Facebook Twitter

საქმე №ას-1040-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ე.გ–ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „მ–მა“ 2019 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ე.გ–ას მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

გორის რაიონულმა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, 2019 წლის 9 ოქტომბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ–ის“ დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ე.გ–ას შპს „მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის გადახდა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.გ–ამ საჩივრით გაასაჩივრა.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით ე.გ–ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2021 წლის 26 აპრილის განჩინება ე.გ–ამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით ე.გ–ას სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, სასამართლო ე.გ–ას სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე.გ–ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ე.გ–ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ–მა“ სასამართლოს ე.გ–ას მიმართ 600 ლარის დაკისრების მოთხოვნით მიმართა. შედეგად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე.გ–ას მოსარჩელის სასარგებლოდ 600 ლარის გადახდა დაეკისრა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განსახილველი დავის საგნის ღირებულება 600 ლარს შეადგენს. შესაბამისად, სადავო ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის მიზეზების შესწავლასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე