Facebook Twitter

2 დეკემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-577-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ჯ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 1 მარტს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში - საკრედიტო ხელშეკრულება) დაიდო სს „თ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბანკი, კრედიტორი) და ჯ.ხ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, კასატორი) შორის, რომლითაც ბანკმა მსესხებელს მისცა სესხი - 15 000 ლარი, 12 752 დღით, წლიური 18% სარგებლით. ხსენებული ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - 1 ლარი და დავალიანების 1%, გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის.

2. მოპასუხემ, საკრედიტო ხელშეკრულებით ბანკის მიერ გაცემული კრედიტი (15 000 ლარი) აითვისა, თუმცა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 27 სექტემბრის შემდეგ საკრედიტო დავალიანება არ გადაუხდია.

3. 2019 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხეს, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება - 21 135.43 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 14 997.74 ლარი, პროცენტი - 2 238.81 ლარი, პირგასამტეხლო - 3 898.88 ლარი.

4. სასამართლოში სარჩელი აღძრა ბანკმა, მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც ამ უკანასკნელისათვის, მის სასარგებლოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება მოითხოვა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მსესხებელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, საკრედიტო ხელშეკრულებით გადაუხდელი ძირი თანხის ნაწილში.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

6.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

6.2. მსესხებელს, ბანკის სასარგებლოდ, დაეკისრა, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა - 14 997.74 ლარი, პროცენტი - 2 238.81 ლარი და პირგასამტეხლო - 389.88 ლარი.

6.3. გარდა ამისა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა, 2019 წლის 13 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვის განმავლობაში, ძირითად თანხაზე დასარიცხი წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 224.96 ლარს შეადგენდა.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც დასახელებული გადაწყვეტილება სადავოდ გახადა: 1). საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტისა (2 238.81 ლარი) და პირგასამტეხლოს (389.88 ლარი) დაკისრების ნაწილში; 2). 2019 წლის 13 თებერვლიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვის განმავლობაში, ძირითად თანხაზე დასარიცხი წლიური 18% სარგებლის დაკისრების ნაწილში, რაც ყოველთვიურად 224.96 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ მოითხოვა, მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის შესაბამისი მოთხოვნების უარყოფა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული სარგებლის ოდენობა (წლიური 18%) არ წარმოადგენდა სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას. ამავდროულად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პროცენტიც (2 238.81 ლარი) და პირგასამტეხლოც (389.88 ლარი) არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობდა მათი შემცირების საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 325-ე, 417-ე და 420-ე მუხლები).

8.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურებაც, რომელიც მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა და რომლის ოდენობაც შესაბამისობაში იყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ საპროცენტო განაკვეთთან (სსკ-ის 411-412-ე მუხლები). სასამართლომ აღნიშნა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 18%-ის ოდენობით. ბანკმა, კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით მიადგა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ უარყოფის მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

9.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მსესხებელმა ერთიანად გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა. შესაბამისად, არასწორია, რომ მოპასუხეს 2019 წლის 13 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 10 თვის განმავლობაში ძირითად თანხაზე 18% სარგებლის გადახდა დაეკისროს.

9.2. მსესხებელს, პირგასამტეხლოსთან ერთად, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება არ უნდა დაევალოს, რადგან პირგასამტეხლო, თავის თავში, მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. თუკი ვალდებულების შეუსრულებლობით კრედიტორმა ზიანი განიცადა, ამ ზიანის კომპენსირებას პირგასამტეხლო ახდენს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

11. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

14. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, თუ რამდენად სწორად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის (2 238.81 ლარი), პირგასამტეხლოსა (389.88 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის (2019 წლის 13 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 10 თვის განმავლობაში დასარიცხი წლიური 18%) მოპასუხისათვის დაკისრებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მსესხებლისათვის სესხის ძირითადი თანხის (14 997.74 ლარი) დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული (სსსკ-ის 264.1 მუხლი).

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილია, რომ 2019 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, მსესხებელს გადასახდელი ჰქონდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 21 135.43 ლარი, მათ შორის: სესხის ძირითადი თანხა - 14 997.74 ლარი, პროცენტი - 2 238.81 ლარი და პირგასამტეხლო - 3 898.88 ლარი.

ზემომითითებული გარემოება კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ იგი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

18. პროცენტის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელის წარმატებას, შემდეგი გარემოებები განაპირობებს:

18.1. სსკ-ის 867-ე მუხლით დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868.2 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.

18.2. არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

18.3. ამდენად, კანონსაწინააღმდეგოდ ვერ მიიჩნევა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორის მიერ მსესხებლისათვის პროცენტის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც სადავო არაა, არც პროცენტზე მხარეთა შეთანხმების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანების არსებობა.

მოცემული კუთხით სააპელაციო სასამართლომ ისიც სწორად აღნიშნა, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული სესხის სარგებელი - წლიური 18%, არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვისათვის შეუსაბამო და ამორალურ პირობას.

ამორალურობის საფუძვლით სესხის (საბანკო კრედიტის) ხელშეკრულების ბათილად ცნობისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) ფაქტობრივი შემადგენლობა - შეუსაბამობა ერთი მხარის შესრულებასა და მეორე მხარის საპასუხო შესრულებას შორის; „თვალშისაცემი განსხვავება“ - მაგალითად, როცა სახელშეკრულებო პროცენტი 100% - ით აჭარბებს საბაზრო განაკვეთს; ბ) სუბიექტური წინაპირობები - როცა ერთი მხარე ბოროტად იყენებს მეორე მხარის: უმწეო მდგომარეობას; გამოუცდელობას; მდგომარეობას, როცა მხარეს არა აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს ორივე მხარის მოქმედების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები (გონივრული განსჯის უუნარობა); უნებისყოფობა (ნების მნიშვნელოვან სისუსტეს); გ) როცა ერთი მხარე სარგებლობს მეორე მხარის ასეთი მდგომარეობით გამორჩენის მიღების მიზნით (იხ. თ.ზამბახიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 623, ამორალურობა, როგორც ბათილობის საფუძველი, ველი 23-25).

განსახილველ შემთხვევაში, ზემომითითებული წინაპირობები არ გამოკვეთილა. მხარეთა მიერ განსაზღვრული სესხის სარგებელი - 18%, საბანკო სექტორში კრედიტზე დადგენილი საშუალო პროცენტის გათვალისწინებით, არ არის არაგონივრული ოდენობა. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, სესხი წლიური 18% სარგებლით, არ განიხილება ამორალურ გარიგებად (შდრ. იხ. საქმე: №ას-1741-2019, 28.07.2020; №ას-703-657-2017, 19.07.2017; №ას-663-629-2015, 28.07.2015).

19. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის აქვს, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი (შდრ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; №ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015).

სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-176-157-2014, 8.05.2014წ.).

კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი.

ამრიგად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

20. მოცემულ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო (1 650 ლარი) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად შეაფასა, რაც სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. მოპასუხისათვის 1 650 ლარის ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება, არაგონივრული იყო, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. ამავდროულად, გონივრულია პირგასამტეხლოს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა (389.88 ლარი), რადგან იგი სესხის ძირითადი (14 997.74 ლარი) და საპროცენტო (2 238.81 ლარი) დავალიანების მთლიან ოდენობასთან შესაბამისია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობაზე, არ აქვს სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

21. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ სარჩელის მართლზომიერებას, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს შეფასებას ამ ნაწილშიც იზიარებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესი განმტკიცებულია სსკ-ის 394.1 მუხლით, რომლის თანახმადაც, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით „სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“. „საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ვადიანი ხელშეკრულებების შესრულების ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ნაწილში და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ ფულის თვისობრივი ფუნქციიდან გამომდინარე, მართებულად დაუკავშირა ამგვარი ზიანი საბანკო სფეროში ანაბარზე თანხის განთავსების შემთხვევაში მისაღებ სარგებელს“ (იხ. სუსგ №ას-725-693-2014, 3.07.2015).

კიდევ ერთ საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება (იხ. სუსგ №ას-1385 -1307-2012, 7.02.2013წ.).

უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება, რის გამოც კრედიტორმა გასცა დავალიანების ცნობა 2019 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, ხოლო იმავე წლის 27 თებერვალს სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება მსესხებელთან.

პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე, მოპასუხის მხრიდან, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს - კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული, მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგ: №ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; №ას-725-693-2014, 3.7.2015 წ.).

22. კასატორმა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, 2019 წლის 13 თებერვლიდან 10 თვის განმავლობაში კრედიტის ძირითად თანხაზე დასარიცხი წლიური 18% ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოების სახით საკასაციო სასამართლოს მიუთითა, რომ პირველი ინტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ერთიანად გადაიხადა ძირითადი თანხა 15315,27 ლარი.

საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ იმსჯელოს და შეაფასოს ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალ გარემოებებზე მითითების შესაძლებლობას.

როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კასატორს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე საბანკო კრედიტის ძირითადი თანხის ნაწილის ანაზღაურების შესახებ არ მიუთითებია და ამ გარემოებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ განიმარტა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება შესაბამისობაშია.

24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ჯ.ხ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს თ. მ–ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 16.06.2021), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

ლევან მიქაბერიძე