საქმე №ას-252-2020
07 დეკემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი შპს ,,ა–ი’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები ა.ს–ძე, თ.ს–ძე, უ.ს–ძე და უ.ს–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, უფლებრივად დატვირთული უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ს–ძის, თ.ს–ძის, უ.ს–ძისა და უ.ს–ძის სარჩელი შპს ,,ა–ის’’ მიმართ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნაა შპს ,,ა–ის’’ (საიდენტიფიკაციო კოდი ....) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი ბათუმი, დასახლება .......... უძრავი ქონების საკასადასტრო კოდი №....
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ა.ს–ძის, თ.ს–ძის, უ.ს–ძისა და უ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.
აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა., თ., უ. და უ.ს–ძეების კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა., თ., უ. და უ.ს–ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 30 ოქტომრბის უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება .........., (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ....., ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება .........., (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ....., საჯარო რეესტრში საერთო საკუთრების უფლებით აღირიცხა ა.ს–ძის, თ.ს–ძის, უ.ს–ძისა და უ.ს–ძის სახელზე.
ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ვალის - 9 935.05 ლარის აღიარების ვალდებულებითი ურთიერთობა შპს ,,ა–სა’’ და უ.ს–ძეს შორის და ამ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება .........., (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N ....., დაიტვირთა იპოთეკით შპს ,,ა–ის’’ სასარგებლოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 მარტის განჩინებით შპს "ა–ს" დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 823.5 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" და „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს "ა–ის’’ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;
7. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 2021 წლის 03 დეკემბერს საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს ნოტარიულად დამოწმებული მორიგების აქტი და იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
10. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
12. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო შპს ,,ა–ის“ ს/კ ...... სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი ბათუმი, დასახლება .........., უძრავი ქონების ს/კ N .....
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეები მორიგების აქტის 1.7 პუნქტით თავად შეთანხმდნენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობაზე და აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდება მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შედეგად.
16. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქ სახელმწიფო ბაჟი - 824 ლარი.
18. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე, ანუ საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელწიფო ბაჟი სრულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, შპს ,,ა–სა“ ს/კ ...... (მოპასუხე) წარმოდგენილი უფლებამოსილი წარმომადგენლის თ.თ–ძის (პ/ნ ......) სახით და, მეორე მხრივ - ა.ს–ძეს პ/ნ ...., თ.ს–ძეს (პ/ნ ...., უ.ს–ძესა პ/ნ ..... და უ.ს–ძეს პ/ნ .....(მოსარჩელეები, წარმოდგენილი მინდობილი პირის რ.ფ–ძის სახით პ/ნ .....) შორის, შემდეგი პირობებით:
1.1. ა.ს–ძე პ/ნ ...., თ.ს–ძე პ/ნ ...., უ.ს–ძე პ/ნ .... და უ.ს–ძე პ/ნ ..... კისრულობენ ვალდებულებას, არაუგვიანეს 2021 წლის 30 დეკემბრისა გადაუხადონ შპს ,,ა–ს“ (ს/კ ....) – 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარი (ნებისმიერი მათგანი უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა). აღნიშნული თანხის - 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის შეტანა უნდა მოხდეს შპს ,,ა–ის“ (ს/კ .....) საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია: მიმღები ბანკი სს ,,თიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: TBCBGE22, მიმღების ანგარიში GE40TB1139636020100007; მიმღების სახელი შპს ,,ა–ი’’;
1.2. ა.ს–ძე პ/ნ ....., უ.ს–ძე პ/ნ .... და უ.ს–ძე პ/ნ ..... აცხადებენ თანხმობას, რომ ქ. ბათუმში, დასახლება ..... მდებარე 1830 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ..... აღირიცხოს საკუთრების უფლებით თ.ს–ძის პ/ნ .....სახელზე, მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული თანხის 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის ამავე პუნქტში მითითებულ ვადაში - 2021 წლის 30 დეკემბრამდე შპს ,,ა–ისათვის“ ს/კ ..... 1.1 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე თანხის 9 935,05 ლარის შეტანის/ჩარიცხვის შემთხვევაში;
1.3. თ.ს–ძის პ/ნ ..... მიერ მორიგების აქტის 1.1 პუნქტში მითითებული თანხის 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის მორიგების აქტის სასამართლოს მიერ დამტკიცებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შპს ,,ა–ისათვის“ გადაუხდელობის (ანგარიშზე თანხის შეუტანლობის) შემთხვევაში შპს ,,ა–ი“ ს/კ ..... უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემისა და მოცემულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით;
1.4. წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში - 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის წინამდებარე აქტის 1.1 პუნქტში მითითებულ შპს ,,ა–ის“ ს/კ ...... ანგარიშზე შეტანის შემთხვევაში, თ.ს–ძე პ/ნ ....., ანდა მისი წარმომადგენელი საჯარო რეესტრს დამოუკიდებლად წარუდგენს ამ თანხის 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის შპს ,,ა–ის“ (ს/კ .....) 1.1 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ საბანკო დოკუმენტს, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში განხორციელდება შესაბამისი ცვლილებები და დამატებები, კერძოდ - ქ. ბათუმში დასახლება ..... მდებარე 1830 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ...... აღირიცხება საკუთრების უფლებით თ.ს–ძის პ/ნ ..... სახელზე;
1.5. ა.ს–ძე პ/ნ ..... თ.ს–ძე პ/ნ ....., უ.ს–ძე პ/ნ ..... და უ.ს–ძე პ/ნ ..... ან/და მისი წარმომადგენელი, უფლებამოსილნი არიან ცალმხრივად ვადაზე ადრე გადაიხადონ ამ მორიგების აქტით განსაზღვრული თანხა - 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარი, რომელიც შეტანილი უნდა იქნეს შპს ,,ა–ის“ (ს/კ .....) საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია: მიმღები ბანკი სს ,,თიბისი ბანკი“; ბანკის კოდი: TBCBGE22, მიმღების ანგარიში GE40TB1139636020100007; მიმღების სახელი შპს ,,ა–ი’’;
1.6. ამ მორიგების აქტის 1.5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო რეესტრს თ.ს–ძე პ/ნ..... ანდა მისი წამომადგენელი დამოუკიდებლად წარუდგენს ამ თანხის - 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის შპს ,,ა–ის“ (ს/კ ...... 1.1 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელ საბანკო დოკუმენტს;
1.7. საჯარო რეესტრში თანხის - 9 935.05 (ცხრა ათას ცხრაას ოცდათხუტმეტი მთელი ხუთი მეასედი) ლარის შპს ,,ა–ის“ ს/კ .... 1.1 პუნქტში აღნიშნულ ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, გაუქმდეს - მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს (საქმე N2/20558-17) განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ყადაღა) და უძრავი ქონება 1830 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარე ქ. ბათუმში, დასახლება .......... ს/კ ..... აღირიცხოს საკუთრების უფლებით თ.ს–ძის პ/ნ .....სახელზე, რის თაობაზეც დანარჩემ სამ მოწინააღმდეგე მხარეს ა.ს–ძეს პ/ნ ....., უ.ს–ძეს პ/ნ ..... და უ.ს–ძეს პ/ნ ....... პრეტენზია არ გააჩნიათ.
2. მხარეები აღიარებენ, რომ წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა ურყევი ნების გამოხატულებას. ისინი მოქმედებენ გონივრული განსჯის საფუძველზე და რაიმე უარყოფით ზემოქმედებას მხარეთა ნების გამოვლენის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
3. მხარეები ასევე ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შემთხვევაში შეწყდება საქმის წარმოება და იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით დავა დაუშვებელია.
4. წინამდებარე მორიგების აქტი შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცათ მხარეებს და ერთი ეგზემპლიარი წარედგინება სასამართლოს დასამტკიცებლად.
5. მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტი მხარეთათვის წარმოადგენს ქმედითი იურიდიული ძალისა და შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს.
6. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
7. შეწყდეს წარმოება №ას-252-2020 სამოქალაქო საქმეზე.
8. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
9. შპს ,,ა–ს“ ს/კ ..... დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150) მ.ა–ის პ/ნ ...... მიერ გადახდილი (გადახდის თარიღი 07.12.2020; საგადახდო დავალება #0; სს ,,თიბისი ბანკი“) სახელწიფო ბაჟი 824 ლარი.
10. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძაძე