23 სექტემბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-508 -20220 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ფ.ბ.ს–ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.გ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ფ.ბ.ს–ო“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 მარტის განჩინებას ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ე.გ–ისთვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალის მეუღლე/მემკვიდრე) როგორც ა.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კრედიტის ამღები, მსესხებელი ან მამკვიდრებელი) მემკვიდრისთვის - 2 617.63 ლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
2. კასატორის მტკიცებით, მოვალის გარდაცვალების თაობაზე მათთვის 2018 წლის ივლისში გახდა ცნობილი, იმავე დღეს გაიგეს, რომ მის მეუღლეს სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართული ჰქონდა ნოტარიუსისთვის, ხოლო იმავე წლის 6 ნოემბერს სავარაუდო მემკვიდრეს/მეუღლეს დავალიანების დაფარვის ან/და შეთანხმების გაფორმების თაობაზე გაუგზავნეს წერილი. იქამდე კი, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე სიტყვიერ მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მოპასუხესთან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.3. კრედიტორსა და მოვალეს შორის 2017 წლის 12 ივლისს დაიდო სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სესხის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 2120 ლარი, 723 დღით, 2019 წლის 5 ივლისამდე, წლიური 60% - იანი სარგებლით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).
5.3.1. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, პირველ გადაცილებულ დღეზე 10 ლარი, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1.0%, საურავის დარიცხვა 60 კალენდარული დღის განმავლობაში განხორციელდებოდა (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები), (იხ. სესხის ხელშეკრულება ს.ფ. 14-18).
5.4. კრედიტის ამღებმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2017 წლის 5 დეკემბრის შემდგომ თანხა არ გადაუხდია, რის გამოც, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 2617.63 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა, 1839.63 ლარი, პროცენტი, 630.45 ლარი და ჯარიმა -147.55 ლარს შეადგენს.
5.5. მსესხებელი, რომლის რეგისტრირებული მეუღლე იყო მოპასუხე 2017 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. 2019 წლის 15 აგვისტოს მოპასუხემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, სრულად მიიღო მისი მეუღლის დანაშთი ქონება (სამკვიდრო აქტივი და პასივი) შესაბამისად, მის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
5.6. მამკვიდრებლის კრედიტორმა/ბანკმა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა მემკვიდრეს 2018 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.
6. გარდაცვლილის ვალის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძველია მამკვიდრებლის მიერ კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა, შესაბამისად, სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 873-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი) მუხლების საფუძველზე, მამკვიდრებლის მიმართ კრედიტორის მოთხოვნა სესხის გადახდის მიზნით, წარმოშობილი იყო. თუმცა, მემკვიდრისათვის გარდაცვლილის ვალის დაკისრების თაობაზე კრედიტორის მოთხოვნის უსაფუძვლობას ამ უკანასკნელის მიერ სსკ-ის 1484.1. (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1488-ე (მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შეუსრულებლობა განაპირობებს.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო.
სსკ-ის 1499.1. მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარდაცვლილის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. მას ასევე, გარდა მისი ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კანონით დადგენილ ვადაში უშუალოდ მემკვიდრეს მიმართა შესაბამისი პრეტენზიით.
8. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 873-ე მუხლზე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), რომელიც კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის ამღები ნაკისრ ვალდებულებას ზედიზედ ორჯერ მაინც არ შეასრულებს (შდრ. სუსგ საქმე # ას-921-960-2011, 25 ნოემბერი, 2011 წელი). მოცემული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბოლო გადახდა მსესხებელმა განახორციელა 2017 წლის 5 დეკემბერს. საკასაციო პალატის დასკვნით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კრედიტორისთვის საკრედიტო ვალდებულების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2018 წლის 05 იანვრიდან (კრედიტის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული საკრედიტო ვალდებულების შესრულების მორიგი თარიღი) მას შემდეგ რაც გრაფიკით გათვალისწინებული თანხა კრედიტორს არ მიუღია. საყურადღებოა, რომ ვალდებულება არც მომდევნო გადახდის ვადის დადგომისას შესრულდა.
საკასაციო პალატა კვლავ მიაქცევს ყურადღებას სსკ-ის 873-ე მუხლის დანაწესს და ვინაიდან დასახელებული ნორმა კრედიტორს ვალდებულების ზედიზედ ორჯერ შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის უფლებითაც აღჭურვავს პრეზუმირებულად მიაჩნია, რომ საკრედიტო დაწესებულებისთვის თანხის გადახდის გრაფიკის ხელმეორედ დარღვევის (05.02.2018) და სტაბილური გადახდების ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვეტის პირობებში კონტრაჰენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უნდა ყოფილიყო ცნობილი.
9. სსსკ-ის 102–ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივივ გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორდა რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის გარემოებების გათვალისწინებით კონტრაჰენტის გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს, რომელიც მოპასუხესთან შედარებით სამართალურთიერთობის ძლიერ მხარეს წარმოადგენს და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა თუ როდის შეიტყო კონტრაჰენტის გარდაცვალების შესახებ. როგორც აღინიშნა, კასატორს დასახელებული გარემოების დასადასტურებლად სასამართლოსთვის რელევანტური მტკიცებულებანი არ წარუდგენია. ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრის მიმართ კრედიტორის პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლა 2018 წლის თებერვლიდან უნდა დაიწყოს, რადგან, პრეზუმირებულია (ივარაუდება), რომ ბანკისთვის სწორედ ამ მონაკვეთიდან გახდა ცნობილი ვალდებულების განმეორებით დარღვევის და შესაბამისად მოვალის გარდაცვალების შესახებ.
10. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მამკვიდრებლის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით 2018 წლის 6 ნოემბერს, ანუ პრეტენზიის წარდგენის ექვსთვიანი ვადის დარღვევით მიმართა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
11. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადასახადო დავალება #129130654, გადახდის თარიღი 18.06.2020წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ფ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ფ.ბ.ს–ოს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადასახადო დავალება #129130654, გადახდის თარიღი 18.06.2020წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე