Facebook Twitter

27 ოქტომბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-92 -2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი.თ–ძე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.გ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე; შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; რ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) შეგებებული სააპელაციო საჩივარი კი, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 246 ლარის გადახდა დაეკისრა;

1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე სარჩელი უარყოფილ იქნა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; იპოთეკის საგანი გამოთხოვილ იქნა შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა შეგებებული სარჩელის ავტორს. შეგებებული სარჩელის მოპასუხეს 4200 ლარის გადახდა დაეკისრა შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის სასარგებლოდ; დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა, სახელდობრ:

2. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ მ.ხ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მსესხებლის მეუღლე ან მემკვიდრე) 2015 წლის 20 თებერვალსა და 2017 წლის 10 მარტს აღიარა მოთხოვნის არსებობა, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც შეწყდა და მითითებული საფუძვლით სარჩელის უარყოფაც დაუსაბუთებელია.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.3. 2013 წლის 6 სექტემბერს მოსარჩელესა და ა.ხ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მსესხებელი ან მამკვიდრებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები), რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს საკუთრებაში გადასცა 13 500 დოლარი, ორი წლით, 2015 წლის 6 სექტემბრამდე.

5.3.1. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა თბილისში, ........ მდებარე ბინა #54, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი). ხელშეკრულებით დამატებით გათვალისწინებულია კრედიტორის მიერ ბინით სარგებლობის უფლება.

5.4. 2014 წლის 22 აპრილს იპოთეკის საგანი მსესხებლისგან მეორე მოპასუხემ შეიძინა.

5.5. მსესხებელი 2014 წლის 22 ივნისს გარდაიცვალა. 2015 წლის 15 იანვარს პირველმა მოპასუხემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, სრულად მიიღო მისი მეუღლის დანაშთი ქონება (სამკვიდრო აქტივი და პასივი) შესაბამისად, მის სახელზე გაიცა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა.

5.6. 2015 წლის 20 თებერვალს პირველმა მოპასუხემ წერილობით დაადასტურა, რომ მისთვის ცნობილი იყო კრედიტორსა და მის მეუღლეს შორის არსებული სესხის ხელშეკრულების შესახებ და ვალდებულების შესრულებაც იკისრა.

5.7. 2017 წლის 10 მარტს პირველმა მოპასუხემ სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილით კვლავ აღიარა კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება, ამავდროულად, დაადასტურა, რომ 2015 წლის 20 თებერვალს კრედიტორმა, მას, როგორც მსესხებლის მემკვიდრეს, მოთხოვნა (პრეტენზია) წარუდგინა.

5.8. მსესხებლის მემკვიდრემ ვალდებულება დაარღვია, მან სესხი არ დააბრუნა.

5.9. იპოთეკის საგანს კრედიტორი ფლობს და მისი გამოთავისუფლების წინააღმდეგია.

5.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება), კრედიტორის სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა; მსესხებლის მემკვიდრეს 13 500 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც ძირითად მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში, სსკ-ის 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლებიდან გამომდინარეობს, თუმცა მოთხოვნის უსაფუძვლობა სსკ-ის 145-ე (მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა) და 153.1 (აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოების არსებობამ განაპირობა, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და თანხის დაკისრების თაობაზე შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) და 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელსსარგებლობაში გადასცესნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეაგამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა) მუხლები.

7. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ გარდაცვლილის ვალის წარმოშობის ფაქტობრივ საფუძველს კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, სსკ-ის 623-ე მუხლი) წარმოადგენს და, შესაბამისად, მოთხოვნაც წარმოშობილი იყო, მაგრამ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმულია.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს, რომ, სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა.

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაექვემდებარა ხანდაზმულობას, და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი.

ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეული არცოდნაც გასათვალისწინებელია. კერძოდ, დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრე/მეორე მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე, თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).

ამგვარ გარემოებად კასატორი მიუთითებდა 2015 წლის 20 თებერვლისა და 2017 წლის 10 მარტის ხელწერილებზე, რომლებითაც, მართალია, პირველმა მოპასუხემ აღიარა კრედიტორის წინაშე არსებული ვალდებულება, თუმცა საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 291.1 მუხლის დეფინიციაზე (თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, მას მაინც შეუძლია, იპოთეკარს წაუყენოს ის შესაგებელი, რომლის უფლებაც მხოლოდ პირად მოვალეს აქვს, მათ შორის, შესაგებლები ფულად ვალდებულებათა გაქვითვისა და მოთხოვნის გასაჩივრების გამო), რომელიც მიზნად ისახავს დატვირთული საგნის ისეთი მესაკუთრის დაცვას, რომელიც, ამავდროულად, არ არის იპოთეკარის პირადი მოვალე. ეს მოსაზრება იპოთეკის აქცესორული ბუნების გათვალისწინებიდან გამომდინარეობს.

უზრუნველყოფილი მოთხოვნა და იპოთეკა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ მოთხოვნის წარმოშობა და განხორციელებადობა გავლენას ახდენს, ასევე, იპოთეკის წარმოშობასა და განხორციელებაზეც. ამ ურთიერთგადაჯაჭვულობაზე აპელირების უფლება აქვს, ასევე, არამოვალე მესაკუთრესაც, ნორმის პირველი ნაწილი ანიჭებს მას უფლებას, პირადი მოვალის კუთვნილი შესაგებლის წაყენების გზით დაიცვას თავი კრედიტორის მხრიდან ნივთის რეალიზაციის მოთხოვნისგან. ნორმა ემსახურება მესაკუთრის საკუთრების უფლების დაცვას და ანიჭებს მას უფლებას, გამოიყენოს მოვალის შესაგებელი არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის განხორციელების ხელშესაშლელად, არამედ უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის წინააღმდეგ. მესაკუთრეს უფლება აქვს, გამოიყენოს როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2017, მუხლი 291). მოცემულ შემთხვევაში, მესაკუთრემ გამოიყენა საკანონმდებლო დანაწესით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოთხოვნის შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე მიუთითა.

საკასაციო პალატის დასკვნით, მესაკუთრისთვის მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ შესაგებლის წარდგენის უფლების მინიჭება გამორიცხავს მისი ნების გამოვლენის გარეშე, მხოლოდ პირადი მიოვალის/პირველი მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტას.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი მოპასუხის მიერ კრედიტორის წინაშე ჩამოყალიბებული აღიარებაც სსკ 137-ე (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას) მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის შეწყვეტას არ იწვევს, კერძოდ,

10.1. სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან, შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე (იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას) მუხლს, უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის გაგებით ვალის არსებობის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც მხარეები უკვე არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან ადასტურებენ მას, ან მხარეები არსებული ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობენ. ამდენად, იგი არ უნდა უკავშირდებოდეს ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-392-371-2013, 8 ნოემბერი, 2013 წელი).

ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

11. საბოლოოდ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2015 წლის 6 სექტემბერი, როდესაც მოსარჩელემ უკვე იცოდა, რომ ვალდებულება არ შესრულდა, სესხი არ დაბრუნდა;

დადგენილია ასევე, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2019 წლის 22 ოქტომბერს, ანუ მოთხოვნის წარმოშობიდან ოთხი წლის შემდეგ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უფლების დარღვევის ფაქტის შეტყობიდან სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2018 წლის 7 სექტემბერს და მიიჩნევს, რომ მოვალის მემკვიდრის მიერ მოთხოვნის აღიარების გამო ხანდაზმულობის შეწყვეტისა და მისი ხელახალი დინების დაწყების შესახებ, კასატორის არგუმენტები ზემოგანვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე უსაფუძვლოა.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია, რადგან დადგინდა კრედიტორის მიერ იპოთეკის საგნის 2018 წლის 7 სექტემბრიდან არამართლზომიერად ფლობა, შესაბამისად, ქირის გადახდის ვალდებულებაც ამ მომენტიდან წარმოეშვა და მისი მოცულობა 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით ჯამურად, 4200 ლარია, ისევე - როგორც უკანონო მფლობელობიდან ქონების ვინდიცირება (სსკ-ის 170.1 და 172.1 მუხლები).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2,368.45 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #10391894890, გადახდის თარიღი 26.01.2021წ), 70% - 1657,91 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.თ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს რ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2,368.45 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #10391894890, გადახდის თარიღი 26.01.2021წ), 70% - 1657,91 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე