14 ივლისი 2021 წელი,
საქმე №ას-299-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ლ-ჯ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ჯ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 3 იანვარს, 2012 წლის 31 დეკემბერსა და 2013 წლის 8 აგვისტოს, შპს ,,ს.ჯ.პ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი, კრედიტორი) და შპს ,,ლ-ჯ–ამ“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მყიდველი, მოვალე), ერთმანეთს შორის დადეს ნასყიდობის სამი ხელშეკრულება.
2. 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი იყო, 10 000 ტონა თურქმენული წარმოების ჰიდროფილტრირებული დიზელის მოპასუხისათვის (მყიდველი) მიწოდება. მოპასუხის ვალდებულებაში შედიოდა - ანგარიშსწორება, რკინიგზის ზედდებულებში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
3. 2012 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (რომლის მოქმედების ვადა 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა) საგანი ასევე იყო, ნავთობპროდუქტების მიწოდება, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. 2013 წლის პერიოდში, მოპასუხე მოსარჩელისგან ნავთობროდუქტებს იღებდა, როგორც 2013 წლის 8 აგვისტოს, ასევე, 2012 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში.
5. 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 13 034 003 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი. მოპასუხემ გადაიხადა 11 887 854 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და გადასახდელი დარჩა მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება - 1 146 149 აშშ დოლარი.
6. მხარეებს შორის სადავოა, 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული თურქმენული წარმოების ჰიდროფილტრირებული დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურება (06.11.2013-16.11.2013 ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დავალიანება).
7. სასამართლოში სარჩელი აღძრა გამყიდველმა მყიდველის წინააღმდეგ, რომლითაც ამ უკანასკნელისათვის მის სასარგებლოდ 1 146 149 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მოითხოვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ (მყიდველი), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დამტკიცებულად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ 1 146 149 აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხის დავალიანებას ადასტურებდა შემდეგი მტკიცებულება, კერძოდ: შპს „ე-თ-ე–ის“ აუდიტორულ ანგარიშში ასახულია 2012 წლის 31 დეკემბრისა და 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების ჯამი. ხსენებული ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულებაა: 2013 წლის აგვისტოში - 3 400 144 აშშ დოლარი, 2013 წლის სექტემბერში - 4 423 703 აშშ დოლარი, 2013 წლის ოქტომბერში - 3 415 855 აშშ დოლარი და ნოემბერში - 1 794 301 აშშ დოლარი, ჯამურად - 13 034 003 აშშ დოლარი; მოპასუხემ გადაიხადა 11 887 854 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და, შესაბამისად, გადასახდელი აქვს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება - 1 146 149 აშშ დოლარი.
10.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მტკიცებულების საპირწონედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული კომპანია „მ&მ ა–ის“ ანგარიში, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
10.2.1. აუდიტორული კომპანია „მ&მ ა–ის“ ანგარიში მოიცავს მხოლოდ 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებს და 2013 წლის 21 აგვისტოდან შესრულებული ყველა გადახდა ჩათვლილია, მხოლოდ, როგორც თურქმენული საწვავის (2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებით მიწოდებული საწვავი) ღირებულება, მაშინ, როდესაც მითითებულ პერიოდში მოპასუხე ნავთობპროდუქტებს იღებდა 2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულების ფარგლებშიც. ეს გარემოება დასტურდება 2013 წლის 17 აგვისტოსა და 2013 წლის 9 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით, მოპასუხის მიერ ნავთობრპოდუქტების ღირებულების გადახდისას, გადახდის დანიშნულებად მითითებულია, როგორც ,,საწვავის ღირებულება“, ისე ,,თურქმენული დიზელის ღირებულება“.
10.2.2. აუდიტორული კომპანია „მ&მ ა–ის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 10 აგვისტოდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით მოპასუხემ მიიღო 21 698 556 ლარის ღირებულების საწვავი. ამავე ანგარიშში დაჯამებულია, ერთის მხრივ, ,,საწვავის ღირებულების“ დანიშნულებით მითითებული 2013 წლის 21 აგვისტოს, 2013 წლის 7 ნოემბრის, 2014 წლის 8 იანვრისა და 2014 წლის 17 დეკემბრის საგადახდო დავალებები (მთლიანობაში 6 558 998.19 ლარი) და მეორეს მხრივ, ,,თურქმენული დიზელის ღირებულების“ დანიშნულებით მითითებული საგადახდო დავალებები (სულ - 15 137 067.8 ლარი), ყველა გადახდა ჩათვლილია თურქმენული დიზელის საწვავის ღირებულებაში და მითითებულია, რომ 2019 წლის 2 ივლისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება 2 490 ლარია. შესაბამისად, საკითხის ამგვარად გადაწყვეტა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებებიდან და თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებიდან.
10.3. ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შპს ,,ე-თ-ე–ის“ აუდიტორული ანგარიში და მიიჩნია, რომ იგი რეალურად ასახავდა სადავო პერიოდში მოქმედი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიწოდებული ნავთობპროდუქტების სახეობას და ანაზღაურებულ ღირებულებას.
10.4. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, არასწორი იყო მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ 2013 წლის 15 ივნისის ანგარიშ-ფაქტურებით მიწოდებული პროდუქციის ჯამური ოდენობა 950 071.33 ლარია და არა სასამართლოს მიერ მითითებული 1 364 563.79 ლარი, კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლომ დაანგარიშებაში არასწორად შეიყვანა 2015 წლის 15 ივნისის დაუდასტურებელი ანგარიშ-ფაქტურა #062871, თანხით 414 442.46 ლარი, რადგან ის არასწორად გამოიწერა, დაკორექტირდა და მისი დადასტურება არ მომხდარა. მოპასუხის ხსენებული პრეტენზიის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ პირველი იმაზე მიუთითა, რომ მყიდველის დავალიანებასთან დაკავშირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, შპს „ე-თ-ე–ის“ აუდიტორულ დასკვნას დაეყრდნო. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის განმარტება არასწორად გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2015 წლის 15 ივნისის ანგარიშ-ფაქტურაზე აღნიშნულია, რომ იგი კორექტირებულია. ეს იმას ნიშნავდა, რომ კორექტირებული თანხა სწორედ 414 442.46 ლარს შეადგენდა.
10.5. რაც შეეხებოდა სარჩელის ხანდაზმულობას, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის არც ეს პრეტენზია არ გაიზიარა, რაც შემდეგი არგუმენტით გაამყარა:
10.5.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წელს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების გადახდას. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადები, კერძოდ, მყიდველს ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მიწოდებისა და თანხის გადახდის ცხრილით, მოსარჩელე დავალიანების წარმოშობის პერიოდს უკავშირებდა 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს. შესაბამისად, 2013 წლის 6 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა უნდა შესრულებულიყო 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე - 2013 წლის 4 დეკემბერს. საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 6 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას მოპასუხე ნაწილ-ნაწილ იხდიდა. უფრო მეტიც, ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდას მყიდველი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებდა, კერძოდ, საგადახდო დავალებებით დგინდებოდა, რომ 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით მან გამყიდველის ანგარიშზე თანხები შეიტანა. ბოლო ასეთი გადახდა 2017 წლის 15 დეკემბერს შესრულდა.
10.5.2. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმას ადასტურებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 137-ე მუხლის საფუძველზე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას), სარჩელის ხანდაზმულობის ვადა რამდენჯერმე შეწყდა. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. აქედან გამომდინარე, რაკი მოპასუხემ სსკ-ის 129.2 მუხლით (ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია) განსაზღვრულ სამწლიან ვადაში დავალიანება არაერთხელ გადაიხადა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. ამასთან, ვინაიდან დავალიანების გადახდებს შორის 3-წლიანი ვადა არ გასულა, სარჩელი ხანდაზმული ვერ იქნებოდა.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგნაირია:
11.1. სასამართლომ, ხანდაზმულობის ვადის ათვლა მის მიერ მითითებულ ბოლო გადახდას (2017 წლის 15 დეკემბერი) დაუკავშირა და მიიჩნია, რომ დასახელებულმა გადახდამ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა გამოიწვია. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა სასამართლომ წარმოაჩინა, როგორც ერთი მთლიანი მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობაც თითქოს 1 000 ლარის გადახდით შეწყდა. რეალურად კი, არსებობს 15 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე 15 პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, შესაბამისად, არსებობს ამდენივე ურთიერთდამოუკიდებული მოთხოვნა.
11.2. ვინაიდან გამოიკვეთა არა ერთი მთლიანი, არამედ 15 ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე პერიოდულად შესასრულებელი 15 ვალდებულება, მათი თავისებურება ისაა, რომ თითოეული დამოუკიდებლად წარმოიშობა. ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 6 ნოემბრის ბოლო 10 ანგარიშ-ფაქტურით გადახდა 2013 წლის 26 ნოემბერს უნდა შესრულებულიყო, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურები მოპასუხეს 2013 წლის 4 დეკემბერს უნდა აენაზღაურებინა. ამდენად, შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ მითითებული თარიღებიდან უნდა დაწყებულიყო.
11.3. ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ რიგითობით იფარებოდა შედარებით ძველი დავალიანებები, ვერ განაპირობებს უკანასკნელი 15 ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.
11.4. 2017 წლის 15 დეკემბრის ქვითრით 1 000 ლარის გადახდა იმაზე არ მიუთითებს, რომ მოპასუხემ რეალურად გადახდილის გარდა, რაიმე სხვა დავალიანება აღიარა. საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელემ ან მოპასუხემ რაიმე სახით დააფიქსირეს დავალიანების ( 1 146 149 აშშ დოლარის) არსებობა. მით უმეტეს არ არსებობს არანაირი საბუთი, რომლითაც მყიდველი აღნიშნული დავალიანების არსებობას აღიარებდა.
11.5. მოსარჩელის მოთხოვნა არსებითადაც უსაფუძვლოა, კერძოდ: ა). არასწორადაა განსაზღვრული 2012 წლის 31 დეკემბრის ფარგლებში მიწოდებული პროდუქციის ოდენობა; ბ). ე.წ. „თურქმენული დიზელის“ დანიშნულებით გადახდილი თანხები მითვლილია სხვა ხელშეკრულების (2012 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულება) ფარგლებში გადახდილ თანხად; გ). არასწორია პროდუქციის ღირებულების გამოთვლა, და, შესაბამისი საფასურის გადახდა ამერიკულ დოლარში, რადგან 2012 წლის 31 დეკემბრისა და 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებებით ანგარიშსწორების საფუძველი იყო, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა, სადაც თანხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ფიქსირდებოდა.
11.6. სააპელაციო სასამართლომ, 2020 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით არასწორად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია KPMG-ის მიერ მოსარჩელისაგან 2014 წლის დეკემბერში გამოთხოვილი ინფორმაციის საქმეზე დართვას. აღნიშნულ დოკუმენტში მოსარჩელე ადასტურებს, რომ 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება საერთოდ არ გააჩნდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
17. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ფულადი ვალდებულების შესრულების (ნასყიდობის ფასის გადახდის) თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერების დადგენა. ამ მოთხოვნის საფუძველია სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი წარმატებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საქმეზე დამტკიცდებოდა, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ გადაუხდია ნასყიდობის საგნის დარჩენილი ღირებულება - 1 146 149 აშშ დოლარი.
18.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 13 034 003 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი, მოპასუხემ გადაიხადა 11 887 854 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და გადასახდელი დარჩა მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება - 1 146 149 აშშ დოლარი.
ამ გარემოებას იზიარებს საკასაციო სასამართლოც, რადგან აღნიშნული ცალსახად გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი შპს „ე-თ-ე–ის“ აუდიტორული ანგარიშიდან. დასახელებული ანგარიში დასაბუთებულია და სარწმუნოობის კუთხით რაიმე კითხვის ნიშნებს არ წარმოშობს.
რაც შეეხება მის საპირწონედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას - „მ&მ ა–ის“ ანგარიშთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სრულიად გასაზიარებელია. საქმე ისაა, რომ ხსენებულ ანგარიშს უნდა მოეცვა არა მხოლოდ 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, არამედ, მასში, 2012 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული გადახდებიც უნდა შესულიყო, რადგან საქმეზე დადგენილია, რომ 2013 წლის პერიოდში მოპასუხე მოსარჩელისგან ნავთობროდუქტებს იღებდა, როგორც 2013 წლის 8 აგვისტოს, ასევე, 2012 წლის 31 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში.
18.2. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. სხვაგვარად შეუძლებელიცაა, რადგან საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს. ბუნებრივია, ერთი მხარე ყოველთვის შეეცდება, სასამართლოს სიტყვიერად თავის სასარგებლო პოზიციაზე მიუთითოს, ხოლო მეორემ - ეს პოზიცია უარყოს. მათი პოზიციების განხილვით ჭეშმარიტების დადგენა, რათქმაუნდა გამორიცხულია (იხ. სუსგ: №ას-1423-2019, 28.02.2020).
18.3. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მოპასუხის მიერ ნასყიდობის საგნის ნაწილის - 1 146 149 აშშ დოლარის გადახდაზე უარის თქმის შესახებ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მის უარსაყოფად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2 მუხლი). ეს გარემოება, თავის მხრივ, ასაბუთებს მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ნასყიდობის ფასის დაკისრების თაობაზე (სსკ-ის 477.2 მუხლი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და იგი ძალაში უნდა დარჩეს.
19. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ არასწორია პროდუქციის ღირებულების გამოთვლა და, შესაბამისი საფასურის ამერიკულ დოლარში გადახდა, რადგან 2012 წლის 31 დეკემბრისა და 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებებით ანგარიშსწორების საფუძველი იყო, სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა, სადაც თანხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ფიქსირდებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, მყიდველის მიერ გადახდის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ნასყიდობის საგანზე საფასურის სრული თანხის გამყიდველის საბანკო ანგარიშზე მიღების მომენტიდან, ანგარიშსწორების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. აღნიშნული დანაწესი იმის მაუწყებელია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული ნასყიდობის საგნის აშშ დოლარში გადახდის ვალდებულება, გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით და მოცემული კუთხით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მართებულია.
20. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, რაც კასატორის უმთავრესი პრეტენზიაა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს არ იზიარებს და საპასუხოდ განმარტავს შემდეგს:
20.1. სასარჩელო ხანდაზმულობა კანონით დადგენილი ის დროა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, იმავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება იმის მაუწყებელია, რომ სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელი გარემოება. ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).
20.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს. მოსარჩელემ, ხანდაზმულობის გამოსარიცხად შემდეგ გარემოებაზე მიუთითა: სარჩელით სადავოა, 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წელს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულების გადახდა, კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მიწოდებისა და თანხის გადახდის ცხრილით, მოსარჩელე დავალიანების წარმოშობის პერიოდს უკავშირებს 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს.
ამავე ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მყიდველი ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ამდენად, 2013 წლის 6 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე - 2013 წლის 4 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო.
2013 წლის 6 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას მოპასუხე ნაწილ-ნაწილ იხდიდა და ბოლო გადახდა 2017 წლის 15 დეკემბერს შესრულდა, რამაც, სსკ-ის 137-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გამოიწვია და სარჩელი დასაშვები გახადა.
კასატორის მოსაზრებით, ზემომითითებული გადახდა მოსარჩელის სადავო მოთხოვნის ხანდაზმულობას არ გამორიცხავს, რადგან, სარჩელით სადავოა, 2013 წლის 6-16 ნოემბრის თოთხმეტი უკანასკნელი ანგარიშ-ფაქტურიდან წარმოშობილი დავალიანება, ისე, რომ თითოეულის მიმართ მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი არსებობს. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ 2017 წლის 15 დეკემბრის ქვითრით 1 000 ლარის გადახდა იმაზე არ მიუთითებს, რომ მოპასუხემ რეალურად გადახდილის გარდა, რაიმე სხვა დავალიანება აღიარა.
ამდენად, საქმეზე სადავოა შემდეგი საკითხი: 2017 წლის 15 დეკემბერს მოპასუხის მიერ შესრულებული გადახდა მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად.
20.3. საკასაციო პალატის განსჯით, ხანდაზმულობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არსებითად სწორია. ამ მხრივ, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი რამდენიმე გარემოება, კერძოდ:
1). 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს მიეწოდა: 2013 წლის აგვისტოში - 3 400 144 აშშ დოლარის, 2013 წლის სექტემბერში - 4 423 703 აშშ დოლარის, 2013 წლის ოქტომბერში - 3 415 855 აშშ დოლარის და 2013 წლის ნოემბერში - 1 794 301 აშშ დოლარის, ჯამურად - 13 034 003 აშშ დოლარის ღირებულების ნასყიდობის საგანი (ნავთობპროდუქტები); ნოემბერში მყიდველს ნავთობპროდუქტები მიეწოდა 1, 6 და 16 რიცხვებში.
2). ამავე ხელშეკრულებით, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა: მოპასუხე (მყიდველი) ნასყიდობის საგნის ღირებულებას გადაიხდიდა, როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორებით. მას ნასყიდობის საგნის ღირებულება უნდა გადაეხადა, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხემ გადაიხადა 11 887 854 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და გადასახდელი აქვს მიწოდებული ნავთობპროდუქტების ღირებულება - 1 146 149 აშშ დოლარი.
3). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის მიწოდებისა და თანხის გადახდის ცხრილით, დავალიანების წარმოშობის პერიოდს უკავშირებდა 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემულ ანგარიშ-ფაქტურებს, საიდანაც სახელშეკრულებო პირობის გათვალისწინებით, 2013 წლის 6 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე გადახდა 2013 წლის 26 ნოემბერს, ხოლო 2013 წლის 16 ნოემბრის ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე - 2013 წლის 4 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო.
4). 2013 წლის წლის 6 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას მოპასუხე ნაწილ-ნაწილ იხდიდა. ეს გადახდები ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც სრულდებოდა, კერძოდ, მყიდველს 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით შეჰქონდა თანხები გამყიდველის ანგარიშზე, ბოლო გადახდა მან 2017 წლის 15 დეკემბერს შეასრულა.
საკასაციო პალატა ზემოთ მოყვანილ გარემოებებს დამტკიცებულად მიიჩნევს, ვინაიდან კასატორს ისინი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (შედავების) გზით არ გაუქარწყლებია (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
20.5. ამავდროულად, ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, სსკ-ის 137-ე მუხლის დანაწესი, რომლის შინაარსიც ასეთია: ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
20.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი იმის თაობაზე, რომ 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით წარმოებული გადახდები, ისევე, როგორც 2017 წლის 15 დეკემბერს შესრულებული გადახდა, მოპასუხის მიერ 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის ანაზღაურების მიზანს ემსახურებოდა, შემდეგი გარემოების მაუწყებელია: 2014 წლის იანვრიდან დაწყებული და 2017 წლის 15 დეკემბერს დასრულებული თითოეული გადახდის შედეგად, მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 137-ე მუხლის რეგულირების ქვეშ მოექცა. უფრო კონკრეტულად, რომ ითქვას, ასეთ პირობებში, გამყიდველის სარჩელის ხანდაზმულობის ვადა შეწყდა. რაკი სარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებით წარმოშობილი დავალიანების მყიდველის მიერ ანაზღაურებას შეეხება და რაკი დადგენილია, რომ ხსენებული გადახდებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ასანაზღაურებელი ნასყიდობის ფასი იფარებოდა, ამიტომ გამოკვეთილია - მოვალის მიერ მოთხოვნის აღიარების ტოლფასი ქმედება.
მოცემული დასკვნისას, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ დავალიანების გადახდებს შორის, სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ ყოფილა.
სსკ-ის 137-ე მუხლის მიზნებისათვის მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა (სუსგ. №ას-ას-1987-2018, 24.07.2020).
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2013 წლის 8 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ფასს მყიდველი იხდიდა 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, რა დროსაც სარჩელის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა გასული არ იყო. 2014 წლის 17 დეკემბერს შესრულებული გადახდის შედეგად, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა (სსკ-ის 137-ე მუხლი), რამაც ამ ვადის თავიდან დაწყება გამოიწვია (სსკ-ის 141-ე მუხლი). შესაბამისად, ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში მოექცა 2017 წლის 15 დეკემბერს შესრულებული გადახდა, რომელმაც ხანდაზმულობის ახალი, სამწლიანი ვადის დენის დაწყების საფუძველი შექმნა და რომლიდანაც განსახილველი სარჩელი ვადაშია წარმოდგენილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა.
20.7. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ გამოიწვევს კასატორის მიერ იმაზე აპელირება, რომ, ვინაიდან, სარჩელით სადავოა, 2013 წლის 6-16 ნოემბრის თოთხმეტი უკანასკნელი ანგარიშ-ფაქტურიდან წარმოშობილი დავალიანება და თითოეულის მიმართ მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი არსებობს, ამიტომ 2017 წლის 15 დეკემბრის ქვითრით 1 000 ლარის გადახდა, რეალურად გადახდილის გარდა რაიმე სხვა დავალიანების მოპასუხის მიერ აღიარებაზე არ მიუთითებს. აღნიშნული პრეტენზიის საპასუხოდ, პალატა განმარტავს შემდეგს:
სსკ-ის 137-ე მუხლის არსი ისაა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის აღიარებად ჩაითვალოს, უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებული მოვალის ყველა ის ფაქტობრივი ქმედება, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა.
მოვალის ასეთ ქმედებად - სხვაგვარად აღიარებად - უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულების არსებობასთან მიმართებით (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, ტომი 1).
როგორც ზემოთ მიეთითა, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა, 2013 წლის 8 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის ღირებულების გადაუხდელობა, რომლის ნაწილიც მოპასუხემ ეტაპობრივად (2014 წლის იანვრიდან 2014 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, აგრეთვე, 2017 წლის 15 დეკემბერს) აანაზღაურა.
პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ გადაიხადა, ადასტურებდა მოვალის ნებას - ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების რეალობასთან მიმართებით (სსკ-ის 137-ე მუხლი).
ზემოაღნიშნული დასკვნის საპირწონე ვერ გახდება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ, სარჩელით, სადავოა, 2013 წლის 6-16 ნოემბრის თოთხმეტი უკანასკნელი ანგარიშ-ფაქტურიდან წარმოშობილი დავალიანება და თითოეულის მიმართ მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი არსებობს. პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული რომელი ანგარიშ-ფაქტურით მიწოდებული ნასყიდობის საგნის ანაზღაურებასაც არ უნდა მოითხოვდეს მოსარჩელე, ამ მოთხოვნის საფუძველი უშუალოდ ეს ნასყიდობის ხელშეკრულებაა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურა, ამ ხელშეკრულების შესასრულებლად გამოყენებული ერთ-ერთი ინსტრუმენტია. შესაბამისად, ამავე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების მოპასუხის მიერ მრავალი წლის მანძილზე გადახდა იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ მოვალე მის საფუძველზე წარმოშობილ დავალიანებას (მათ შორის, 2013 წლის 6 ნოემბრიდან 2013 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემული ანგარიშ-ფაქტურებიდან წარმოშობილი დავალიანებას) აღიარებდა.
21. საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინების არამართლზომიერებაზეც, რაც ვერ იქნება გაზიარებული. ხსენებული საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე, რისი უფლებაც სასამართლოს ჰქონდა, რადგან მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა სათანადოდ არ დაუდასტურებია (სსსკ-ის 380.2 მუხლი).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. იხ.: სუსგ. №ას-864-864-2018, 30.04.2020; №ას-990-2018, 28.06.2019).
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ-ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. - შპს „ლ-ჯ–ა“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადასახადო დავალება #1591251304, გადახდის თარიღი 04.06.2020წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე