თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.კ–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:ა.კ–მა 2017 წლის 8 აგვისტოს სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხისთვის 12398 ლარის დაკისრება (მიწის ნაკვეთისა და ღობის ღირებულება - 1927 ლარი, ნარგავების ღირებულება - 9443 ლარი, მოსავლის კომპენსაცია - 98 ლარი, მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია - 930 ლარი).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.კ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ა.კ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2955 ლარის გადახდა (მიწის ღირებულების კომპენსაციის სხვაობა - 1927 ლარი, მოსავლის კომპენსაცია - 98 ლარი, მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია - 930 ლარი). აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ა.კ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ა.კ–ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
კასატორი - საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაცია განხორციელდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო კომპენსაცია გაიცა დეპარტამენტის დაკვეთით შესრულებული შეფასების ანგარიშის მიხედვით. მართალია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით მიწის ნაკვეთის ღირებულება უფრო მეტი ოდენობით განისაზღვრა, მაგრამ კასატორის მოსაზრებით, დასახელებული დასკვნა არ არის დამაჯერებელი და დასაბუთებული, რის გამოც არ უნდა იქნეს გამოყენებული.
რაც შეეხება მოსავლისა და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციის გადახდას, კასატორი (მოპასუხე) მიუთითებს, რომ კომპენსაციის გასაცემად მოსარჩელესთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრა წარმოადგენს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის საკითხს კი აწესრიგებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კანონის მე-9 მუხლის მიხედვით კი, სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა ა.კ–ის კუთვნილი, გურჯაანში მდებარე, 410 მ2 სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ექსპროპრიაციის უფლება. ქონების ჩამორთმევის სანაცვლოდ კი, ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს ჩაურიცხა საკომპენსაციო თანხა - 4928 ლარი, საიდანაც - 1353 ლარი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთისა და ღობის ღირებულებას. მოსარჩელე სადავოდ ხდის მიწის ნაკვეთის ღირებულების განსაზღვრის სისწორეს.
საკასაციო პალატა, სადავო საკითხის შესწავლისას, აღნიშნავს, რომ საქმეში ორი განსხვავებული დასკვნაა წარმოდგენილი, კერძოდ, კასატორის (მოპასუხის) დაკვეთით ჩატარებული შეფასებით, მიწის ნაკვეთი და ღობე შეფასდა 1353 ლარად (1მ2 - 3,3 ლარი), ხოლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 დეკემბრის დასკვნის თანახმად, სადავო სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და ღობის საბაზრო ღირებულება, 2017 წლის 22 ივნისის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა 3280 ლარს.
საკასაციო სასამართლო, წარმოდგენილი დასკვნების შეფასებისას, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ „ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება) ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში... მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 აპრილის №ას-406-383-2014 განჩინება).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორის (მოპასუხის) მიერ წარმოდგენილი დასკვნით სადავო ქონება შეფასდა როგორც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო და არა როგორც საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რამაც განაპირობა 1მ2 ფართობის მიწის ნაკვეთის ღირებულების 3,3 ლარით განსაზღვრა. ამასთან, ამავე დასკვნით სხვა მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებითაც დასტურდება, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთისა. ა.კ–ის მიწის ნაკვეთის სტატუსი კი - რომ იგი საკარმიდამოა, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებითა და საინვენტარიზაციო ფორმით. ამდენად, მითითებული დასკვნით განსაზღვრული, უშუალოდ სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება არ გამომდინარეობს მიწის ნაკვეთის რეალური სტატუსიდან, რაც კომპენსაციის ოდენობის მის საფუძველზე განსაზღვრას გამორიცხავს.
რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, დასახელებული ექსპერტიზა ჩატარდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შეფასდა კონკრეტულად სადავო მიწის ნაკვეთის მდგომარეობა და მახასიათებლები, გათვალისწინებულ იქნა, რომ მიწის ნაკვეთი საკარმიდამოა და ისე განისაზღვრა მისი ღირებულება. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო შემთხვევაში ხსენებული დასკვნა დამაჯერებელ და სარწმუნო მტკიცებულებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ქონების ღირებულება. აქედან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ა.კ–ის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 1927 ლარის გადახდა, როგორც სხვაობა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობასა და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის უკვე გადახდილ თანხას შორის.
გარდა მიწის ნაკვეთის ღირებულებისა, სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისთვის მოსავლისა და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციების გადახდის დავალება. ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების თაობაზე მიმდინარე თავდაპირველი კომუნიკაციის ეტაპიდანვე ექსპროპრიატორმა თავად შესთავაზა მესაკუთრეს დასახელებული კომპენსაციები, კერძოდ, მოსავლის კომპენსაცია - 98 ლარის ოდენობით, ხოლო მძაფრი ზემოქმედების კომპენსაცია - 930 ლარის ოდენობით, თუმცა ხსენებული თანხა მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ ჩაურიცხავს. ამასთან, მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში კასატორი აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ერთადერთი საფუძვლით ითხოვს - მიუთითებს კომპენსაციის ასანაზღაურებლად მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე; ხელშეკრულების დადების შემთხვევაში კი - მოსავლისა და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციების ანაზღაურების წინაპირობების არსებობას აღიარებს.
საკასაციო პალატა, კასატორის პოზიციის დასაბუთებულობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ ხელშეკრულების წერილობით გაფორმების საჭიროებაზე ა.კ–ისთვის გაგზავნილი კორესპონდენცია მითითებას არ შეიცავდა, წერილით მხოლოდ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების წარდგენა იყო მოთხოვნილი. შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმების საჭიროებაზე კასატორმა მხოლოდ სასამართლოში დავის განხილვისას მიუთითა, ხოლო კომპენსაციის გადახდის დამაბრკოლებელ ან გამომრიცხავ სხვა გარემოებას მხარე ვერ ასახელებს, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ არსებობდა მოსავლისა და მძაფრი ზემოქმედების კომპენსაციების გადახდის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე