Facebook Twitter

11 ნოემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-1109-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჯ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „მ–ას“(შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, სამშენებლო კომპანია ან კასატორი) წინააღმდეგ, ზიანის - 59 205 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 59 205 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. მოსარჩელე, ქ.ბათუმში, ....... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეა.

5.2. 2014 წლის მარტში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, კერძოდ, ქ.ბათუმში, ..... მდებარე 1 546 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო მოპასუხემ (იმ დროისათვის მისი სახელწოდება იყო შპს „ახალი მთვარე”).

5.3. „კონსტრუქციული დასკვნის“ მიხედვით, 2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ..... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციები და შემომფარგვლელი კედლები, კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათზე არ აღინიშნებოდა რაიმე სახის, როგორც ჰორიზონტალური, ასევე, დახრილი და ვერტიკალური ბზარები, რაც იმის მაჩვენებელია, რომ შენობის საძირკვლები, არ განიცდიდნენ რაიმე სახის დეფორმაციებს. შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო მასზე მესამე სართულისა და მანსარდის დაშენება.

5.4. მას შემდეგ, რაც მოსარჩელის საცხოვრებელმა სახლმა დაზიანება დაიწყო, მესაკუთრემ მიმართა მოპასუხეს და სამშენებლო სამუშაოების იმ დრომდე შეჩერება მოითხოვა, ვიდრე არ აღმოიფხვრებოდა ის ფაქტორები, რომელთა გამოც მისი საცხოვრებელი სახლი ზიანდებოდა.

5.5. მოგვიანებით, მოსარჩელემ, შესაბამისი რეაგირებისათვის მიმართა ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. ამავე უწყების 2014 წლის 8 აგვისტოს საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ქ.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მითითება გასცა მოპასუხეზე, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტის დარღვევასთან დაკავშირებით. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ზიანის მიყენების ფაქტთან მიმართებით მოპასუხისათვის მიემართა.

5.6. 2014 წლის 21 აგვისტოს, მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა, როგორც ზიანის ანაზღაურება, ასევე, გარკვეული ქმედების მიღება, ახალი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.

5.7. 2014 წლის 11 სექტემბრის წერილით, სამშენებლო კომპანიის დირექტორმა უარყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოებული მშენებლობით იყო გამოწვეული, თუმცა ამავე წერილში მზადყოფნა გამოთქვა, რომ კეთილი ნების საფუძველზე განიხილავდნენ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი დაზიანებების გონივრულ ხარჯთაღრიცხვას, შეჯერდებოდნენ და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეთანხმებულ თანხას აუნაზღაურებდნენ.

5.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 9 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ..... მშენებარე სახლის ქვაბულში ფერდის გამაგრების კონსტრუქციის დარტყმითი მეთოდით მოწყობის დროს მიწის ზედაპირზე ვრცელდებოდა ვიბრაციები, რასაც შეეძლო დაეზიანებინა ქ.ბათუმში, ...... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ორსარულიანი საცხოვრებელი სახლი. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ქ.ბათუმში, ...... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მიღებულმა დაზიანებებმა დააქვეითა მზიდი კონსტრუქციის მდგრადობის ხარისხი.

5.9. შპს „ა–მა” მოამზადა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი, ქ.ბათუმში, ..... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე. შესაბამისი პროექტის შედგენამდე, სპეციალისტებმა საცხოვრებელ სახლზე დაკვირვება აწარმოეს. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო დასკვნის საფუძველზე და მიმდინარე დაკვირვებით დადგინდა, რომ შენობის დაზიანება გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე, 6-7 მეტრის მოშორებით 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ. იქვე აღიწერა სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იყო, საცხოვრებელი სახლის დაზიანების აღმოფხვრისა და გამაგრებისათვის.

5.10. მოსარჩელემ, 2014 წლის 23 ოქტომბერს ხელახლა მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და მოითხოვა ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე კატეგორიული დასკვნის გაცემა. 2015 წლის 13 ივლისის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი და მოითხოვა პასუხი გასცემოდა შემდეგ შეკითხვას: ქ.ბათუმში, ....... მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, როგორც შიგნით, ასევე, გარე ფასადზე, გამოწვეულია თუ არა ქ.ბათუმში, ........ მდებარე მშენებლობის წარმოებით.

5.11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინროს ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის, ბ.ლ–ას 2015 წლის 9 ნოემბრისა და 2015 წლის 22 დეკემბრის წერილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ დასკვნის გასაცემად აუცილებელი იყო ექსპერტიზისათვის წარედგინა ქ.ბათუმში, ..... მდებარე მშენებლობის ობიექტის სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროექტი, ქვაბულის გამაგრების და მზიდი კონსტრუქციების გაანგარიშების ოფიციალური ალბომი.

5.12. ზემომითითებული დოკუმენტაციის ასლების გადაცემის მოთხოვნით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, რომელმაც მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაცემაზე უარი განაცხადა.

5.13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხეს დაევალა, წარედგინა მის ხელთ არსებული შემდეგი მტკიცებულებები: ქ.ბათუმში, ...... მდებარე მშენებარე ობიექტის სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი, მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი, სამშენებლო სამუშაოთა წარმოების პროექტი, ქვაბულის გამაგრების და მზიდი კონსტრუქციების გაანგარიშების ოფიციალური ალბომი.

5.14. 2017 წლის 27 იანვარს, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტის 2017 წლის 17 იანვრის დასკვნა, რომლითაც დადგენილია შემდეგი: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ....... მდებარე მიწის ნაკვეთზე შესრულებულმა მშენებლობამ; სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა სამშენებლო ნორმების დარღვევით შეასრულა და ზომები არ მიიღო, მშენებლობის მიმდებარედ არსებული მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

5.15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, მოცემულ საქმეზე კვლავ დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ შპს „ს–ას“. ექსპერტს დაევალა: 1. მოეხდინა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის იმ ზიანის ზუსტი აღწერა, რომელიც გამოიწვია მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ. 2. შეედგინა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის იმ ზიანის აღმოფხვრის პროექტი, რომელიც მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ გამოიწვია; 3. დაედგინა ზემოხსენებული ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოს (მასალების ჩათვლით) ღირებულება.

5.16. 2017 წლის 26 ოქტომბერს, სასამართლოს საქმე დაუბრუნდა ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, იმ მიზეზით, რომ შპს „ს–ში“ არ ირიცხებოდნენ ექსპერტები, რომლებიც განჩინებაში მითითებულ საკითხებზე კვლევას ჩაატარებდნენ.

5.17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით განსაზღვრული საკითხების ირგვლივ დასკვნის შესადგენად, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

5.18. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან 2020 წლის 10 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში შემოსული წერილის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გამაგრების პროექტით მხოლოდ მთლიანობაშია შესაძლებელი შენობის აღდგენისა და გაძლიერების ღონისძიებების დამუშავება, ხოლო საცხოვრებელი სახლის ზიანის ზუსტი აღწერა, რომელიც მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ........ მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ გამოიწვია, ცალკე ვერ გამოიყოფოდა, ვინაიდან არ მომხდარა მშენებლობის დაწყებამდე დაზიანებული შენობის არსებული მდგომარეობის დაფიქსირება.

5.19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დაევალა, თავისი კომპეტენციის (რესურსის) ფარგლებში ჩაეტარებინა ექსპერტიზა და პასუხი გაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მხოლოდ 4.1. პუნქტში დასმულ შეკითხვაზე, სახელდობრ: მოეხდინა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის იმ ზიანის ზუსტი აღწერა, რომელიც მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, .... არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ გამოიწვია.

5.20. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2020 წლის 6 ივლისის წერილით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ შეუძლებელი იყო, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის იმ ზიანის ზუსტი აღწერა და გამოყოფა, რომელიც მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ გამოიწვია.

6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისი იყო სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად. მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა ყველა მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტის დასკვნები, რომლებიც მიუთითებდნენ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტზე, ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სამუშაოებზე და ამ სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯებზე. ამ მტკიცებულებებით დგინდებოდა შემდეგი: 2011 წლის 1 დეკემბრიდან, მოპასუხის მიერ მშენებლობის დაწყებამდე დაახლოებით ორი წლით ადრე, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი დაზიანებული არ ყოფილა და მისი მდგომარეობა იმდენად კარგი იყო, რომ შესაძლებელი იყო, მასზე დამატებით სართულისა და მანსარდის დაშენება.

2017 წლის 17 იანვრის ექსპერტიზის კატეგორიული დასკვნა კი ადგენდა მიზეზობრივ კავშირს, მოპასუხის ქმედებასა და გამოწვეულ ზიანს შორის, ასევე, იმას, რომ მოპასუხემ მშენებლობა სამშენებლო ნორმების დარღვევით შეასრულა და ზიანის თავიდან ასაცილებლად ზომები არ მიიღო. საექსპერტო კვლევა ჩაატარა კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტმა, სპეციალობით მუშაობის 31 წლის სტაჟით.

7. სააპელაციო სასამართლო, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო შპს „L”-ის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვას და მიიჩნია, რომ მოპასუხის საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და დაზიანებების აღმოფხვრის სამუშაოების ღირებულება 59 205 ლარს შეადგენდა.

8. რაც შეეხებოდა მოპასუხის პრეტენზიას, რომ ეს უკანასკნელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისათვის საჭირო ხარჯების ოდენობის შესახებ, ასევე მოცემული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებს (მოსარჩელის დაზიანებული სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის მიზნით შპს „ა–ის“ მიერ მომზადებული სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტსა და შპს „L-ის“ მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვას) და ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა მოპასუხის ბრალით გამოწვეული ზუსტი ზიანისა და ამ ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯის განსასაზღვრად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის (აპელანტი) შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, საბოლოოდ, მაინც შეუძლებელი გახდა ექსპერტიზის დასკვნის სახით მოპასუხის (აპელანტი) არგუმენტების გამამართლებელი მტკიცებულების დამატებით წარმოდგენა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დამატებით, ექსპერტიზის დასკვნის მოპოვების თითქმის სამწლიანმა წარუმეტებელმა მცდელობამ საფუძველი გამოაცალა აპელანტის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან არ დანიშნა ექსპერტიზა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და ამ ფაქტების საწინააღმდეგო მტკიცებულების მოპოვების მიზნით.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს ამ განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

9.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლო-საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა მხოლოდ ვარაუდს ემყარება და აქედან ზუსტად არ დგინდება, მიყენებული დაზიანებები ნამდვილად მოპასუხის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია თუ არა. სასამართლოს შესაბამისი დასკვნა დაეფუძნა 2011 წელს შედგენილ ე.წ. „კონსტრუქციულ დასკვნას“, რომელიც საქმეში არ არსებობს, რადგან წარმოდგენილი ე.წ. „კონსტრუქციული დასკვნა“, მისი შედგენის თარიღზე მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, მისი მეშვეობით, რაიმე ფაქტის დადგენა, შეუძლებელია.

9.2. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სახლის რეკონსტრუქციასა და მშენებლობის ხარჯთაღრიცხვას, რომელიც მიყენებული დაზიანებების აღმოფხვრასა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას არ ითვალისწინებს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

14. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან.

15. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).

ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).

16. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.

მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული შემდეგი გარემოებები:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 9 სექტემბრის დასკვნით დადგენილია, რომ ქ.ბათუმში, ....... მშენებარე სახლის ქვაბულში ფერდის გამაგრების კონსტრუქციის დარტყმითი მეთოდით მოწყობის დროს მიწის ზედაპირზე ვრცელდებოდა ვიბრაციები, რასაც შეეძლო დაეზიანებინა ქ.ბათუმში, ..... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ქ.ბათუმში, ...... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მიღებულმა დაზიანებებმა დააქვეითა მზიდი კონსტრუქციის მდგრადობის ხარისხი. შენობას საჭიროა ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები (ტომი 2, ს.ფ. 48).

2015 წელს, შპს „ა–მა” მოამზადა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტი, ქ.ბათუმში, ...... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე. შესაბამისი პროექტის შედგენამდე, სპეციალისტებმა საცხოვრებელ სახლზე დაკვირვება აწარმოეს. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო დასკვნის საფუძველზე და მიმდინარე დაკვირვებით დადგინდა, რომ შენობის დაზიანება გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე, 6-7 მეტრის მოშორებით 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობამ. იქვე აღიწერა სამუშაოები, რომელთა შესრულებაც აუცილებელი იყო, საცხოვრებელი სახლის დაზიანების აღმოფხვრისა და გამაგრებისათვის (ტომი 1, ს.ფ. 26-27).

მოსარჩელემ, 2014 წლის 23 ოქტომბერს ხელახლა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე კატეგორიული დასკვნის გაცემა ითხოვა. 2015 წლის 13 ივლისის განცხადებით მოსარჩელემ დააზუსტა ექსპერტის წინაშე დასმული საკითხი და მოითხოვა პასუხი გასცემოდა შემდეგ შეკითხვას: ქ.ბათუმში, ..... მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, როგორც შიგნით, ასევე, გარე ფასადზე, გამოწვეულია თუ არა ქ.ბათუმში, ........ მდებარე მშენებლობის წარმოებით.

2017 წლის 27 იანვარს, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტი) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტის 2017 წლის 17 იანვრის დასკვნა, რომლითაც დადგენილია შემდეგი: მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის მიერ ქ.ბათუმში, .. მდებარე მიწის ნაკვეთზე შესრულებულმა მშენებლობამ; სამშენებლო კომპანიამ მშენებლობა სამშენებლო ნორმების დარღვევით შეასრულა და ზომები არ მიიღო, მშენებლობის მიმდებარედ არსებული მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად (ტომი 4, ს.ფ. 12-19).

საკასაციო პალატის შეფასებით, ზემოთ დასახელებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოსარჩელემ, მოპასუხის მიერ, მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლით საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა დაადასტურა, რაც, მოპასუხემ, ამ ფაქტის უარყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).

18. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებას ამ ნაწილშიც იზიარებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რათქმაუნდა, გამორიცხულია (იხ. სუსგ: №ას-1423-2019, 28.02.2020).

ზიანის ანაზღაურების სასარჩელო პრეტენზიის ფარგლებში, მოპასუხის შესაგებლით სარჩელის საფუძვლიანობის გამორიცხვა დამოკიდებულია სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოსთვის წარდგენით ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ანაზღაურების საფუძვლის არარსებობის დასაბუთებაზე. ასეთ დროს, მოპასუხემ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორს (მოპასუხე) ასე არ უმოქმედია, მან შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს სარჩელში მითითებული ოდენობის ზიანი არ მიუღია. მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით კი, ეს გარემოება ვერ იქნება უარყოფილი. შეუძლებელია, რომ სასამართლო ამა თუ იმ საკითხის დადგენისას, რომელიმე მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას დაეყრდნოს, კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ კასატორმა ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის რეალიზება დამაჯერებელი არგუმენტებით და ზიანის ოდენობასთან მიმართებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად, კასატორს დადგენილი ზიანის ოდენობის გამომრიცხველი არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1033-2020, 16.04.2021; №ას-105-2021, 2.04.2021; ას-346-2020,19.02.2021).

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2 072.18 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ–ას“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 960.25 ლარის (საგადასახადო დავალება 10011238198, გადახდის თარიღი - 22.10.2020) 70% - 2 072.18 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე