლის 19 ნოემბერს ჩაბარდა (იხ. ჩაბარების დასტური).
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
11. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის (მისი წარმომადგენლისათვის) 2021 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს _ 2021 წლის 20 ნოემბერს და ამოიწურა 2021 წლის 29 ნოემბერს. მხარემ ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს განცხადებით მიმართა 2021 წლის 03 დეკემბერს ანუ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ვინაიდან, ფ.თ–ვის საკასაციო საჩივარი დატოვებული უნდა იქნას განუხილველად, ფ.თ–ვს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 03 დეკემბერს ე.თ–ვის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 374-ე, 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ.თ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. ფ.თ–ვს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.თ–ვის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი (საგადახდო დავალება 12112501918/გადახდის თარიღი 03.12.2021).
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი