Facebook Twitter

საქმე №ას-855-2021 25 ნოემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საკასაციო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „G.A G.“

წარმომადგენლები - დ.კ–ი, ე.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ჯ.მ–ა, გ.ბ–ძე

წარმომადგენლები - ს.მ–ი, ე.ტ–ძე

მესამე პირი - ნოტარიუსი თ.ბ–ძე

დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. ჯ.მ–ამ და გ.ბ–ძემ 2019 წლის 19 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - შპს „G.A G.-ისა“ და ნოტარიუს თ.ბ–ძის მიმართ და 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებისა (რეგისტრაციის №170754603) და ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული №181423770 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეებმა, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლ–.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული №181423770 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოება დავის საბოლოო განხილვამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით სარჩელი მოპასუხის - თ.ბ–ძის მიმართ დარჩა განუხილველი, სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის გამო; ამასთან, ამავე თარიღის განჩინებით თ.ბ–ძე საქმეში ჩართულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა №181423770 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულება, 17779,33 ლარის ნაცვლად, 13551,26 ლარით განისაზღვრა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

5.1. შპს „G.A G.-სა“ (დამსაქმებელი) და ჯ.მ–ას (დასაქმებული) შორის 2017 წლის 1 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ჯ.მ–ას ფუნქციებში შედიოდა დამსაქმებლის საწყობიდან კვების პროდუქტების მყიდველების ადგილსამყოფელამდე მიწოდება-მიტანა, დასაქმებულის ავტოტრანსპორტით. დასაქმებული პროდუქციის მყიდველზე მიწოდებისას მოქმედებდა დამსაქმებლის სახელით, ხელს აწერდა პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში იღებდა ფულს, რომელსაც ყოველი დღის ბოლოს დამსაქმებელს გადასცემდა ან შეჰქონდა დამსაქმებლის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, დამსაქმებელთან აბრუნებდა პროდუქციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებსა და პროდუქციის ნაშთს. ხელშეკრულების 2.8 პუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებული იყო, გულისხმიერად მოპყრობოდა და გაფრთხილებოდა დამსაქმებლის ქონებასა და ქონებრივ ინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში - მიეღო ყველა შესაძლო ზომა ამგვარი ქონების განადგურების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა დამსაქმებლისთვის მისთვის ცნობილი საფრთხის შესახებ, რაც შეიძლება მისდგომოდა დამსაქმებლის ქონებას, პერსონალის სიცოცხლ–ა და ჯანმრთელობას. ამავე ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო, ეკისრა მატერიალური პასუხისმგებლობა დამსაქმებლისთვის მიყენებული ქონებრივი თუ არაქონებრივი (საქმიანი რეპუტაცია) ზიანისთვის, რაც გამოწვეული იქნებოდა დასაქმებულის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებით. დასაქმებული კისრულობდა სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას დამსაქმებლის კუთვნილ ქონებაზე, რაც მას გადაეცემოდა სამუშაოს შესრულების პროცესში. ხელშეკრულების 2.10 პუნქტის შესაბამისად კი, დასაქმებული ვალდებული იყო, ეკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე გადაცემულ და მინდობილ ქონებაზე, დამსაქმებლისთვის მიყენებული ქონებრივი თუ არაქონებრივი (საქმიანი რეპუტაცია) ზიანისთვის, რაც გამოწვეული იქნებოდა დასაქმებულის შესაბამისი ქმედებით ან უმოქმედობით;

5.2. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შრომით ხელშეკრულებაში 2017 წლის პირველ სექტემბერს შესული ცვლილებით განისაზღვრა 750 ლარით, 2017 წლის 29 სექტემბრის ცვლილებით - 625 ლარით, ხოლო 2017 წლის 30 სექტემბრის ცვლილებით - 500 ლარით;

5.3. შრომის შინაგანაწესის თანახმად, დასაქმებული ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად შეესრულებინა სამსახურებრივი მოვალეობანი და სპეციალური მითითების გარეშე დაეცვა სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხებოდა მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას; დასაქმებული ვალდებული იყო, ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა, რათა სასწრაფოდ აღმოეფხვრა მიზეზები და პირობები, რომლებიც ხელს უშლიდა ან ართულებდა ნორმალურ მუშაობას და დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა ხელმძღვანელი პირისთვის მომხდარის შესახებ; დასაქმებულს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგებოდა კომპანიას მისი მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით; დასაქმებული ვალდებული იყო, განეხორციელებინა კომპანიის სასარგებლოდ ქონების იპოთეკით ან გირავნობით დატვირთვა;

5.4. შპს „G.A G.-ს“ (კრედიტორი), ჯ.მ–ასა (მოვალე) და გ.ბ–ძეს (ნივთის მესაკუთრე) შორის 2017 წლის 5 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს რაიონის სოფელ ....... მდებარე, 2000 მ2 ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ ......). იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო ჯ.მ–ას მიერ 2017 წლის 1 ივნისის შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, კრედიტორს მიენიჭა იპოთეკის საგნით მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, თუკი ჯ.მ–ა არ შეასრულებდა სამუშაოს კეთილსინდისიერად, არ უზრუნველყოფდა ყოველი დღის ბოლოს მყიდველისგან მიღებული ფულის შეტანას დამსაქმებლის სალაროში და არ გადასცემდა პროდუქციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, არ დააბრუნებდა პროდუქციის ნაშთს, გულისხმიერად არ მოეპყრობოდა და არ გაუფრთხილდებოდა დამსაქმებლის ქონებასა და ქონებრივ ინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში არ მიიღებდა ყველა საჭირო ზომას დამსაქმებლის ქონების განადგურების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და დაუყოვნებლივ არ შეატყობინებდა დამსაქმებელს მისთვის ცნობილი საფრთხის შესახებ. იპოთეკის ხელშეკრულებაში მიეთითა ჯ.მ–ას ვალდებულებაზე, ეკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე გადაცემულ და მინდობილ ქონებაზე, დამსაქმებლისთვის მიყენებულ ქონებრივ ან არაქონებრივ (საქმიანი რეპუტაცია) ზიანზე, რაც გამოწვეული იქნებოდა დასაქმებულის ქმედებით. მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნით უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ღირებულება 20000 ლარით განისაზღვრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა, დასაქმებულის მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადაცემა და რეალიზაცია ნოტარიუსის მერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე;

5.5. ჯ.მ–ა შპს „G.A G.-ში“ გაყიდვების აგენტის პოზიციაზე დასაქმებული იყო 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის 26 იანვრამდე. 2018 წლის 26 იანვრიდან ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე;

5.6. შპს „G.A G.-ში“ საქმიანობის პერიოდში, 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ჯ.მ–ამ პროდუქცია მიაწოდა შპს „ლ–ოს“, რომელმაც სრულად არ გადაიხადა მიწოდებული საქონლის საფასური და მისი დავალიანება შეადგენს 13431,26 ლარს;

5.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით, შპს „ლ–ოს“ მიეწოდა 13431,26 ლარის საქონელი. აღნიშნული თანხა შპს „ლ–ოს“ არ გადაუხდია, რის გამოც სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შპს „G.A G.-ის“ სასარგებლოდ 13431,26 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2018 წლის 22 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;

5.8. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 5 მარტის წერილის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც შპს „ლ–ოს“ შპს „G.A G.-ის“ სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მოვალის სახელზე არ ირიცხება ავტომობილი ან იარაღი; მოვალის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე დადებითი ნაშთი არ ფიქსირდება; სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შპს „ლ–ოს“ არ უფიქსირდება შემოსავალი; საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მოვალის სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება;

5.9. ნოტარიუსმა - თ.ბ–ძემ 2018 წლის 20 ნოემბერს, კრედიტორის - შპს „G.A G.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე, გასცა №181423770 სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 17899,33 ლარით განისაზღვრა (17779,33 ლარი წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, ხოლო 120 ლარი - სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე გაწეულ ხარჯს). ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა გ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ჯ.მ–ა გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში არაჯეროვნად ახორციელებდა საქმიანობას - მან პროდუქცია მიაწოდა შპს „ლ–ოს“ მაშინ, როდესაც შპს „ლ–ოს“ დავალიანება ერიცხებოდა;

6.2. 2017 წლის 1 დეკემბერს სადისტრიბუციო ქსელის ზედამხედველმა - ომარ გურგულიამ შპს „G.A G.-ს“ მისწერა ელექტრონული წერილი, რომლითაც ითხოვდა ჯ.მ–ას ნოემბრის თვის ნახევარი ხელფასის შეჩერებას, რადგან ჯ.მ–ას ქსელი (კლიენტები) იყო გადასამოწმებელი - ვალები არ ემთხვეოდა და სალაროშიც ფიქსირდებოდა დანაკლისი;

6.3. 2017 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით ჯ.მ–ას შეუჩერდა 2017 წლის ნოემბრის თვის ნახევარი ხელფასის გაცემა. ამასთან, განისაზღვრა, რომ დისტრიბუციის განყოფილებას განეხორციელებინა ჯ.მ–ას ქსელის გადამოწმება 2017 წლის 13 დეკემბრამდე. აღნიშნულ ბრძანებას დასაქმებული 2017 წლის 6 დეკემბერს გაეცნო;

6.4. 2018 წლის 25 იანვარს სადისტრიბუციო ქსელის ზედამხედველმა - ომარ გურგულიამ შპს „G.A G.-ს“ მისწერა მეორე ელექტრონული წერილი, რომლითაც ითხოვდა ჯ.მ–ას იანვრის თვის ფიქსირებული ხელფასის ნახევრისა და საბონუსე სისტემიდან 2018 წლის იანვარში გასაცემი თანხის შეჩერებას, რადგან ჯ.მ–ას ქსელი (კლიენტები) იყო გადასამოწმებელი, შესაძლო ვალების არსებობის გამო;

6.5. 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით ჯ.მ–ას შეუჩერდა იანვრის თვის ფიქსირებული ხელფასის ნახევრისა და საბონუსე სისტემიდან 2018 წლის იანვარში გასაცემი თანხის გაცემა. ამასთან, განისაზღვრა, რომ დისტრიბუციის განყოფილებას განეხორციელებინა ჯ.მ–ას ქსელის გადამოწმება 2018 წლის 15 თებერვლამდე. აღნიშნულ ბრძანებას დასაქმებული 2018 წლის 5 თებერვალს გაეცნო;

6.6. ჯ.მ–ას ვალების ამონაწერის მიხედვით, მის მიერ სარეალიზაციოდ შეტანილი პროდუქციიდან ასანაზღაურებელ თანხას წარმოადგენდა 16639,33 ლარი, მათ შორის, შპს „ლ–ოს“ დავალიანება შეადგენდა 13431,26 ლარს.

7. საქალაქო სასამართლომ, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებისას, აღნიშნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად, კანონით დადგენილი წესის დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

8. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრის თვემდე და პასუხისმგებელი იყო ამ პერიოდში არსებული ვალების ამოღებაზე, რაც მან ვერ განახორციელა. უფრო მეტიც, ჯ.მ–ასთვის ცნობილი იყო შპს „ლ–ოს“ დავალიანების არსებობის ფაქტი, მაგრამ მან მაინც შეიტანა პროდუქცია ამ კომპანიაში. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ჯ.მ–ამ დაარღვია მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება და ზიანი მიაყენა დამსაქმებელს, რის გამოც ნოტარიუსი უფლებამოსილი იყო, გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

9. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ლ–ოს“ დავალიანება 13431,26 ლარს შეადგენდა, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაკისრებოდა ჯ.მ–ას. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა დამსაქმებლის პოზიცია, რომ ჯ.მ–ას შპს „ქ.ხ–ის“ მიერ გადაუხდელი თანხის ანაზღაურებაც უნდა დაკისრებოდა, რადგან ვერ იქნა დადასტურებული ხსენებული კომპანიისთვის პროდუქციის ჯ.მ–ას მიერ მიწოდების ფაქტი.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ ჯ.მ–ამ და გ.ბ–ძემ გაასაჩივრეს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება და 2018 წლის 20 ნოემბრის სააღსრულებო ფურცელი.

12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მიიჩნია, რომ დავა არასწორად იყო გადაწყვეტილი. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის, ზიანის მიყენებისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, ხელშეკრულების მხარე ზიანს აანაზღაურებს, თუ ის პასუხისმგებელია მიყენებულ ზიანზე.

13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებასა და შინაგანაწესზე და მიუთითა, რომ დასაქმებულის ვალდებულებებში არ შედიოდა არსებული ვალების ამოღების უზრუნველყოფა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მსგავსი ვალდებულების შეუსრულებლობაზე მითითებით, დასაქმებულისთვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ჯ.მ–ასთვის თანხის დაკისრების წინაპირობები და სააღსრულებო ფურცელი ბათილად ცნო.

14. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ რადგან იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობაზე იყო დამოკიდებული, იგი ვერ იქნებოდა ნამდვილი არარსებული ვალდებულების უზრუნველყოფის ნაწილში, მით უფრო, რომ მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ პირს. შედეგად. სააპელაციო პალატამ იპოთეკის ხელშეკრულებაც ბათილად ცნო.

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება შპს „G.A G.-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

16. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგან ჯ.მ–ას მიერ დამსაქმებლისთვის მატერიალური ზიანის მიყენება გამოიხატა არა არსებული ვალების ამოუღებლობაში, არამედ - შრომითი ხელშეკრულების დარღვევაში, კერძოდ, პროდუქციის ისეთი სავაჭრო ობიექტისთვის მიწოდებაში, რომლის მხრიდანაც შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელება მოსალოდნელი არ იყო.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით შპს „G.A G.-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით შპს „G.A G.-ის“ საკასაციო საჩივარი 4228,07 ლარის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად (ვინაიდან კომპანიას არ ჰქონდა გასაჩივრებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში), ხოლო 13551,26 ლარის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და განხილულ იქნა მხარეთა დასწრებით.

19. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა შპს „G.A G.-ის“ წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს, ამასთან, დამატებით განმარტეს, რომ ჯ.მ–ას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შრომითი ხელშეკრულების მე-7 თავის მე-8 პუნქტის საფუძველზე, რომლითაც დასაქმებულს ეკრძალებოდა საქონლის ხელახალი შეტანა კონსიგნაციით მომხმარებლებთან, რომელთაც არ ჰქონდათ დაფარული დავალიანება საქონლის შეტანიდან თვის ბოლოს.

20. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.

II სამოტივაციო ნაწილი:

21. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის სარჩელი 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდება, ხოლო ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხებს იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

23. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად იპოთეკის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე გაამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სანივთო საშუალებაა, რომლის დროსაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი იტვირთება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და შედეგად, უზრუნველყოფილ კრედიტორს ენიჭება უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამასთან, ვინაიდან იპოთეკის წარმოშობა მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებას საჭიროებს და სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იურიდიულ ძალას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან იძენს, იპოთეკის ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისთვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს (დადებული იყოს უფლებამოსილ პირთა მიერ, ნამდვილი და თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად, შესაბამისი ფორმის დაცვით).

24. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია, რომ „იპოთეკა აქცესორული ხასიათის სანივთო რეალიზაციის უფლებაა და მისი დადგენისათვის აუცილებელია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობა, რომელიც ე.წ წამყვანი მოთხოვნაა და რომლის განუყოფელი ნაწილია იპოთეკა. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალება, არსებითადაა დაკავშირებული უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან, რაც მის აქცესორულობაზე მიუთითებს, შესაბამისად, იპოთეკის ნამდვილობისათვის სავალდებულოა, არსებობდეს მოთხოვნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის №ას-1191-2019 განჩინება). ამრიგად, იპოთეკის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობის დამოუკიდებლად შეფასება, არამედ იმ შეთანხმების არსებობის დადასტურებაც, რომლის შესრულების უზრუნველყოფასაც ემსახურება იპოთეკა.

25. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „G.A G.-სა“ (დამსაქმებელი) და ჯ.მ–ას (დასაქმებული) შორის 2017 წლის 1 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ჯ.მ–ას ფუნქციებში შედიოდა დამსაქმებლის საწყობიდან კვების პროდუქტების მყიდველების ადგილსამყოფელამდე მიწოდება-მიტანა და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში - მიწოდებული საქონლის საფასურის აღება. ამავე ხელშეკრულებით, დასაქმებულს ეკისრებოდა ქონებრივი პასუხისმგებლობა კომპანიისთვის მიყენებული ზიანისთვის. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კი, შპს „G.A G.-ს“ (კრედიტორი), ჯ.მ–ასა (მოვალე) და გ.ბ–ძეს (ნივთის მესაკუთრე) შორის 2017 წლის 5 ივლისს გაფორმდა სადავო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს რაიონის სოფელ ....... მდებარე, 2000 მ2 ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი (ს/კ ......).

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეები ითხოვენ დასახელებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მაგრამ ისინი ვერ მიუთითებენ და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე-59-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა. ამასთან, სადავოდ არ არის ქცეული შრომითი ხელშეკრულების ნამდვილობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა დადებული იპოთეკის ხელშეკრულება.

27. რაც შეეხება მოსარჩელეთა მითითებას, რომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია და ჯ.მ–ა აღარ არის დასაქმებული შპს „G.A G.-ში“, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა და ბათილად ცნობა ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც სამართლებრივი საფუძვლებით, ისე შედეგებით. ხელშეკრულების ბათილად ცნობისგან განსხვავებით, ხელშეკრულების შეწყვეტა უპირობოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გამორიცხავს ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის არსებობასა და აქცესორული უფლების გამოყენებას. იპოთეკის უფლების შესაწყვეტად მნიშვნელოვანია ვალდებულების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლების არსებობის დადასტურება (მაგალითად, ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით). შესაბამისად, მოსარჩელეთა დასახელებული არგუმენტი იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობას, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №170754603) ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდება.

29. რაც შეეხება ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნას, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა, მართალია, გულისხმობს ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების არსებობას, თუმცა სააღსრულებო ფურცლის კანონიერების შემოწმებისას, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე და მე-40 მუხლებით განსაზღვრული ფორმალური პროცედურის დაცვის გარდა, აუცილებელია, შეფასდეს სააღსრულებო ფურცლის გამოცემის მატერიალური წინაპირობის - აღსასრულებელი, ნამდვილი მოთხოვნის არსებობა. ასეთი მოთხოვნა კი მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

30. საკასაციო პალატა, ჯ.მ–ას მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევისა და აღსასრულებელი მოთხოვნის არსებობის საკითხების შეფასებისას, პირველ ყოვლისა, მიუთითებს დავის გადაწყვეტისთვის მხარეთა მიერ ფაქტების მითითების მნიშვნელობაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 178-ე და 201-ე მუხლების თანახმად კი, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ხოლო თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

31. ამრიგად, მოთხოვნის/შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება უშუალოდ მხარეებს ეკისრებათ და, მართალია, საკითხის სამართლებრივი შეფასება სრულად განეკუთვნება სასამართლოს კომპეტენციას, მაგრამ ის შებოჭილია მხარეთა მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებით. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენას გააჩნია არა მხოლოდ პროცესუალური დანიშნულება და ემსახურება არა უბრალოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თავიდან აცილებას, არამედ „მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ნოემბრის №ას-334-2021 გადაწყვეტილება).

32. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, ნოტარიუსმა შპს „G.A G.-ის“ მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცელი, მისი კანონიერების შესწავლა პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მიერ დასახელებული, სააღსრულებო ფურცლის მიღების ფაქტობრივი წინაპირობების გამოკვლევას. ამ თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი ფორმალურია, არ შეიცავს სათანადო დასაბუთებასა და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 თებერვლის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების 2.1, 2.9, 2.10 და 3.1 პუნქტების დარღვევებზე (17:57-17:59 სთ), რაც, მოპასუხის მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველს ქმნიდა. მაშასადამე, სადავო სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერების შეფასებისას განმსაზღვრელია ხელშეკრულების სწორედ დასახელებული პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის დადასტურება და საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვისას შპს „G.A G.-ის“ წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ იმ არგუმენტებსა და პოზიციაზე, რომლებიც მოპასუხეს არ დაუფიქსირებია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.

33. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 2.1, 2.9, 2.10 და 3.1 პუნქტებით დადგენილი იყო დასაქმებულის ვალდებულება, გულისხმიერად მოპყრობოდა და გაფრთხილებოდა დამსაქმებლის ქონებასა და ქონებრივ ინტერესებს, საჭიროების შემთხვევაში - მიეღო ყველა შესაძლო ზომა ამგვარი ქონების განადგურების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად და დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა დამსაქმებლისთვის მისთვის ცნობილი საფრთხის შესახებ; დასაქმებული ვალდებული იყო, ეკისრა მატერიალური პასუხისმგებლობა დამსაქმებლისთვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანისთვის, რაც გამოწვეული იქნებოდა დასაქმებულის განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით; დასაქმებული კისრულობდა სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას დამსაქმებლის კუთვნილ ქონებაზე, რაც მას გადაეცემოდა სამუშაოს შესრულების პროცესში; დასაქმებული ვალდებული იყო, ეკისრა სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მასზე გაცემულ და მინდობილ ქონებაზე, დამსაქმებლისთვის მიყენებული ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანისთვის, რაც გამოწვეული იქნებოდა დასაქმებულის ქმედებით. ამდენად, ხელშეკრულების ჩამოთვლილი პუნქტებით, დასაქმებულისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მას ან გადაცემული ქონება უნდა მიეთვისებინა, ან არ უნდა მიეღო შესაბამისი ზომები ქონების განადგურების/დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ან სხვა ფორმით, ბრალეული ქმედებით ზიანი უნდა მიეყენებინა დამსაქმებლისთვის.

34. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოდ არ არის ქცეული, რომ ჯ.მ–ას მოპასუხის მიერ მისთვის გადაცემული ქონება არ დაუკარგავს/არ გაუნადგურებია/არ დაუზიანებია; ასევე, მას არც დამსაქმებლის კონტრაჰენტებისგან აღებული თანხა მიუთვისებია.

35. რაც შეეხება შპს „ლ–ოსთვის“ საქონლის მიწოდებას, დადგენილია, რომ შპს „G.A G.-ში“ საქმიანობის პერიოდში, 2017 წლის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში ჯ.მ–ამ პროდუქცია მიაწოდა შპს „ლ–ოს“, რომელმაც არასრულად გადაიხადა მიწოდებული საქონლის საფასური და მისი დავალიანება შეადგენს 13431,26 ლარს. დადგენილია და აღნიშნულ საკითხს არც კასატორი ხდის სადავოდ, რომ კლიენტის მიერ გადაუხდელი თანხის ამოღება ჯ.მ–ას ფუნქციებში არ შედიოდა, თუმცა მოპასუხე მიუთითებს, რომ შპს „ლ–ოსთვის“, დავალიანების არსებობის პირობებში, საქონლის მიწოდებით მოსარჩელემ დამსაქმებელს მატერიალური ზიანი მიაყენა.

36. ზიანის არსებობის საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალ– არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისთვის ცალსახად უნდა დადასტურდეს არა მხოლოდ ზიანის არსებობა, არამედ მისი კონკრეტული პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვევა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დავებში, მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, კრედიტორს ეკისრება ზიანის მიყენების ფაქტისა და განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-1365-2019 და 2015 წლის 17 აპრილის №ას-406-383-2014 განჩინებები). მტკიცების ტვირთი კი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულებაც უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის №ას-1361-2018 და 2019 წლის 22 მარტის №1298-2018 განჩინებები, 2021 წლის 25 ივნისის №ას-1198-2019 გადაწყვეტილება).

37. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია შპს „ლ–ოს“ მიერ საქონლის ღირებულების სრულად გადაუხდელობა, თუმცა თანხის გადახდა შპს „ლ–ოს“ (და არა ჯ.მ–ას) ვალდებულება იყო და ამდენად, მხარეთა შორის დადებული შეთანხმების შეუსრულებლობისა და პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობისთვის პასუხისმგებლობაც შპს „ლ–ოს“ ეკისრება. ამავეს ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც, რომლითაც შპს „ლ–ოს“ უკვე დაეკისრა შპს „G.A G.-ის“ სასარგებლოდ 13431,26 ლარის გადახდა. ამრიგად, სადავო თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი უკვე არის განსაზღვრული სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და ასეთ პირობებში სადავო თანხის ზიანად შეფასება და პასუხისმგებლობის პარალელურად მოსარჩელეზე დაკისრება არამართებულია. ამასთან, საკითხის ამგვარ გადაწყვეტას ვერ გამოიწვევს ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით დაუსწრებელი გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, რადგან სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. შესაბამისად, ამ ეტაპზე შპს „ლ–ოს“ მიერ დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით გადაუხდელობა და დღეის მდგომარეობით, ქონების არარსებობის გამო მოთხოვნის იძულებითი აღსრულების შეუძლებლობა, არ გამორიცხავს და ცალსახად არ მიუთითებს გადასახდელი დავალიანების სამომავლოდ, ათწლიანი ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში დაფარვის შეუძლებლობაზეც. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ შპს „ლ–ოს“ მიერ თანხის გადაუხდელობა არ უკავშირდება ჯ.მ–ას მიერ ხელშეკრულების სადავო პუნქტებით ნაკისრ ვალდებულებებს, ასევე, არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მოქმედებდა ბრალეულად - დამსაქმებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს „ლ–ოსთან“ წინასწარი შეთანხმებით.

38. დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამორიცხავს ჯ.მ–ასთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან არ დასტურდება მის მიერ დამსაქმებლისთვის ზიანის მიყენება და შესაბამისად, არ არსებობს აღსასრულებელი მოთხოვნაც. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობდა, რის გამოც სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცელი. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული №181423770 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში.

39. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელ– მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელ– უარი ეთქვა. მითითებული საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელ– სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამრიგად, საკასაციო საჩივრისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, შპს „G.A G.-ს“ ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადებასა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1125 ლარის 70%-ის - 787,5 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; მოსარჩელეებს კი შპს „G.A G.-ის“ სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 677,56 ლარის 30%-ის - 203,27 ლარის ანაზღაურება, ხოლო კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „G.A G.-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №170754603) ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ.მ–ასა და გ.ბ–ძის სარჩელი 2017 წლის 5 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების (რეგისტრაციის №170754603) ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება ნოტარიუს თ.ბ–ძის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გაცემული №181423770 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში;

5. შპს „G.A G.-ს“ (ს/ნ ......) ჯ.მ–ასა (პ/ნ .....) და გ.ბ–ძის (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადებასა და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1125 ლარის 70%-ის - 787,5 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეთა მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

6. ჯ.მ–ასა (პ/ნ ......) და გ.ბ–ძეს (პ/ნ .......) თანაბარწილად დაეკისროთ შპს „G.A G.-ის“ (ს/ნ .........) სასარგებლოდ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 677,56 ლარის 30%-ის - 203,27 ლარის ანაზღაურება, ხოლო კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დარჩენილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე