25 ნოემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-1383 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ლ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათი საჩივარი უარყოფილ იქნა, ხოლო თ.ლ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 13 532 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. მისი მტკიცებით, სახლის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არსებული დაზიანებები ძირითადად ბუნებრივი პროცესებით, კერძოდ მიწისძვრებითაა გამოწვეული და არა მოსარჩელის მიერ შესრულებული აფეთქებითი სამუშაოებით.
1.2. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას და აგებულია ვარაუდებზე.
1.3. კასატორის მითითებით, ინდმეწარმე ზ.გ–ძემ ხარჯი აღრიცხა არსებული ნორმატივების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოები და მათი მოცულობა კი გაზრდილია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. ხაშურის რაიონის სოფელ ..... მდებარე 680 კვ.მ უძრავი ნივთი ს/კ-ით ...... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან მოსარჩელის საკუთრება) მოსარჩელის საკუთრებაა.
4.4. მოპასუხე კომპანია სოფელ .... სარკინიგზო გვირაბს აშენებდა, რისთვისაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებდა.
4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მეორე ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არაა. შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოები ბზარების შევსებით. შენობის კედელზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი) იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფელ ...., საქართველოს რკინიგზის #9 გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით.
4.6. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინდმეწარმე ზ.გ–ძის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 13 532 ლარია.
4.7. მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 15 მარტის #05/35 დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის კუთვნილ უძრავი ქონების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა შეუძლებელია, ხოლო სახლზე არსებული დაზიანებების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება - 3006.17ლარია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
7. მოპასუხის პრეტენზია ისაა, რომ მის მიერ აფეთქებით სამუშაოებს არ დაუზიანებია მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება, შესაბამისად, კასატორი სადავოდ ხდის მიზეზობრივ კავშირს მის ქმედებასა და შედეგს - მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანებას შორის, სადავოა ზიანის ოდენობაც.
8. სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).
9. მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #005479718 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედელზე არსებული ბზარების მდებარეობა, სხვადასხვა მიმართულება (ვერტიკალური, ჰორიზონტალური, დახრილი) იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ძირითადად გამოწვეულია სოფელ ...., საქართველოს რკინიგზის #9 გვირაბის მშენებლობის პროცესში, მრავალჯერადი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლის შინაარსიც მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოშობას სხვა მოვლენას ან გარემოებას დაუკავშირებს და საკასაციო სასამართლოს დასკვნით #005479718 საექსპერტო კვლევის შედეგები გასაზიარებელია.
10. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
10.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
10.2. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
10.3. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
10.4. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
10.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
11. როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლო #005479718 საექსპერტო კვლევის საფუძველზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული მოქმედებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სწორად იხელმძღვანელა ი/მ ზ.გ–ძის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით, რომლის მიხედვით მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის ღირებულება - 13 532 ლარია, რომლის საპირისპიროდ მოპასუხემ შპს „ა-ს-ც–ის“ 2019 წლის 15 მარტის დასკვნა წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ დაზიანების აღმოსაფხვრელად მხოლოდ - 3006 ლარია საჭირო.
11.1. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასარჩელო მოთხოვნის საბოლოო მიზანია მოსარჩელის საკუთრების პირვანდელი სახით და სრულყოფილი ფორმით აღდგენა. აღნიშნული თავისთავად გულისხმობს, მოსარჩელის ნივთის ზიანის წარმოშობამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებას.
ინდმეწარმე ზ.გ–ძის ხართჯთაღრიცხვაში დეტალურადაა აღწერილი საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალები და სამუშაოები. ამავე ხარჯთაღრიცხვის ანალიზი ცხადყოფს, რომ მასში მითითებული აღდგენითი სამუშაოების ჩატარება გარე და შიდა კედლების გათვალისწინებით განსაზღვრულია 100 კვ.მ-ზე რაც უძრავ ნივთზე მიყენებული დაზიანებების სრულყოფილ გამოსწორებას მოიაზრებს.
აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორის წარმოდგენილ #05/35 ექსპერტიზის დასკვნაში შიდა კედლების დაზიანებული ფართობი განსაზღვრულია მხოლოდ 10კ.მ. მოცულობით, ანალოგიურადაა გათვალისწინებული გალესვის და წყალემულსიით დამუშავების სამუშაოების ფართობი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელის სახლი წარმოადგენს ორსართულიან, 172 კვ.მ. ნაგებობას გაბარიტული ზომებით 12,35X11,00 მეტრი.
მოსარჩელის წარმოდგენილი საპროქტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებიდან გამომდინარე მიწის ნიშნულიდან სახლის საშუალო სიმაღლე 5,60 მეტრია.
შესაბამისად სახლის ერთი კედლის ფართობი (11,0X5,6=61,6 კვ.) 61,6კვ. მეტრია ხოლო მთლიანობაში მხოლოდ გარე კედლების ფართობი საშუალოდ 246,4 კვ. მეტრს უტოლდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ თ.ლ–ძის საცხოვრებელი სახლის კედლები დაზიანებულია როგორც შიდა ისე გარე პერიმეტრზე დაზიანებული კედლების მიახლოებითი მოცულობა გაუტოლდება (246,4X2=492,8 კვ.მ.) 492,8კვ.მეტრს.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შინაარსის და მასზე თანდართული სურათებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ თ.ლ–ძის საცხოვრებელი სახლის თითქმის ყველა კედელი შიდა და გარეთა პერიმეტრზე დაზიანებული.
ამავე მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო პალატას კასატორის მხრიდან წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული მონაცემი, რომლის მიხედვით შიდა კედლების დაზიანებული ფართობი განსაზღვრულია მხოლოდ 10კ.მ. მოცულობით რეალურ სურათთან აშკარად შეუსაბამოდ მიაჩნია და ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გაიზიარა თ.ლ–ძის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის სახით - 13 532 ლარის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.
13. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: #ას-482-2019წ, 31.05.2019წ; #ას-280-280-2018წ, 18.07.2018წ; #ას-189-189-2018წ, 23.03.2018წ; #ას-411-2019წ, 11.06.2019წ).
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 676.65 ლარიდან (საგადახდო დავალება #238, გადახდის თარიღი 14.12.2020წ), 473.65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ჩ.რ. ..-ე ბ.ჯ–ს" (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 676.65 ლარიდან (საგადახდო დავალება #238, გადახდის თარიღი 14.12.2020 წ.), 473.65 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე