Facebook Twitter
საქმე №ას-1082-2021 1 დეკემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ს.ქ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - მ.ა–ძე

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ს.ქ–ვამ 2019 წლის 24 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - მ.ა–ძის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, 2015 წლის 7 მაისის №150461298 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 1 აგვისტოს გაცემული №180916237 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მ.ა–ძესა და თ.ბ–ლს (მოსარჩელის მამკვიდრებელი) შორის გაფორმებული, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, ვინაიდან იგი დაიდო ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით, თუმცა ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ სესხი სარგებლის გარეშე გაიცა. გარდა ამისა, რეალურად სესხი სხვა პირის (ც.ს–ის) სასარგებლოდ არის აღებული.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო ხელშეკრულება იყო ნამდვილი, ამასთან, არ ითვალისწინებდა პროცენტის დარიცხვას.

თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ს.ქ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ს.ქ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ს.ქ–ვამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება იყო სასყიდლიანი, მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებაში მიეთითა, რომ ის სარგებლიანი არ იყო. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების დადების მომენტში გამსესხებელს თავად გააჩნდა საბანკო ვალდებულება, ამასთან, იგი მსესხებელს არ იცნობდა, ამდენად, შეუძლებელი იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება სარგებლის გათვალისწინების გარეშე დადებულიყო. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა, რომ სესხი იყო სარგებლიანი, კერძოდ, ც.ს–ს მიღებული თანხით ქუთაისში კლინიკა უნდა გაეხსნა და მოპასუხის მეუღლე დაესაქმებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე, სადავო ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ს.ქ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების თვალთმაქცურად მიჩნევის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

ამდენად, „მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით. თვალთმაქცური გარიგების დროს კი, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით... სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ას-474-455-2016 განჩინება). ამდენად, „თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მტკიცების ტვირთი კი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის №ას-1382-2020 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მამკვიდრებელს - თ.ბ–სა და მოპასუხეს - მ.ა–ძეს შორის, სანოტარო ფორმის გამოყენებით, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც არ ითვალისწინებდა სარგებლის გადახდას. კასატორი ხელშეკრულების თვალთმაქცურად მიჩნევას ითხოვს და მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება რეალურად სარგებლიანი იყო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, გარდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სესხზე სარგებლის გადახდის ვალდებულების გათვალისწინება, მოსარჩელის არგუმენტები სასარჩელო მოთხოვნას ვერ ასაბუთებს და დამაჯერებლობას ვერ სძენს, რადგან - მიუთითებს არა ვალდებულების არარსებობაზე, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი ოდენობის ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციის გაზიარება მისთვის ხელსაყრელ შედეგს - ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლებას ვერ გამოიწვევს.

რაც შეეხება მითითებას, რომ სესხის ხელშეკრულება სხვა პირის - ც.ს–ის სასარგებლოდ დაიდო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარემ მის მიერ მითითებული გარემოებები უნდა დაამტკიცოს შესაბამისი მტკიცებულებებით (თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით). გასათვალისწინებელია, რომ სადავო შემთხვევაში, ხელშეკრულება დაიდო სანოტარო ფორმით და ნოტარიუსის მიერ მსესხებელს (მოსარჩელის მამკვიდრებელს) განემარტა ხელშეკრულების შინაარსი, ვალდებულებები და შედეგები; ხელშეკრულებით სწორედ თ.ბ–მა იკისრა სასესხო ვალდებულება, ამასთან, გამსესხებლის მიერ თანხის რეალურად გადაცემის ფაქტი სადავოდ არ არის ქცეული. ვინაიდან დადასტურებულია მსესხებლის ვინაობა, მოთხოვნის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებაც, რომ აღებული თანხით ც.ს–ს ქუთაისში კლინიკა უნდა გაეხსნა და დაესაქმებინა მოპასუხის მეუღლე, რადგან აღებული სესხის გამოყენების მიზანსა და დანიშნულებას განსაზღვრავს მსესხებელი, რომელსაც შეუძლია თანხა მესამე პირთა სასარგებლოდაც გამოიყენოს. ამრიგად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, მისი შეუსრულებლობის გამო კი ნოტარიუსმა მართებულად გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალის მემკვიდრის - ს.ქ–ვას მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ქ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე